აპოკრიფული სადღეგრძელოები

ქეთო ნინიძე

კეთილი და პატიოსანი. ყველანი ავღელდით იმის აღმოჩენით, რომ ცივილიზაციის უმთავრესი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრა ყოფილა.

მართლაც, ამაზე საამოს რას მოისმენდნენ მამაკაცები, რომლებიც ამ საახალწლოდ, ერთი ახირებული მწერლისა არ იყოს, კოლექტიურად განეფინნენ მამულის კვამლში – მთელი  გულით, გონებითა და ნაღველით. კვამლში რა?! ოხშივარში. მართალია, ქალები კარგად ვერ მივხვდით, შეიძლებოდა თუ არა ეს უგზო-უკვლოდ სასიხარულო ამბავი კომპლიმენტად მიგვეღო, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ თუ თავგანწირვაა, ჯობს ისევ ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევას შეეწირო ზვარაკად.

მაგრამ ეს კარნავალი მიილევა. საცივიც იქნება, „ოჯახურიც“, გულ-სისხლძარღვთა ჩივილებისგან მიღებული ეგზისტენციური დარდები და სხვა მრავალი სამამულო კულტურული მემკვიდრეობა. ზოგიერთებს ნაყროვანების თანამდევი მოწყენილობაც შემოუტევს და მაშინ მაინც შენიშნავენ დედების, დების, ცოლების, ქალიშვილების ქანცგაწყვეტილ სახეებს.

იქნებ, ამ გადასახედიდან არც ისე გროტესკულად გამოჩნდეს ეს არაკანონიკური სადღეგრძელოები. ჩემი რჩეული ღვინოებით დღეს, სწორედ, გოგოებისა მინდა ვთქვა. ქალების, რომლებმაც  გასულ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმასპინძლეს. მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო, განწყობა და ენერგია საკუთარი ტალანტების გასამრავლებლად.

აბა, მივყვეთ ჩვენებური სადღეგრძელოების რიგს.

ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა!

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!

ღვთის სადიდებელს მე არ დავუკავშირებ ერის მამების სადღეგრძელოს, ვისაც სიცოცხლეში ეთაყვანებიან, როგორც ძეგლებს. ეჭვი მაქვს, ფუფუნებითა და ძალაუფლებით აღჭურვილ გავლენიან პირებთან, ღმერთი თავს უხერხულად იგრძნობს. უფრო იმ ადამიანებისას ვიტყვი, ვინც თავიანთი პატიოსნებით, უბრალოებითა და უშუალობით ღვთის სადიდებლად განგაწყობენ.

დიდი ხანი არ არის, რაც ერთმა კეთილშობილმა გოგომ, თავის კეთილშობილ მეუღლესთან ერთად თელავის მადლიან სოფელ რუისპირში ვენახიანი სახლი შეიძინა და ღვინის დაწურვა დაიწყო. ქალაქური ისტერიული, ჯიბრიანი ყოველდღიურობისგან გაქცევა ეწადათ. სურდათ, ესწავლათ ნელი, მშვიდი და მჭვრეტელობითი ცხოვრება, სადაც ადამიანი ბუნების მთლიანობის ნაწილია, ამუშავებს მიწას, სხლავს ვაზს, აპურებს წიწილებს, შეჰხარის დაბერილ კვირტებს, აყურადებს მთვარის ციკლებს  და მადლიერია მზის ყოველი ათინათის, მთვარის ციაგის, ვარსკვლავების კიაფის, წყაროს ლიცლიცის,  ჩიტების ჟღურტულის, ნიავის ლამუნის, ძაღლების წკმუტუნის, კატების კრუტუნის, ადამიანების სალამ-ქალამის.

თაკოს და ზურას (ჟუკა&სანოს მარანს) ზაფხულში ვესტუმრეთ. ისე მოხდა, აგვისტოს ხვატს ჩვენი ერთგული X-Trail-იც დანებდა და გადაადგილებაზე უარს იყო. ჩემს ქმარს პანიკის შეტევა დაეწყო – მეორე დღეს მარტვილში გადაუდებელ შეხვედრას უნდა დავესწროო. ასე მშფოთვარეები და არცთუ სანდომიანები მოგვიტაცეს შემთხვევის ადგილიდან. ის ორი ბედნიერი დღე რუისპირში, თაკო&ზურასთან გავატარეთ – მოგვიარეს, დაგვაპურეს, გვიწამლეს და ზაზას სამსახურებრივი შეხვედრა კი არა, თბილისში აწუწუნებული ბავშვებიც კი დაგვავიწყდნენ, სანამ მანქანის გადამზიდმა არ მოგვიკაკუნა.

ყველგან სიყვარულია მათთან – დაწკრიალებულ და ზედმიწევნით აღნუსხულ მარანში, ჟუკა&სანოს მოქარაგმებულ აბრაში, რომელიც თვითონ მოუხატია თაკოს, მყუდრო და კოხტა ოთახებში, საიდანაც ზურას ურიკებით გაუზიდია მიწა, როცა სახლი შეიძინეს, შეკედლებული ძაღლების მადლიერ თვალებში, ეზოს აღაღანებულ ყვავილებში, თითქოს, ყველანი ბუნების, განგებისა და სიცოცხლის ჰიმნს აგუგუნებენ.

აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი… მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი… ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; აქებდით სახელსა უფლისასა…

ღვინოც ასეთი აქვთ – მრავალსახოვანი, მრავალ ენაზე მოუბარი. თითოეული ხმა რომ სიცოცხლის სიყვარულით სუნთქავს. ბავშვური შეგრძნებების ჭაში გაყურყუმალავებს. გვიანი თიბათვის კახეთის სურნელი და გემო. ბალახი ჯერ ისევ ახლადმოთიბულია, ჰაერი – გარგრის ჩირისა და ხმელი სუნელების დამჯდარი არომატებით შეფერილი. სადღაც, ნიკალას ნახატიდან თონიდან ციმ-ციმ ამოყრილი შოთის მობრაწული ყუა და მეზობლის ახლადმოციებულ ლეღვის მურაბაში ჩაკრული თითის გალოკვა. იქით, დედულეთში ოდიანი სახლის აივანზე დასაშრობად გაშლილი ჩაის ყლორტები, ბებიას ხელით დარჩეული წერეთლის მწვადი და ბაღ-ბოსტანში აგუზგუზებული ზაფრანის ყვავილები. ყველაფერია თაკოს ღვინოში.

სწორედ ამ მადლიანი ღვინით გაუმარჯოს ადამიანებს, თავიანთი სიკეთით, თავმდაბლობითა და სიყვარულით სამყაროსა და მისი შემოქმედის მადლიერებას რომ შთაგაგონებენ.

ახლა სამშობლოს სადღეგრძელო მინდა ვთქვა, მეგობრებო.

სამშობლოსი, რომლის სიყვარულით იფერფლებიან დარდიან სადღეგრძელოებად, უმღერიან საგმირო სიმღერებს, მოგვიწოდებენ, რომ ხმალი ავლესოთ, შემოვაქსოვოთ ჯაჭვის პერანგი, ამასობაში კი იცლება სოფლები, ვერანდება მიწები, ქრებიან იქაურ დიალექტებზე მოუბარი, ადგილობრივი კულტურის შემნახველი უკანასკნელი მოხუცები და ისტორიული სოფლები მაღალი სიმძლავრის ჰესების გამო იტბორება. ახალგაზრდები ელტვიან ქალაქურ ყოფას, ოფისის სამსახურებს, რადგან, ალბათ, სხვა ხსნას ვერც ხედავენ.

ამ ზაფხულს მესტიაში, სოფელ ჰეშკილში, ულამაზესმა და უყოჩაღესმა გოგომ, 25 წლის მალალო გელოვანმა გვიმასპინძლა. მალალო ჩემი ქმრის ყოფილი მოსწავლეა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, რომელიც მუდამ ოცნებობდა სოფლად ცხოვრებაზე. ბავშვობიდან დედამ დააახლოა ბუნებასთან და ხეტიალი რომ უყვარს, ამ ამბავშ+ი, თურმე ზაზას ხელიც ურევია.

თბილისიდან ლენჯერამდე ძალიან დიდი გზაა, თუმცა მალალომ რამდენიმე წლის წინ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ იცხოვრებდა სწორედ აქ – ზემო სვანეთში, თავისი მომავალი მეუღლის მშობლიურ სოფელში, სადაც ყოველთვის ოცნებობდა მოგზაურობაზე.

როცა იქორწინეს, დათოს ოჯახს მესტიიდან ახლოს, სოფელ ჰეშკილში საზაფხულო ქოხის მშენებლობა წამოეწყო. დროთა განმავლობაში ამ საქმემ ბიზნესის სახე მიიღო. სტუმრების სიმრავლემ მალე გაფართოება გადააწყვეტინათ. ასე აშენდა ახალი ქოხები, დასაქმდა ბევრი ადგილობრივი ადამიანი, გაჩნდა პრეცედენტი, რომ ახალგაზრდების ძალისხმევით სოფლად წამოწყებულმა ბიზნესმა წარმატებით იმუშავა. შედეგად, მცირე დროში მათი ბანაკის გარშემო სოკოებივით მომრავლდა ასეთივე კოხტა ქოხები. დღეს მალალოსა და მისი ოჯახის ბიზნესი ჩვენნაირი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გაჩერებაა საქართველოში.

ჰეშკილის ქოხები პირდაპირ გაჰყურებს უშბასა და ლაილას. ისეთი სუფთა ჰაერია, თითქოს, კი არ სუნთქავ, ყუათიანად იკვებები. თუმცა ყველაზე დიდი სიამოვნება მაინც მასპინძლებთან ჩამოსხდომა და მათი საუბრის მოსმენაა. მალალო ბავშვური აღტაცებითა და თვალებში ვარსკვლავებით გიამბობს, როგორ ნატრობდა სვანეთში მოგზაურობას და როგორ მოიყვანა ბედმა ამ მშვენიერ მხარეში მასპინძლად, მისი დედამთილი, ლელა კი – გასაგიჟებელ ამბებს ჰყვება ძველ სვანებზე, მათ ადათებსა და რაინდულ ეთიკაზე.

ძველი და ახალი თაობები ერთად მასპინძლობენ სტუმრებს, ერთად მღერიან ნაივურად მამაც სვანურ სიმღერებს და ზოგჯერ, როცა ყურს მოჰკრავ, როგორ გამოელაპარაკებიან ერთმანეთს სვანურად, თითქოს, ტანში ენგურის ცივი ნასხლეტები გივლიდეს, ამ მთებისა და მჭლე ჰაერის ენერგია გერგებოდეს. ჩემი სამშობლო ეს ადამიანები არიან – ვინც თავიანთი ძლიერი ხასიათით, ერთგულად იცავენ ადგილებსა და კულტურებს.

კარდანახის მწვანე (2017) ნიკალას მარნიდან, რომლითაც სამშობლოს სადღეგრძელოს შევსვამ, ისეთივე ნებისყოფიანია, როგორც ეს ძლიერი გოგო ჰეშკილიდან. რამდენადაც ვანილივით და მაისის თაფლივით დაშაქრულია, იმდენად ხასიათიანია მთის ველური ბალახებივით. და როგორც სვანური სიტყვები, რომლებიც ბაგეებიდან კი არ არტიკულირდება, არამედ – სადღაც, დიაფრაგმიდან, ხორხიდან, ისე წალეკავს ყველა რეცეპტორს ეს ჩვიდმეტგრადუსიანი ღვინო. სუსხავს ენას, ცეცხლის ალში ხვევს ყელსა და საყლაპავ არხებს.

დიდი გულის ადამიანებს გაუმარჯოს, რომლებზედაც ჩვენი ქვეყანა დგას.

წავიწიოთ წინ.

„ქართველობა“ ხომ კიდევ ცალკე ამბავია. ჰოდა, ვთქვათ ცალკე. მაგრამ ქართველობის სადღეგრძელოში არსად ვახსენებ 40 000 ყივჩაღს, აგარიანელებს, ყიზილბაშებს, მილიონ ჩინელს, პაკისტანელებს, მასონებსა და ათასი ჯურის უხილავ მტრებს, ასერიგ სანუკვარი ქართველობის წაგვრით რომ ემუქრებიან ჩვენს მამულ-დედულს.

ბევრს ღრმადა სწამს, რომ ქართველობა უმწეოთა და განსხვავებულთა განადგურება, ქალის დამორჩილება და უცხოთა მიუღებლობაა. მაგრამ რა არის სინამდვილეში ქართველობა, რა ღირებულებებზე დგას ჩვენი კულტურა, რომელიც 13 წლის უცხოელმა გოგონამ გააქრისტიანა? რომელმაც შვა რუსთაველი და მერე თავად „ვეფხისტყაოსნით“ აღიზარდა? რომელიც ლიბერალმა მოაზროვნემ, იაკობ გოგებაშვილმა განანათლა და ზოგადად, მე-19 საუკუნის ლიბერალ-დემოკრატი მოღვაწეების ძალისხმევის შედეგად შედგა სახელმწიფოდ? რომელსაც 1918 წელს, როცა მთელ მსოფლიოში ქალები ხმის უფლებისთვის იბრძოდნენ, პირველი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ხუთი პარლამენტარი ქალი ჰყავდა და რომლის პატარა და დიდი ქალაქები თავისუფალი სუნთქვისთვის ყველა პირობას უქმნიდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს? რა უნდა იყოს ქართველობა, თუ არა კაცთმოყვარეობა, თანაგრძნობა, მიღება და შეწყნარება, თანასწორობა, თავისუფლება და ზოგადად, სიყვარული, რაც ქრისტიანობის უზენაესი ღირებულებაა.

წლებია, საქართველოს პატარა, მაგრამ დიდი სამოქალაქო კულტურის რეგიონში – გურიაში ამ ცნობიერების გაღრმავებაზე მუშაობს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და მისი ხელმძღვანელი – მარინა თოფურია. ისტორიულად, გურია მუდამ გამორჩეული იყო სოციალური და პოლიტიკური საკითხების მიმართ მაღალი მგრძნობელობით, თანასწორობისთვის მებრძოლი მოძრაობებით, მოქალაქეთა თვითორგანიზებული ჯგუფებით, ამხანაგობებით, ხალხიდან წამოსული ინიციატივებით, სოციალურად პასუხისმგებლიანი მეწარმეებითა და აქტიური მოქალაქეებით.

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ გასაბჭოებამდელი საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების აღდგენაზე გულმოდგინედ იმუშავა და ბოლო წლების მანძილზე საქართველოს სამოქალაქო სფეროს ყველაზე ყოჩაღი უფლებათა დამცველები და აქტივისტები მოუმზადა. ოჯახური ძალადობის შემთხვევები რომ გურიაში ყველაზე ცოტაა, ესეც, ალბათ, იმ ჯანსაღი საზოგადოებრივი გარემოს წყალობით, რის ჩამოყალიბებასაც ამ ადამიანებმა მცდელობა არ დააკლეს.

მარინამ და მისმა თანამოაზრე პედაგოგმა ქალებმა შექმნეს არაფორმალური განათლების ორი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა – გაზეთი – რვას+1 და ამავე სახელწოდების კაფე, სადაც უამრავი ბავშვი და მოზარდი ოზურგეთიდან თუ მიმდებარე სოფლებიდან ეცნობა საკუთარ და სხვათა უფლებებს; სწავლობს, რა კავშირია კანონებსა და ჩვენს კულტურულ ღირებულებებს შორის, რას ნიშნავს ქართველობა, რა ფასეულობებზე დგას ჩვენი კულტურა და როგორ შეძლო საბჭოთა რეჟიმმა ამ ღირებულებების გაყალბება.

მარინას შემოქმედში ვესტუმრე თავიანთ საოჯახო, მენაბდეების მარანში, სადაც სანაქებო, გურულ ღვინოებს ქმნიან. სიამოვნებით მომატარა უმშვენიერესი ეზო და კარ-მიდამო, ხეხილის ხვავრიელი ბაღებით, ჩხავერის ვენახით, მაღლარზე შენარჩუნებული ძველი ვაზით; დამათვალიერებინა გურული ოდა, სადაც კოპწია ვინტაჟური სასტუმრო და ძველებური მარანი აქვს მოწყობილი. თითოეული დეტალი ნამდვილ გურიას ინახავს და ამასთანავე ყველაფერი ძალიან ევროპულია. ერთდროულად, უბრალოცაა და ძალიან დახვეწილიც. ამ ესთეტიზმში კი უდავოდ ჩანს მარინას დამოკიდებულებაც, ხელწერაცა და მისი პიროვნული ხიბლიც.

აქ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის, ნინო გუნიავას ღია წითელი, ელეგანტური ღვინის ჩამოსხმა შეიძლება. იშვიათი ჯიშის, მგალობლიშვილის ყურძნისგანაა დაწურული. აბრეშუმივით მსუბუქ და გამჭვირვალე ფაქტურაზე ნატიფი მძივებივით იქარგება გვიანი შემოდგომის ტყის კენკრეული – ქოლგა ფშატი, კუნელი, აქა-იქ კოწახურიც. ტკბილ-ცხარე სუნელების იდუმალება დაჰყვება. მაყვლისა და ვარდის სიმწიფე-სისრულით ეფინება ყელს ფიანდაზად.

სწორედ ასე ფაქიზად, გულისხმიერებით და თრთოლვით მინდა ვთქვა ქართველობის სადღეგრძელო.

გმირების დღეგრძელობის დრო მოვიდა. არა მგონია, რამე დაშავდეს, თუ ერთხელ მაინც ცოცხალი ადამიანების, საერთოდაც, გოგოების სადღეგრძელოს ვიტყვი, ვინც უდავოდ გმირულ საქმეებს სჩადიან.

მე ასეთი მგონია ნანა ბაგალიშვილი, რომელმაც მეგობრებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ უჩინარ ქალაქს, წნორს ახალგაზრდული ენერგია და შინაარსი შესძინა.

ნანას თბილისშიც ყველა იცნობს. მოუღალავი, სიცოცხლით და იდეებით სავსე გოგოა. არამარტო პათოსით, ვინტაჟური კაბა-ყელსაბამებითაც, ჩემს წარმოსახვაში საფრაჯისტი აქტივისტია მე-20 საუკუნის დასაწყისის ამერიკიდან. ყველგან აწვდენს ხმას და ყველა კარზე აკაკუნებს, იმდენად ანთებულია თავისი პატარა ქალაქის გამოცოცხლების სურვილით.

წნორში სამოქალაქო აქტივობა ნანამ და მისმა მეგობრებმა – სტუდენტების საკმაოდ დიდმა, თვითორგანიზებულმა ჯგუფმა, 2010-იანების დასაწყისში წამოიწყეს. აწყობდნენ დასუფთავების საჯარო აქციებს, კინოჩვენებებს, ადგილობრივი პროდუქციის ფესტივალებს, ინტელექტუალურ თუ სპორტულ შეჯიბრებებს. მათი გულწრფელი მოხალისეობრივი ენთუზიაზმი ბევრს გადაედო და ქალაქში პოსტ-საბჭოთა საზოგადოების გულგრილობასაც კი მოერია. ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა იქაურმა მეწარმეებმაც გაითავისეს, რომლებიც გვერდში დაუდგნენ სტუდენტებს და საბავშვო მოედნის მოწყობასა და ბიბლიოთეკის აღჭურვაში დაეხმარნენ.

დროთა განმავლობაში მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობა ბევრმა ახალგაზრდამ ვეღარ შეძლო. დარჩა ნანა, ქეთი და მათი რამდენიმე მეგობარი. ამასობაში, დაიბადა არაფორმალური განათლების ცენტრის – ცოდნის კაფეს იდეაც. ეს უნდა ყოფილიყო ცოდნის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა, რომელიც წნორში ჭიქა ყავის გარშემო დისკუსიის შედარებით უცხო კულტურას დაამკვიდრებდა. ამ პროექტით დაფინანსებაც კი მოიპოვეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მაინცდამაინც ენთუზიაზმით არ შეხვდა მათი საეჭვო თავყრილობების სივრცით უზრუნველყოფის იდეას. დროებითი ადგილის მოძიება ისევ გულშემატკივრების დახმარებით შეძლეს.

კაფეს აქვს ქართული და ინგლისური ბიბლიოთეკა და სივრცე, სადაც ცოდნის მიღების წადილით გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ყავას სვამენ და საინტერესო ლექციებს ესწრებიან გარემოს დაცვაზე, ნარჩენების მართვაზე, ადამიანის ფსიქიკის თავისებურებებზე, მედიაწიგნიერებაზე, ქალთა პრობლემებზე, ბიომეურნეობაზე და ა.შ. ბოლო დროს გოგოებმა წამოიწყეს კამპანია „დადე შენი აგური“ და გულშემატკივრების დახმარებით წლის ბოლოს ცოდნის კაფეს ახალი, საკუთარი შენობა ექნება.

ალბათ, ხვდებით, რას შეიძლება ნიშნავდეს წნორის მსგავსი პატარა ქალაქისთვის ასეთი შემოქმედებითი, კეთილსინდისიერი და გაუტეხელი ადამიანების არსებობა და ამ ოქრო გოგოს, როგორც ნამდვილი გმირის, სადღეგრძელოს „ოქრო ღვინის“ კარბონული მაცერაციით დაყენებული საფერავით შევსვამ. სხვათა შორის, ესეც ექსპერიმენტული და რისკიანი ღვინოა, რადგან თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი საფერავია კარბონული მაცერაციით.

ეს ღვინო თვითონაც თავგადასავალია.  საინტერესო გზას გადის ჩამოსხმისას ციმციმ მონაბერი ტალღებიდან ბოლო ყლუპებამდე. თავიდან ახალგაზრდული ტემპერამენტის, ფუცხუნა, მხიარული ვინმეა, ტკბილ-ცხარედ ისუსხება დარიჩინისა და შავი პილპილის ნაკვესებით. ამასობაში, ტყის, მიწისა და ფოთოლცვენის სურნელი იჭრება და ამ ყმაწვილურ პროტესტს მოულოდნელი ხავერდოვნებით, სითბოთი და სიბრძნით აჯილდოებს.

გმირი გოგოები გვიმრავლოს! მათი თავგანწირვისა და ოპტიმიზმისგან გვესწავლოს ბრძოლა!

ქართველებს მიწა განსაკუთრებით გვიყვარს. მიწა, რომლის მზესთან ქორწილით იშვება ვაზი, რომლის წიაღი ქვევრის მუცლიდან ახალი სიცოცხლით, ახალი ღვინით გვაჯილდოებს. სწორედ მიწის, ვაზისა და ბუნებასთან მეგობრობის სადღეგრძელო მინდა ვთქვა ბოლოს.

ივლისში მეგობრებს, საშკას და თეონას ვესტუმრე საჩხერეში, სადაც ახალგაზრდებთან ერთად, თეონას დედა, ია გოშაძე გვმასპინძლობდა. დიდი ხანია, მსმენოდა მის შესახებ და მინდოდა ამ გამოცდილი მევენახე ქალის, გაცნობა. მართლაც, ისე საინტერესოდ ვილაპარაკეთ, ისე მომნუსხა თავისი ინტელიგენტური საუბრითა და გამჭოლი მზერით, ამ შეხვედრის განცდა და შთაბეჭდილება დღემდე ძალიან ცოცხალია.

ია ტრადიციულ ოჯახში დაიბადა, ასე რომ, ადრეული ბავშვობიდან მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამყარო ვენახი და მარანი იყო. 19 წლისა დაოჯახდა და აქაც ისეთ გარემოში მოხვდა, სადაც ვაზსა და ღვინოს ეთაყვანებოდნენ. რაკი გასხლვა-გამორჩვასა და საკაოზე დამაგრებაში ბადალი არ ჰყავდა, ახალ ოჯახშიც მას მიანდეს ეს საპატიო საქმე.

დროთა განმავლობაში ვენახისა და მარნის საკითხები სახლში იამ გადაიბარა. ახლა ოჯახის საქმეებსაც უძღვება, პატარა ბიზნესსაც მართავს და ვენახსაც არ აკლებს ყურადღებას. დღისით საჩხერეშია, საკუთარ ავტოსკოლაში ასწავლის, საღამოს ბრუნდება და, თითქმის, ღამემდე, ვენახში ფუსფუსებს.

ვაზთან ურთიერთობა იასთვის ძალიან ფაქიზი დიალოგია, ალბათ, არამხოლოდ ხილულ სამყაროსთან. ამ აღმაფრენას კი შვებაც ახლავს და დიდი ტკივილიც. „მწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთა და უსულთ შორის / და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის”. ბუნების ენის ცოდნა მხოლოდ გულისხმიერებასა და გამოცდილებას მოაქვს. ამიტომ იას თვალი და ყური მთვარის ციკლის, ამინდების, ბუნების ნიშნებისკენაა მიმართული და ზუსტად იცის, როდის რითი დაეხმაროს ვაზს. ასე იწურება, ოცდამეათე წელი, რაც ია უვლის ვენახს და ოჯახის წევრების დახმარებით ქმნის სუფთა, იმერულ ღვინოებს – ციცქას, ცოლიკოურსა და ძელშავს.

ბოლო დროს თეონა და საშკა განსაკუთრებით აიტაცა იას ღვინოების ბოთლში ჩამოსხმისა და საზოგადოებისთვის მათი გაცნობის იდეამ. ჩაყარეს ახალი ქვევრები, დაიწყეს მარნის მოწყობა სტუმრების მისაღებად, აქვთ ბევრი საინტერესო იდეა, როგორ გააცოცხლონ ზემო იმერეთის ტურისტული მარშრუტები. გარკვეული ხნის შემდეგ თავადაც აპირებენ სოფლად გადასვლას. ია გახარებულია. ხედავს, რომ ქართული მიწა, ვაზი და ღვინო, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად ემსახურება, ახალ თაობას სოფლისკენ იხმობს, ბუნებასთან აახლოებს, მათში ჰუმანურ განცდებსა და ოპტიმიზმს აღვივებს.

ბოლო დროს არაერთ მეღვინე ქალს ვხვდები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაზე სიყვარულით მიამბობენ. რომ ვეკითხები, რა ანიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას, თითქმის, ერთსა და იმავე განცდას მიზიარებენ. მათ აბედნიერებთ წამი, როცა ტკბილის პირველი ჩქეფი აპობს ქვევრის ყელის სიცარიელეს და ეს ხმაური, სიცოცხლის ეს თავბრუდამხვევი სურნელი ამარცხებს მიწის მდუმარებას. ეს თქრიალი, ერთი ცნობილი ლექსის არ იყოს, გადადის ქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში, დოქიდან ჯამში და, ალბათ, ეს არის ჩვენთვის სისხლის, გენის განგრძობადობის ყველაზე ზუსტი მეტაფორა.

ასეთივე მძლავრი, მეწამული ღვინით – გიორგი ღვარძელაშვილის ბუდეშურისებრი საფერავით (2017), რომელიც ჯანმრთელი, ცოცხალი ენერგიით იპყრობს ჩვენს შეგრძნებებს, იმ ადამიანების სადღეგრძელოს ვიტყვი, ვინც მიწისა და ვაზის სიყვარულს გულით ატარებს და ბუნებისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას თაობიდან თაობას გადასცემს.

რაკი ყველა დღესასწაული უკან მოვიტოვეთ, ცარიელი სუფრებიც ალაგდა, ჭურჭელიც დაირეცხა და სახლებიც მიწკრიალდა, კარგად დააკვირდით თქვენი ცოლების, დედების, ქალიშვილებისა და დების სახეებს. იქნებ, მათშიც იცნოთ შემოქმედი, რისკიანი, იდეური, გონიერი, თავგანწირული გოგოები. სცადეთ და 2020 წელს ერთით ნაკლები სუფრით მეტი დრო მიეცით. იქნებ, მათაც შეძლონ.