ფასდაუდებელი მონაცემები და პრემიერის 17 საუბარი | როგორ მოახერხა ისრაელმა სწრაფი ვაქცინაცია

მსოფლიოში 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ვაქცინაციაა. კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინამ გასული წლის ბოლოს მიიღო საბოლოო ავტორიზაცია სხვადასხვა მარეგულირებლისგან და მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო.

კორონავირუსზე ვაქცინაციის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ისრაელი იქცა. ქვეყანა, სადაც 65 წელს ზემოთ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე Pfizer-ის ორივე დოზითაა აცრილი, ხოლო მთლიანად ორთვიანი ვაქცინაციის პროგრამით ქვეყნის ნახევარზე მეტია ორი დოზით აცრილი. ამასთან, მოსახლეობის უმეტესობას ერთი დოზა მაინც უკვე გაკეთებული აქვს.

სწრაფმა ვაქცინაციამ შედეგები უკვე გამოიღო. ისრაელში ბოლო პერიოდში ახალმა შემთხვევებმა იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გაიხსნა და ნელ-ნელა უკვე ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინით მხოლოდ მოსახლეობის რამდენიმე პროცენტია აცრილი, ზოგში კი ჯერ არც დაწყებულა, მათ შორის, საქართველოში, ხშირად ისმის კითხვაც, თუ როგორ მოახერხა ისრაელმა ასე სწრაფი ვაქცინაცია.

როგორ მიიღო ისრაელმა ვაქცინის დიდი პარტია და შეძლო სწრაფი ვაქცინაცია?

ისრაელის წარმატებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფენ.

საინტერესოა, რომ ისრაელი არ ყოფილა ყველაზე წარმატებული ქვეყანა თავად პანდემიის მართვაში. ქვეყნების ნაწილმა, მაგალითად, ავსტრალიამ ვირუსის გავრცელება მასზე უკეთ შეაჩერა და მართა, სამაგიეროდ უფრო ფრთხილად მოეკიდა ვაქცინის დამტკიცების პროცედურას.

ისრაელში, სადაც კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალი იყო, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას უფრო საჩქაროდ მიიჩნევდნენ. ვაქცინის სწრაფად მიღებაში კი, როგორც ჩანს, წვლილი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც შეიტანა.

მონაცემები – ფასდაუდებელი სარგებელი ვაქცინის სანაცვლოდ

ნეთანიაჰუმ თავად მოირგო მთავარი მომლაპარაკებლის როლი და ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. The Financial Times წერს, რომ ნეთანიაჰუს, ისრაელის ჯანდაცვის მინისტრ იული ედელსტეინსა და კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას შორის 17 საუბარი გაიმართა.

„მე სულ ხაზზე ვიყავი მასთან“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუ და დასძენს, რომ ბურლას ოჯახს ებრაული ფესვები აქვს და Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი „ისრაელის დიდი მეგობარია“.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ისრაელის ლიდერები კომპანიას ვაქცინაციის უსწრაფესი ტემპით წარმართვასა და ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე ვაქცინის გავლენის შესახებ ამომწურავი მონაცემების გადაცემას დაჰპირდნენ.

„კომპანიას ამ მონაცემების გამოყენება, გასაჯაროება და მისგან სარგებლის მიღება შეუძლია. ამის გარეშე, არც ერთი კომპანია ჩვენკენ თვალითაც კი არ გამოიხედავდა. მათი მიზანი პირველ რიგში ბევრად უფრო დიდი ქვეყნების მომარაგება იქნებოდა“, – ამბობს ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი.

ისრაელის ჯანდაცვის სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ სწრაფი ვაქცინაციის პარალელურად მრავალმხრივი მონაცემები შეგროვდეს. ჯანდაცვა ციფრულ სისტემებთან კარგადაა ინტეგრირებული, რისი საშუალებითაც Pfizer ყოველკვირეულად იღებს განახლებულ მონაცემებს. ამრიგად, ისრაელი ერთ დიდ საკვლევ სივრცედ იქცა და ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებისთვის ფასდაუდებელ სამუშაოს ეწევა.

მაღალი ფასი ვაქცინისთვის

ამის გარდა, როგორც გამოცემა Deutsche Welle წერს, ისრაელმა გაასაჯაროვა კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, რომლიდანაც ჩანს, რომ მან ევროკავშირისგან განსხვავებით, 12 ევროს ნაცვლად, თითოეულ დოზაში 23 ევრო გადაიხადა. ამას ემატება ისიც, რომ ვაქცინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც თავად ქვეყანამ იტვირთა, როცა ევროკავშირი მასზე პასუხისმგებლობასაც ფარმაცევტული კომპანიებისგან მოითხოვს.

შედეგად, ისრაელს დაჰპირდნენ, რომ ვაქცინას მანამდე მიიღებს, სანამ მოსახლეობის 95% არ აიცრება და მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს ვაქცინაცია არც დაუწყიათ, Pfizer-ის ვაქცინით სავსე თვითმფრინავები თელ-ავივში ყოველ კვირა ჩადის.

ისრაელს Pfizer-ის გარდა ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს ვაქცინის სხვა მწარმოებლებთანაც – Moderna-სა და AstraZeneca-თან. საბოლოოდ, ქვეყანა იმაზე მეტ ვაქცინას მიიღებს, ვიდრე მისი მოსახლეობაა.

გაკეთებული ვაქცინის რაოდენობა 100 ადამიანზე (ითვლება თითო დოზა)

გამართული ჯანდაცვის სისტემა

ისრაელი მონაცემების შეგროვებასა და სწრაფ ვაქცინაციაზე თავის პირობას ვერ შეასრულებდა, რომ არა შესაფერისი ჯანდაცვის სისტემა.

ქვეყანაში 4 სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და პასუხისმგებლობას ინაწილებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე. ეს არის ერთგვარი სინთეზი სახელმწიფო და კერძო ჯანდაცვას შორის.

ისრაელის მოქალაქეები ამ კომპანიებიდან იღებენ ჯანდაცვის სერვისს, თუმცა შეუძლიათ ამ 4-დან ნებისმიერის არჩევა.

ნახევრად კერძო კომპანიები წარმატებულ მაგალითს ქმნიან, ჩაერთონ კონკურენციაში და ამავდროულად ეფექტიანად აითვისონ სახელმწიფო დაფინანსება. მათი მეშვეობით ისრაელის მოქალაქეები ჯანდაცვის სერვისით არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებსა და ბედუინთა ღარიბულ დასახლებებშიც სარგებლობენ. ამავდროულად, თითოეული მოქალაქის ანამნეზი ციფრულდება, რაც მონაცემთა ციფრული ბაზის შექმნას ამარტივებს.

როგორც The Atlantic წერს, სწორედ ეს კომპანიები ასრულებენ მთავარ როლს ვაქცინაციაში და მნიშვნელოვანია, რომ მათ ისრაელის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა. ჯანდაცვის სისტემისადმი ნდობაც ერთ-ერთ ფაქტორად იქცა ვაქცინაციის პროცესში.

ვაქცინაციის შესახებ კამპანია და მწვანე პასპორტი

კიდევ ერთი ფაქტორია ისრაელის ოფიციალური პირების მიერ წარმოებული აქტიური კამპანია ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ. როგორც თავად ისრაელის ხელისუფლებაში ამბობენ, ვაქცინაციის მიმართ წინააღმდეგობა დიდი არ ყოფილა, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა პროცესი. ერთ-ერთი კვლევით, ისრაელში ვაქცინაციის წინააღმდეგი გამოკითხულთა მხოლოდ 9% იყო.

„ხანშიშესულ ადამიანებს სურდათ შვილების, ახლობლების თავისუფლად მონახულება. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ვაქცინაციით გარკვეულ რისკს უქმნიდნენ თავს, მაგრამ გაიაზრეს, რომ აცრის შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესი გახდებოდა.

ამას ემატება აქტიური საზოგადოებრივი კამპანია. პრემიერ-მინისტრი იყო პირველი ადამიანი, ვინც აიცრა პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში აიცრნენ პრეზიდენტი და სხვა საჯარო პირები. მედია ბევრს საუბრობდა ვაქცინაციის დადებით მხარეებსა და იმაზე, თუ როგორ შეიცვლებოდა მისი საშუალებით ხალხის ცხოვრება“, – ამბობს ბარ-ილანის უნივერსიტეტის მკვლევარი, პროფესორი ჯილ ეფსტეინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამასთანავე, ისრაელმა შემოიღო ე.წ. მწვანე პასპორტიც, მათთვის, ვისი ორივე დოზით აცრიდან ერთი კვირა მაინც იყო გასული. ამ საბუთით ვაქცინაციაგავლილ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების, საყიდლებზე სიარულისა თუ კონცერტებზე დასწრების საშუალება აქვს. ისრაელში იმაზეც კია ლაპარაკი, რომ გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ დასაქმების ადგილებზე მათთვის, ვისაც აცრა არ ექნება გაკეთებული.

როგორც ჩანს, ვაქცინაციის ამგვარმა წახალისებამ შედეგიც გამოიღო და ისრაელის მოსახლეობა ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც პოპულაციურ იმუნიტეტს ვაქცინაციით მიაღწევს.