გზა თავისუფლებისკენ ჩინურად

ვაქცინებზე წერა სახიფათოა, მითუმეტეს, თუკი რომელიმე ვაქცინის კრიტიკა გაქვს გადაწყვეტილი.

ვაქცინები  დიდი სიკეთეა, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ  ცუდი ვაქცინა არ არსებობს, ან კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ რომელიმე  მათგანის  სარგებელი მითუმეტეს მაშინ, თუკი ის უკვე  მილიონობით ადამიანს აქვს გაკეთებული,  კვლევის მესამე ფაზის  სამეცნიერო ნაშრომი არცერთ  რეცენზირებულ ჟურნალში არ დაბეჭდილა  და სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ  ვაქცინერებულთა ნაწილს სათანადო რაოდენობის ანტისხეულები არ უმუშავდებათ. 

სწორედ ეს ვაქცინა – სინოფარმი 3 აპრილს საქართველოში შემოვიდა. რა უნდა ვიცოდეთ მასზე და,  საერთოდ,  რამდენად  არსებობს საკმარისი ინფორმაცია? 

რა თქმა უნდა,  შესაძლოა გადავწყვიტოთ, რომ  საუკეთესო ვაქცინა სწორედ ის არის, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია, რადგანაც  პანდემიისას  ნებისმიერი ვაქცინის ქონა უკეთესი შეიძლება იყოს, ვიდრე მის გარეშე დარჩენა.  თუმცა მაინც მგონია,  რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ  ინფორმაცია, რათა აირჩიონ, მოითხოვონ და გაიკეთონ მათთვის საუკეთესო ვაქცინა, რომელიც ერთადერთი გზაა თავისუფლებისაკენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ არააკრედიტირებული ჩინური ვაქცინების შესახებ სანდო ინფორმაციის პოვნა გაგიჭირდებათ.  წლის დასაწყისშივე, იანვარში,  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჩინურ ვაქცინებს განიხილავდა. მათ შესახებ სიმპატიებით საუბრობდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ ვაქცინებს საქართველოს მოსახლეობაში ნდობა არ ჰქონდა. 

რუსთავი 2-ის ეთერში მან განაცხადა: „ნახავთ, პრაქტიკა დაადასატურებს,  რომ ჩინური ვაქცინა ეფექტურობით არ გამოდგება ცუდი და  ხელწამოსაკრავი, მაგრამ ვინაიდან ჩვენთან სიტყვა ჩინური არ ასოცირდება მაღალ სანდოობასთან, რომ არ  გავაღრმავოთ მოსახლეობის  იმ სკეპტიკური ნაწილის [დამოკიდებულება], რომ არ მივცეთ მათ საბაბი, რომ უარი თქვან ვაქცინაზე იმიტომ, რომ ჩინურია, ამიტომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა და არაერთგზის განაცხადა, რომ  შემოიტანს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლსაც ექნებათ ჯანმოს პრეკვალიფიკაცია, ანუ სერტიფიცირებული იქნება ჯანმოს მიერ. ჯერჯერობით ჩინური ვაქცინა არ არის სერტიფიცირებული ჯანმოს მიერ და მას ვერ შემოიტანენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩინური ვაქცინისთვის, რომ ის ეყიდა თურქეთს,  აზებაიჯანს, ბრაზილიას, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს…“

არაბთა გაერთიანებული ემირატები, მართლაც,  საინტერესო მაგალითია, რადგანაც, 5 აპრილის მონაცემებით, ეს ქვეყანა  მსოფლიოში მესამე ადგილზეა  ვაქცინის გაკეთებული დოზების მიხედვით,  ყოველ 100 ადამიანეზე  89 ადმინისტრირებული  ვაქცინის დოზით.  ქვეყანა ვაქცინაციის დაწყების დღიდან აქტიურად  იყენებს სწორედაც  ჩინურ სინოფარმს,  უფრო მეტიც, 9 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული ემირატები  გახდა პირველი ქვეყანა, სადაც   ვაქცინას მწვანე შუქი ოფიციალურად აუნთეს, თუმცა აღნიშნული ვაქცინით ქვეყანა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს  ჯერ კიდევ სექტემბრიდან ცრიდა. მაშინ საამიროების მთავრობა ამბობდა, რომ 86 %-იანი ეფექტურობის  ვაქცინა დაარეგისტრირა. 

რაზე იყო ეს მონაცემები დაყრდნობილი ბუნდოვანი დარჩა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კვლევის მესამე ფაზის შედეგები ვაქცინის 86%-იანი ეფექტურობით  იქამდე გამოაცხადა, ვიდრე თავად ვაქცინის შემქმნელი კომპანია  წარადგენდა შედეგებს.   მოგვიანებით სინოფარმა ვაქცინის  ეფექტურობა  79.34%-ით შეაფასა და უკვე ამ წლის 2 იანვარს განაცხადა: „86%-იანი ეფექტურობა, ისევე როგორც  79.34%-იანი რეალური და დასაბუთებული მაჩვენებლებია, სხვაობა კი ქვეყნებს შორის  ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტირებისა და კვლევის მესამე ფაზის  განხილვის პროცესის სტანდარტების  განსხვავებულობამ  გამოიწვია“.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა  ჩინური სინოფარმი სხვა  ქვეყანებსაც   აქვთ დამტკიცებული, მათ შორის არის: ბაჰრეინი, პაკისტანი, ეგვიპტე,  სერბეთი, უნგრეთი…

მეცნიერთა ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს სინოფარმის ვაქცინის  ეფექტურობის  აღნიშნულ მაჩვენებლებს. მათ სურთ სხვა ვაქცინების მსგავსი დეტალური ინფორმაცია, მაგალითად ისეთი, როგორიც Pfizer /BioNTech-ის ვაქცინას აქვს.  ამ უკანასკნელმა დეტალური  მონაცემები ნოემბერში  პრესრელიზის სახით გამოქვეყნა, 10 დეკემბერს კი მესამე ფაზის კვლევის შედეგები  New England Journal of Medicine-ში  დაიბეჭდა. 

მონაცემები მუდმივად ახლდება, ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი იმან, რომ  Pfizer /BioNTec-მა ისრაელს   ვაქცინა განსაკუთრებული პირობებით მიჰყიდა. კონტრაქტი საჯაროა და ყველას შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს.  შეთანხმების თანახმად,  ისრაელი ბევრად მეტს იხდის ვაქცინაში ვიდრე სხვა ქვეყნები, ქვეყანა ასევე დათანხმდა,   ვაქცინის მწარმოებლებისთის  მიეწოდებინა ყოველკვირეული მონაცემები, რაც მოიცავს  ინფექციისა და ვაქცინაციის რაოდენობებს,  პაციენტთა დემოგრაფიას, როგორიცაა  სქესი და ასაკი. 

ისრაელის გაციფრულებული ჯანდაცვის სისტემის წყალობით,  ფარმაცევტულ კოპანიებს არამარტო  სწრაფი და სანდო ინფორმაცია მიეწოდებათ, არამედ   ბევრად მეტი მონაცემიც, ვიდრე ისინი ნებისმიერი სხვა  კვლევისგან მიიღებდნენ, რაც, რაღა თქმა უნდა,  ფასდაუდებელი  ინფორმაციის წყაროა  ფარმაცევტული ორგანიზაციისთვის.   

ამ მონაცემების  სანაცვლოდ   ვაქცინის მწარმოებელი  პასუხისმგებელია ისრაელს იქამდე მიაწოდოს  ვაქცინა, სანამ  ქვეყანა  მოსახლეობის 95%-ს არ აცრის.  შედეგად, ჩვენ ყველას გვაქვს მონაცემები,  რომელიც  გვაძლევს საშუალებას  ისრაელის მაგალითზე დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა, როგორ იცავს, აქვს  თუ არა  გვერდით მოვლენები…  დღეს უკვე ისრაელში გახსნილია თეატრები, საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები, გალერეები…

როცა ისრაელმა შეზღუდვების მოხსნა დაიწყო  არაბთა გაერთიანებულ  ემირატებში ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიშვა, ქვეყნის  ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ  ადამიანების ნაწილს  სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ  ანტისხეულების  საკმარისი რაოდენობა არ გამოუმუშავდათ, ამიტომ მათ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც დასჭირდათ.  მინისტრმა თქვა, რომ  ასეთი შემთხვევები მინიმალური იყო, თუკი  ვაქცინების ადმინისტრირებულ დოზებს შევადარებთ. უკვე ბევრი ადამიანი იმოწმებს თავს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 3 კვირის თავზე, რათა გაარკვიოს, რამდენად სჭირდება მას ვაქცინის მესამე დოზა.  ეს უკანასკნელი მათთვისაც  ხელმისაწვდომია, ვისაც პირველი დოზა 6 თვეზე დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული.

ტექნოლოგიურად სინოფარმის ვაქცინა განსხვავდება საქართველოში უკვე ნაცნობ ფაიზერის  და  ასტრაზენეკას ვაქცინებისაგან.  სინოფარმი ინაქტივირებულ ვირუსს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული.   ვფიქრობ, სწორედ ამას იყენებენ საქართველოში იმისთვის, რომ ვაქცინაცია პოპულარული გახადონ. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე  სინოფარმის წარდგენის  ტექსტში  ოთხჯერ  გვიმეორებენ, რომ ვაქცინა ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული. არავინ განმარტავს,  რატომ უნდა გვინდოდეს ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და  ვამჯობინოთ ის უახლეს ტექნოლოგიას, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. 

მაგალითისთვის, წელს  იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დააპატენტეს  ფაიზერის ვაქცინის მსგავსი, რნმ-ზე დაფუძნებული  ტექნოლოგიით დამზადებული მალარიის ვაქცინა.  უკვე ყველასთვის ცნობილი კომპანია BioNTech კი  რნმ ტექნოლოგიას ონკოლოგიური პაციენტებისათვის ინდივიდუალური  თერაპიის შესაქმნელად იყენებს, აქტიური კვლევებია  ასევე გაფანტული სკლეროზის, მუკოვისციდოზის, B ჰეპატიტის, ტუბერკულიოზის, აივ ინფექცია/ შიდსის, გრიპის, ცოფის  მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებითაც. 

მომავლის მედიცინას მოვეშვათ და სინოფარმის ტრადიციულ ვაქცინას დავუბრუნდეთ, მეორე დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.  ვაქცინის მესამე ფაზის კვლევებს არგენტინამ, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ, მაროკომ, პაკისტანმა,   პერუმ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უმასპინძლეს.  კარგი ის არის, რომ სინოფარმის ვაქცინას არ სჭირდება  განსაკუთრებული შენახვის პირობები, ის 2-8  °C ტემპერტურაზე ინახება. 

კომპანიის საიტზე ვკითხულობთ: სინოფარმი სახელმწიფო მფლობელობაშია და მას 128 000 ადამიანი ყავს დასაქმებული. სინოფარმი უშვებს   სხვადასხვა სახეობის წამალს და ზოგიერთი მათგანი აღიარებულია  ამერიკისა და ევროკავშირის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ. კომპანია ვაქცინების წარმოებაში მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ადგილს იკავებს, ჩინეთში კი  „იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის“  ვაქცინების 80%-ის მომმარაგებელია.  

კომპანიის ვებგვერდზე  ვაქცინის შესახებ ბოლო სიახლე კი  სინოფარმის თავმჯდომარის Liu Jingzhen-ის ინტერვიუთი შეიძლება გავიგოთ, თუმცა ინტერვიუ ამ დროისთვის მოძველებულია. ის 16 იანვარს არის საიტზე დადებული. „სინოფარმის ვაქცინით 10 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი,  სერიოზული გვერდითი მოვლენები აქამდე არ არის  შეტყობინებული.  ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ვაქცინის შედეგად წამოქმნილ რეაქციებს, ძირითადად ადგილობრივ რეაქციებს ინოკულაციის არეში. სისტემური რეაქციები  კი უპირატესად მოიცავს მომატებულ ტემპერატურას, თავისა და კუნთების ტკივილს. ვაქცინაციის  მიერ გამოწვეულ რეაქციებს სწორად უნდა შევხედოთ,  რადგანაც უნდა  ავღნიშნოთ, რომ ზოგიერთი  სიმპტომი არა თავად ვაქცინის მიერ მოცემული რეაქციაა, არამედ  სხვა დაავადებების შედეგად მიღებული გამოვლინებებია. თუკი ვაქცინაციის პერიოდი დაემთხვა რეციპიენტის ინფექციური დაავადების ინკუბაციურ პერიოდს,  დაავადების წინამორბედ ფორმას ან  გამოუკვლეველ დაავადებას და ვაქცინაციისას პაციენტს გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ამ სიტუაციებს არანაირი კავშირი არ აქვს  თავად ვაქცინასთან.“ – გვეუბნება კომპანიის თავმჯდომარე Liu Jingzhen. 

როგორ უნდა გავიგოთ მისი ნათქვამი? თუ ადამიანი სრულიად ჯანმრთელი არ არის, ჩინური ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს? რა გვედით რეაქციებს გულისხმობდა ბატონი  Liu Jingzhen, როცა  ვაქცინა უდანაშაულო გამოიყვანა? სწორედ ამიტომ არის საჭირო რეცენზირებული კვლევა, სადაც შესაბამისი  პროფესიის ადამიანი ამოიკითხავს  პაციენტთა რომელ ჯგუფზე რანაირად მოქმედებს სინოფარმის ვაქცინა, რამდენად ეფექტურია სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანისთვის,  რამდენად იცავს კონკრეტული რასის წარმომადგენელს, რომელი ასაკისთვის არის განკუთვნილი პროდუქტი და ა.შ.

როიტერის ცნობით, ჩინურმა  კომპანიებმა სინოფარმმა და სინოვაკმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წარუდგინეს  კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ მონაცემები, რომელიც ჯანმოს  მოთხოვნების  შესაბამის ეფექტურობას ასახავს. მიმდინარე წლის დასაწყისის  მონაცემებით,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხოლოდ 5 ჩინური ვაქცინისთვის აქვს საექსპორტოდ წინასწარი დამტკიცება მინიჭებული, ეს მაშინ როდესაც ინდოეთის შემთხვევაში იგივე პროცედურა წარმატებით გაიარა 47-მა ვაქცინამ. 

აპრილის ბოლოსთვის იქნება ჯანმოს შეფასება, აუნთებს თუ არა ის მწვანე შუქს ჩინური ვაქცინებს. საქართველომ  კი მანამდე დაასაწყობა  ვაქცინა და ელოდება, თუ როდის გაივლის სინოფარმი ავტორიზაციას, რის შემდეგაც,  ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს.  ველოდებით იმ ფონზე, როცა  ოქსფორდ/ასტრაზენეკას ვაქცინა, რომლის გარშემოც უამრავი გამჭვირვალე ინფორმაცია არსებობს,  უსარგებლოდ და გამოუყენებლად დევს ასაცრელ პუნქტებში, სწორედ ახლა, როცა ამ სტატის  ვწერ თბილისში,    ეგრეთ წოდებულ  რესპუბლიკურ საავადმყოფოში,  ვაქცინაციის კაბინეტი ასაცრელ მოქალაქეებს უიმედოდ ელოდება.

ტრადიციული და იგივე მეთოდოლოგიით არის დამზადებული კიდევ ერთი ჩინური ვაქცინაც – სინოვაკი, რომლის  100 000 დოზა ჩინეთმა საჩუქრად გადმოგვცა და რომელსაც სინოფარმის მსგავსად the Lancet-ში აქვს გამოქვეყნებული კვლევის პირველი და მეორე  ფაზის შესახებ, თუმცა მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაზის მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ არის სათანადოდ წარდგენილი. 

ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მაგრამ, მგონი, ვაქცინას  უნდა გავუსინჯოთ სანდოობა და ხარისხი. სინოვაკი ის კომპანიაა, რომელიც  ქრთამთან დაკავშირებული სკანდალით არის ცნობილი. პეკინის სასამართლოს დოკუმენტების  ცნობით,  2002- 2014 წლებში  სინოვაკის გენერალურმა მენჯერმა კომპანიის წამლების დასამტკიცებლად  50 000 $ ქრთამად გაიღო.

სინოვაკი არ დაუსჯიათ,  ეს ჩინეთში არც არავის გაჰკვირვებია, რადგანაც მსგავსი შემთხვევები ჩინეთსთვის ნორმაა,  წამლის კომპანიები  იყენებენ ქრთამებს იმისათის, რომ არასათანადო გასამსჯელოს მქონე  საჯარო მოხელეები მედიკამენტის რეგისტრაციისთვის გამოიყენონ.  

სასამართლო ჩანაწერების მიხედვით,  ბოლო წლებში  ასობით  ჩინელი საჯარო მოხელე იყო დადანაშაულებული ვაქცინის კომპანიებისგან ქრთამის აღებაში. თუმცა ამის გამო იშვიათად თუ ისჯება ვინმე. The New York Times-ის ცნობით,  მარტო 2018-2020 წლებში  ჩინეთში იყო 59 კორუფციათან დაკავშირებული  სასამართლო გარჩევა, რომლებიც სწორედ ვაქცინის კომპანიებს უკავშირდებოდა.  მათგან 44  ადგილობრივი ხელისუფლის მოქრთამვას ეხებოდა. 

ჩინური ვაქცინის კომპნიებთან დაკავშირეებულ სკანდალებში მხოლოდ ჩინური  ვაქცინის კომპანიები და საჯარო მოხელეები არ არიან გარეულები. პერუში სონოფარმის  ვაქცინის კვლევის პერიოდში  ვაქცინასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევას  განხეთქილება მოჰყვა და მნიშვნელოვან პოზიციებზე მყოფი ადამიანების სავარძლებიც შეიწირა. 

როგორც აღმოჩნდა, ვაქცინის გამოცდაში ჩართულმა მკვლევრებმა აცრეს პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები, რითაც კვლევის წესები დაარღვიეს და ზიანი მიაყენეს სინოფარმის ვაქცინის  მიმართ  ნდობას.  ახლა უკვე ექსპრეზიდენტი  მარტინ ვისკარა პირველი  ცნობილი ადამიანი იყო, რომელიც  ადგილობრივმა მედიამ 10 თებერვალს კვლევის პროცესში მყოფი ვაქცინის არაკანონიერად გამოყენებაში ამხილა.

ეს ჯერ კიდევ ოქტომბერში მოხდა, როდესაც  ვისკარა  პრეზიდენტი იყო. ამას მოჰყვა პოლიტიკოსებისა და კვლევაში ჩართული უნივერსიტეტის  რექტორის მიერ სამსახურების დატოვება, აღმოჩნდა,  რომ დაახლოებით 470 სხვადასხვა წამყვან პოზიციენზე მყოფი პირი და მათი  ახლობელი ადამიანი სინოფარმის ვაქცინით არაკანონიერად აიცრა. აცრილთა შორის არიან  პერუს იმ დროინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ექსპრეზიდენტი  მარტინ ვისკარას ძმა და ცოლი, გამოძიება კვლავ გრძელდება. 

რატომ არის პრობლემატური პერუს პრეზიდენტის ურიგოდ აცრა,  როცა ჩვენ მედიით ვადევნებდით თვალყურს, როგორ იცრებოდნენ  სხვადასხვა სახელმწიფოების  ლიდერები  სახალხოდ,  კამერების  წინაშე. არა, არ არის პრობლემა, უპირატესობა ქვეყნის მეთაურის დაცულობას მიენიჭოს, ისიც  ლოგიკურია, რომ პრეზიდენტის, პრემიერის თუ სხვა ცნობადი ადამიანის პრიორიტეტულად და კამერების წინაშე ვაქცინაცია მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობას ამაღლებს.

პრობლემა სხვა რამეშია: 470 ადამიანი აიცრა ჩუმად, ჩაწყობით, იმ 2000 ვაქცინის ნაწილიდან, რომელიც პერუმ  ჩინეთიდან  კვლევის ფარგლებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ასაცრელად მიიღო, რაც ასევე  არღვევდა პერუში არსებულ კანონს, რომელიც ამბობს, რომ  ქევყანაში შეტანილი ექსპერიმენტული  საკვლევი პროდუქტი, როგორიცაა  ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი ვაქცინა,   ექსკლუზიურად კვლევისთვის უნდა  იყოს გამოყენებული.  ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა, რამდენად  შეგვიძლია ვენდოთ პერუში ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებულ  ინფორმაციას?

ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილებით ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენი, ჩვენი ოჯახის, ჩვენი მეგობრების, მეზობლების, თანამშრომლების  და საერთოდ  მთელი მსოფლიოს ბედსაც კი. დიახ, ძალიან დრამატულად კი ჟღერს, მაგრამ ასეა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის შედეგად  2 876 193 ადამიანი  მოკვდა.   ერთადერთი  უნარიანი ბრძოლის ხერხი კი იმისათვის, რომ  კვლავ მილიონობით, სხვისთვის და ზოგჯერ ჩვენთვის ძვირფასი, ადამიანი არ დავკარგოთ, ვაქცინაციაა. 

გამოყენებული მასალები:

http://www.sinopharm.com/en/1156.html
https://www.nytimes.com/2020/12/07/business/china-vaccine-astrazeneca.html
https://www.who.int/medicines/regulation/prequalification/prequal-vaccines/about/en/
https://www.nytimes.com/2020/05/04/business/coronavirus-china-vaccine.html
https://www.bloomberg.com/graphics/2020-coronavirus-cases-world-map/
https://www.thelancet.com/journals/laninf/article/PIIS1473-3099(20)30843-4/fulltext
https://www.aamc.org/news-insights/mrna-technology-promises-revolutionize-future-vaccines-and-treatments-cancer-infectious-diseases

https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-who-china-vaccines-idUSKBN2BN1K8

https://www.nature.com/articles/d41586-021-00576-0
https://www.ft.com/content/a1c83bcc-f3e5-488a-b33c-b516a1d7fdda

https://www.ft.com/content/040e867b-a0d1-4e6a-9a58-888da31a220c

https://www.ft.com/content/a1c83bcc-f3e5-488a-b33c-b516a1d7fdda
https://www.bbc.com/news/world-latin-america-56093094
https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa2034577
https://www.radiotavisupleba.ge/a/31042114.html
https://www.thelancet.com/article/S1473-3099(20)30843-4/fulltext
https://www.nytimes.com/interactive/2021/world/covid-vaccinations-tracker.html
https://govextra.gov.il/media/30806/11221-moh-pfizer-collaboration-agreement-redacted.pdf
https://www.dw.com/en/israels-clever-coronavirus-vaccination-strategy/a-56586888#:~:text=To%20date%2C%20Israel%20has%20administered,40%25%20of%20the%20country’s%20population.
https://www.facebook.com/watch/?v=420488002619748

https://publika.ge/chinuri-vaqcina-khelwamosakravi-ar-iqneba-ganikhileba-shemotana-cercvadze/?fbclid=IwAR1cLPiKzIuhWUjQUUg8cIgovN1EAsjYeAEb3pmk7XJtJHAlEUk2FKepfHg
https://www.aljazeera.com/news/2021/3/29/uae-to-manufacture-chinese-covid-vaccine-in-abu-dhabi

https://www.moh.gov.ge/news/5849/