ჟამი ალკოჰოლისა, ანუ რა დავლიოთ პანდემიისას

როდესაც პანდემიაა და ყველა უსაფრთხო ადგილზე თვითიზოლაციას ესწრაფვის, საჭმლის, წყლისა და ჰიგიენის საშუალებების გარდა, ალკოჰოლური სასმელების მომარაგებაც მეტად საშური საქმეა. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს სასმელების კოლექცია სახლში აქვს და გადანახული მარაგიდან ბოთლებისთვის თავის მოძრობაც კარგი რამაა, მაგრამ ყველას არ აქვს ეს ბედნიერება და ამიტომაც, პოსტფაქტუმ უწევს გადაწყვეტილების მიღება, რა დალიოს, როგორ დალიოს, რამდენი დალიოს და რასთან ერთად.

შეიძლება, უცნაურია, როდესაც მასობრივი შიში და გაურკვევლობაა, ადამიანს კარგი სასმელი და სასმელთან მისაყოლებელი ურჩიო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი გემოს რეცეპტორები ნებისმიერ დროს (თუნდაც, პანდემიისას) თანაბრად პრეტენზიულია და ესეც არ იყოს, ხინკალთან საფერავის მიყოლება მაინცდამაინც სასურველი რომ არაა, ამის მიხვედრას რაიმე განსაკუთრებული რჩევა ისედაც არ სჭირდება.

ვისკი და რომი

თუკი დიდი რაოდენობით ალკოჰოლის სმა არ გიზიდავთ და სასმელის ცხოველმყოფელობის შეგრძნება ორიოდ ჭიქით გსურთ, ვისკი და რომი საუკეთესო საშუალებები უნდა იყოს. სანამ ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიები დაიკეტებოდა, თბილისში კლასიკური შოტლანდიური, ასევე, ირლანდიური, სამხრეთ აფრიკული და ავსტრალიური ვისკის ფასები 35 ლარიდან იწყებოდა და 3 ათას ლარამდე აღწევდა. 60 ლარიდან იყიდდით ამერიკულ იაფფასიან ბურბონს, რომელიც ახალგაზრდებში განსაკუთრებულად პოპულარულია. ვისკის წარმოება (მათ შორის, ქვევრშიც კი) ბოლო წლებში ქართველებმაც დაიწყეს და მაღაზიებში უკვე ორი დასახელების ქართული ვისკის შეძენაც შეიძლება.

რომი, როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპირტიანი სასმელია, რომელიც, ცნობილი ტექნოლოგიის მიხედვით, შაქრის ლერწმის გადამუშავების  შედეგად მიიღება. პირველადი გადამუშავებისგან მიღებული სითხე პორტუგალიური მუხის კასრებში ძველდება. დღეს რომს ინგლისში, პორტუგალიაში, ავსტრალიაში, ინდოეთსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აწარმოებენ, თუმცა კუბაში დამზადებული სულ სხვა ტიპისაა და საუკეთესოდ მიიჩნევა.

დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს რომის რამდენიმე სრულიად განსხვავებული სახეობა. შედარებით მარტივ, ღია ფერის რომს უმეტესწილად კოქტეილებში იყენებენ, ოქროსფერი შეფერილობისა და მუქი კულინარიაშიც გამოიყენება, განსაკუთრებით მაღალი ხარისხისას კი ყოველგვარი მინარევის გარეშე სვამენ.

საქართველოში ყველაზე პოპულარული რომი „კაპიტანი მორგანია“ (ფასისა და ხელმისაწვდომობის გამო), თუმცა ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებში ლეგენდარული კუბური „ჰავანა ქლაბისა“ და სხვა ცნობილი რომების შეძენაც შეიძლება.

კონიაკის მცირე საიდუმლოებები

საქართველოში დაახლოებით 15 კომპანია აწარმოებს კონიაკისებურ სასმელს (როგორც იცით, „კონიაკი“ მხოლოდ საფრანგეთში, კონიაკის მხარეში დამზადებულ ბრენდს შეიძლება დაერქვას). კონიაკისებრი სასმელების ფასი (0.5 ლიტრიანი ბოთლი) 27 ლარიდან იწყება და დაძველებისა და ხარისხის მიხედვით იზრდება. ყველაზე ძვირიანი ქართული ე.წ. კონიაკის ფასი 3 ათასი ლარია და იგი ას წელზე მეტი ხნის წინ ლეგენდარულმა დავით სარაჯიშვილმა დაამზადა.

საქართველოში ხუთასზე მეტი ჯიშის ყურძენი ხარობს, თუმცა აქედან საკონიაკე ღვინომასალად ყველა არ გამოდგება. კონიაკის სპეციალისტების თქმით, მხოლოდ ექვსი ჯიშია შესაბამისი. მაგალითად, ციცქა და ცოლიკოური გამოირჩევა მაღალმჟავიანობით და მისგან მიღებულ საკონიაკე ღვინომასალის სპირტს არ გააჩნია რაიმე დამახასიათებელი გემო და სურნელი. თავდაპირველად ის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სპირტისგან. მომდევნო წლების განმავლობაში სწორი კუპაჟირებით მუხის კასრში დაძველებულ სითხეს ბრენდი ანუ კონიაკისებრი სასმელი ეწოდება.

კონიაკის მინიმალური დაყოვნების ასაკი კასრში სამი წელია, თუმცა ამ ასაკის ბრენდში ჯერ კიდევ არ ჩანს მუხა, ნაკლებად იგრძნობა ვანილისა და შოკოლადის ტონები, ხოლო 5 და მეტი წლის დაძველების მქონე სპირტს საკმაოდ მდიდარი ბუკეტი აქვს და რბილი გემო, რომელიც, როგორც წესი, ქმნის სასიამოვნო და ხალისიან განწყობას.

საკონიაკე ღვინო გამოხდის წინ ორმაგი დისტილაციის შემდეგ გარდაიქმნება საბრენდე სპირტად. სპირტი სამი წლით დაძველდება შუშაში და ამის შემდეგ სწორი კუპაჟირებით შეზავებული სითხე გადაინაცვლებს მუხის კასრში. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ მინიმუმ 8 სახეობის სხვადასხვა ღვინისა და სიძველის საბრენდე სპირტი უნდა შეერიოს ერთმანეთში კარგი ბუკეტის მისაღებად. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში გავრცელებულია ვაზის ექვსი ჯიში, რომლებიც გამოდგება საბრენდე სპირტის მისაღებად: ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, გორული მწვანე, კახური მწვანე და რქაწითელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ძეხვის ტიპის მშრალი ხორცეული პანდემიისას და, ზოგადად, სახლში დიდი ხნის პირობებში კარგად ძლებს და ინახება. ასევე, ციტრუსოვანი ხილი ის ყველაზე მარტივი მისაყოლებლებია, რაც ამ ტიპის სასმელებს ძალიან მოუხდება.

შეუცვლელი ღვინო

ღვინის მხრივ არჩევანი ყველაზე ფართო და მრავალმხრივია. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, დროებით დაიკეტა არაერთი ღვინის ბარი და მაღაზია, თუმცა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მაინც შემორჩა მოქმედი დიდი სუპერმარკეტები, სადაც ღვინის შეძენა და სახლში მომარაგება შეგიძლიათ. ბარში ჯდომას და ღვინის წრუპვას ცხადია, განსაკუთრებული ეშხი აქვს, მაგრამ, რაკი ექიმები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სახლში ყოფნას გვირჩევენ, ალბათ, უმჯობესია, თუკი ღვინოებს შინ წავიღებთ და იქ გავუსინჯავთ გემოს.

დიდი სუპერ და ჰიპერმარკეტები კვლავინდებურად მუშაობს და იქ დიდი კომპანიების მიერ წარმოებული ყველანაირი ტიპის ღვინის შეძენა შეგიძლიათ, მათ შორის – უცხოურისაც, რაც ქართველ ღვინის მოყვარულებში განსაკუთრებით პოპულარული ნამდვილად არ არის, თუმცა, თუკი ადამიანს ლეგენდარული ფრანგული ჯიშების გემოები იზიდავს, მისი სურვილიც შეიძლება დაკმაყოფილდეს.

არსებობს აზრი, რომ სახლში ყოფნას და ბრუტალურ რეალობას განსაკუთრებით „უხდება“ წითელი მშრალი ღვინო და მელანქოლიის დასაძლევადაც ამ ტიპის ღვინოს ეტანებიან. კახური საფერავი, იმერული ოცხანური საფერე, მშრალად დაყენებული მეგრული ოჯალეში (უკვე ასეთებიც არსებობს), ქართლური შავკაპიტო და თავკვერი, ლეჩხუმური ორბელური ოჯალეში და რაჭული ალექსანდროული ის ჯიშებია, რომლებიც ნამდვილად მოახერხებს თქვენს ხასიათზე მოყვანას. და თუკი მწვადის ან სტეიკის მომზადებასაც მოახერხებთ, შეიძლება ცოტა ხნით მართლაც დაივიწყოთ ყოველგვარი პანდემია და უბედურება.

თეთრი ღვინოებიდან იმერული წესით დაყენებულ ციცქას, ცოლიკოურსა და კრახუნას ყველაზე მეტად ჩაციება უხდება და სწორედ ამიტომაც „ზაფხულის ღვინოებს“ ეძახიან. იგივე შეიძლება ითქვას ქართლის ჩინურსა და გორულ მწვანეზე. გაზაფხულის პერიოდში თავს დატეხილი პანდემიისას და სახლში იძულებითი გამოკეტვის ჟამს თეთრი ღვინოებიდან უფრო შესაბამისი ქვევრის კახური ღვინოები იქნებოდა. მაგალითად, არაფერი აჯობებს ქვევრში ჭაჭა-კლერტთან ერთად დავარგებულ რქაწითელს, მწვანე კახურს ან ქისს. შედარებით პრეტენზიული ღვინის მოყვარულები არც ქვევრის ხიხვს დაიწუნებდნენ. აღარაფერს ვამბობ ამ ჯიშების კუპაჟირებით მიღებულ ღვინოებზე, რომელთა არჩევანიც დიდია და ნებისმიერ ფინანსურ შესაძლებლობას შეგვიძლია მოვარგოთ.

მთავარია, იყოს სურვილი, ხარისხიანი სასმელის არჩევის ხალისი და კორონავირუსის დროსაც კი შეიძლება, ადამიანმა, მაგალითად, ღვინოში რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოს. ღვინო კი, როგორც იცით, სწორედ დიდი აღმოჩენების წყაროა!