დიგი - დიგი, ანუ ვნებები ზუგდიდის თეატრის ირგვლივ

დავით ბუხრიკიძე

რეჟისორ ლაშა შეროზიას წინააღმდეგ მიმართული ცილისწამების კამპანია შესაძლოა ზუგდიდის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებს უკავშირდება.

როდესაც ტელეკომპანიასეზონისწამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, „ალტინფოსწარმომადგენლები და პარტიაკონსერვატორებსშეფარებული გაურკვეველი პირები, ლამის ერთი კვირის განმავლობაში სიძულვილისა და ცილისწამების შემცველ განცხადებებს სერიალებივით ავრცელებენ კონკრეტული პირის მიმართ, ეს ცხადად და გარკვევით მიუთითებს მათ მიზნებზე.

ამჯერად დისკრედიტაციის კამპანია ახალგაზრდა რეჟისორის, ლაშა შეროზიას წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრს ხელმძღვანელობდა.

ლაშა შეროზია

ოდიოზური ტელეწამყვანის ბრალდება უკვე ჩვენთვისაც კი სტანდარტულია: „ეს კაცი (ლაშა შეროზია) არის ღვთის მგმობელი, ეკლესიის მტერი და გეიპროპაგანდისტი“. თან პარალელურად, სიუჟეტში აჩვენებენ გაურკვეველ და დამონტაჟებულ ვიდეოს, ფრაგმენტებს და ფოტოებს სპექტაკლებიდან, რომლიდანაც ვერავინ დაადგენს, სადაა ან ღვთის გმობა, ან გეიპროპაგანდა რაში გამოიხატება.

მახვილგონივრული შავი იუმორით, სოციალური ზონგებითა და სიმღერებით გაჯერებული ინტერაქციული სპექტაკლი სახელწოდებითნოველები ცხოვრებიდან, ანუ დიგიდიგი, ბუმბუმ, პუციპუციცნობილი თანამედროვე ებრაელი დრამატურგისა და მწერლის, ხანოხ ლევინის მოთხრობების მიხედვით ლაშა შეროზიამ ჯერ კიდევ პანდემიისა დროს, 2021 წელს დადგა. მას შემდეგ არასოდეს, არავის ამ სპექტაკლის მიმართ არ გასჩენია ღვთის დამგმობი თუ პერვერსიული სექსუალური ფანტაზიებიასეთი მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ბატონი მჟავანაძე აღმოჩნდა. თანაც სწორედ მაშინ, როდესაც რეჟისორს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის ვადა ამოეწურა.

2021 წელს ლაშა შეროზია კულტურის სამინისტრომ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაამტკიცა. 2023 წლის 25 ოქტომბერს მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და ამდენად, ზუგდიდის თეატრში ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ გაახსენდათ მჟავანაძესა დაალტინფოსწევრებს ორი წლისა და შვიდი თვის შემდეგ ეს სპექტაკლი, რომელიც იმდენად იშვიათად იდგმება, რომ აღარც შედის თეატრის რეპერტუარში და რომელიც სინამდვილეში არავითარფალოსებსა და გარყვნილ ქმედებასარ შეიცავს.

ნოველები ცხოვრებიდან, ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი

ამის დასადასტურებლად თუნდაც ვიდეოდისკუსია – „თეატრის შემდეგგამოდგება, რომელშიც თეატრმცოდნეებითამარ ცაგარელი და სოფიო ნადიბაიძე სწორედ ამ სპექტაკლის სოციალურფსიქოლოგიური ფონის, ინტერაქციისა და ესთეტიკის შესახებ მსჯელობენ. სხვათა შორის, ეს დისკუსიები თავად კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფინანსდება და გაუგებარია, რატომ არ რეაგირებს სამინისტრო თუნდაც განცხადების დონეზე, როცა საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელს და თეატრის მიმართ აშკარა ცილისწამებას ეხება.

საინტერესოა კიდევ რამდენიმე შეკითხვა: ვის ინტერესებში შედის დღეს, ორი წლის წინანდელი სპექტაკლით მანიპულირება; მტრულად განწყობილი ადამიანთა ჯგუფების წაქეზება რეჟისორის მიმართ; გამოგონილი რელიგიური და სექსუალური თემებით პიროვნების დისკრედიტაცია; თეატრსა და საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება…. და ყველაზე მთავარი: ვის სურს რეალურად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, მაშინ, როდესაც ოთხ წელიწადში (პოლუს პანდემიის დროს) ზუგდიდის თეატრში 18 სპექტაკლი დაიდგა და მათგან რამდენიმე საქართველოში პირველად?!

შეიძლება გავიხსენოთ ალექს ჩიღვინაძის პიესაუხერხემლო“, რომელიც პირველად სწორედ ზუგდიდში დაიდგა (რეჟისორი დავით თურქიაშვილი), დენიელ კიზის რომანისყვავილები ელჯერნონისთვისსცენური ვერსია (რეჟისორ მამუკა ცერცვაძე); ან თამთა მელაშვილის რომანიშაშვი, შაშვი მაყვალი“ , რომლის პირველი თეატრალური ვერსია საქართველოში ნიკა ჩიკვაიძემ ზუგდიდის თეატრში განახორციელა, ხოლო მარინა დარასელიამ ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი დაიმსახურა.

“შაშვი, შაშვი მაყვალი”

დღეს თეატრის რეპერტუარშია სრულიად განსხვავებული ჟანრების, ახალი ხედვითა და მსოფლმხედველობით გამორჩეული წარმოდგენები, რომლებიც დროებით ყოფილი კულტურის სახლში, პატარა დარბაზში იმართება. უკვე რამდენიმე წელია, ზუგდიდში ახალი, გრანდიოზული მასშტაბის თეატრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც იმედია, მომავალ, საარჩევნო წელს მაინც დასრულდება. მით უმეტეს, რომ მშენებლობას ფონდიქართუაფინანსებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზუგდიდში განსხვავებული კონცეფციისა და საინტერესო ფორმის სპექტაკლები დადგეს რეჟისორებმაგიორგი სიხარულიძემ („ანა ფრანკის დღიური“), ნიკოლოზ საბაშვილმა („უღელტეხილი“), დავით თარბამ („სიკვდილი აკაკუნეგაბს“, ვუდი ალენის სცენარის მიხედვით), მერი ბეროშვილმა („ინატრე და გეშინოდეს“, პეტერ ჰანდკეს პიესების მიხედვით ), ქეთევან სამხარაძემ („თევზი ხეზე“), ელენე მაცხონაშვილმა (საბავშვო სპექტაკლიფურინჯი“), ნიკა ლუარსაბიშვილმა („ნორვეგია დღეს“).

“ნორვეგია დღეს”

ამდენად, ლაშა შეროზიას მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია და მისი პერსონისადმი გამძაფრებული ინტერესი სინამდვილეში, შესაძლოა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას უკავშირდებოდეს. თუმცა ჯერჯერობით კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის. თავად შეროზია კი ისევ აპირებს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

ლაშა შეროზია: „ოთხი წლის განმავლობაში, რაც ზუგდიდის თეატრში ვარ, აქ მუშაობდნენ და მუშაობენ სრულიად განსხვავებული ხედვის, გემოვნების, მსოფლმხედველობის რეჟისორები, მოწვეული მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორებიიდგმებოდა და იდგმება ქართული თუ უცხოური პიესები და ოდესღაც სტაგნაციაში მყოფი თეატრი, რომელიც ჩასვლისას დამხვდა, ამ მცირე დროში ნამდვილად იქცა თანამედროვე, ცოცხალ და სახელოვნებო სივრცედ ზუგდიდში. ახლა არ ვიცი, ვის და რატომ დაადგა ყელზე ზუგდიდის თეატრი და კონკრეტულად ლაშა შეროზია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიციროცა ასეთი მდაბიო ხალხის სამიზნე ხდები, ესე იგი, რაღაცას ძალიან სწორად აკეთებ! განსაკუთრებით ის მიხარია, რომ მსგავსი ადამიანები სპექტაკლებში თავიანთ წარმოსახვებს, დეფორმირებულ ხატებს ხედავენ და ასე მძაფრად რეაგირებენ“.