არაფერი აღარ მჯერა მაგათი, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები - კალაძე კულებას განცხადებაზე

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგელობით გეუბნებით, ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება… ჩვენ მოვისმინეთ ბევრი სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარისგან… მათი მხრიდან იყო გაჟღერებული სამარცხვინო ბრალდება და კეთილი ინებონ, წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ გამორიცხავს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, თუკი არ მიიღებენ საქართველოსგან მტკიცებულებას, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ ეხმარება.