არ ყოფილა გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. სპეცრაზმი მექვემდებარებოდა მე - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის დროს პანკისში არ იმყოფებოდა.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი. ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური, რა თქმა უნდა“,- აცხადებს გომელაური.

რამდენიმე დღის წინ სოსო გოგაშვილმა გაავრცელა წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მის წინააღმდეგ „აგორებული ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის„ გაჩერება შეეძლო გომელაურს.

LB loan image desktop LB loan image mobile