დაკარგულთა დაუვიწყარი მოგზაურობა

ნიკოლას გელოვანი

„დაკარგულებმა“ უთუოდ წარუშლელი კვალი დატოვა სერიალების ისტორიაში. ამ ეპიკური ტელესერიალის შესახებ დღემდე იწერება ნაშრომები, სტატიები, მონოგრაფიები, განხილვები. მკვლევრები და მოყვარულები თანაბარი ინტერესით მსჯელობენ კუნძულის მისტიკის, ამ იდუმალი და შეუცნობელი ადგილის რაობის, პერსონაჟების დანიშნულების, მათთვის დაკისრებული უდიდესი მისიის თაობაზე; აანალიზებენ თითოეული გმირის განვლილ ცხოვრებას, კუნძულამდელ ყოფას, კუნძულზე აღმოჩენის შემდეგ განცდილ მეტამორფოზას, ამ სერიალის სამყაროსთან მჭიდროდ დაკავშირებულ მითოსს… „დაკარგულებმა“ უდავოდ შექმნა ეპოქა. გაჩნდა ამგვარი ტერმინები: დაკარგულებამდელი და დაკარგულების შემდგომი ხანის სერიალები.

გმირებს სჭირდებოდათ კუნძული და კუნძულს სჭირდებოდა ისინი. კუნძულმა ამ საერთო ნიშნით გამოარჩია გადარჩენილნი: ყველანი იყვნენ მარტოსულნი, ეულნი, ბედისგან დაჩაგრულნი, მიტოვებულნი, ხელმოცარულნი, გარიყულნი, დევნილნი… სწორედ ასეთი ადამიანები უნდა მოხვედრილიყვნენ იმ მითიურ და მისტიკურ კუნძულზე, რათა ეპოვათ ერთმანეთი, ეპოვათ საკუთარი თავი, სხვა თვალით შეეხედათ ცხოვრებისათვის, გაეაზრებინათ ბევრი რამ და მიმხვდარიყვნენ, რა იყო ჭეშმარიტი, მნიშვნელოვანი, არსებითი და მთავარი ამქვეყნად. საყურადღებოა ისიც, რომ ერთმანეთისათვის სრულიად უცხო ადამიანებმა უფრო შეცვალეს ერთურთის ცხოვრება და უფრო დიდი წვლილი შეიტანეს ამ სამუდამო გარდასახვასა და ფერისცვალებაში, ვიდრე ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, მშობლებმა, მეუღლეებმა, მეგობრებმა და ა.შ..

ამ სერიალს ამგვარი სახელწოდება აქვს არა იმიტომ, რომ ასახავს ავიაკატასტროფისას დაკარგულ ადამიანთა ყოფას, არამედ იმიტომ, რომ ყველანი (კუნძულზე მოხვედრამდე) იყვნენ დაკარგულნი ცხოვრებაშიც და საკუთარ თავშიც. ოდენ კუნძულზე იპოვეს ის, რაც ეწადათ; ის, რასაც ესწრაფვოდნენ და მიელტვოდნენ. იქ შეძლეს საკუთარი თავის შეცნობა. „დაკარგულები“ არის ენიგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ნება-ნება უნდა ამოხსნა და შეიმეცნო.

ნათელია, რომ კუნძულზე აღმოჩენილთ არ სურდათ დანიშნულების ადგილას (ლოს-ანჯელესში) ჩაფრენა. სიდნეის აეროპორტიდან აფრენილი ის თვითმფრინავი სავსე იყო შინაგანად „განახევრებული“, გარიყული, მოძულებული, ყველასგან უარყოფილი, დაძაბუნებული, სულიერად გატეხილი ლტოლვილებით. მხოლოდ და მხოლოდ სატანჯველი იქნებოდა მათი ცხოვრება, თუკი ჩააღწევდნენ დანიშნულების წერტილამდე და ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა ყოველივე.

ქეით ოსტინი, რომელმაც მამა ცოცლხად დაწვა, ბორკილდადებული მიჰყავდა მარშალს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯეკი მამის ცხედარს მიასვენებდა და იცოდა, ერთფეროვანი, უღიმღამო, უსიხარულო, ტკივილიანი და უფერული ყოფისთვის იყო განწირული – პირადი ცხოვრება აეწეწა, გულით საყვარელმა ქალმა მიატოვა… სანს ტირანი, მოძალადე და მჩაგვრელი ქმრისაგან გაქცევაზე ფიქრი არ ასვენებდა. მუსიკალური ჯგუფის წევრსა და როკის ვარსკვლავს, ჩარლი პეისს, არაფერი და არავინ ეიმედებოდა ამქვეყნად; არავინ და არაფერი ელოდა იქ, სადაც უნდა ჩაფრენილიყო; ყველასგან ხელნაკრავი, შეზიზღებული და ხელმოცარული იყო. შურისძიების წყურვილით განაწამები სოიერი, რომელსაც მამამ დედა მოუკლა ვიღაც თაღლითის გამო, მოსალოდნელ სასჯელს გაურბოდა.

შეყვარებულის გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით გულმოკლული კლერი ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის გასაშვილებლად ემზადებოდა. ჰარლის უსარგებლო, უნდილ, უვარგის კაცად, ფულის ტომარად მიიჩნევდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. დავრდომილი ლოკი თაღლითმა მამამ მოატყუა, თირკმლის გადანერგვაზე დაითანხმა, მერე კი ნაგავივით მოისროლა თავისი ცხოვრებიდანაც და ცათამბჯენის ფანჯრიდანაც და დაახეიბრა. კიბოთი დასნეულებული ქალი, როუზი, რომლის დღეებიც დათვლილი იყო, საყვარელ მეუღლესთან, ბერნარდთან ერთად ბრუნდებოდა ავსტრალიიდან, რადგან წარუმატებელი გამოდგა მკურნალთან ვიზიტი. საიდი მძიმე წარსულის შემზარავ აჩრდილს გაურბოდა; მოსვენება ჰქონდა დაკარგული, რადგან როგორც კი თვალს დახუჭავდა, ნაწამები ადამიანების სახეს ხედავდა; სინდისის ქენჯნა აწუხებდა, რამეთუ ულმობელი ჯალათის ფუნქციას ასრულებდა ერაყის რესპუბლიკურ გვარდიაში. ანა-ლუსიას შემზარავი ეჩვენებოდა მომავალი – ლოს-ანჯელესში უნდა ჩაფრენილიყო და პასუხი ეგო დანაშაულის გამო. მისტერ ეკოს აუტანელ ტვირთად ჰქცეოდა სისხლიანი წარსული. ბუნი და შენონი დამნაშავედ გრძნობდნენ თავს, რადგან თითქმის ინცესტური კავშირი ჰქონდათ სიდნეის ერთ-ერთ სასტუმროში.

ყველას აერთიანებდა მტკივნეული თუ შავბნელი წარსული. უხილავი კავშირი იყო გაბმული იმ ადამიანებს შორის, რომლებიც, ერთი შეხედვით, ცა და მიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან – წარსულით, სოციალური სტატუსით, ეკონომიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობით, წოდებით, სქესით, ეროვნებით, აღმსარებლობით, პროფესიით და ა.შ.. მიუხედავად ამისა, შეუძლებელი იყო, არ გადაკვეთილიყო მათი გზები. ისინი იქცნენ ერთმანეთის ბედისწერად. სამუდამოდ შეცვალეს ერთურთის ყოფა, აზროვნება, მსოფლმხედველობა.

თვითმფრინავის კუნძულზე ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყო მათი სულ სხვაგვარი ყოველდღიურობა; გადაიშალა ახალი ფურცელი მათი ცხოვრებისა. დაკარგულებმა რაღაც დაკარგეს, მსხვერპლი გაიღეს, თუმცაღა, ბევრი რამ იპოვეს. აღსრულდა ნაცვალგება. მიუხედავად იმისა, რომ ძირფესვიანად შეიცვალა მათი ცხოვრება, პრიორიტეტები, მიზნები, სტრატეგიები და ა.შ., უკლებლივ ყველა გმირი ებრძოდა წარსულის აჩრდილებს, გაურბოდა უწინდელ ცხოვრებაზე ფიქრს, ერკინებოდა შინაგან სამყაროში ჩაბუდებულ დემონებს, გარდასულ დღეთა სიღრმიდან გამოდევნებულ შიშებს, ტკივილებს, ტრავმებს; იაზრებდა საკუთარ შეცდომებს, დანაშაულს, ცოდვებს… კუნძული იქცა ერთგვარ სალხინებლად, სულიერი აღორძინების, წრთობის, განახლების, გარდასახვის, შინაგანი განვითარების, პიროვნული ზრდის, ხსნის, განწმენდის, კათარზისის საწინდრად.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პერსონაჟს მთელი არსებით სძულდა მამა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ასპექტია ამ სერიალისა. თითქმის ყველა გმირს გაუნელებელი ზიზღი, დაუცხრომელი სიძულვილი, ბოღმა და რისხვა აკავშირებდა მამასთან. მჩაგვრელი და ტირანი მამის არქეტიპული სახე უთუოდ დომინანტურია ამ კონკრეტულ მხატვრულ სამყაროში.

სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გმირია ჯეიკობი – კუნძულის მცველი, რომელმაც შეადგინა ამ დაკარგულ ადამიანთა სია. ეს კაცი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადევნებდა მათ თვალს, ცვლიდა მათ ბედისწერას, იხსნიდა განსაცდელისაგან, ეხმარებოდა სირთულეთა გადალახვაში, დაბრკოლებების დაძლევაში, ცვლიდა მათ ყოველდღიურ ყოფას საკუთარი მაგიური ძალისა და ჯადოსნური შეხების წყალობით. სწორედ ჯეიკობმა მოუყარა თავი ყველა მათგანს ერთ თვითმფრინავში, რადგან უცილობლად უნდა მოხვედრილიყვნენ კუნძულზე, შეესრულებინათ დაკისრებული მისია და ეპოვათ ერთმანეთიც და საკუთარი თავიც. ჯეიკობი დგას სიკეთის, სათნოების, სინათლის მხარეს. მისი სითეთრე და სისპეტაკე უპირისპირდება ძმის, ანუ შავ სამოსში გამოწყობილი კაცის, აბსოლუტურ ბოროტებას, სიავეს, უკეთურობასა და უწმინდურებას. ჯეიკობს უნდა ეხსნა სამყარო ძმის დამანგრეველი ძალისა და ზემოქმედებისაგან. ამიტომაც, იძულებული გახდა, ჩაეგდო მაგიურ წყაროში, კუნძულის „გულში“; ამის შემდეგ მისმა მეტოქემ დაკარგა ადამიანის სახე, შემოეძარცვა ხორციელი საბურველი და იქცა შავი კვამლის მონსტრად, რომელიც საუკუნოდ გამოემწყვდია კუნძულზე. ამ ურჩხულს გამოარჩევდა ერთი საოცარი უნარი – შეეძლო ადამიანის გონებაში „ჩაძრომა“, ფიქრების წაკითხვა, განდევნილი, უარყოფილი აზრების, შიშების ზედაპირზე ამოტივტივება, გარდაცვლილთა სახის მიღება… სწორედ ამიტომ „ეთამაშებოდა“ კუნძულზე მოხვედრილთ, მანიპულირებდა მათით, ცდილობდა ყველას გაგიჟებას, ახსენებდა გაჭირვებით დავიწყებულ ტრავმებს, ტკივილს, წარსულს, მავნე მიდრეკილებებს, დასაძრახ ფიქრებს, ცოდვებს, დანაშაულს; აღვიძებდა მათ სულში მიძინებულ დემონებსა და მონსტრებს; იღებდა იმ განსვენებულ ადამიანთა სახეს, რომლებზე ფიქრსაც ყველაზე მეტად უფრთხოდნენ და გაურბოდნენ კუნძულელები. მაინცდამაინც იმათი სახით ეცხადებოდა, ვისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ, ვინც ყველაზე მეტად სძაგდათ…

ხშირად ჩაღდება კამათი იმის თაობაზე, პირველივე სერიაში დაიღუპნენ გმირები, თუ არა. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს კუნძული იყო არა რეალობა, არამედ საიქიო, ერთგვარი ალტერნატიული სინამდვილე და განსაწმენდელი; რომ იქ მოხვედრილი ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ სიკვდილს და ეს იყო ერთგვარი მომზადება იმისათვის, რათა განსაწმენდლიდან უკეთეს სამყაროში გარდასულიყვნენ.

როგორც სერიალის შემქმნელებმა განმარტეს, მცდარია ეს მოსაზრება. გმირები არ დაღუპულან ავიაკატასტროფის დღეს. კუნძული არ იყო საიქიო. არავინ არ იყო „თავიდანვე მკვდარი“. რეალური იყო ყოველივე ის, რაც მოხდა კუნძულზე. ნამდვილად იცხოვრეს იქ, ნამდვილად გადარჩნენ, ნამდვილად გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, ნამდვილად შეიცვალნენ და განიცადეს მეტამორფოზა, ნადვილად შეიცნეს საკუთარი თავი, ნამდვილად გაიქცნენ კუნძულიდან და მერე კვლავ დაბრუნდნენ იქ, რადგან ის კუნძული იქცა მათ ბედისწერად, სახლად, ოჯახურ კერად. ეს იყო რეალობა, ხელშესახები და ობიექტური. მიხვდნენ, რომ შეცდნენ, როცა იქიდან წამოსვლა გადაწყვიტეს. ვერ გაძლებდნენ კუნძულისა და ერთმანეთის გარეშე, კუნძული კი ვერ გაძლებდა მათ გარეშე.

ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი პერსონაჟია სანი. წარმოშობით კორეელ ამ ქალს ქმარი უკრძალავდა ყოველგვარ კონტაქტს სხვებთან, ოკეანეში ბანაობას, მოკლესახელოებიანი მაისურის ჩაცმას… კაცმა ისიც კი არ იცოდა, რომ ინგლისურად ლაპარაკობდა. როცა სხვები განსაცდელში იყვნენ, სანს კი მათი დახმარება სურდა, ჯინი ხელს უშლიდა, უყვიროდა და უბღვერდა. კუნძულზე საშინელი სიცხე-პაპანაქება და ხვატი იყო, მაგრამ აიძულებდა გრძელსახელოებიანი, კისრამდე ღილებშეკრული მაისურებითა და კოჭებამდე კალთებდაშვებული კაბებით სიარულს, სხეულის საგულდაგულოდ დაფარვას. მხოლოდ მაშინ იხსნიდა მაისურის ღილებს, როცა ჯინი არ იყო მის გვერდით. სანი შურით შეჰყურებდა ოკეანეში მოცურავე ქეით ოსტინს; შურდა მისი, რადგან არ შეეძლო ასე გალაღება, „გათამამება“, სამოსის გახდა, ბანაობა… ფრთები ჰქონდა შეკვეცილი. რეპრესირებულ და უფლებააყრილ ქალს ყელში ჰქონდა ამოსული ეს შეზღუდვები, ჩაგვრა, აკრძალვები, ოჯახური ტირანია, ფსიქოლოგიური ტერორი, ტოქსიკური ურთიერთობა და სწორედ ამიტომ სურდა ქმრისგან გაქცევა, როცა კორეაში ცხოვრობდა; სწორედ ამიტომ ღალატობდა მისტერ ლისთან, რომელმაც ინგლისური შეასწავლა ყველასგან მალულად. ჯინი სანისგან იღებდა იმას, რასაც იმსახურებდა. ეს კაცი კუნძულზე ჩამოყალიბდა ადამიანად; გაიაზრა საკუთარი შეცდომები და დანაშაული; აღიარა კიდეც სანის წინაშე, გტანჯავდი, საშინლად გეპყრობოდი, გჩაგრავდი, ჩემს ნებას გახვევდი თავს, შენ კი არ იმსახურებდი ამასო. კუნძულზე შეიტყო, რომ სანი ღალატობდა კორეაში ცხოვრებისას, მაგრამ არც კი უსაყვედურია მისთვის; მიხვდა, რომ თავისი საქციელით დაიმსახურა ეს.
როცა კორეაში ცხოვრობდნენ, მკურნალი სანს აბრალებდა უშვილობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე გამოდგა ბერწი. ექიმს არ უნდოდა ჯინის „კაცური ღირსების“ ასე „შებღალვა“ და იმის გამხელა, რომ უნაყოფო იყო. იცოდა, ვერ აიტანდა ამას და ცოცხლად დაწვავდა ექიმს. ამიტომაც, სანი გამოდგა განტევების ვაცი.

პირველი სეზონის ერთ მონაკვეთში ჩანს, როგორ ცდილობდა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სანი წყალში შესვლას, ქმარი კი დაეძგერა, აყალმაყალი აუტეხა და მოახურა რაღაც უშველებელი ძონძი. სერიის ბოლოს სანმა მაინც გაიტანა თავისი, ეწია საწადელს, თამამად მოიშორა ის ქსოვილი, მონობის მარწუხივით რომ შემოსჭდობოდა სხეულზე და ბოჭავდა; ქვიშიან სანაპიროზე მოისროლა უტყვი მსხვერპლშეწირვის, მრავალწლიანი დუმილის, უხმოდ, ჩქამის გაუღებლად ატანილი ჩაგვრის, ტირანიისა და ძალადობის ეს სიმბოლო, შეუპოვრად, გულუშიშრად და მამაცად გაეშურა იმ აბობოქრებული ზვირთებისაკენ, ზათქით რომ ასკდებოდნენ კუნძულის ნაპირს; აიხდინა გულისწადილი, რადგან უკვე აღარ ადარდებდა, რას ეტყოდა კაცი; რადგან უკვე ეზიარა ნანატრ თავისუფლებას და ვეღარავინ დაადებდა ხუნდებს.

სამუდამოდ დასრულდა ის დრო, როცა სხვების ყურმოჭრილი მონა იყო, მათ ჭკუაზე დადიოდა და ყველანი გამუდმებით შეაგონებდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო. „კარგა ხანს ჩამჩიჩინებდნენ, რა უნდა გამეკეთებინა – აი, ეს იყო ჩემი ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში!” – ამბობს ქალი. იმ დღეს ყველაფერი შეიცვალა. სანი შთაინთქა ოკეანის მომწვანო-მოლურჯო წყალში, დაამსხვრია ოჯახური მონობის ბორკილი, საბოლოოდ ჩამოირეცხა მძიმე წარსული, გათავისუფლდა და გადაშალა ცხოვრების დიდი წიგნის კიდევ ერთი ფურცელი.

გამორჩეული გმირია ჩარლი პეისიც. მუსიკალური ჯგუფის ეს წევრი ებრძოდა ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას, კუნძულმა კი საცდური მოუვლინა – ღვთისმშობლის ის პაწია ქანდაკებები, ჰეროინით სავსე რომ გამოდგა. ჩარლი განსაკუთრებით დაუახლოვდა კლერ ლითლტოუნს, რომელიც ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, რათა ბავშვი გაეშვილებინა. პეისი მზრუნველ მამად მოევლინა პაწია აარონს. როცა კუნძულზე მოხვედრილები მიხვდნენ, რომ სანაპირო არ იყო მაინცდამაინც უსაფრთხო ადგილი და გამოქვაბულისათვის უნდა შეეფარებინათ თავი, კლერი გაჯიქდა და ჩვეულ ადგილას დარჩენა დაიჟინა. ჩარლიმ არაქისის კარაქით სავსე ქილის მირთმევის წყალობით დაიყოლია იგი, თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, არაქისის კარაქი წარმოსახვითი იყო; სინამდვილეში, ცარიელი ქილა ეჭირათ ხელში და წუწნიდნენ თითებს, რომლებზეც იოტისოდენა კარაქიც კი არ ესვათ. მიუხედავად ამისა, ჩარლისა და კლერს იქამდე ერთხელაც კი არ უჭამიათ ესოდენ გემრიელი არაქისის კარაქი.

დიდხანს არ გასტანა ამ იდილიამ. ყველაფერი თავდაყირა დადგა, როცა ჩარლის უცნაური ზმანებები დასჩემდა და ბავშვის მონათვლაზე ფიქრი აეკვიატა. ესიზმრებოდა, რომ ოკეანის ნაპირას დადგმულ პიანინოზე უკრავდა; თითებზე შემოხვეულ ნაჭრებზე ეწერა: ,,Fate”, ანუ ,,ბედისწერა”; აბობოქრებული ტალღები დგაფუნით ეხლებოდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტს; ანაზდად შემოესმა კლერის ბავშვის ტირილი; მიხვდა, რომ ჩვილი პიანინოს სიღრმეში იყო გამომწყვდეული. შეშინებული პეისი გამალებით ცდილობდა სახურავის ახდას და აარონის გადარჩენას.

ეს სურათი უეცრად შეცვალა ჩარლის მოგონებამ: დედამ ფორტეპიანო აჩუქა შობადღეს და უთხრა: ,,ხომ ხედავ? სანტამაც კი დააფასა შენი ნიჭი. დაუკარი, ჩარლი, დაუკარი. წარმატებას რომ მიაღწევ, გვიხსნი სიღატაკის კლანჭებიდან”. დედას ერთგვარ მესიადაც კი ესახებოდა იგი.

პატარა ჩარლიმ უეცრად ჰკიდა თვალი მამას, რომელიც ნაჯახით ჩეხდა ხორცს და ყურთასმენისწამღები ხმით ღრიალებდა: ,,რა ყრია მუსიკაში? რა ჯანდაბად გინდა? რას მოგცემს მუსიკა? ჩემო ვაჟო, შეეშვი მუსიკას, მომბაძე და ვაჭრობას მიჰყავი ხელი”.

როგორც უკვე ითქვა, თითქმის ყველა პერსონაჟს მთელი არსებით სძულდა მამა; თითქმის ყველა გმირს მტრობა, გაუნელებელი შუღლი, ბოღმა და ზიზღი აკავშირდებდა მამასთან და არც ჩარლი არ იყო გამონაკლისი ამ მხრივ: მისი მამა არასოდეს აფასებდა მის ტალანტს; პატივს არ სცემდა მის სურვილებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს; არად აგდებდა მის მიდრეკილებებს და გამუდმებით უმეორებდა, ხელი აეღო მუსიკალურ კარიერაზე, საყასბოში დაეწყო მუშაობა და მამის დარად ეჩეხა ხორცი დღედაღამ.
ჩარლი ცდილობდა, კლერის ბავშვი მაინც დაეხსნა ასეთი განსაცდელისაგან; ამოეყვანა ინსტრუმენტიდან; ეხსნა იმ ,,Fate”-სგან, ანუ ბედისწერისაგან, რომელიც თითებზე შემოხვეულ ნაჭერზე ეწერა; ცდილობდა, ყოფილიყო კარგი მამა კლერის ვაჟისათვის, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მისი სისხლი და ხორცი; ყოფილიყო იმაზე უკეთესი მამა აარონისათვის, ვიდრე ის კაცი იყო ჩარლისთვის. სწორედ ამიტომ იბოღმებოდა და ეჭვიანობდა, როცა ხედავდა, რომ კლერი ჯონ ლოკს მიანდობდა ჩვილის მოვლას, მზრუნველ და ყურადღებიან ჩარლის ანაცვლებდა სხვა მამობრივი ფიგურით, რახან პეისი მიდრეკილი იყო ნარკოტიკების მოხმარებისაკენ.

შიშისგან უცაბედად გამოღვიძებული ჩარლი გაიქცა კლერისა და აარონის მოსაძებნად; უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ბავშვი არ დამხრჩვალა და საფრთხე არ ემუქრებოდა. ორივეს მიაკვლია, მაგრამ ჩაშხამდა სიხარული, როცა აღმოაჩინა, რომ კლერი ისევ ლოკს აძლევდა ბავშვის მოვლის უფლებას; რომ ზურგი შეექცია ჩარლისთვის. ეს უკანასკნელი ვერ ახერხებდა მამის საზარელი ხატების მოშთობას, რადგან უკვე ლოკი ქცეულიყო მის ცხად განსახიერებად, თვალსაჩინო ხორცშესხმად.

ერთ-ერთმა პერსონაჟმა, დესმონდმა, არ იცოდა, რა მოემოქმედებინა, რადგან ვერ გაერკვია, ამ სამყაროში ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და დეტერმინირებული იყო, ყოველივეს ბედისწერის უხილავი ძალა მართავდა, თუ არსებობდა შემთხვევითობა, ალალბედობა და ადამიანის თავისუფალი ნება. დესმონდი თითქმის ყოველდღე ხედავდა ხილვას, რომელიც არწმუნებდა, რომ ჩარლი უთუოდ მოკვდებოდა. რამდენჯერმე აღუდგა წინ ამ წინასწარმეტყველებას და გადაარჩინა, მაგრამ ბოლოს უთხრა, ამაო შეიქნება ჩემი მცდელობა, მაინც დაიღუპებიო. ჩარლიმ არ იცოდა, ერწმუნა მისი, თუ არა, მაგრამ როცა დესმონდმა რამდენჯერმე, დაბეჯითებით გაუმეორა, თუ არ გამოეთხოვები წუთისოფელს, შენს მეგობრებს ვერ დაიხსნიან მაშველები და ვერავინ დააღწევს თავს ამ კუნძულსო, განიზრახა, თავი გაეწირა მათთვის. რაკი უთხრეს, რომ ყველანი (მათ შორის, კლერი და აარონი) შვეულმფრენში ჩასხებოდნენ და გაფრინდებოდნენ, იწამა, ასეთიაო ჩემი ბედისწერა.

დაუვიწყარია ის ეპიზოდი, რომელშიც ჩანს, როგორ აღწერა თავისი ცხოვრების ხუთი ყველაზე მშვენიერი წუთი სიკვდილამდე სულ რამდენიმე საათით ადრე და ფურცელზე ჩამოწერა ყველაფერი. ისიც გაიხსენა, უცნობი ქალი (საიდის შეყვარებული, სახელად ნადია) რომ იხსნა ყაჩაღისაგან, მან კი გმირი უწოდა. სამუდამოდ ჩაებეჭდა ხსოვნაში მისი სიტყვები.

კლერის ჩვილს სახსოვრად დაუტოვა ის ბეჭედი, ოჯახურ რელიკვიასავით რომ გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ჰარლის რომ ჩაეხუტა უკანასკნელად, უთხრა: “Just remember, that I love you, man”; მან კი მიუგო: “I love you too, dude”. ჰარლიმ არ იცოდა, უკანასკნელად რომ ხედავდა საყვარელ მეგობარს, ჩარლი კი ხვდებოდა, თუკი შეცურავდა ოკეანეში, ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა ნაპირზე. ნავიდან გადახტომისას გასძვრა ის ფეხსაცმელი, კუნძულზე მოხვედრის დღეს რომ ეცვა. შენელებული კადრი და ოკეანის ფსკერისაკენ ფეხსაცმლის დაშვება მის უცილობელ სიკვდილსა და ბედისწერის გარდაუვალ აღსრულებას მოასწავებს. სულ სიმღერ-სიმღერით აკრიფა კოდი; ისე ღიღინ-ღიღინით დაამთავრა საქმე, თითქოს უკანასკნელ კომპოზიციას ასრულებდა, ბოლოჯერ უკრავდა საყვარელ ინსტრუმენტზე; მერე ჩაკეტა ოთახის კარი, ხელი მიადო მინას, მზერით დაემშვიდობა დესმონდს, მინებდა ღვარცოფივით მოვარდნილ წყალს, პირჯვარი გადაიწერა და თავი ანდო სიკვდილსა და წყვდიადს. დაუვიწყარია მისი ამგვარი თავგანწირვა, საკუთარი სიცოცხლის ზვარაკად მიტანა.

ჩარლი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს პირველ სეზონში, როცა ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ჯეკი ცდილობდა, ხელოვნური სუნთქვის წყალობით ეხსნა მისი სიცოცხლე; გამეტებით ურტყამდა მუშტებს გულმკერდზე. მასაც და ქეითსაც მკვდარი ეგონათ, მაგრამ მაინც არ დანებდა. უფრო და უფრო მეტი გააფთრებით ცდილობდა მიზნის მიღწევას. ატირებული ქეითი სთხოვდა, ნუღარ აწვალებ, ვეღარ დააბრუნებ, უკვე წავიდა ჩვენგანო. ტალახსა და ბინძურ გუბურებში ჩამჯდარმა, თავიდან ფეხებამდე ამოგანგლულმა ჯეკმა მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი, მაინც აუძგერა გაჩერებული გული და მეორე სიცოცხლე უბოძა. რომ ამოიხრიალა, სიხარულის ცრემლი მოადგათ. ჯეკი ბედნიერი იყო, რადგან ერთ-ერთი პაციენტისაგან განსხვავებით, არ გამოეცალა ხელიდან ჩარლი; შეძლო მისი ხსნა და გაიმარჯვა სიკვდილზე. ისე ჩაიკრა გულში გადარჩენილი, როგორც საუნჯე, მაგრამ, საუბედუროდ, დიდხანს არ გასტანა ამ ბედნიერებამ და ჩარლიმ მაინც დალია სული.

ასეთი გავეშებით ცდილობდა ჯეკი ბუნ კარლაილის გადარჩენას. როცა ეს უკანასკნელი მძიმედ დაშავდა ლოკის გამო, არა მხოლოდ ჯეკი, არამედ სანი, ქეითი, ჩარლი, ჰარლი, მაიკლი, სოიერი და სხვები ევლებოდნენ თავს; ჯეკმა საკუთარი სისხლი გადაუსხა და ლამის თავად დაიცალა სისხლისგან. სანმა ზღარბის ეკალი მოიტანა, რათა ჯეკს როგორმე შეეღწია სისხლძარღვში. სოიერმა, რომელიც მანამდე ურცხვად ვაჭრობდა ყველაფრით, უანგაროდ დათმო ალკოჰოლური სასმელების მთელი კოლექცია. ზურგჩანთით დამძიმებული ქეითი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა იმ კარვისაკენ, რათა ვისკი და სხვა მაგარი სასმელები მიეტანა ჯეკისთვის; გზაში დაეცა და დაემსხვრა რამდენიმე ბოთლი. ჰარლი, ჩარლი, სანი, მაიკლი და სხვები მთელ კუნძულზე დარბოდნენ, რათა გაერკვიათ, ვის რომელი ჯგუფის სისხლი ჰქონდა; ლოკის გარდა ყველა ცდილობდა ბუნის დახმარებას. შენონი არაფრის ბაიბურში არ იყო, რადგან საიდთან ერთად ტკბებოდა რომანტიკული პიკნიკით. კლერს მშობიარობა დაეწყო და ქეითი, ჩარლი და ჯინი მისკენ გაცვივდნენ; აღარ იცოდნენ, რამდენ ჯგუფად გაყოფილიყვნენ, რამდენ ნაწილად გახლეჩილიყვნენ.

ჯეკმა უკანასკნელ წუთამდე არ მიატოვა კარლაილი; ბოლომდე ეჯდა სასთუმალთან და დაუნანებლად, უშურველად უსხამდა სისხლს, სანამ ძალ-ღონე არ გამოეცალა და სანმა ძალისძალად არ გამოჰგლიჯა გადასხმის მილი ვენიდან. ლოკი ლაჩრულად გაშპა და გადაიკარგა, რათა მასზე არ მიეტანათ ეჭვი. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფლიდმა, ცბიერმა, ზურგში დანის ჩამცემმა და გამყიდველმა ლოკმა მოატყუა ყველა, მიხვდნენ, რომ შეცდომაში შეიყვანა ჯეკიც, სულმდაბლურად და ქონდრისკაცურად დამალა სიმართლე, არასწორად დააწყებინა მკურნალობა ექიმს და სასიკვდილოდ გაწირა ბუნი. გაცეცხლებულ ჯეკს ისღა დარჩენოდა, ფეხი მოეკვეთა მისთვის, რადგან ლოკის ტყუილის გამო ამაოდ გადაუსხა იმდენი სისხლი. ბუნმა სთხოვა, ნუ იზამ ამას, მომეცი უფლება, მშვიდად წავიდე ამქვეყნიდანო; ვიცი, სიტყვა მომეცი, დამპირდი, რომ გადამარჩენდი, მაგრამ გათავისუფლებ ამ აღთქმის მარწუხებისაგანო.

აცრემლებულმა ჯეკმა პატიება შესთხოვა და თვალებიც დაუხუჭა. მეორე დღეს, თვალებამოღამებულმა,გაფითრებულმა და დაქანცულმა ექიმმა უთხრა ქეითს: „ბუნი არ მომკვდარა. მოკლეს”. არ შემცდარა. ლოკმა შეგნებულად და განზრახ დამალა სიმართლე, სრულიად გააზრებულად გაწირა სასიკვდილოდ ბუნი, ურცხვად მოატყუა ჯეკიც და დანარჩენებიც, არ გაამხილა, როგორ და რა ვითარებაში დაშავდა ბუნი, რა ტრავმა მიიღო და, რაც მთავარია, ვის გამო დაემართა ასეთი რამ.

როცა შენონი ეალერსებოდა მის ცხედარს, იგრძნო ის, რაც თავის დღეში არ უგრძვნია – სინანული და სინდისის ქენჯნა. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ უყვარდა ბუნი (საიდს გამოუტყდა კიდეც, ამ კუნძულზე მივხვდი, სიყვარული რომ არ ჰქვია ამ გრძნობასო), არამედ იმიტომ, რომ საერთოდ ვერ დააფასა მისი თავგანწირვა, მზრუნველობა, უსაზღვრო სიყვარული, უპირობო ალტრუიზმი. მიხვდა, რომ ბუნივით არავინ ჩაიდენდა ათასგვარ წარმოუდგენელ სიგიჟეს მისი გულისთვის; მასავით არავინ მოძებნიდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებს შორის მზის სათვალეს, სპრეის, ფრჩხილების ლაქს, დამწვრობის საწინააღმდეგო საცხს; ბუნივით არავინ გააკეთებდა ამას მისთვის, როცა ირგვლივ ყოვლისმომცველი პანიკა და ქაოსი იქნებოდა გამეფებული; ბუნივით არავინ მოუთმენდა და არ გაუგებდა; არ აიტანდა იმას, თევზის ცხიმით გაზინტლულ ხელებს რომ შეახოცავდა მაისურზე, თანაც ცინიკური გამომეტყველებით; ბუნივით არავის გაახსენდებოდა ასთმის საწინააღმდეგო ფლაკონები, როცა შენონს დაავიწყდებოდა იმ წამლების თან წაღება. მიხვდა, რომ ბუნი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მუდამ მზად იყო, უხმოდ აეტანა ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა, ღირსების შებღალვა, ტოქსიკური ურთიერთობა; დაეთმინა მისი ჭირვეულობა, ახირებები, ინფანტილურობა, ზედაპირულობა, ქარაფშუტობა, თავქარიანობა, ბავშვური კაპრიზები; ყოველთვის ეპატიებინა ყველაზე დიდი საძაგლობა, სიმდაბლე, ტყუილი, ფულის გამოძალვა და კვლავ, კვლავ მიეღო. მიხვდა, რომ ბუნი იყო ის ერთადერთი, ვინც დაუნანებლად გაიღებდა დიდძალ ფულს მისთვის; ვინც ასტრონომიულ თანხას გადაუხდიდა მის ტოქსიკურ და მოძალადე პარტნიორებს, ოღონდაც თავი დაენებებინათ მისთვის; ვინც გახსნიდა საფულეს და 50,000 დოლარს ჩაუჯიბავდა იმ ცუდ ბიჭებს, განგსტერებსა და ბანდიტებს, შენონი რომ გადაეკიდა; მისცემდა უთვალავ დოლარს, რათა გული არ ეტკინათ მისთვის და გამქრალიყვნენ მისი ცხოვრებიდან. მიხვდა, რომ კარლაილი იყო ის ერთადერთი ბიჭი მის უბადრუკ ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის, ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა და მხარში ამოუდგებოდა; რომელიც მზად იყო, სატელეფონო ზარის დასრულებისთანავე მიეტოვებინა ყველა და ყველაფერი, გავარდნილიყო აეროპორტში, თხუთმეტი საათის განმავლობაში ეფრინა, სიდნეიში ჩასულიყო და დაეხსნა მორიგი სალახანის კლანჭებიდან; ეხსნა და მადლობის ნაცვლად მიეღო უკმეხი სიტყვები, აბუჩად აგდება და დაცინვა; რომელიც დაუფიქრებლად გადასერავდა ზღვებსა და ოკეანეებს და თვალის დახამხამებაში გაჩნდებოდა მასთან, რაც არ უნდა ჩაედინა. შენონმა ინანა, რომ სიყვარულით ვერ უპასუხა მის უანგარო და თავგანწირულ სიყვარულს; რომ საიდთან ერთად ტკბებოდა რომანტიკული პიკნიკით, როცა სიკვდილს ებრძოდა ის ადამიანი, ყოველთვის რომ უამებდა ტკივილს და არასოდეს უქცევია ზურგი მისთვის; რომ ვერ აუსრულა უკანასკნელი სურვილი და ვერ ნახა, სანამ სულს დალევდა; რომ მძიმედ დაშავებული ბუნი სიკვდილისწინა ზმანებებშიც კი შენონის სახეს ხედავდა და მის სახელს ლუღლუღებდა; რომ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: ,,ჯეკ, უთხარი შენონს, რომ… უთხარი…“ სწორედ ამ მწვავე ტკივილმა და მძაფრმა გრძნობამ აიძულა შენონი, იარაღი აეღო ხელში, შურისძიების გეგმა დაესახა და ლოკის მოსაკლავად გაქცეულიყო კუნძულის ჯუნგლებში.

სერიალის სცენარისტების თქმით, სწორედ ბუნის სიკვდილი იყო ის გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც სამუდამო მტრობა და შუღლი ჩამოაგდო ჯეკსა და ჯონ ლოკს შორის. ექიმმა ბუნის დაკრძალვაზე მოსული ჯონის დახრჩობა სცადა, თუმცა, სხვა გადარჩენილებმა არ დაანებეს მისი მოკვლა.

ჯეკსა და სოიერს შორის გამოკვეთილი კონტრასტიც ძალზე თვალსაჩინოა. იდეოლოგიური თვალსაზრისით, ჯეკი ფინალამდე ურყევი მემარცხენეა, სოიერი კი მემარჯვენედ გვევლინება პირველ სეზონში, თუმცაღა, ძლიერ შეიცვალა შემდგომში და დაიწყო სხვებზე ზრუნვა.

კოლექტივისტ ჯეკს კომუნად, განუყოფელ ერთობად ესახებოდა კუნძულზე თავმოყრილი ხალხი, სოიერი კი მკვეთრად ინდივიდუალისტი და ამ პრინციპის ერთგული იყო: „თითოეული თავისთვის”. ჯეკი, ისევე, როგორც ქეითი, იზიარებდა ამ იდეას: „მივცეთ ყველას იმდენი, რამდენიც სჭირდება და მოვთხოვოთ იმდენი, რამდენიც შეუძლია“. საკვები (ხორცი, თევზი, ხილი და ა.შ.), წყალი, ტანსაცმელი, წამლები, იარაღი, სავარძლები, სამართებლები, კოვზები, დანები, სკამები და სხვა ყველაფერი საერთო საკუთრებად, მთელი კომუნის მონაპოვრად, ხალხის მონაგარად მიაჩნდა, სოიერი კი, როგორც ჭეშმარიტ მემარჯვენეს შეეფერებოდა, ისაკუთრებდა იმას, რაც არასოდეს მოუპოვებია შრომით, გარჯითა და ოფლით; ძარცვავდა სხვებს; ითვისებდა სხვათა შრომის ნაყოფს; ართმევდა ნაჯაფარს; იპარავდა დაღუპულების ნივთებს და ა.შ.. ჯეკი იმეორებდა: „If we can’t live together, we’re gonna die alone”. ინდივიდუალისტ სოიერს, პირველ სეზონში, არ ადარდებდა ერთობა, ერთ თემად ქცევა, ერთ მუშტად შეკვრა და ამბობდა, თუნდაც წარღვნა ყოფილა ჩემ შემდეგო.

მიუხედავად ამისა, მაყურებელი სოიერის (ჯეიმს ფორდის) სხვა მხარეებსაც ხედავს. ცინიკოსისა და უგულოს ნიღბის მიღმა ტრავმირებული, სულიერად განახევრებული ადამიანი იმალება. სულ პატარა იყო, როცა დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – მამამ დედა მოუკლა, რადგან ის ქალი ვიღაც თაღლითმა და ყალთაბანდმა (სახელად სოიერმა) მოატყუა, საწოლში ჩაიწვინა, ფული დასცინცლა და გააუბედურა. ქმარმა ვერ აპატია ეს საქციელი და სასტიკად იძია შური მასზე. პატარა ჯეიმს ფორდმა დაიფიცა, რომ აუცილებლად აზღვევინებდა იმ კაცს; რომ გაიზრდებოდა, იპოვიდა და საკუთარი ხელით მოკლავდა. წერილიც კი მისწერა იმ უცნობ სოიერს, მაგრამ არ გაუგზავნია. საგანძურივით ინახავდა იმ ბარათს შარვლის ჯიბეში, აკურატულად კეცავდა და ყველგან თან დაატარებდა. ჯეიმსს სძულდა მამაც და დედის საყვარელიც, რადგან ორივეს მიუძღოდა ბრალი მის სიკვდილში. როცა წამოიზარდა, თავად იქცა სოიერად – გახდა თაღლითი, ქალების შეცდენასა და მათთვის ფულის გამოტყუებას მიჰყო ხელი.

მონსტრთან ბრძოლისას თავად გარდაისახა მონსტრად; იმ ადამიანად, რომელიც ყველაზე მეტადეჯავრებოდა ამქვეყნად. მიუხედავად ამისა, როგორც კი აღმოაჩინა, რომ მის ერთ-ერთ საყვარელს (რომლის მეუღლის გაცურებასაც აპირებდნენ) ჰყავდა შვილი, ყველაფერი თავდაყირა დადგა; მოაგონდა წარსული, ბედკრული, გაუხარელი ბავშვობა; გაახსენდა, რა სვეგამწარებული იყო მაშინ, როცა იმ ბავშვის ტოლი იყო; საკუთარი თავი დაინახა მასში; მიხვდა, რომ ის უცოდველი ბიჭუნაც მის ბედს გაიზიარებდა; რომ დაუნგრევდა ცხოვრებას, თუკი მამამისს გააკოტრებდნენ; გაიაზრა, რომ ის კაცი მოუკლავდა დედას (ისე, როგორც თავად მოუკლა მამამ ოდესღაც); გაუმწარებდა ყოფას; რომ ის პაწია არსებაც მასავით იქცეოდა თაღლითად და ცხოვრებას გალევდა შურისძიებაზე ფიქრში. შეძრული, აფორიაქებული და სულ მთლად არეული სოიერი უცქერდა იმ ბიჭუნას და საკუთარი წარსულის აჩრდილს ხედავდა მის თვალებში. ჩაშალა ის სარფიანი გარიგება (უფრო სწორად, ფინანსური მაქინაცია), რომელსაც დიდძალი ფულის მოტანა შეეძლო მისთვის. ჯეიმსმა უარი თქვა ამ ბინძურ საქმეზე, რათა სასოწარკვეთისა და დაუამებელი ტკივილისაგან ეხსნა ბავშვი, ისეთი უმანკო ბავშვი, როგორიც თვითონ იყო ოდესღაც.
როგორც ვნახეთ, აიხდინა გულისწადილი და სიცოცხლეს გამოასალმა ის სოიერი, რომლის ძიებასაც ცხოვრების ნახევარი შეალია. იმ ჯადოსნურ კუნძულზე აისრულა ნატვრა და ულმობლად, შეუბრალებლად, უმოწყალოდ, ჯაჭვით დაახრჩო ის საძულველი ადამიანი, რომლის ხრიკებსაც შეეწირა მისი უსაყვარლესი დედა. კუნძულმა მისცა ამის შესაძლებლობა.

ჯეკ შეფარდს გამუდმებული ქიშპობა, მტრობა, ცილობა, შუღლი და მეტოქეობა აკავშირებდა მამასთან. ეს უკანასკნელი არასოდეს სცემდა პატივს მის მისწრაფებებს, ინტერესებს, მიზნებს, სურვილებს; გამუდმებით უმეორებდა, რომ მეტისმეტად დიდ პასუხისმგებლობას იღებდა; რომ არ იყო საჭირო ყველა გარდაცვლილ პაციენტზე ნერვიულობა, საკუთარი თავის დადანაშაულება, ყველას გადასარჩენად თავგანწირვით ბრძოლა, მესიად მოვლენა და ა.შ.. ჯეკი მუდამ ჯიბრში ედგა კრისტიანს. არ შეეძლო, არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო. არ შეეძლო ადამიანის განსაცდელში მიტოვება; არ შეეძლო, დახმარების ხელი არ გაეწოდებინა ყველა გაჭირვებულისათვის. ღრმად სწამდა, რომ მისი წმინდათაწმინდა მოვალეობა იყო ყველას შველა და დაცვა. მისი გვარიც მწყემსს, წინამძღოლს, მოძღვარს, დამრიგებელს, უფალს ნიშნავს. იგია მწყემსი კეთილი, ღმერთკაცი, მაცხოვარი, გმირი, შემწე, მფარველი, ქომაგი, მეოხი, მკურნალი და იმედი ყველასი; მწყემსავს ყველას, ვინც კუნძულზე აღმოჩნდა; იხსნის განსაცდელისაგან და ევლინება მესიად.

კუნძულზე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს რწმენა და მეცნიერება. მრავალი ასრულებდა რწმენის ადამიანისა და მეცნიერების ადამიანის როლს იქ: ჯეიკობი და შავი კვამლის მონსტრი, ლოკი და ჯეკი, მისტერ ეკო და ლოკი, მაილსი და დენიელ ფარადეი, დესმონდ ჰიუმი და ჯეკი, დესმონდ ჰიუმი და დენიელ ფარადეი, „სხვების“ ბანაკის წევრები და „დჰარმას“ მუშაკები და ა.შ.. ამ ბინარული ოპოზიციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და კუნძულისათვის გადამწყვეტი გამოდგა ჯეკისა და ლოკის დიქოტომია და გადაუჭრელი დაპირისპირება.

ჯეკი მეცნიერების კაცს განასახიერებს, ხოლო ლოკი რწმენის კაცად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკი მეცნიერების ქურუმია, მის შინაგან სამყაროში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს მეცნიერული გონი, რაციონალიზმი, პრაგმატიზმი, ჰუმანიზმი, სენტიმენტალიზმი, ალტრუიზმი, გრძნობა, გონება, პათოსი, ემოცია და ლოგიკა. სულაც არაა გასაკვირი, რომ სერიალის ბოლოს სწორედ ამ ორ პერსონაჟს (ჯეკსა და ლოკს) შორის გაჩაღდა ეპიკური ბრძოლა – ლოკი აბსოლუტური ბოროტების, სიბნელისა და სიშავის განსახიერება გახდა, შავი კვამლის მონსტრის გარდასახვად, სიავის, უკეთურობისა და წყვდიადის ხორცშესხმად მოგვევლინა, ჯეკი კი განსხეულებულ, აბსოლუტურ სიკეთედ და სინათლედ. კუნძულის მცველი გახდა, ჯეიკობის მემკვიდრე, სათნოების, სისპეტაკისა და სხივცისკროვნების სიმბოლო.

ეს ეპიკური ბრძოლა ბოროტებაზე გამარჯვების ილუსტრაციაა. ლოკში თავიდანვე იყო ბნელი, ბოროტი საწყისი, რომელიც იდეალურად წარმოაჩინეს სცენარისტებმა. ლოგიკურიც კია, რომ ამგვარად გადანაწილდა როლები. ეს გადამწყვეტი, საბედისწერო შერკინება ალეგორიაა წყვდიადის განდევნისა და სინათლის სამარადისო ტრიუმფისა. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქეით ოსტინმა (ამ გამორჩეული პერსონაჟის შესახებ სხვა სტატიაში ვიმსჯელებთ) გადაარჩინა ჯეკი, ტყვია დაახალა ურჩხულს, გადაწყვიტა ორთაბრძოლის მონაწილეთა ბედი, წერტილი დაუსვა სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას, ბოლო მოუღო არმაგედონს, ჩაძირვისაგან იხსნა კუნძული, საუკუნო სიყვარული აღუთქვა ჯეკს, ცრემლმორეული გამოეთხოვა და სთხოვა: „დამპირდი, რომ ისევ გნახავ!“, მერე უკანასკნელად ეამბორა, შეუსრულა თხოვნა – ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა კუნძულიდან. იქ დატოვა საყვარელი ადამიანი, მაგრამ სიკვდილამდე შემოინახა მისი ნათელი მოგონება.

სერიალში თავს იჩენს ალტერნატიული რეალობა, წარმოსახვითი სამყარო, რომელიც ამ ადამიანებმა (გარდაცვალების შემდეგ) შექმნეს, გამოიგონეს იმისათვის, რათა ეპოვათ ერთმანეთი, მიეკვლიათ ყველა დაკარგულისათვის, მერე კი ყველანი შეკრებილიყვნენ და ერთად გაეგრძელებინათ გზა უკეთესი სამყაროსაკენ. ცხოვრების ის მონაკვეთი, კუნძულზე რომ გაატარეს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჭეშმარიტი და არსებითი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გაახსენდათ ალტერნატიულ რეალობაში ის ძველი დრო, ანუ ნამდვილი ცხოვრება, რომლითაც ტკბებოდნენ, სანამ მოაწევდა ჟამი სიკვდილისა. სწორედ ამიტომ მოაგონდათ ერთმანეთი და კუნძულზე გატარებული დრო, როცა ერთურთს შეეხნენ სიკვდილის შემდეგ შექმნილ რეალობაში.

იქ, სადაც ფინალში მოხვდნენ, არ არსებობს დრო; არ არსებობს ჟამთასვლა; არ არსებობს ,,ახლა“, „მაშინ“, „მერე“, „უწინ“, ,,ოდესღაც” და ა.შ.. იქ არსებობს მხოლოდ ერთი უსასრულო, დაუსაბამო და მარადიული აწმყო. ეს ადამიანები დროის სხვადასხვა მონაკვეთში გარდაიცვალნენ. ზოგმა ადრე დალია სული,ზოგი გვიან გამოეთხოვა წუთისოფელს… ჯეკმა თავი გაწირა კუნძულის გადასარჩენად, ქეითმა კი, სხვებთან ერთად რომ გაფრინდა თვითმფრინავით, ხანგრძლივი ცხოვრება გალია. როცა მოაწია მისი აღსასრულის ჟამმა, შეუერთდა დანარჩენებს. ასე მოხდა ჯეკის, ჩარლის, სოიერის, სანის, ჯულიეტის, დესმონდის, პენის, საიდის, კლერის, ჰარლის, შენონის, ბუნისა და სხვების შემთხვევაშიც.

ბოლოს ყველამ (მათ შორის იყვნენ ქეითი და ჯეკი) მოიყარა თავი დიდ ტაძარში; ყველანი ერთად გარდავიდნენ უკეთეს, გასხივოსნებულ სამყაროში, დაუსაბამობაში, თვალისმომჭრელ სინათლეში, სიკაშკაშეში, უსასრულობასა და მარადისობაში. იქაც გაგრძელდება მათი დიდი, დაუვიწყარი მოგზაურობა.