არაძალადობრივი წინააღმდეგობა | CANVAS-ის დამფუძნებელი თავისი მოძრაობის იდეასა და ბრძოლის მეთოდებზე

პუბლიკა

2 ოქტომბერს, დილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გამართეს და გამოაცხადეს, რომ „ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების“ საქმეზე რამდენიმე პირი დაკითხეს, რომლებიც თბილისში ახალგაზრდებს ძალადობრივ სცენარებში მონაწილეობისთვის ამზადებდნენ. ეს გადამზადება კი USAID-ის დაფინანსებით მოხდა და ორგანიზაცია CANVAS-ის წევრებმა აიღეს თავზე. მოგვიანებით სუს-ში „CANVAS-საქართველოს“ დამფუძნებლებიც დაიბარეს.

უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

„რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი”.

ასე შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სერბეთში ავტორიტარი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლები. ხოლო ამ კამპანიის სათავეში მყოფი და CANVAS-ის წინამორბედი მოძრაობა Otpor!-ის ლიდერები ძალადობრივი რევოლუციის მომხრეებად გამოაცხადა.

არადა, Otpor!-ისა და CANVAS-ის იდეოლოგია სწორედ ძალადობრივ რეჟიმებთან არაძალადობრივი გზებით ბრძოლას ეფუძნება. მათი დამფუძნებლები არაერთ ქვეყანაში უზიარებენ მოქალაქეებს სერბეთის გამოცდილებას და მათი აზრით წინააღმდეგობის ორიგინალურ, ხშირად სახალისო და არაძალადობრივ გზებს. რადგან სწორედ არაძალადობრივი გზაა CANVAS-ის დამფუძნებლის, სრჯა პოპოვიჩის აზრით, ყველაზე ეფექტური ძალადობრივ რეჟიმებთან ბრძოლაში.

პროტესტის არაძალადობრივ გზებზე ესაუბრა The Guardian-ის ჟურნალისტსაც სრჯა პროპოვიჩი და იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა თავად ასეთი მოძრაობის სათავეში.

„სერბი აქტივისტი, რომელმაც ჩამოაყალიბა მოძრაობა Otpor! 1998 წელს სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ თავისი პროტესტის ფილოსოფიას, იუმორითა და როკ-ენ-როლითაა რომაა შეფუთული, მთელ მსოფლიოში ავრცელებს. ის ჰყვება, თუ როგორ უნდა მოახდინო ხალხის მობილიზება და შეცვალო სამყარო“, – ასე ახასიათებს ჟურნალისტი სრჯა პოპოვიჩთან ინტერვიუს, რომლის თარგმანსაც მცირე შემოკლებით „პუბლიკა“ გთავაზობთ.


1992 წლის გაზაფხულის დასაწყისში სრჯა პოპოვიჩი იყო ბელგრადის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, კითხულობდა ბიოლოგიას და ბენდში ბასგიტარაზე უკრავდა. მეგობრების მსგავსად, მასაც აშფოთებდა ჯარისკაცები, უშიშროების სამსახური, ომები, ტერორი, რეპრესიები, მთელი ის სასტიკი და სისხლიანი არეულობა, რომელშიც სერბეთი სლობოდან მილოშევიჩის მმართველობისას აღმოჩნდა.

მაგრამ, როგორც 18 წლის ახალგაზრდების უმეტესობა, ისიც მიიჩნევდა, რომ ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო „ბევრი სასმელი, გვიანობამდე გარეთ დგომა და გოგონებთან გასვლა. ერთადერთი, რაც ერთი ადგილის განძრევას მაიძულებდა, როკკონცერტი იყო“.

როგორც პოპოვიჩი ჰყვება, გარდამტეხი მომენტი მისთვის ბელგრადში იმხანად პოპულარული როკჯგუფის Rimtutituki-ს კონცერტი აღმოჩნდა – ჯგუფს ხელისუფლებამ კონცერტის გამართვის ნებართვა არ მისცა, ისინი კი ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ და სატვირთო მანქანაზე გამართეს კონცერტი.

პოპოვიჩი ჰყვება, რომ ეს სიმბოლური აქტი ერთდროულად დამცინავიც იყო და სერიოზულიც.  შედეგიც ჰქონდა – მისთვის, ყველასთვის. შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ გაიაზრა, რომ „წინააღმდეგობა შესაძლებელია და ეს არ უნდა იყოს უბრალოდ მოსაწყენი აქცია – ეს შეიძლება იყოს რაიმე უფრო ორიგინალური. საერთოდაც, რაც უფრო სახალისო იქნება, მით უფრო ეფექტიანიც გამოვა. უიმედო სიტუაციებშიც კი შეგიძლია ხალხის გამოფხიზლება და ეს ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა, რაღაც უნდა გაგვეკეთებინა“, – ჰყვება პოპოვიჩი ინტერვიუში.

პოპოვიჩმა და მისმა მეგობრებმა 90-იანების სერბეთში მართლაც წამოიწყეს საპროტესტო აქციები – კამპანია, რომელიც შემდეგ იქცა მოძრაობად – Otpor (წინააღმდეგობა)! ეს იყო ფართომასშტაბიანი არაძალადობრივი საპროტესტო ტალღა. ამ მოძრაობამ აიძულა მილოშევიჩი, 2000 წლის სექტემბერში დაენიშნა არჩევნები, რომლის მეორე ტურშიც კი ვერ გავიდა.

ამ ყველაფრის შემდეგ გაჩნდა გამოყენებითი არაძალადობრივი მოქმედებისა და სტრატეგიების ცენტრი, ანუ  CANVAS. არასამთავრობო ორგანიზაცია პოპოვიჩმა Optor!-ის რამდენიმე წევრთან ერთად დააფუძნა. ორგანიზაციაში თავდაპირველად სულ 5 ადამიანისგან შედგებოდა, ახლა კი აქტივისტებს ტრენინგებს 50-ზე მეტ ქვეყანაში უტარებს, მათ შორისაა: ინდოეთი, ირანი, ზიმბაბვე, მიანმარი, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, ტუნისი და ეგვიპტე.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ონლაინ სახელმძღვანელო – არაძალადობრივი პროტესტის შესახებ – ათობით ენაზეა ნათარგმნი და ათობით ათასჯერ ჩამოტვირთული. პოპოვიჩი და მისი თანაგუნდელები კი ცნობილ უნივერსიტეტებში ასწავლიან არაძალადობრივ პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებს, მათ შორის – ჰარვარდში, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში.

პოპოვიჩი ჰყვება, რომ ბავშვობაში ვერაფრით წარმოიდგენდა, თუკი რაიმე სახის წინააღმდეგობის მოძრაობაში ამოყოფდა თავს. „ცხოველებზე მსურდა დოკუმენტური ფილმების გადაღება. დევიდ ატენბორო… 30 წლის შემდეგაც ჩამესმის მისი ხმა“.

მერე კი თითქოსდა ლიბერალურ გარემოში, რომელშიც იზრდებოდა, ერთხელ ყველაფერი შეიცვალა. „ეს არ ყოფილა მხოლოდ საშიშ ფორმებში გამოწყობილი ბიჭების თარეში ქუჩებში, მთელ სატელევიზიო სივრცეში ნაციონალიზმის ყველაზე მახინჯ ფორმებს ვუყურებდით, გიჟურ სიძულვილის ენას… იცით, ხორვატები ჩვენი ძმები იყვნენ, მერე კი მოულოდნელად გვითხრეს, რომ ისინი უნდა დაგვეხოცა“, – იხსენებს პოპოვიჩი.

იყო სასოწარკვეთის მომენტებიც. არა იმდენად მისთვის, როგორც პოპოვიჩი ამბობს, უფრო მოძრაობის უმცროსი წევრებისა და განსაკუთრებით მათი მშობლებისთვის. „როცა გამოცდილი ხარ, თუნდაც დაგაპატიმრონ, გცემონ, იცი, რომ გარეთ არის ადვოკატი, ხალხი, ვინც დაგეხმარება და მედია; შენ მარტო არ ხარ“, მაგრამ ამაზე ფიქრი ყველას არ შეეძლო.

„მახსოვს სატელეფონო ზარები შუაღამისას, მშობლებისგან, ვის შვილებსაც პოლიცია აკავებდა. ეს რთული იყო, პასუხისმგებლობა, რომელიც შენ გეკისრება“, – დასძენს პოპოვიჩი.

მისთვის ყველაზე რთული მაინც 1999 წლის აპრილში NATO-ს ძალების მიერ ბელგრადის დაბომბვა იყო. ალიანსის ავიაციამ სერბეთის დედაქალაქში ტელევიზიის შენობა დაბომბა, რომელშიც პოპოვიჩის დედა ტელეწამყვანად მუშაობდა. ჰყვება, რომ, საბედნიეროდ, დედამისი იმ მომენტში სამსახურში არ ყოფილა, მაგრამ დაბომბვისას დაიღუპნენ ადამიანები, ვისთანაც ბავშვობა გაუტარებია.

იმ მძიმე დღეებმაც გაკვეთილი ასწავლა, როგორც აქტივისტი ჰყვება. პოპოვიჩის თქმით, მილოშევიჩის რეიტინგი ყველაზე მეტად სწორედ 1999 წელს გაიზარდა. „როცა ქვეყანას თავს ესხმიან, ყველა ლიდერის გარშემო ერთიანდება, რაც არ უნდა ცუდი ლიდერი იყოს ის. უცხო ქვეყნების სამხედრო ჩარევას შედეგი არ მოაქვს“.

უშედეგოა, პოპოვიჩის თქმით, სანქციებიც. მისი აზრით, პერსონალური სანქციები ამართლებს; გაამართლა მილოშევიჩის გარემოცვისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმაც, მაგრამ ქვეყნისთვის ნავთობის ემბარგომ მხოლოდ მაფიის გამდიდრებას შეუწყო ხელი და მძლავრ ინფლაციას.

„ეს აძლევს მთავრობას საბაბს, გააკეთოს ის, რაც მას სურს, ეს პირველი. მეორე – ეს აიძულებს თითოეულ ადამიანს, ვისაც თქვენ ეყრდნობოდით ცვლილებებისთვის ბრძოლაში, რომ ახლა თავიანთი სიცოცხლისთვის იბრძოლოს. ისინი ზედმეტად დაკავებულები იქნებიან გადარჩენაზე ზრუნვით, რომ ბრძოლისთვის მობილიზება შეძლონ“, –- ამბობს პოპოვიჩი.

ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოძრაობა Otpor! იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შიდა წინააღმდეგობა ბევრად ეფექტიანია პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად, ვიდრე გარე ინტერვენცია. წინააღმდეგობა კი უმჯობესია, თუ იქნება მრავალფეროვანი, ორიგინალური და სახალისო. როგორც პოპოვიჩი ჰყვება, ეს დასკვნები თავად ცდისა და შეცდომის მეთოდით გამოიტანეს.

თუმცა ძირითადი პრინციპები – ერთიანობა, კარგი გეგმა და არაძალადობრივი დისციპლინა, რომელსაც მათი მოძრაობა ეყრდნობოდა და ახლა CANVAS-ის მეშვეობით ასწავლის, ერთბაშად არ აღმოუჩენიათ. „1992 წელს ჩვენ შენობების დაკავებაზე ვფიქრობდით“, – ჰყვება პოპოვიჩი. – „ჩვენ დავიკავეთ სერბეთის ოთხივე უნივერსიტეტის კამპუსი. სერბეთი პატარა ქვეყანაა. ჩვენ სუპერლიბერალები, სუპერგანათლებულები, სუპერმაგრები ვიყავით და როგორც აღმოჩნდა, სუპერიზოლირებულებიც.

ჩვენი პროტესტის პარალელურად მილოშევიჩი ხორვატიაში ტანკების გაგზავნას განაგრძობდა. ჩვენ გარეთ უნდა გავსულიყავით და მოგვესმინა, გვესაუბრა ხალხთან, სოფლებში, უბრალო ადამიანებთან. უნდა ჩამოგვეყალიბებინა მოძრაობა. საბოლოოდ ასეც მოვიქეცით, მაგრამ ხუთი წელი დაგვჭირდა.

შიში და აპათია ხშირად არის გამეფებული საზოგადოებაში, რომელიც კორუმპირებულია, რომელზეც ძალადობენ. მათთან დასაპირისპირებლად კი მობილიზება, ენთუზიაზმი და იუმორია საჭირო. – ასე ფიქრობს პოპოვიჩი. ასე დაიწყეს კედლებზე ნახატების გაკეთება, ბუკლეტების გავრცელება და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები.

ამასთან, მათი კამპანია არ მოითხოვდა ხალხისგან ბევრს. პოპოვიჩის თქმით, ძლიერი წინააღმდეგობა შეიძლება მცირედი წვლილის გაღებითაც დაიწყოს. „ჩილეში, პინოჩეტის წინააღმდეგ პროტესტისას ხალხმა გზებზე განახევრებული სიჩქარით მოძრაობა დაიწყო. ეს არც უკანონოა, არც რისკიანი, სახალისოც კია და პოლიციასაც არაფრის გაკეთება არ შეეძლო“, – ამბობს სერბი აქტივისტი.

CANVAS-ის მიდგომას აკადემიური საფუძველიც აქვს. 2011 წელს ამერიკელი მკვლევრების მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, არაძალადობრივი კამპანიების 53% იყო ეფექტიანი, ძალადობრივი პროტესტის კი მხოლოდ – 26%. მეტიც, ძალადობრივი რეჟიმის ცვლილება ძალადობრივი გზითვე მხოლოდ ასეთი შემთხვევების 4%-ში დასრულდა შედეგით. არაძალადობრივმა წინააღმდეგობამ კი რეჟიმის ცვლილებას 42%-ში მიაღწია.

იყო დიდი იმედგაცრუებებიც. ეგვიპტეში რევოლუციამ დემოკრატია ვერ მოიტანა. მაშინ ახალგაზრდებს, ვინც მუბარაქს დაუპირისპირდა, სწორედ CANVAS ეხმარებოდა. პოპოვიჩი მიიჩნევს, რომ ეგვიპტეში დემოკრატია იმიტომ ვერ დამყარდა, რომ პროტესტის შემდეგ მოქალაქეები მოდუნდნენ, დაირღვა ერთიანობა და ნაკლებად განვითარებული ინსტიტუტების ფონზე დემოკრატიულმა პროცესებმა მარცხი განიცადა.

კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა სირიის მაგალითი. იქ საპროტესტო გამოსვლები სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სირია სწორედ ერთ-ერთი ისეთი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ ძალადობრივ მოქმედებებს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

„ასადთან ბრძოლა მაიკ ტაისონთან კრივში შეჯიბრს ჰგავს. თქვენ არ ისურვებდით ტაისონთან რინგზე შეხვედრა. უმჯობესია, მას ჭადრაკი ეთამაშოთ“, – დასძენს პოპოვიჩი.

სამაგიეროდ, არაძალადობრივმა პროტესტმა ბევრგან გამოიღო შედეგი. პოპოვიჩი იხსენებს, რომ მათთან თავდაპირველად გამოცდილების გაზიარება ზიმბაბველმა ახალგაზრდებმა ითხოვეს. აქტივისტების მცირე ჯგუფმა მათ 2002 წელს სთხოვა დახმარება. ამის შემდეგ დაიწყეს Otpor!-ის წევრებმა იმაზე ფიქრი, რომ მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა შეეძლოთ. ამას მოჰყვა არაძალადობრივი გამოსვლები საქართველოში, უკრაინაში.

ერთი მხრივ მშვიდობიანი წინააღმდეგობის წარმატების, მეორე მხრივ კი სამოქალაქო ომებად გარდაქმნილი ძალადობრივი რევოლუციების ფონზე, პოპოვიჩი დარწმუნებულია, რომ მრავალფეროვანი, სახალისო, მაგრამ ერთიანი და ძლიერი წინააღმდეგობაა სწორი.

„ამჟამად გამოწვევა სამგვარია: აქტივისტებმა უნდა ისწავლონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის წესები და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ამისთვის ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი იყოს. ასევე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ელიტების დარწმუნება, რომ თვითმფრინავები და ბომბები არაფერს შეცვლის. და უნდა დავაკვირდეთ ჩვენს ოპონენტებს, რადგან დიქტატორები ისევე სწრაფად სწავლობენ, როგორც ჩვენ. შეხედეთ პუტინს“, – ამბობს პოპოვიჩი.

პოპოვიჩს, რომელიც მთელი ცხოვრება ტოლკინის გულშემატკივარია, ძალიან უყვარს ჰობიტები. ამიტომ მათაც, ვინც ახლა ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვის, ჰობიტების მაგალითს ახსენებს. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ერთად დგომით, დისციპლინით, იუმორით, ფრთხილად დაგეგმვისა და რამდენიმე დახვეწილი ტაქტიკის წყალობით მთების გადადგმაც შეუძლიათ.

„1992 წელს ჩვენ უბრალოდ გვინდოდა ნორმალური ქვეყანა მაგარი მუსიკით“, – ამბობს ის, „და შეხედეთ, ამან სად წაგვიყვანა“.


თბილისში CANVAS-ის ტრენერების მიერ ჩატარებული ღონისძიებაც დღის წესრიგის მიხედვით უნდა დახმარებოდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებში.

თუმცა სუს-ის განცხადების შემდეგ მას მალევე კრიტიკულად გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „არ დაუშვებს, დესტრუქციულმა ძალებმა ქვეყანა ხელმეორედ დაანგრიონ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ „ეს არის შავი დღე აშშ-ის მხარდაჭერის ისტორიაში საქართველოს მიმართ“.

საპასუხოდ, „CANVAS-საქართველომ“ სუს-ის ბრალდება პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის საელჩოც და ბრალდებას მცდარი უწოდა.

„ორ წელზე მეტია, USAID თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს, ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას მოითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.