ყოველდღიური სოლიდარობა და მისი შესაძლო ფორმები ► ფემინსტრიმი

პუბლიკა
პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge.

ავტორი: ნინო დავაძე

მოგესალმებით! მე ნინო დავაძე ვარ და „ფემინსტრიმისთვის“ მომზადებულ ამ პირველ პოდკასტში მინდა პატარა შესავალი გავაკეთო შემდეგი ეპიზოდებისთვის და მოკლედ გაგიზიაროთ ჩემთვის იმ ერთი, არსებითად მნიშვნელოვანი დათქმის შესახებ, რომელიც ვფიქრობ, რომ ღირსეულ და მუდმივად განვითარებად საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.

ეს ეპიზოდი ქალების მიმართ გამოხატულ სოლიდარობას, ამ სოლიდარობის მნიშვნელობასა და მხარდაჭერის შესაძლო ფორმებს შეეხება. რადგან პირადად მე ამ საკითხზე სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ მქონია, ამ შემთხვევაში უბრალოდ მოქალაქის პოზიციიდან ვისაუბრებ და გაგიზიარებთ ჩემს იმ ერთ დაკვირვებას, რომელიც ბოლო დროს ხშირად მაფიქრებს და რომელიც ბოლო წლებში მთელი რიგი პირადი გამოცდილებებით გამიმყარდა.

დღეს მინდა  ყურადღება გავამახვილო იმ კულტურულ ბარიერებზე, რომლებიც იურიდიულ კონტექსტთან არ არის კავშირში და უფრო მეტად ჩვენს ჩვევას, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონას წარმოადგენს. ზოგჯერ, და მე მგონია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ფურცელზე დაწერილი კანონები არ წარმოადგენს ხოლმე პრობლემას. ჩვენი იურიდიული შეთანხმებების ყოვლედღიურობაში გადმოტანა და კულტურული ბარიერებისგან გათავისუფლება არის ხოლმე მთავარი გამოწვევა და დღეს ამაზე მინდოდა გამეზიარებინა აზრი.

უფრო მარტივად რომ ავხსნა, ჩემთვის ამ შემთხვევაში ფურცელზე აღბეჭდილ უფლებებზე მეტად, ის უფრო საინტერესოა, თუ როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ხდება ქალთა ჩაგვრის პირდაპირი მოწმე. თან ის სივრცეები, სადაც ყოველდღიურად გადაადგილება, ან გარკვეული დროის გატარება გვიწევს, აუცილებლად შეგვახვედრებს ხოლმე ქალებს, რომლებიც აქ მუშაობენ. ვხვდებით კონსულტანტებს მაღაზიაში, ქალ კონტროლიორებს ავტობუსში, მიმტანებს რესტორანში, ჩვენ თვითონ ვმუშაობთ ქალებთან ერთად, გვყავს მეზობელი ქალები, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებიან, ჩვენს შვილებს ვუტოვებთ საბავშვო ბაღში ქალ აღმზრდელებს… ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ამ ქალების ისტორიებით, სადაც თითქმის ყოველი მეორე შემთხვევა მოიცავს სხვადასხვა ფორმით ჩაგვრას. შესაბამისად, ჩვენც თავისთავად ხშირად ვხვდებით ხოლმე იმ კონფლიქტური სიტუაციის მოწმე, რომელიც ქალების ირგვლივ ხდება. ეს კონფლიქტები ძალიან მარტივი, შეიძლება, კონფლიქტად საერთოდ არაღქმული ვითარება იყოს, მაგრამ ძირითადად ეს ჩუმი, მუდმივი დაძაბულობა ქნის ჩვენს ყოველდღიურობას.

მსგავსი ყოველდღიური კონფლიქტის ერთ პატარა მაგალითად მოვიყვან უკვე ძალიან ხშირად განმეორებად შემთხვევას სამარშრუტო ტაქსებში, რომლებსაც ბოლო დროს ხშირად ვიყენებ. ჩემთვის ეს სამარშრუტო ტაქსი უკვე ქართული საზოგადოების ერთგვარ მაკეტად აღიქმება ხოლმე, სადაც მთელი სიზუსტით იკვეთება ჩვენი კულტურული გამოცდილება, ჩვევები, გენდერული გადანაწილება და, რაღაც მხრივ, სიმბოლური აქტივიზმიც კი.

წარმოიდგინეთ, რომ ამ სამარშრუტო ტაქსში ერთ-ერთი ქალი ამოდის. გრძელი, დამღლელელი დღის შემდეგ, სხვა მგზავრების მსგავსად, ისიც ფეხზე უნდა დადგეს. ცხადია, ამ შემთხვევაში სამსახურში მისვლას და სახლში დაბრუნებას სამუშაო სივრცის ნაწილად მივიჩნევ. ხშირად ეს ფეხზე დგომა ერთი საათიც გრძელდება. ტრანსპორტში ყველა ფეხზე მდგომი ქშინავს, ღიზიანდება, კიდევ უფრო იღლება, ბოლოს ვითარება „სკდება” და ერთ-ერთი ქალი საუბარს იწყებს იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ან მგზავრობის საფასური უნდა შემცირდეს, ან დაამატონ სამარშრუტო ტაქსები ხალხის რაოდენობის შესაბამისად. ძირითად შემთხვევაში, სულ რამდენიმე წუთი სჭირდება ხოლმე ასეთი „კონფლიქტური” ქალების განეიტრალებას სხვა მგზავრებისა თუ მძღოლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ეს ქალი მართალია – რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს – მაინც, ამ ერთი ადამიანის მიერ დაწყებული საუბარი ბოლოს სხვების დუმილით მთავრდება, ან ისტერიკად ითარგმნება და „აქ განხილვით რას ფიქრობ რომ შეცვლი” რეპლიკით იხურება.

მე აქ, ცხადია, არ ვდაობ იმაზე, ქალი ფეხზე უნდა იდგეს თუ არა, მაინცდამაინც ქალს აქვს გადაადგილების პრობლემა თუ არა… ჩემთვის აქ უფრო მეტად ერთმანეთზე აყოლის და მხარდაჭერის ფენომენის არსებობა თუ არარსებობაა მნიშვნელოვანი. მსგავს კონფლიქტებს შეიძლება წავაწყდეთ სუპერმარკეტში, ჩვენს თანამშრომლებთან, სამეზობლოში, მეგობრებთან. სამწუხაროდ, ყოველთვის ვართ განებივრებული იმ პატარ-პატარა დაძაბულობებით, რომელიც ხშირად ქალის მიერ დაწყებული დიალოგით ვითარდება, მას ბრალდება და იქვე მარტივად დუმილით ან მისი განეიტრალებით მთავრდება.

და მოდი, აქვე გავაკეთოთ ერთი გულწრფელი აღიარება:

ასეთ დროს რამდენჯერ დაგვზარებია ჩარევა?

რამდენჯერ გვიფიქრია, რომ ჩვენი საქმე არ არის?

რამდენჯერ გვიფიქრია, რომ იმ წუთას ჩვენი ჩარევა მხოლოდ “ისტერიკად” აღიქმება და რეალურად საბოლოო სურათს არ შეცვლის?

რამდენჯერ განგვისჯია ეს ადამიანი რომელიც საუბარს იწყებს?

მე პირადად ძალიან ბევრჯერ.

მაშინ სინამდვილეში მხოლოდ კანონსა და იურიდიულ დათქმებში არ არის საქმე. ცხადია, აქ მე კანონის ძალას და მნიშვნელობას არ უგულებელვყოფ, მაგრამ უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა იმ სოციალურ ჩვევებს, რომელიც ნორმად იქცა ქართულ ყოველდღიურობაში. ჩვენი გადაწყვეტილებების და ყოველდღიური მარტივი აქტივიზმის სურვილის უკან საკმაოდ სქელი და მძიმე კუტურული ბარიერები დგას, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ მიერ გამოხატულ მხარდაჭერას წონა არ აქვს.

ესეც მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ალტერნატიულ, ახალგაზრდულ ნაწილშიც კი, ხშირად ქალთა შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას მივანდობთ ხოლმე არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტთა გარკვეულ ჯგუფს და ვერ ვუშვებთ, რომ ავტობუსში მომხდარი დიალოგიც მთელი რიგი სოციალური თუ კულტურული ცვლილების პროცესის არსებითი ნაწილია და ჩვენ აქ პირადად შეგვიძლია ჩართვა.

ხშირად შეიძლება გავურბივართ იმ ერთ, ცოტა სასაცილო იარლიყსაც, რომლის თანახმადაც ხმამაღლა მხარდაჭერის შემთხვევაში ვხდებით „კაპასი”,„ისტერიული”, „ემოციური” და ა.შ. ამ კატეგორიებში მოქცევის შიშის საპირისპირო – თმენა – არის ხოლმე ჩვენი სამწუხარო არჩევანი ძირითად შემთხვევაში.

მე კულტურული ფაქტორები ვახსენე – კულტურული ისტორიის არსებით ნაწილად მოვიაზრებ სწორედ ამ თმენის რეჟიმში ყოფნას, რომელიც რაღაც მხრივ დამახასიათებელი გახდა კავკასიური კულტურებისთვის მას შემდეგ, რაც ამ რეგიონის განხილვა იმპერიალისტურ კონტექსტში დაიწყო. ეს თმენის უნარი ბოლო დროს გადარჩენის საპირწონეც ხდება ხოლმე, რაც აბსურდული დათქმაა, მაგრამ ხშირად რეალური ხდება („ყოვლის მთმენი” – ილია). მით უმეტეს, თუ მეორე მხარეს დგას ქალი – ანუ, სტერეოტიპული აღქმით, უფრო ემოციური, არაკონტოლირებადი და თითქოს კონტექსტიდან ამოვარდნილი დიალოგის დამწყები, მაშინ მით უფრო მეტად მძაფრდება ჩვენი თმენის გადაწყვეტილება.

ბუნებრივია, მე აქ არ ვითხოვ საზოგადოების თითოეული წევრის რადიკალურ აქტივიზმში ჩართვას (თუმცა, რატომაც არა?! ) საქმე იმ მარტივ ყოველდღიურ შემთხვევებს ეხება, როდესაც სიმართლე ჩვენთვის თვალსაჩინოა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ე.წ. კონფლიქტში ჩართვა გვეზარება, ან საჭიროდ არ მივიჩნევთ ამავე კონფლიქტის ნაწილად ყოფნას.

უფრო მეტი სიცხადისთვის პოდკასტის განმავლობაში მინდა გამოვყო სულ რაღაც 5 მარტივი ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობ, დღის ბოლოს მნიშვნელოვან პოზიტიურ კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაზე.

სოლიდარობის ზუსტად რა ფორმებს ეხება საქმე? სად გვეშლება? რა მასშტაბებზე შეიძლება გავიდეს ჩვენი მხარდაჭერა?

პირველი – მოსმენა;

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, როგორც პირდაპირი მოსმენის კულტურას, რომელიც ხშირად პირადი გადაწყვეტილებაა ხოლმე, არამედ კიდევ უფრო მეტად რომ განვავრცოთ მოსმენის მნიშვნელობა: ფემინიზმის იდეის უფრო აქტიურად გაჟღერებასთან ერთად, ბოლო წლებში ჩვენს საზოგადეობაში გარკვეული ჯგუფები გამოიკვეთა. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალთა გაძლიერების კამპანიებში; არსებობს ჯგუფი, რომელიც მეინისტრიმის ალტერნატივაა და უფრო მეტადაა დაახლოებული ფემინიზმის იდეასთან, გვაყვს ტრადიციული ნაწილი, რომელიც რთულად ისმენს ჩვენი ახალი დათქმების შესახებ, გვყავს ნაწილიც, რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებს მიმდინარე პროცესები. ჩვენი საზოგადოება ჭრელია, თავი რომ დავანებოთ თვითონ კავკასიური კულტურების კომპლექსურობას, თვითონ საქართველოს რეგიონი საკმარისად რთულად ასათვისებელია ამ ინფორმაციულ ჩიხში.

ვფიქრობ, რომ ასეთ დროს კიდევ უფრო კარგადაა გამოსარკვევი ვინ ვის ელაპარაკება, ვინ არის მთავარი აუდიტორია, რამდენად კარგად გვესმის იმ ადამიანის და მისი გამოწვევების, რომელიც თუნდაც ავტობუსში დიალოგს იწყებს. მოსმენაში სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მოცემულობა არ გვაძლევს ყველასთან ერთნაირად საუბრის და მათი ერთნაირად მოსმენის საშუალებას; რაც რაღაც მხრივ მომხიბვლელიც კია ჩვენს კულტურაში.

მეორე – განსჯის სურვილის  გაქრობა, მით უმეტეს მაშინ როდესაც მეორე მხარეს ქალი დგას (excluding the judgement):

ეს თითქოს მარტივი დაშვებაა და თითქოს მხოლოდ გენდერთან და ქალთა შრომით უფლებებთან არ არის განსახილავი და ჩვენი უნივერსალური ჩვევა უნდა იყოს. მაგრამ არა. მგონია, რომ დიდის ამბით ველოდებით ხოლმე იმ მომენტს, როდესაც ჩენს თავს კრიტიკის უფლებას მივცემთ, რაც ნამდვილად ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია თვითგამორკვევისთვის. მაგრამ როდესაც მეორე – განსასჯელ მხარეს ქალი დგას, კიდევ უფრო გვიცხოველდება ეს მოთხოვნილება. ეს ქართული საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ნაწილში ხდება. ამის ნაწილი ვარ მაგალითად მეც, ადამიანი რომელსაც პრეტენზია მაქვს, რომ ისტორიის ალტერნატიულ/სწორ მხარეს ვდგავარ, ქალთა გაძლიერების პროცესს თავიდან ბოლომდე ვუჭერ მხარს და ასე თუ ისე მესმის ფემინიზმის ძირითადი ღირებულებებიც, მაინც, ჩემთვისაც რთულია  გავაცნობიერო, რომ სინამდვილეში ეს განსჯის სურვილი ძააალიან პატარა დეტალებშია გახლართული და ამ კულტურული მოცემულობებიდან თავის ამოგლეჯა მარტივი არ არის.

მოდი, ეს პოდკასტი აღსარებას რომ არ დაემგვანოს, ერთ ძალიან საინტერესო კვლევას მოვიშველიებ, რომელიც დასავლეთის მდგომარეობას უფრო ერგება და აღწერს, მაგრამ ვფიქრობ გარკვეულ ნაწილში ერგება ქართულ მოცემულობასაც.

მას შემდეგ, რაც ქალთა უფლებების პრობლემურობა გლობალურად წამოიჭრა ბოლო წლებში, ამ კვლევის თანახმად, პირდაპირპროპორციულად იზრდება სამუშაო სივრცეში ქალების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი აგრესიულობა. ეს აგრესიულობა შეიძლება იყოს გამოვლენილი, დავუშვათ, ჭორების გავრცელებაში, საჯაროდ დამცირებაში, უბრალოდ არამეგობრულ და არასოლიდარულ ქმედებაში და ა.შ. ამ კველვის შედეგების განმარტება ძალიან საინტერესოა და პირველ რიგში სწორედ ამ განსჯის, “ჯაჯმენთის” ფენომენის არსებობით იხსნება. მაგრამ თვითონ ეს “ჯაჯმენთი” თითოეული ქალისთვის იმ უფრო მძაფრი კონკურენციის შეგრძნებით იხსნება, რომელიც ისტორიულად ქალს არასდროს აძლევდა საკმარის საარსებო სივრცეს. ამიტომ კონკურენციის შეგრძნება ქალებს დღეს უფრო მძაფრად აქვთ გამოხატული ვიდრე კაცებს.

სინამდვილეში ჩვენ დღეს სოლიდარობა გვჭირდება და სხვა არაფერი. სოლიდარობა ნებისმიერი გზით და ფორმით. და თუ ვინმე იკითხავს, „და მარტო იმიტომ რომ ქალები ვართ”?

  • კი, მარტო იმიტომ რომ ქალები ვართ. ამაზე საკმარისი მიზეზი ჯერ არსად თქმულა.

და მეტიც, მე ყველას მოვუწოდებ, რომ მას შემდეგ რაც მათთვის ცნობილი იქნება, რომ კონკრეტული პროდუქტის, ორგანიზაციის, სამუშაო პოზიციის, სახელოვნებო გამოფენის, ნამუშევრის, თუ ნებისმიერი რამის უკან ქალი დგას, მაშინვე ჩავხსნათ ჩვენი განსჯის სურვილი და ამ ადამიანს ბოლომდე გამოვუთავისუფლოთ გზა. დღეს ჩვენ გვაქვს საქმის სწორად თუ არასწორად კეთების უფლება და აუცილებლად  უნდა არსებობდეს იმის დაშვება, რომ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია – we are doing our best! – და აქ არ მგონია განსჯის ადგილი სადმე რჩებოდეს.

მესამე –  საკუთარ ინიციატივებში თუ კარიერაში პირველ რიგში ქალებთან ერთად მუშაობის სურვილის გამოხატვა; 

ეს არის დაშვება, რომელიც მთლიანად ცვლის დღის წესრიგს. და აქ ქალებთან მუშაობის უფრო გახშირებაში, რა თქმა უნდა, კაცების უარყოფას არ ვგულისხმობ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ქალების გაერთანების შემთხვევაში, პირველ რიგში, ქრება იმ არასამართლიანი კონკურენციის შიშის თუ ნაკლების სივრცის შეგრძნება (უმრავლეს შემთხვევაში) და იქმნება ის ნეიტრალური სივრცე, სადაც ქალები საკუთარი მორალის და მუშაობის წესების დათქმას ახერხებენ.

პირადად ჩემი პროფესიული რეალიზება მაშინ მოხდა, როდესაც ისევ ჩემი ასაკის გოგონებთან დავიწყე მუშაობა და იდეების დამუშავება. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალთან მუშაობა მხოლოდ „გენდერული კომფორტი” არ არის, ეს ის ახალი ალტერნატიული რეალობაა, რომელიც ჯერ მსოფლიოს არ გამოუცდია, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს. ამის საკუთარ თავზე გამოცდა კი ერთი დიდი სიმოვნებაა, რომელიც ყოველთვის გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ ძალიან საინტერესო, თითქმის უპრეცედენტო პროექტებს ქმნის ხოლმე ჩემს ირგვლივ და ამ შემთხვევების განხილვის საშუალება ფემინისტრიმის მომდევნო ეპიზოდებში გვექნება.

მეოთხე – საჯარო სივრცეებში (ტრანსპორტში, მაღაზიაში) ჩვენი სოლიდარობის ხმამაღლა გამოხატვა კონფლიქტურ ვითარებაში. კითხვების ხმამაღლა დასმა სრულიად ცვლის კონტექსტს;

მეხუთე – დაიწყე იმ ერთი ადამიანით, რომელიც უკვე შენს გვერდით ზის;

ჩვენს სოციო-კულტურულ გამოცდილებაში ჯერჯერობით არ არსებობს მკვეთრი გამყოფი ხაზები პიროვნულ, გენდერულ, პროფესიულ თვისებებს შორის. ამიტომ, მე მესმის, რომ უმეტეს შემთხვევაში ძნელია გამორჩევა იმისა, თუ საიდან უნდა დაიწყოს სოლიდარობის შეგრძნება. აქ მნიშვნელოვანი უბრალოდ ის არის, რომ ვიცოდეთ – ჩვენს კულტურაში ქალთა მეორეხარისხოვნების ძალიან დიდი ისტორია არსებობს. ამ გენდერული დისბალანსისგან თავის დახსნა ასე მარტივად არ ხდება. ვითარების მხოლოდ აქტივისტთა გარკვეულ ჯგუფზე მინდობით, ან არასამთავრობო ორგანიზაციების რეზოლუციებთან მიტოვებით არ ხდება. მასშტაბური პოზიტიური ცვლილებები სინამდვილეში ჩვენიდან იწყება, მგზავრებით, რომლებიც უბრალოდ ავტობუსით ვმგზავრობთ, კერძო კომპანიებში ვმუშაობთ, თეატრში დავდივართ, ვინაწილებთ სივრცეს სოციალური შეკრების ადგილებში და ა.შ.

შეიძლება, ჩემი აზრი ცოტა ნაივურადაც ჟღერდეს, მაგრამ მე ჯიუტად მაინც ამ ფაქტის მჯერა, რომ სინამდვილეში იმ ორგანიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუციისა თუ აქტივისტთა ჯგუფების მუშაობას, რომლებიც კონკრეტულად ქალთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ორიენტირდებიან, შინაარსი ეკარგება რიგითი მოქალაქეების ამ პროცესებში ჩართვისა და ინიციატივების გარეშე. ჩვენი აქტივობის არეალად კი მოვიაზრებ უბრალოდ სამეზობლოს, ტრანსპორტს, ლუდის ბარს და ნებისმიერ იმ სივრცეს, სადაც ხშირად ჩვენი თავი მხოლოდ ჩვენი დასაცავია, მაგრამ გარედან წამოსული სოლიდარობის შემთხვევაში სრულიად იცვლება თამაშის წესები.

***

სინამდვილეში საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა ჩვენს ირგვლივ არსებულ პატარა წრეებში მარტივი ჩვევების ჩამოყალიბებით იწყება, და როცა საქმე ქალთა შრომით უფლებებს შეეხება, ჩვენ კანონისგან დამოუკდებლადაც, ჩვენს სამოქმედოდ დიდი სივრცე გვაქვს პოზიტიური დათქმებისთვის.