არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ - ხოშტარია 

პუბლიკა

„არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ! ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე ორიენტირებული”, – ამის შესახებ მოძრაობა „დროას” დამფუძნებელმა, ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერის მქონე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან „ქართული ოცნების” მიერ, ე.წ., მიშელის დოკუმენტის ანულირებაც შეაფასა.

„გუშინდელი განცხადება იყო ერთადერთ რამეზე გათვლილი, რომ გააჩინოს უიმედობა და უმოქმედობის განწყობა მოსახლეობაში, რომ არაფერს აზრი აქვს და რომ „ქართული ოცნება” არის ყველაფერზე წამსვლელი.

მიშელის შეთანხმების ხელმოწერის პირველივე დღიდან „ქართული ოცნება” ყოველდღიურად ამ შეთანხმებას არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ „ქართული ოცნება” პატივს სცემს ან შეთანხმებებს, ან ჩვენი პარტნიორების, ან საზოგადოების, ან ოპოზიციის პოზიციას.

ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინდელ განცხადებაში, არის ის, რომ მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ შეძლებენ არათუ უმრავლესობის, არამედ 43%-ის მოპოვებასაც კი…

მეორე, რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ” გვითხრა, 5 ივლისის მერე ამას მიზანმიმართულად, მუდმივად გვახვევენ თავს, ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე, ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განწყობების. მათ თქვეს, რომ დასავლეთთან, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს წარმოადგენს”, – ამბობს ის.


დღეს განცხადება გააკეთა ასევე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ. მისი თქმით, ის ტოვებს საპარლამენტო მანდატს და ემზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ელენე ხოშტარიასთან ერთად.

„არავინ არცერთი სიტყვა არ უნდა დაძრას ბოიკოტზე, რომელიც მიემართება არჩევნებს, ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს”, – ამბობს ის.

გუშინ, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.