ევროპული განწყობა

პუბლიკა

ნინა ხელაძე, ნატალი ნემსაძე


ერთ წელსა  და ცხრა თვეს ითვლის გზა  განაცხადის გაკეთებიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. ისტორიული გადაწყვეტილების დღე საქართველოსთვის 14 დეკემბერს დადგა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელზეც ჩვენ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, საქართველოში მცხოვრები უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ არც ევროკავშირის წევრობამდეა შორი.

როგორ მოვიდა საქართველოს მოსახლეობა ამ ისტორიულ დღემდე – რა განწყობები იყო და არის საქართველოში ევროკავშირის შესახებ? 

„საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა” – ევროკავშირის ელჩის მილოცვა ქართველებს.

ევროპის ფონდის, ბოლო, 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში კითხვაზე: თქვენი აზრით, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი? – გამოკითხულთა 27 პროცენტმა უპასუხა, რომ ეს  5 წელიწადში და უფრო ნაკლებ დროშია მოსალოდნელი. 

ეს მაჩვენებელი 12 პროცენტით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით, როცა მოსახლეობა ნაკლებად ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ასევე, 2 პროცენტული ერთეულითაა შემცირებული მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არასდროს გახდება. აღსანიშნავია, რომ ეს პასუხი ყველაზე დაბალ ნიშნულზე – 1%-ზე კვლევის პირველ ეტაპზე, 2009 წელს იყო. 2023 წლის მონაცემებით, კი – 9%-ია. 

ევროკავშირისადმი საზოგადოების განწყობას ევროპის ფონდი უკვე 15 წელია სწავლობს. 2009 წელს, როდესაც ფონდმა ეს კვლევა პირველად ჩაატარა, გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტი საქართველოს ევროკავშირის პოტენციურ წევრად მიიჩნევდა. 14 წლის შემდეგ მათი მოლოდინი დღეს უკვე ოფიციალურად, კანდიდატის წევრობის სტატუსით არის გამყარებული.

„თქვენ ევროპა ხართ. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეუერთდეთ ევროკავშირს და მოდით, ერთად ვიმუშაოთ“, – ამ სიტყვებით მიულოცა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღება. 

ევროპის ფონდის კვლევის ავტორების დასკვნით, ევროკავშირის მიმართ ნდობის დონე 2009 წლის შემდეგ უმეტესად თანმიმდევრულია და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის აღქმის გარკვეულ სტაბილურობაზე მიუთითებს. 

ამაზე მეტყველებს 2023 წლის გამოკითხვის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმრავლესობა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების სასარგებლოდ მისცემდა ხმას, თუკი ასეთი რეფერენდუმი ჩატარდებოდა. ეს რიცხვი ნიშნავს, რომ დაახლოებით ხუთიდან ოთხი ადამიანი, ანუ 77%, მხარს დაუჭერდა ამ გადაწყვეტილებას, ხოლო 9% არა. 

2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპული განწყობა საქართველოში ასეთია:

  •         84% ევროკავშირის მხრიდან დახმარებას დადებითად აღიქვამს.
  •         მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ურჩევნია, რომ ევროკავშირთან ჰქონდეს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური (64%) და ეკონომიკური (62%) თანამშრომლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გაძლიერებული რუსული პროპაგანდისა, რომელიც მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს როგორც ქვეყნის შიდა ისე საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზე, 2021 წელთან შედარებით შემცირებულია, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ევრაზიული კავშირი იზიდავს. 2023 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 16%-ია. 

„წლების განმავლობაში იცვლება დამოკიდებულება, ვისთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ამ სამეულში შედიოდა ამერიკა, ევროკავშირი და რუსეთი. დღესდღეობით, რუსეთი ამ სამეულში არ შედის, საკმაოდ ქვემოთ რიგებში გადაინაცვლა და მის ნაცვლად თურქეთი შემოვიდა. თუ მანამდე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოკავშირედ უფრო ამერიკას ხედავდნენ, დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა მთავარ მოკავშირედ ევროკავშირს მიიჩნევს. რეფერენდუმი, რომ ტარდებოდეს 77% ამბობს, რომ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერდა, ამის პარალელურად ევრაზიის კავშირზე ეს მაჩვენებელი არის ძალიან მცირე, წლების მიხედვით დიდად არ იცვლება, მაგრამ მაინც იკლებს”,  – გვეუბნება ქეთევან ვაშაკიძე, „ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელი.

შედარება: რა მაჩვენებელი გაიზარდა ან შემცირდა წლების განმავლობაში?

დროთა განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში თანდათან სუსტდება მოსაზრება, რომ თითქოსდა, „ევროკავშირი საფრთხეს უქმნის  ქართულ ტრადიციებს”.  დიაგრამაზე ჩანს, რომ 2021 და 2023 წლებში  უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა, ხოლო მათი წილი, ვისი აზრითაც ევროკავშირი ქართული ტრადიციებისთვის საფრთხეს წარმოადგენს,  შემცირებულია.

მაგალითად, თუ 2015-ისა და 2023 წლის მონაცემებს შევადარებთ ვნახავთ, რომ მათი წილი, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 19 პროცენტითაა გაზრდილი.

თუმცა, მიუხედავად გაუმჯობესებული მონაცემებისა, ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება. ამაზე მეტყველებს ევროკომისიის 9 დათქმაც, რომელთაგან პირველი სწორედ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლას ეხება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზურ რეფერენდუმში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ ცოტა ადამიანი მისცემდა ხმას, ისინი, ვინც ამას გააკეთებდნენ, საკუთარ არჩევანს იმ არგუმენტით ხსნიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს დააზიანებს (37%), რაც 2021 წლის შემდეგ 6%-ითაა გაზრდილი.

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია – ევროკავშირის დევიზი

 „ჩვენ ევროპაში მარტო იმიტომ არ მივდივართ, რომ ის მდიდარი გაერთიანებაა, რომლისგანაც ეკონომიკური სარგებელი გვექნება. ევროკავშირისკენ იმიტომაც მივისწრაფვით, რომ თავისი ღირებულებებით, კულტურული და ცივილიზაციური მოცემულობით ევროკავშირი და საქართველო ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ჩვენ ისტორიული კავშირები გვაქვს ევროპასთან. იმიტომ ვიბრძოდით სულ სხვა ცივილიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უცხო იყო ჩვენი შეგნებისთვის, რომ ევროპული ცივილიზაცია ვიყავით. გვიწევდა ბრძოლა ჩვენი გადარჩენისთვის. კულტურულ ღირებულებებს მაშინ უფრო სწრაფად დაკარგავ, თუ შენ დარჩები იზოლირებულ გასაჭირში მყოფ ქვეყნად. ამიტომ ჩვენი კულტურული გადარჩენა არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ევროკავშირისთვის მთავარი ლოზუნგია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში”. პირიქით სხვადასხვა სახის დაფინანსება და ევროპული ფონდები მიედინება ახლად გაწევრიანებულ ქვეყნებში, რომ შენარჩუნდეს ის მრავალფეროვნება, რომელიც იქ არსებობს“, – გვეუბნება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

როგორი იყო და არის მთავრობის რიტორიკა კანდიდატის სტატუტის მიღების გზაზე? 

2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭებაში პრობლემას ვერ ხედავდა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილის მერი კახა კალაძე. „თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არა – არც ეს არის პრობლემა”.

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას, კალაძე „პოლიტიკურ გადაწყვეტილებას” უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ეს საქართველოში მეორე ფრონტის არგახსნით იყო განპირობებული.

„ჩალის ფასი აქვს”, „უცხოელი ნაცები” , „კოორდინირებულად მუშაობენ მთავრობის გადასაყირავებლად”, – ასე აფასებდნენ, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ევროპარლამენტის და დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, როდესაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და მის ევროინტეგრაციას ეხმაურებოდნენ.

ამ განცხადებებიდან თვეების შემდეგ კი ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას სტატუსის მინიჭება თავისუფლების მოედანზე მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების სცენიდან მიულოცა. სცენიდან მოსახლეობას პირველმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და ინტეგრაციის პროცესში მთავრობის როლზე ისაუბრა. „ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი… ჩვენ ვიბრძოლეთ და ვიშრომეთ ქართველი ხალხის სახელით“. გამოსვლებში „ქართული ოცნების” წარმომადგენლები კვლავ აქტიურად ავითარებდნენ ნარატივს, რომ ქვეყანა „ცალ ფეხზე არ დადგა“, „სადაც აჩვენებ ღირსებას მიიღებ ღირსეულ პასუხს”, – ირაკლი კობახიძე, მისალოცი სიტყვა.

 იქ შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. „ქართული ოცნების” მტკიცებით, პრეზიდენტს „არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი”.

რას მოელის საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირისგან?

განათლების ხარისხის, სამუშაო ადგილების, შემოსავლის, სიტყვის თავისუფლების გაზრდა, კორუფციის შემცირება, სასამართლოს დამოუკიდებლობა – ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოში უმრავლესობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გაუმჯობესებას მოელის.

ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის, 58%-ის აზრით, გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა. ეს მაჩვენებელი 2011 წელსაც იგივე იყო. რაც შეეხება განათლების დონეს თუ ერთმანეთს 2023 და 2011 წლის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული 25%-ითაა გაზრდილი.

კახა გოგოლაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე გვიხსნის, როგორ შეიცვალა მათი ეკონომიკური მდგომარეობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ.

„დღეს მაგალითად, ჩვენ ვერ ვინახავთ ჩვენს ციხე-ქალაქებს ხევსურეთში, სვანეთმა ტურიზმის საშუალებით თავი გადაირჩინა შედარებით, რამდენი ძეგლი გვეღუპება, რამდენი კულტურული მემკვიდრეობა ქრება. ყველაფერი ამის მხარდასაჭერად, როცა ევროკავშირის წევრი ხარ შენ იღებ ფინანსურ დახმარებას, სანამ შენ თვითონ არ გახდები უფრო მდიდარი ქვეყანა. და მდიდარ ქვეყნად ბევრი ყალიბდება, როცა ევროკავშირში წევრიანდება. ირლანდიის მაგალითი, რომ ავიღოთ, ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო ევროპაში, 1973 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ევროკავშირში. რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც ყველაზე დაბალ განვითარებულ ქვეყნებად ითვლებიან ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირში, ისინიც კი ეკონომიკურად საქართველოზე 3-4 ჯერ მეტად განვითარებული არიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ თავის დროზე, ახლა მათი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არის 20 000-ზე მეტი, 25 ათასი ევრო აქვს ესტონეთს, მაშინ, როდესაც ჩვენი შემოსავალი 5 ათას ევროზე ნაკლებია. წარმოიდგინეთ, როგორ გაგვასწრეს მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა”.

კახა გოგოლაშვილის განმარტებითვე, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას აძლევს საშუალებას, მოითხოვოს მეტი დაფინანსება, იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებსაც საკუთრივ ევროკავშირის მიერ გაწერილ დათქმებსა და რეკომენდაციებში ვკითხულობთ. 

„ევროკავშირში რამდენადაც ხედავენ, რომ ქვეყანა გაწევრიანების მიმართულებით მიდის, ცდილობენ მის მხარდაჭერას. ამაშია საქმე – შენ ევროკავშირს აძლევ მიზეზს, რომ მან თავისი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები კიდევ დამატებით გამოყოს. მაგალითად, ჩვენ წელიწადში ევროკავშირისგან მხოლოდ გრანტებით 120-დან 150 მილიონამდე ევროს ვიღებთ. ეს რაც მხოლოდ საქართველოს პროგრამებისთვისაა გაწერილი.

აქ ასევე საუბარია, მაგალითად, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროგრამებზე, და როცა კანდიდატი სახელმწიფო ხდები ბევრად უფრო იზრდება კვოტები. იზრდება რაოდენობა იმ ხალხის, ვისაც შეუძლია სასწავლებლად წასვლა, იზრდება წვდომა ევროკავშირის სხვადასხვა სახის ინსტიტუციებში მონაწილეობის მიღებაზე, რომლებიც სხვადასხვა დარგს ეხება, მაგალითად სურსათის უვნებლობას, ენერგეტიკას, გარემოს დაცვას და ასე შემდეგ. ასევე, როდესაც ქვეყანა ხდება კანდიდატი სახელმწიფო ინვესტორებისთვის ეს არის სიგნალი, რომ ეს ადგილი იქნება სანდო ინვესტიციების განსახორციელებლად. მაგალითად, [ინვესტორებმა] იციან, რომ ქვეყანა დეფოლტში არ მოხვდება, რადგან ევროკავშირი მხარს დაუჭერს, თუ რაიმე ეკონომიკური კრიზისი იქნება ევროკავშირი არ მისცემს საშუალებას კომერციულ ბანკებს, რომ მოულოდნელად დაიშალოს, ანუ კანდიდატობა ნიშნავს, რომ გარემო უფრო სტაბილური და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ხდება… ევროკავშირს თავის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის ფონდი აქვს ყველაზე დიდი. შეიძლება, რომ სოფლის მეურნეობის ეს პროგრამები გამოყენებული იყოს საქართველოშიც, შესაბამისად რეგიონებში და იმ ადგილებში, სადაც სოფლის მეურნეობა განსავითარებელია”.

რა აფერხებს ხალხის აზრით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას?

პოლიტიკური არასტაბილურობა, ტერიტორიული კონფლიქტები, ხელისუფლების პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რუსეთი, პოლიტიკური ნების ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან  – გამოკითხულებისთვის ეს არის პირველი 5 ფაქტორი, რაც, მათი აზრით, გაწევრიანების პროცესს აფერხებს. მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ საქართველოს გაწევრიანებისთვის არაფერი უშლის ხელს. 

საინტერესოა, რომ წინა გამოკითხვასთან შედარებით, შეცვლილია ამ პასუხების პროცენტული წილები. მაგალითად, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას შემაფერხებელ ფაქტორად 8 პროცენტით მეტი მოიაზრებს. 5 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვიც, ვინც წინაღობად ევროკავშირის პოლიტიკურ ნებას თვლის.

აღსანიშნავია ის, რომ ევროპის ფონდის მიერ ჩატარებულ პირველ გამოკითხვაშიც სამეულში გვხვდება რუსეთი – როგორც ევროინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. 

2009- 29 %

2023- 21 %. 

                                 დიაგრამა: ევროპის ფონდის  2023 წლის კვლევიდან

                              დიაგრამა: ევროპის ფონდის  2011 წლის კვლევიდან

რა შეიძლება იყოს შემაფერხებელი საქართველოსთვის ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე?ვკითხეთ კახა გოგოლაშვილსაც. ის ყურადღებას ევროკომისიის მიერ გადმოცემულ 9 დათქმაზე ამახვილებს. კერძოდ კი, მეორე პირობაზე, სადაც ევროკომისია საქართველოს მიუთითებს საჭიროებაზე თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

როგორც კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 41-45%-ია. წინა წლებში კი ეს რიცხვი 60% იყო. 

„რადგანაც ევროკავშირი შედგება 27 დიდი სახელმწიფოსგან, როდესაც საერთაშორისო მოვლენები ხდება მათ სჭირდებათ 27-ივე ქვეყნის ერთად შეკრება და ერთიანი განცხადების გაკეთება. ასევე, ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოვდებიან ან არიან კანდიდატი წევრები, მათაც სთხოვენ, რომ განცხადებას შეუერთდნენ. და ამ განცხადებებთან შეერთების პროცენტი აჩვენებს, თუ რამდენად იზიარებს ქვეყანა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხედვასა და პოლიტიკას. მაგალითად, უკრაინა განცხადებების 90%-ს უერთდება, მოლდოვა 70%-ს. საქართველო 41-45%-ს და ევროკავშირი ამ მაჩვენებლით შეშფოთებულია. გამოდის, რომ ევროკავშირისთვის ჩვენ ვართ კანდიდატი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ არ ვიზიარებთ ევროკავშირის შეხედულებებს მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომთან  ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით“.

სად არის ახლა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე?

საქართველო ახლა უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით მოლაპარაკების გახსნას უნდა დაელოდოს. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებების ეტაპია.

„დაახლოებით 5 წელი გრძელდება ევროკავშირთან მოლაპარაკებები თუ ყველაფერი რიგზეა. ძალიან რთული პროცესია. 31-დან 35 ქვეთავამდეა, რაც უნდა გაიაროს ქვეყანამ. ვთქვათ, თუ მაქსიმალური 35 თავი გახსნეს ჩვენთან, ეს ნიშნავს იმას, რომ 35 მიმართულება, მაგალითად, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, საგარეო ურთიერთობები და ასე შემდეგ ყველა ამ დარგში უნდა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის სტანდარტები“, – განმარტავს კახა გოგოლაშვილი.

თუ ევროკავშირის წვერი ქვეყნების გამოცდილებას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ყველაზე დიდხანს მოლაპარაკების პროცესი 6 წელი და 7 თვე პორტუგალიასთან გაგრძელდა. ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის მოლაპარაკებები კი ყველაზე სწრაფი იყო და მხოლოდ 1 წელი და 3 თვე მიმდინარეობდა.                                

ანგარიში ევროპის ფონდის კვლევის „ევროკავშირის შესახებ ცოდნა და დამოკიდებულება საქართველოში“ მერვე ნაწილშია. ინტერვიუები პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით ჩატარდა. გამოკითხვის საველე სამუშაოები 2023 წლის 14 მარტიდან 3 მაისამდე გაგრძელდა. კვლევისთვის საველე სამუშაოები ასახავს საზოგადოების განწყობას, ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის შემდგომ. საერთო ჯამში, 2 458 დასრულებული ინტერვიუ შეგროვდა. გამოპასუხების დონე 30% იყო. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. კვლევის ცდომილების ინტერვალი საშუალოდ 2.2%-ია.