გავიგოთ, დავინახოთ...

დავით ბუხრიკიძე

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბერლინერ ანსამბლის“ სპექტაკლით გაიხსნა

„გაიგე და დაინახე მეტი“ – ასეთია ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სლოგანი, რომელიც 7 დეკემბერს, სახელოვანი „ბერლინერ ანსამბლის“ სპექტაკლით – „მედეათი“ გაიხსნა. ფესტივალი 20 დეკემბრამდე გაგრძელდება და თეატრის მოყვარულებს საინტერესო, ჭრელ, მრავალფეროვან თუ საკამათო სპექტაკლებს შესთავაზებს. ფაქტობრივად ეს არის კიდევ ერთი, უმაღლესი კლასის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საქართველოში, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალისა („გიფტი“) და თბილისი საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ დაარსდა და რომელიც  ყოველწლიურად გაიმართება.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ კოლეგებს, თეატრის პროდიუსერებსა და კრიტიკოსებს ეკუთვნით. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ტარდება ბათუმის ფესტივალი. ასე რომ, ბათუმსა და ზოგადად, აჭარის რეგიონს ყოველწლიურ კინოფესტივალთან ერთად (BIAF Batumi), საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიც შეემატა, რომელიც ყოველი წლის დეკემბერში გაიმართება.

ფესტივალის მიზანია ბათუმის, როგორც თეატრალური ქალაქის წარმოჩენა მსოფლიო სათეატრო რუკაზე; აჭარის რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში; საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და თეატრალურ ხელოვნებაში არსებული სიახლეებისა და ტენდენციების გაცნობა; საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა; აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესის გამოცოცხლება.

ბათუმის ფესტივალს დირექტორთა და ექსპერტთა გამოცდილი საბჭო ჰყავს, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი პროდიუსერებით, კრიტიკოსებით, ფესტივალების დირექტორებით. მათ შორის არიან: რომან დოლჟანსკი (ისრაელი, რუსეთი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალენაუ (რუმინეთი) და ანდრო ენუქიძე (საქართველო, რომელიც ამავე დროს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეცაა).

ბათუმის ფესტივალს წელს სტუმრობენ როგორც წამყვანი ევროპული დასები, ისე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ექსპერიმენტული ძიებებით გამორჩეული თეატრები. ცხადია, მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ფესტივალი უდიდესი ტრადიციებით გამორჩეული „ბერლინერ ანსამბლის“ სპექტაკლით გაიხსნა. ევრიპიდეს  ტრაგედია „მედეა“ მრავალი ევროპული თეატრალური პრემიისა და ჯილდოს მფლობელმა, ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა მიხაელ ტალჰაიმერმა დადგა.

ცოტა რამ რეჟისორის შესახებ: მიხაელ ტალჰეიმერი ამჟამად „ბერლინერ ანსამბლის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წამყვანი  რეჟისორია გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თეატრალური სეზონი „ბერლინერ ანსამბლში“ სწორედ მის მიერ დადგმული „კავკასიური ცარცის წრით“ გაიხსნა, რომელმაც მრავალი ჯილდო – მათ შორის ტელეკომპანია 3sat-ის ინოვაციის პრიზი, ბერლინის Friedrich Air Prize, ორჯერ „ოქროს ნიღაბი“ და პრესტიჟული „ნესტროს“ პრემია დაიმსახურა. მრავალი მისი რეჟისორული ნამუშევარი მიწვეული იყო ბერლინში, პრესტიჟულ ფესტივალზე Theatrtreffen. რაც შეეხება, „მედეას“, ის რამდენიმე წლის წინ დაიდგა და ზალცბურგის ფესტივალის, Wiener Festwochen-ის და Iberoamericano de Teatro Festival (Bogota)-ის მონაწილეა.

ვიცით რა ევრიპიდეს თეატრალური მითის ძალა და მასშტაბი, „მედეას“ ნახვისას, შინაგანად ყოველთვის ვემზადებით მთავარი ამოცანის ამოსახსნელად – როგორ დაასაბუთებენ რეჟისორი (ამ შემთხვევაში მიხაელ ტალჰაიმერი) და მსახიობი (კონსტანცია ბეკერი, რომელსაც უკვე ჰქონდა რეჟისორთან მუშაობის გამოცდილება ესქილეს „ორესტეაში“ და ჰაუპტმანის „ვირთხებში“) დედის მიერ შვილების დახოცვას? სად გაივლის ზღვარი, რომელიც პირად შურისძიებასა და სიცოცხლის ხელშეუხებლობას შორის არსებობს? ტალჰაიმერი ცდილობს ორსართულიან, შავ კედლებსა და ორად გაყოფილ აბსოლუტურად ცარიელ სივრცეში გამოკეტოს ტრაგედიის პერსონაჟები და ეს ამოცანა ინტროვერტული დრამატიზმით, გულწრფელი სისადავით, თეატრალურად უბრალო ხერხებითა და ქალის უფლების დაცვით გაამართლოს და ამოხსნას.

წარმოვიდგინოთ, მედეას დანაშაული დღეს და ისიც, როგორ აფეთქდებოდა სოციალური ქსელები ამ დანაშაულის განხილვით… ქალს, რომელიც შურისძიებას საკუთარი შვილების სიცოცხლეს ანაცვალებს, ფაქტობრივად წინასწარ გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. თანამდროვე ლაბადით მოსილი მედეას პირველივე შთამბეჭდავი კონვულსია და ღრიალი („როგორც დაჭრილი ძუ ლომი მოსთქვამს“) გაგრძნობინებთ, რომ ეს ძლიერი ქალია და უკან არაფერზე დაიხევს…

ტალჰაიმერი უბრალო და შთამბეჭდავი რეჟისორული ხრიკებით ახერხებს მიაღწიოს შეუძლებელს – ყველაფრით დაღლილ და ყველაფრის მნახველ პოტსბურჟუაზიულ ეპოქაში, მედეას შემზარავი ისტორია ისეთი თხრობითი, გასაგები და ამავე დროს, კონკრეტული შინაარსისგან დაცლილი გახადოს, რომ ანტიკურ წარმოსახვასთან დაგვაკავშიროს. ისევე, როგორც ოდესღაც, ბერლინის „დოიჩე თეატრის“ სპექტაკლ „ორესტეაში“, ამაშიც მას კონსტანცია ბეკერი ეხმარება, რომელმაც მედეას ტრაგედია საოცრად ზუსტი და მუსიკალური მეტყველებით აღწერა და თანამედროვე პლასტიკის ენაზე „თარგმნა“.

ფესტივალში მონაწილე იტალიური, პოლონური, თურქული და ესპანური თეატრალური დასების შესახებ სხვა დროს მოგითხრობთ. რაც მეტს გავიგებთ, მეტს დავინახავთ…