არაეთიკურია, თუმცა ჩემი განსასჯელი არ არის - ჰარცელი გვარმიას ნომრის გასაჯაროებაზე

პუბლიკა

„გუშინ ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო“, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.

„ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ გუშინ ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა შეფასებას გააკეთებენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


გუშინ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოქალაქეებს თავისი ტელეფონის ნომერი შეახსენა და მათი პრობლემების მოსმენის პირობა დაუდო.

წულუკიანმა ელისაშვილს, მისი თქმით, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ურჩია, მისთვის დაერეკა და ის უკარნახებდა, რაზე ესაუბრა პარლამენტში.

„ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ: 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც იცოდეს. ჩაინიშნეთ?  – 577 ** ** **.

ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაურბეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლის, შეესაბამება თუ არა კანონს ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.