„არ ვაპირებ $500 მილიარდის პრეტენზია მივიღო“ - ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მზადაა დათმოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინას მშვიდობას მოუტანს და რომ, ასევე შეუძლია ეს თანამდებობა გაცვალოს უკრაინის ნატოს წევრობაზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“. ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს სიტყვები კომპლიმენტად არ აღუქვამს, თუმცა არც სწყენია:

„მე ეს ასე მესმის. რატომ უნდა მეწყინოს? სიტყვა დიქტატორზე გაბრაზდება ის, ვინც დიქტატორია. ამას ასე აღვიქვამ – რას ვიზამთ, გავაგრძელებთ როგორღაც ცხოვრებას ამერიკასთან. ნამდვილად არ ვიქნები დიქტატორი. უბრალოდ არ არის საინტერესო. მე ვარ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, მე არ მოვსულვარ ხელისუფლებაში რაიმე ძალის მეშვეობით. მე ამირჩია 73%-მა. სხვათა შორის, ამავე დროს მოსული პარლამენტარები, ასევე არავის დაუნიშნავს, აირჩია უკრაინის მოსახლეობამ“, – თქვა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნები ჩატარდება და ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს.

რაც შეეხება იშვიათი მინერალების შეთანხმებას და ამ თემასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ სურს დაიბრუნოს უკრაინის დახმარებისთვის გაღებული თანხა – ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ შტატებისგან 100$ მილიარდის დახმარება მიიღო და არა 350, ან 500.

„არ ვაპირებ 500 მილიარდის პრეტენზია მივიღო, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს. არც კი ვარ მზად, ვაშინგტონთან $100 მილიარდის გადახდა განვიხილო, რადგან ეს გრანტი იყო და არა – სესხი. მე ბაიდენთან შევთანხმდი, რომ ეს გრანტია – გრანტი კი ვალი არ არის. გრანტს ჩვენ არ დავაბრუნებთ“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს კომუნიკაცია აქვთ აღნიშნულ შეთანხმებაზე.

„ჩვენ პროგრესს ვაღწევთ“ – თქვა მან და დაამატა, რომ ვაშინგტონს უპირველეს ყოვლისა სჭირდება იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს ომი დაასრულოს.