„არ შეიცვლება!" — ერთი თვის წინ ივანიშვილი პრემიერის შეცვლას უარყოფდა

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ერთი თვის წინ, 30 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრემიერის თანამდებობაზე ცვლილება არ მოხდებოდა.

ივანიშვილი 2023 წლის 30 დეკემბერს პოლიტიკაში დაბრუნდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს – რა ცვლილებები იგეგმებოდა მმართველ პარტიაში, შეიცვლებოდა თუ არა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი – „არ შეიცვლება, არ შეიცვლება, არ შეიცვლება”, – თქვა ივანიშვილმა მაშინ.

დღეს, 29 იანვარს, ივანიშვილის ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილი კი, ასევე „იმედის” ცნობით,  „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდება. გადაწყვეტილება „ოცნებამ” 24 იანვარს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. 1 თებერვალს კი პარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს, სადაც ცვლილებებზე ოფიციალურად იტყვიან.