„ახალი თეატრი“ რეგიონებში... საპროტესტო მანიფესტის მნიშვნელობით

დავით ბუხრიკიძე

მიუზიკლი „მე გადავცურაც ზღვას“, რომელიც რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჯერ კიდევ 2023 წელს დადგა და ბოლო დრომდე გადატენილ დარბაზში იმართებოდა, იანვრის საპროტესტო დღეებში რეალურად ქუჩაში გათამაშდა: „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტითა და სპექტაკლის მოდენიზებული ვერსიით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ეს იყო ცხადი პოლიტიკური მესიჯებით, შთამბეჭდავი მოქალაქეობრივი და სოციალური პოზიციით გამორჩეული წარმოდგენა. ფაქტობრივად, ბრეხტისა და არტოს თეატრალური იდეები მაყურებელთან კონტაქტით და უშუალოდ თეატრის წინ, მოედანზე გაცოცხლდა.

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და ტექსტი, რასაც ეყრდნობა ბასა ჯანიკაშვილის დრამატურგია, რეჟისორული ფორტეთი და აქცენტებით, სრულიად ახალ, ცოცხალ და პოლიტიკურ ჟღერადობას იძენს. შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში გამოსული „ახალი თეატრი“ თავისი გაბედულებითა და კონკრეტული მესიჯებით, ასევე ძალიან ჰგავს „ცოცხალი თეატრის“ (The Living Theatre) სოციალურ და პოლიტიკურ განაცხადს.

ქვეყანაში შექმნილმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა, კონკრეტულად კი თეატრის დასის წევრებისა და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებამ, აიძულა მსახიობები შენობიდან გარეთ გამოსულიყვნენ და საპროტესტო ფორმისთვის მიემართათ. აქვე დავაკონკრეტებ, რომ პროპაგანდისტული მედიები და ტროლები ავცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს „ახალი თეატრი“ ფონდმა „ქართუმ“ გაარემონტა.

სინამდვილეში ის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 მილიონი ლარით დაფინანსდა, ანუ ჩვენი გადასახადებიდან. ამდენად, ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია, ხოლო რა თანხაც სხვადასხვა თეატრების რეაბილიტაციასა და რემონტისთვის ფონდმა „ქართუმ“ გაიღო (რუსთაველი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, მარჯანიშვილი, თუმანიშვილის სახელობის და ოზურგეთის თეატრი), დიდი ხანია წარმატებით აინაზღაურა.

სხვათა შორის, „ახალი თეატრის“ რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ კულტურის ყოფილი მინისტრის, მიხეილ გიორგაძის დროს დამტკიცდა.

გარემონტებული თეატრის გახსნის პატივი უკვე თეა წულუკიანს ერგო, რომელიც შემდეგ ამ თეატრში აღარც მისულა. უხილავი დაძაბულობა სამინისტროსა და „ახალ თეატრს“ შორის წულუკიანის ხანაში ყოველთვის იგრძნობოდა, ხოლო „რუსული კანინის“ მიღებისა და აქციების შემდეგ ხილული და თვალსაჩინო გახდა…

„ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს! ეს ჩვენი ბრძოლა იყო, მაგრამ მეგობრები, სხვა თეატრები და მსახიობები აუცილებლად შემოგვიერთდებიან. აქვე ვაანონსებ – ახალი თეატრი გადის რეგიონებში! ყველგან მივალთ და ყველას დაველაპარაკებით, ერთდროულად გავიშლებით სხვადასახვა რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს!“ – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის ეს ხმამაღალი და ემოციური განაცხადი სახელისუფლებო ტროლფაბრიკის „მუშებისთვის“ სიგნალის ჩართვას ჰგავდა. ისინი ისეთი ორგანიზებული ლანძღვა-გინებით შეესივნენ თეატრის ვებ-გვერდს, გეგონება თვეების წინ არ თავად არ იხვეწებოდნენ, „ეგებ ორიოდე ბილეთი გვიშოვოთ, თქვენ ხომ კარგად იცნობთ დოიაშვილს?!“…

საპროტესტო მანიფესტის სვლა რეგიონებში 1 თებერვალს, ბათუმიდან დაიწყო. „ევროპის მოედანზე“, ღია ცის ქვეშ გამართულ იმპროვიზებულ მიუზიკლს უამრავი ხალხი დაესწრო, თუმცა სახელისუფლო მობილიზაციაც სათანადო იყო. ყველაზე ამაღელვებელი, მაინც მზია ამაღლობელის ციხიდან გამოგზავნილი წერილი იყო, რომელიც მისმა ნათესავმა გოგონამ სცენიდან წაიკითხა: “მზიამ ციხიდან მხოლოდ ერთხელ დამირეკა, დაკავებიდან მეთექვსმეტე დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მხნედ მესაუბრა, მივხვდი და ვიგრძენი მისი ყველა ტკივილი. გვითხრა, რომ ძალიან ვუყვარვართ, რომ არ ვიდარდოთ მასე და ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობდით. მაგრამ ეს ძნელია, ძნელი კი არა შეუძლებელია. “როგორ არიან ბავშვები, როგორ ხართ თქვენ” — ეს იყო მისი მთავარი ციხიდან. გვითხრა, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე არც ველაპარაკოთ, არ ვცადოთ მისი გადარწმუნება”.

2 თებერვალს კი “ახალი თეატრი” ბათუმიდან ზუგდიდში ჩავიდა. მიუზიკლი “მე გადმოვცურავ ზღვას” აქაც ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს, თუმცა მაყურებელი გაცილებით ცოტა იყო, ვიდრე ბათუმში. ამას თავისი მიზეზები აქვს: ხელისუფლების შანტაჟმა და დაშინების ენამ ზუგდიდში გაცილებით შთამბეჭდავად იმუშავა. ის კი არა, თავად ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობების დიდი ნაწილიც კი არ მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა მათთან ასეულ მეტრში იმართებოდა. სამაგიეროდ, პოპულარული მიუზიკლის სანახავად ბევრი ახალგაზრდა და ახლო სოფლებიდან ჩამოსული მაცხოვრებლები მივიდნენ.

ფერად ლაბადებსა და სამოსში გამოწყობილი მსახიობების ზეაღმართული ხელები და იმედით გაჯერებული რეფრენი – „მე გადმოვცურავ ზღვას“, თბილისშიც, ბათუმშიც და ზუგდიდშიც ელექტროენეგიასავით მიეწოდებოდა და ძველი თუ ახალი თაობის მაყურებელს, ეს მუსიკალური და არტისტული ენერგია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იკითხება ნამღრ და ნარბენ ახალგაზრდა მსახიობთა სხეულებში, მათ ენერგიულ ჟესტებში, გადაღლილ, მაგრამ გაუბზარავ ხმებში. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მათი გულწფელი სიშლეგე და ულევი ოპტიმიზმი ლამის ტოტალური პოლიტიკური სიშლეგისა და დაპირისპირების ფონზე.

მიუზიკლში 80-იანი წლების საბჭოთა საქართველოს, ანუ „ზასტოის“ ეპოქის ნიშნები ზუსტად იკითხება. საინტერესოა, რომ ის იწყება კონკრეტული დროის მინიშნებით: 1980 წლის საპირველმაისო აღლუმისათვის მზადებით (მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადა სწორედ ამ წელს აგვისტოში გაიმართა) და მთავრდება ასევე კონკრეტული დროს – 1989 წელს, ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებისა და მანიფესტაციების პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლის მთავარი პერსონაჟები თავის თავში ატარებენ სწორედ ამ „უძრაობის“ დროის ნიშნებს, სინამდვილეში ისინი დღევანდელ ახალგაზრდებს უფრო განასახიერებენ, პიროვნული დრამებითაა და პრობლემებით. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და ქეთათო პოპიაშვილის კომპოზიციები თითქოს ამ „უძრაობის“ მთავარი ამაჩქარებელია; გარდასული დროის ერთგვარი ესთეტიკურ-სოციალურ კატალიზატორი, რომელიც ჯერ ერთი, ოცამდე მუსიკალურ ნომერსა და სიმღერას მოიცავს და მეორეც, მთავარ სიუჟეტურ ხაზებს კარნახობს რეჟისორსაც და დრამატურგსაც.

დიახ, თეატრი ყველა დროში პოლიტიკური, სოციალური და თანამედროვე ხელოვნება იყო. ბერძნული თეატრიდან დაწყებული, მოლიერის მოხეტიალე დასით, შექსპირის “გლობუსით” და კლასიკური დრამებით გამყარებული. კიდევ უფრო პოლიტიკური და აქტუალური გახდა მეოცე საუკუნეში, როდესაც ბრეხტის, არტოს, ბეკეტის და აუგუსტო ბოალის ტექსტებმა კიდევ უფრო შეცვალეს თეატრის ენა და სათქმელი.