ჩვენ ვახმოვანებთ იმას, რასაც ევროკომისია და საბჭო არ ამბობს | ვიოლა ფონ კრამონი

მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის შეფასება გაითვალისწინა და  საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინაპირობად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია წაუყენა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარ თემად სწორედ ევროკომისიის პრიორიტეტები და მისი შესრულების გზები იქცა.

მოქალაქეთა პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების ფონზე, 1 ივლისს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი უზრუნველყოფდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას „სათანადო დროში და სათანადო ხარისხით“.

თუმცა კობახიძის გეგმა, ძირითადად, კომიტეტებთან სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტების შემუშავებას ითვალისწინებს, რასაც სკეპტიკურად შეხვდა ოპოზიცია. ოპოზიციის მცირე ნაწილი ხელისუფლების გეგმების განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარეს მაინც შეხვდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსოლიდაცია არ ჩანს.

თავის მხრივ, ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე გეგმა წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთადერთ გზად ხელისუფლების გადადგომას და ტექნიკური მთავრობის შექმნას განიხილავდა. მათი პოზიციით, სხვაგვარად წლის ბოლომდე, როცა ევროკომისიას საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მოემზადებინა, ქვეყანა დასახულ ამოცანებს ვერ შეასრულებდა.

თუმცა, სანამ საქართველოში ჯერ კიდევ ამ პრიორიტეტების შესრულების გზებზე მსჯელობდნენ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოს შესახებ ანგარიშს 2023 წლამდე არ წარადგენს.

როგორ უყურებენ ბრიუსელში „ქართული ოცნების“ გეგმას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე? რისი გაკეთება შეუძლია ქვეყნის დასახმარებლად ამ პროცესში ევროპარლამენტს და რას შეცვლის ქვეყნისთვის ევროკომისიის მიერ ანგარიშის მომზადების გადადება, რაც თავისთავად უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაიტანს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ევროპარლამენტარს, ვიოლა ფონ კრამონს ესაუბრა.

იცნობთ თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმას და და თუ იცნობთ, ფიქრობთ, თუ არა, რომ იქ განსაზღვრულია სწორი ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

საქართველოს ხელისუფლებამ ახლახან წარმოადგინა გეგმა, ევროკომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ. გეგმა საკმაოდ ბუნდოვანია, რაც ნაწილობრივ გასაგებია, მისი მოცულობიდან გამომდინარე. მე მოვუწოდებ ყველას, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთონ ამ ძალისხმევაში.

ამავდროულად, სავსებით მესმის ოპოზიციის სკეპტიციზმისა, რომ არ ენდობიან მმართველ პარტიას. ამდენი დარღვეული დაპირებისა და შეცდომაში შემყვანი მანევრების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სანდოობა დაკარგა.

თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის ბედი დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რომლებიც მომავალი 6-8 თვის განმავლობაში მოხდება. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტებმა გვერდზე გადადონ თავიანთი განსხვავებები და თავიანთი ქვეყნის ინტერესებისთვის იმუშაონ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა, თუკი ყველა აქტორი რეალურად იქნება დაინტერესებული საქართველოს ევროპული მომავლით.

როგორ ხედავთ ამ პროცესში ევროპარლამენტის როლს? შეუძლია თუ არა ევროპარლამენტს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ერთგვარი მონიტორინგი, მაგალითად, ახალი რეზოლუციების მიღებით, რეკომენდაციებით ან სხვა სახით?

რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იყო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფაზე. სანამ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, ჩვენ ევროპარლამენტში გავაგრძელებთ ამ ხალხისა და მათი უფლების მხარდაჭერას, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილი იყვნენ.

რეზოლუცია მრავლიდან მხოლოდ ერთი იარაღია. ჩვენ ასევე გვაქვს ბერკეტები ფინანსურ ინსტრუმენტებზე, თანამშრომლობის სხვა სქემებზე. დაბოლოს, ჩვენ შეგვიძლია გავახმოვანოთ ის, რასაც ევროკომისია და საბჭო პირდაპირ ვერ ამბობენ, მათი დიპლომატიური ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და ოლიგარქს ვუწოდოთ ოლიგარქი.

რა პოლიტიკური ინსტრუმენტები აქვს ევროპარლამენტს საქართველოზე ერთგვარი ზეწოლისა და ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესასრულებლად?

ევროპარლამენტი და, ზოგადად, ევროკავშირი, არ არის გარე მთავრობა, რომელსაც სურს, რომ საქართველოზე რაიმე ფორმით მოახდინოს ზეწოლა. სწორედ ეს განგვასხვავებს რუსეთისგან, რომელსაც აქვს ფარული გეგმები და სურს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თავად განსაზღვროს.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ზეწოლა უნდა მოდიოდეს არა გარედან, არამედ შიგნიდან. ქართველ ხალხს აქვს იმის ძალაუფლება, რომ განსაზღვროს, თუ როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება.

ქართველი ხალხის უფლება და ვალდებულებაა, დარწმუნდნენ, რომ მათი ხელისუფლება აკეთებს იმას, რისთვისაც აირჩიეს. ამ პროცესში ევროპარლამენტი იდგება ქართველი ხალხის გვერდით და პატივს სცემს მათ არჩევანს.

ცოტა ხნის წინ ევროკომისიის წარმომადგენელმა, დოქტორმა მიხაელ რუპმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოს შესახებ შეფასებას 2023 წლამდე არ წარადგენს. თქვენი აზრით, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ევროკომისიაში და რა გავლენას მოახდენს ის საქართველოზე?

მალევე, მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, აშკარა გახდა, რომ ევროკომისიის მიერ დასახული ამბიციური რეკომენდაციების შესრულება 6 თვეში ყველაზე მოწადინებული მთავრობისთვისაც კი რთული იქნებოდა. მოქმედი ხელისუფლების პირობებში კი, რომელსაც აინტერესებს ან არც აინტერესებს საქართველოს გაწევრება ევროკავშირში, ეს კიდევ უფრო რთულდება.

მეტი დრო ქვეყანას საშუალებას მისცემს, ამ მიმდინარე პროცესების დუღილმა დაიკლოს. ამასთან, ის უფრო აშკარას გახდის რუსეთის მარცხს და ვიმედოვნებ, გააუმჯობესებს საქართველოს ირგვლივ გეოპოლიტიკურ ვითარებას.