დგას თუ არა დღის წესრიგში ანექსია, თუ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ პრეზიდენტი „გარედან მოსული“ რუსი პოლიტიკოსი გახდება? 

პუბლიკა

18 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირის, მარატ კამბოლოვის გამარჯვებაა მოსალოდნელი.

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

18 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. „არჩევნების“ ჩატარება ივნისში ე.წ ყოფილი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მოულოდნელმა გადადგომამ განაპირობა. გაგლოევმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩევლის პოსტი დაიკავა. ამ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა მარატ კამბოლოვი – რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მკვიდრი და რუსეთში ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მქონე სახელმწიფო მოხელე.

კამბოლოვი „სამხრეთ ოსეთში“ მხოლოდ 2026 წლის მაისში ჩავიდა, როდესაც ის ე.წ პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა. ერთი თვის შემდეგ გაგლოევმა ის „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე წარადგინა, რასაც პარლამენტმა მალევე დაუჭირა მხარი.

მისი დანიშვნა „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს დაემთხვა. 9 მაისს პუტინმა და გაგლოევმა კრემლში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირე თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“. დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მისი ზოგიერთი დებულება ეხება სასაზღვრო პოლიტიკას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.

ხელშეკრულება არ ითვალისწინებს „სამხრეთ ოსეთის“ ფორმალურ გაერთიანებას რუსეთის შემადგენლობაში. პირიქით, ის აფორმებს და აფართოებს მოსკოვსა და ცხინვალს შორის უკვე არსებულ მჭიდრო ურთიერთობათა სისტემას.

მოახლოებული „არჩევნები“ სწორედ მოსკოვთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ფონზე ტარდება. კამბოლოვი – რუსეთის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც მანამდე „სამხრეთ ოსეთში“ პოლიტიკური კარიერა არ ჰქონია, „არჩევნებში“ გამარჯვების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც გაგლოევის გადადგომის შემდეგ ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყო.

ვლადიმირ პუტინი და ალან გაგლოევი კრემლში გამართული შეხვედრის დროს. 2026 წლის მაისი. ოფიციალური ფოტო.
ვლადიმირ პუტინი და ალან გაგლოევი კრემლში გამართული შეხვედრის დროს. 2026 წლის მაისი. ოფიციალური ფოტო.

მისმა სწრაფმა დაწინაურებამ, ახალმა ხელშეკრულებამ და გაგლოევის მოსკოვში გადასვლამ კვლავ გააჩინა ვარაუდები იმის შესახებ, რომ „სამხრეთ ოსეთი“ შესაძლოა საბოლოოდ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდეს. თუმცა რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა და რას გვეუბნება რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემის უახლესი ცვლილებები მოსკოვის განზრახვებზე?

კამბოლოვი – მოსკოვის მიერ დანიშნული „გარეშე პირი“

კამბოლოვი „სამხრეთ ოსეთის“ პირველი ლიდერი გახდა, რომლის პოლიტიკური კარიერაც დანიშვნამდე თითქმის მთლიანად რუსეთთან იყო დაკავშირებული. ის მუშაობდა რუსეთის ფედერალურ უწყებებში, იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი რუსეთის წამყვან ბირთვული ენერგიის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა.

„სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკისთვის ეს წარსულ პრაქტიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

როგორც ქართველი კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი OC Media-ს ეუბნება, „სამხრეთ ოსეთში“ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ყოველთვის ადგილობრივი იყო“.

კამბოლოვი ეთნიკურად ოსია და ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრია, თუმცა ის, პირველ რიგში, რუსეთის ფედერალური ბიუროკრატიული ელიტის წარმომადგენელია.

„მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც რუსული გამოცდილება აქვს და რუსეთის სახელმწიფო მოხელეა“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

მარატ კამბოლოვი პეტერბურგში, 2026 წლის ივლისში. ოფიციალური ფოტო
მარატ კამბოლოვი პეტერბურგში, 2026 წლის ივლისში. ოფიციალური ფოტო

კამბოლოვის დანიშვნამდე „სამხრეთ ოსეთს“ ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირი ადგილობრივი პოლიტიკური ელიტიდან ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალი მოსკოვზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული.

მაგრამ, უნდა განვიხილოთ თუ არა „გარედან მოსული“ პოლიტიკოსის, თანაც კრემლის მიერ შერჩეული ადამიანის დანიშვნა იმის ნიშნად, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთზე“ უფრო პირდაპირ კონტროლს ამყარებს? თუ, პირიქით, ეს უბრალოდ გაჩერებული პოლიტიკური სისტემის განახლების მცდელობაა?

„სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები ბლოგერის, ალიკ პუხაევის აზრით, კამბოლოვის მთავარი უპირატესობა ადგილობრივ კონტექსტში სწორედ მისი ფედერალურ დონეზე მიღებული გამოცდილებაა.

კამბოლოვი რუსეთის ელიტურ წრეებთან დაკავშირებულ ადამიანად არის ცნობილი“, – ეუბნება პუხაევი OC Media-ს – „ის კარგი ბიუროკრატია, იცის, როგორ მუშაობს რუსეთის ბიუროკრატიული სისტემა და საკმაოდ ძლიერი ქსელი აქვს – კონტაქტები რუსეთის პოლიტიკისა და ბიზნესის გავლენიან წარმომადგენლებთან“.

მისი თქმით, კამბოლოვის დანიშვნა იმ დროს მოხდა, როდესაც „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს და სულ უფრო ნაკლებად ენდობა თავად „სამხრეთ ოსეთიდან“ წარმოშობილ ჩინოვნიკებს.

„ადრე რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი სამხრეთ ოსეთის სათავეში მოვიდოდა და მხარდაჭერას მიიღებდა. რეგიონში არსებობს ერთგვარი ტომობრივი მიდგომა – ხალხს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში „ერთ-ერთი ჩვენიანი“ უნდა იყოს. მაგრამ ახლა ცვლილებების მოთხოვნა უზარმაზარია“, – ამბობს პუხაევი.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კამბოლოვი უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლებაშია, მას ჯერ არ განუხორციელებია ჩინოვნიკების ფართომასშტაბიანი წმენდა. პუხაევი ამას კამბოლოვის მართვის სტილს უკავშირებს.

„მარატ კამბოლოვი ფრთხილია. როგორც პროფესიონალი რუსი ბიუროკრატი, ის ცდილობს ძალაუფლების გადაბარების პროცესი ფრთხილად და შეუფერხებლად წარმართოს. მას აქვს მანდატი, რომ იქ ყველა შეცვალოს, მაგრამ აგრესიულ ნაბიჯებს არ დგამს.

იქ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც კორუფციულ საქმეებში ღიად არიან ჩართული და ყველა ელოდება, რომ კამბოლოვი მათ უბრალოდ თანამდებობებიდან მოხსნის“, – ამბობს პუხაევი.

სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანიც ეუბნება OC Media-ს, რომ კამბოლოვის დანიშვნა, როგორც ჩანს, პრაგმატული გადაწყვეტილებაა – „ადგილობრივი მმართველობის სისტემის გაუმჯობესების მცდელობა, რომელიც მოსკოვს მრავალი წლის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა“.

მისი შეფასებით, მიუხედავად ადგილობრივი ლიდერების ცვლილებებისა, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამებისა, მოსკოვმა სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნა ვერ შეძლო.

„პოლიტიკურ ცვლილებებს რეგულარულად ახლდა კორუფციული სკანდალები, მაშინ როცა განვითარების პროგრამებს ადგილზე არსებულ ვითარებაზე მხოლოდ შეზღუდული გავლენა ჰქონდა“, – ამბობს იგი.

ვართანიანი ამ წარუმატებლობებს სამხრეთ ოსური საზოგადოების თავისებურებებსაც უკავშირებს, მათ შორის პირადი, ოჯახური და არაფორმალური კავშირების მნიშვნელობას.

„ადამიანის დანიშვნა, რომელსაც ადგილობრივ ინტერესთა ჯგუფებთან კავშირი არ აქვს, შეიძლება ამ ინერციის დაძლევის მცდელობად განვიხილოთ“, – ამბობს ის.

ამასთან, მისი შეფასებით, სწრაფი ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

ვართანიანი კამბოლოვის ადგილობრივი კავშირების ნაკლებობას მის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევადაც მიიჩნევს.

„თუ მას ნამდვილად სურს რაიმეს მიღწევა, პირველ რიგში ნდობის მოპოვება და ადგილზე ურთიერთობების დამყარება მოუწევს. ასეთ პატარა რეგიონში ეს ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური უფლებამოსილებები“, – ხაზს უსვამს ვართანიანი.

ზაქარეიშვილი მოვლენებს ოდნავ განსხვავებულად აფასებს. მისი აზრით, კამბოლოვი შესაძლოა საჭირო იყოს არა მხოლოდ შიდა რეფორმებისთვის, არამედ უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტებისთვის, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს უკავშირდება.

გვიბარი რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარზე. ფოტო: RBC
გვიბარი რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარზე. ფოტო: RBC

კერძოდ, ის „სამხრეთ ოსეთის“ გავლით სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთს შესაძლოა მალე დასჭირდეს დამატებითი გზა გადატვირთული ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გვერდის ასავლელად.

„ამჟამად თურქული და სხვა საქონელი ძირითადად ლარსის გავლით გადის და იქ ძალიან გრძელი რიგები წარმოიქმნება, განსაკუთრებით ზამთარში. დიდი ალბათობით, რუსეთს იმავე მიმართულებით მეორე გზა დასჭირდება – როკის გვირაბის გავლით“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი კამბოლოვის დანიშვნას მოსკოვსა და სამხრეთ კავკასიას შორის კომუნიკაციის არხების შესაძლო ცვლილებასაც უკავშირებს. მისი აზრით, თუ მომავალში მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების განვითარებას გადაწყვეტს, კამბოლოვი თბილისთან კონტაქტების დამყარებისთვის უფრო მოსახერხებელი შუამავალი შეიძლება აღმოჩნდეს.

„ვფიქრობ, კამბოლოვი მოსკოვის პროექტების წინსვლისთვის ერთგვარი ყინულმჭრელის როლს შეასრულებს. სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გაეგზავნათ ასეთი დონის მოხელე ასეთ პროვინციულ ადგილას. რუსეთს „სამხრეთ ოსეთის“ დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება. და არც კამბოლოვის კარიერისთვის არის ეს საუკეთესო პოზიცია. ამიტომ აქ რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს – რაღაც, რაც „სამხრეთ ოსეთში“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას სცდება“, – ასკვნის ზაქარეიშვილი.

არის თუ არა კამბოლოვი მოახლოებული არჩევნების უპირობო ფავორიტი?

მიუხედავად იმისა, რომ კამბოლოვის დანიშვნამ და მის უკან აშკარად ნაგულისხმევმა მოსკოვის მხარდაჭერამ არჩევნებში მისი უპირატესობა მნიშვნელოვნად განამტკიცა, მას სექტემბრის ე.წ არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად მაინც მოუწევს. თავდაპირველად ჩანდა, რომ არჩევნები შესაძლოა პრაქტიკულად უკონკურენტო ყოფილიყო.

კამბოლოვი პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც მას ადგილობრივი სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა დაუჭირა მხარი.

მოგვიანებით მას მხარი დაუჭირეს „მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმაც“, მათ შორის “ნიხასმა“ – გადამდგარი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტიამ; „ერთიანმა ოსეთმა“ – წინა პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ, რომელიც ბოლო ე.წ არჩევნებში „ნიხასმა“ დაამარცხა; ასევე კომუნისტურმა პარტიამ.

ერთადერთი „საპარლამენტო პარტია“, რომელსაც კამბოლოვისთვის მხარი არ დაუჭერია, „სახალხო პარტიაა“.

13 ივლისს პუტინმა თავად უსურვა კამბოლოვს წარმატება არჩევნებში.

მარატ კამბოლოვი და ვლადიმირ პუტინი მოსოვში, 2026 წლის ივლისში. ოფიციალური ფოტო
მარატ კამბოლოვი და ვლადიმირ პუტინი მოსოვში, 2026 წლის ივლისში. ოფიციალური ფოტო

თუმცა აგვისტოს დასაწყისისთვის „სამხრეთ ოსეთის“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა. მათ შორის არიან კამბოლოვი, „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ყოფილი თანამშრომელი ყაზბეკ კოდოევი და კიდევ სამი კანდიდატი, რომლებიც პარტიებმა წარადგინეს.

თუმცა საკითხი მხოლოდ კანდიდატების რაოდენობა არ არის. მთავარია, შეუძლიათ თუ არა მათ რეალური კონკურენციის გაწევა „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისთვის“.

ვართანიანის აზრით, ძლიერი ალტერნატივისთვის სივრცე მნიშვნელოვნად შეიზღუდა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე.

„ამ გაზაფხულიდან ვხედავთ მოსკოვის აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის შეხვედრებს სამხრეთ ოსეთის საკვანძო ფიგურებთან. ყოფილი ლიდერების მიერ კამბოლოვისადმი სწრაფი საჯარო მხარდაჭერა შემთხვევით მოვლენას არ ჰგავს“, – ამბობს ის.

ამასთან, ვართანიანი ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში „სამხრეთ ოსეთში“ პოლიტიკური კონკურენცია რეალური იყო.

„ღია დებატები და მწვავე კონკურენცია არსებობდა. ამის ნათელი მაგალითია თავად ალან გაგლოევი, რომელიც […] ხელისუფლებაში ოპოზიციონერი კანდიდატის რანგში, კონკურენტული კამპანიის შედეგად მოვიდა“, – ამბობს ვართანიანი.

პუხაევის აზრით კი „სამხრეთ ოსეთს“ არჩევნების თავისებური ტრადიცია აქვს: ადამიანები ხშირად იმდენად არ აძლევენ ხმას კანდიდატის პროგრამას, რამდენადაც მოქმედი „ხელისუფლების“ წინააღმდეგ აძლევენ ხმას.

„სამხრეთ ოსეთში“ ნამდვილი არჩევნებია და მათი მოგება გიწევს. აქ კიდევ ერთი საარჩევნო ჩვევაა: ადამიანები არასდროს აძლევენ ხმას პრეზიდენტს – ისინი ყოველთვის ვიღაცის წინააღმდეგ აძლევენ ხმას“, – ამბობს ის.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ „პრეზიდენტების“ უმეტესობამ ორი ვადით „ხელისუფლებაში“ დარჩენა ვერ შეძლო. გამონაკლისად იგი ედუარდ კოკოითს მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი ხელახალი არჩევა დიდწილად 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდებოდა.

„ახლა ამ საარჩევნო ტრადიციის შეცვლაა საჭირო. ეს ნეგატიურ დღის წესრიგზეა აგებული – ჩვენ ხმას ვაძლევთ არა იმას, რისი ნახვაც მომავალში გვინდა, არამედ იმის მოსაშორებლად, რაც ახლა არსებობს“, – ამბობს პუხაევი.

თუ ეს შეფასება სწორია, მაშინ კამბოლოვის მთავარი ამოცანა საარჩევნო კამპანიის დროს მხოლოდ ხმების უმრავლესობის მოპოვება კი არ იქნება, არამედ ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, არჩეული „პრეზიდენტის“ რანგში დაიწყოს მუშაობა და არ აღიქმებოდეს მხოლოდ მოსკოვის მიერ დანიშნულ ადმინისტრატორად.

ზაქარეიშვილი, პირიქით, ელოდება, რომ კამბოლოვი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და პირველ ტურში ხმების მინიმუმ 60%-ს მიიღებს. მისი აზრით, ამის მთავარი მიზეზი იმ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების არყოფნაა, რომლებსაც მისი გამოწვევა შეეძლოთ. კერძოდ, ის ყოფილი „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის გუნდს ასახელებს.

„ახლა მათ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება და ერთი დიდი ოსეთის შექმნა სურთ“

სამივე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სექტემბრის „არჩევნები“ მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. მთავარი კითხვა არჩევნების შემდეგ ის იქნება, რამდენად შეძლებს კამბოლოვი მმართველობის არსებული მოდელის შეცვლას.

ვართანიანი სწრაფ ტრანსფორმაციას არ ელოდება. მისი აზრით, კამბოლოვს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებამდე ადგილობრივ ელიტებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობების დამყარება მოუწევს.

ადამიანის დანიშვნა, რომელსაც ადგილობრივ პოლიტიკურ სისტემასთან კავშირი არ აქვს, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თავად სისტემაც შეიცვლება.

ვართანიანი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალმა შეთანხმებებმა და დანიშვნებმა შესაძლოა მართლაც გააჩინოს კითხვები შესაძლო ანექსიასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კამბოლოვის როლსა და ანექსიისთვის რაიმე კონკრეტულ მზადებას შორის პირდაპირი კავშირი არ ჩანს.

„ასეთი შეშფოთება გასაგებია: რუსეთს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საბოლოო მოდელი ჯერ კიდევ არ აქვს განსაზღვრული. მოსკოვი მათ კვლავ უწევს სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას და ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა არ მოჰყოლია“, – ამბობს ის.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფორმალური ანექსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, ვართანიანი მიიჩნევს, რომ ამის ალბათობა უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული.

პუხაევის აზრით კი, ცვლილებების მოთხოვნა ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ კამბოლოვს რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

თუმცა, მისი თქმით, ახალი ლიდერი შეგნებულად ერიდება მკვეთრ პოპულიზმს და ამ ეტაპზე უფრო ბიუროკრატის როლში მოქმედებას ცდილობს, ვიდრე პოლიტიკური ვარსკვლავის როლში.

ამასთან, ისევე როგორც ვართანიანი, პუხაევიც მიიჩნევს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება კრემლის უშუალო მიზანი ამ ეტაპზე არ არის.

„ახლანდელი სტრატეგია ისაა, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთის ნაწილად არ აქცევს, რადგან რუსეთს ამჟამად საქართველოსთან შესანიშნავი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. ამავე დროს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ინტეგრაციის გასაძლიერებლად“, – ამბობს ის.

პუხაევის თქმით, მიზანი ამ ორ ტერიტორიას შორის ერთიანი სივრცის შექმნაა.

„კრემლმა აირჩია კურსი ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთს“ შორის სრული ეკონომიკური, კულტურული და, რაც მთავარია, ბიუროკრატიული ინტეგრაციისკენ“.

პუხაევი ასევე ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მოთხოვნა იზრდება, რაც შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ არ აღიქვა მოსახლეობამ კამბოლოვის დანიშვნა აუცილებლად უარყოფითად.

„ხალხს ახლა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა კიდევ უფრო მეტად სურს, რადგან ესმით, რომ დამოუკიდებლობის პროექტმა ვერ გაამართლა. ამიტომ ახლა მათ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება და ერთი დიდი ოსეთის შექმნა სურთ“, – ამბობს ის.

ამ მოთხოვნის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ გამოვლინებად პუხაევი რუსეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ საზღვარზე, ზარამაგის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ასახელებს.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლები რეგულარულად გადაადგილდებიან ჩრდილოეთ ოსეთში, თუმცა საზღვრისა და საბაჟო კონტროლის გავლას ზოგჯერ რამდენიმე საათი სჭირდება.

„მოსახლეობას უზარმაზარი მოთხოვნა აქვს, რომ ეს საბაჟო პუნქტი გაქრეს. ეს საზღვარი საჭირო არ არის და გაერთიანების მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება ამ საბაჟო პუნქტის მუშაობის დასრულებას“, – ამბობს პუხაევი.

მისი აზრით, რუსეთის ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საზღვრის კიდევ უფრო გამარტივებასა და ორ ოსეთს შორის დამატებითი სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. თუმცა, იგი ასევე მიუთითებს „ბიუროკრატიულ ინერციაზე“, რომელმაც საზღვრის არსებობა დღემდე შეინარჩუნა.

მისი შეფასებით, კამბოლოვს ამ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეეძლება.

სამივე ექსპერტიდან ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს ზაქარეიშვილი ელოდება. მისი აზრით, კამბოლოვის არჩევის შემდეგ შესაძლებელი იქნება შეფასება, რამდენად გადაინაცვლებს ადმინისტრაციაში გავლენა ადგილობრივი ჩინოვნიკებიდან რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებისკენ.

მისი აზრით, თუ რუსი კადრები რეალურად დაიწყებენ უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, ეს შემდგომ ინტეგრაციას ნიშნავს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზაქარეიშვილი „სამხრეთ ოსეთში“ ინტეგრაციის პროცესებს „ინტენსიურად მიმდინარე“ პროცესებად აფასებს, მას ეჭვი ეპარება, რომ ისინი ამ ეტაპზე ფორმალურად გაფორმდება.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს სურს, სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ის უკვე სრულად არის ინტეგრირებული რუსეთთან. ეკონომიკურად და ფინანსურად ყველაფერს მოსკოვი მართავს. თუმცა ცხადია, რომ რუსეთმა მმართველობის სტილი შეცვალა და ახლა პარტნიორობაზე მეტად ინტეგრაციის პროცესებზეა ორიენტირებული“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

მისი აზრით, რუსეთისთვის „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, პირველ რიგში, საქართველოზე ზეწოლისა და მისი მართვის ინსტრუმენტებია.

„თუ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ ინტეგრაციას წარმატებით განახორციელებს, საქართველოში ანტირუსული არეულობა შეიძლება დაიწყოს, რადგან ქართული საზოგადოება ისედაც ანტირუსულია. მაგალითად, ვნახეთ, როგორ გადაიზარდა კახეთში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი საქართველოში ანტირუსულ კამპანიებში“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

როგორც ის ხსნის, „რუსეთის ნებისმიერი ქმედება საქართველოში ძალიან მტკივნეულად აღიქმება და, შესაბამისად, საქართველოში არავის უხარია რუსეთის აქტიურობა. რუსეთმა ეს კარგად იცის, ამიტომ „სამხრეთ ოსეთის“ ანექსია, სავარაუდოდ, საქართველოს თავის მხარეს გადმოყვანაში ვერ დაეხმარება […] ამიტომ რუსეთი დაელოდება მომენტს, როდესაც საქართველო მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ/კუხო) გასაწევრებლად“.

„სამხრეთ ოსეთის“ მომავალი სტატუსის შესახებ ყველა შეფასება პროგნოზად რჩება. კრემლი “სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობას საჯაროდ კვლავ უწოდებს „ცალკეულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას“ – მოსკოვი „სამხრეთ ოსეთს“ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

ამიტომ მომდევნო თვეები, პირველ რიგში, სხვა რამეს გვიჩვენებს: გახდება თუ არა კამბოლოვი „სამხრეთ ოსეთის“ კიდევ ერთი ლიდერი, რომელსაც ადგილობრივ სისტემასთან შეგუება მოუწევს, თუ შეძლებს თანდათან თავად მმართველობის სისტემის შეცვლას.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ,  წაიკითხოთ აქ.

ტექსტის წაკითხვის გასამარტივებლად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პოზიციებზე საუბრისას OC Media მიზანმიმართულად არ იყენებს ისეთ განმარტებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციის გამოხატვას მათი სტატუსის შესახებ.