ისტორიკოს გიორგი სოსიაშვილის მაღალმხატვრული დოკუმენტი

– მე უკვე ვისიამოვნე! ახლა თქვენი ჯერია! – მეუბნება მაღაზიის კონსულტანტი ბიჭი და რაღაცნაირი სიხარულით მიწვდის გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების წიგნს, რომელსაც 2021 წელს საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში „საბა“ გადაეცა.

– მართლა მოგეწონათ? – ვუბრუნებ კითხვას და ძალიან მაინტერესებს, რას მეტყვის, რაკიღა წიგნზე მცირე რეცენზიის დაწერას ვაპირებ და ამ, როგორც ჩანს, ძალიან კარგი მკითხველის აზრი ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

კი, – მეუბნება ისევ ხალისით, – თავიდან გამიკვირდა, წიგნს „ზღვა და ალუბლები“ როგორ დაარქვა-მეთქი, მაგრამ მერე, როცა მოთხრობა და, საერთოდ, წიგნი წავიკითხე, მივხვდი, რატომ აირჩია ეს სათაური.

-ყველაზე მეტად მაინც რამ მოგხიბლათ? – არ ვეშვები მე. 

-იმან, რომ ამ კაცმა ძალიან კარგად იცის ის, რაზეც წერს! – მეუბნება მოკლედ, მაგრამ დამაჯერებლად. 

ვერაფერს იტყვი: მნიშვნელოვანი შეფასებაა, რადგან ჩვენს არეულ დროში ძირითადად ისე ხდება, რომ მწერლებმა არ იციან ის, რის შესახებაც მოგვითხრობენ. 

ხოლო თუ გიორგი სოსიაშვილის  მოთხრობებმა ერთ კარგ მკითხველს ამის საპირისპირო განცდა გაუჩინა, ეს უკვე მართლაც საყურადღებო მიღწევაა.  

თუმცა, რატომ ერთს? ერთს ჩვეულებრივი, არა – პროფესიული ჟიურის წევრი – მკითხველებიდან, თორემ ამ კრებულმა საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუძლო და „საბას“ უმკაცრესმა ჟიურიმ თავის ჟანრში საუკეთესოდაც აღიარა. 

არადა, თითქოს არც ახალი სახელი ეთქმის გიორგი სოსიაშვილს ქართულ მწერლობაში: მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია თურქულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ავტორი დაჯილდოებულია  რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიით. მთავარი ისაა, რომ ამ მოთხრობების კრებულამდე რომანისტის მრავალფეროვანი გამოცდილებაც უმაგრებდა ზურგს და კრიტიკის ყურადღება არც მის სამნაწილიან რომანს დაჰკლებია, მაგრამ მისი შარშანდელი „საბა“ ბევრისათვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. 

საინტერესოა, რით მოიპოვა ჟიურის ასეთი კეთილგანწყობა და უპირობო მოწონება? 

ერთი კრიტერიუმი, აგერ, მაღაზიის კონსულტანტმაც მოგვახსენა. მაგრამ მარტო იმის ცოდნა, რაზეც წერ ანუ ის, რასაც პროფესიონალი კრიტიკოსები „მასალის ფლობას“ უფრო ეძახიან, დიდი ვერაფერი ბედენაა. მთავარია, როგორ გადაიქცევა ეს ცოდნა მხატვრულ ღირებულებად, თხრობის რა საშუალებებს იყენებს ავტორი ისეთს, რის გამოც მისი მონათხრობი მკითხველს დამაჯერებელი ეჩვენება.

გიორგი სოსიაშვილი ქართლელი კაცია, ამიტომაც უპირობოდ ენის ისეთ საგანძურს ფლობს, რაც ნიჭიერი ადამიანის ხელში ნამდვილ ენობრივ-სტილისტურ ფეიერვერკად აფეთქდება და სწორედ ამას ვხედავთ სარეცენზიო კრებულის ოთხივე მოთხრობაში. 

ეს არის უაღრესად მდიდარი და დახვეწილი, ლიახვის ტალღებში განბანილი ქართული, რომელიც მდინარიდან ახლად ამოსული და მზეს მიფიცხებული ადამიანის ლამაზი სხეულივით ციმციმებს რთული სინტაქსური შუქ-ჩრდილების მდიდარ ათინათში. 

გამოცდილ მკითხველს სოსიაშვილის ეს სტილისტური მრავალფეროვნება პირველ რიგში ოთარ ჩხეიძის პროზას გაახსენებს. თუმცა გახსენებაც რად უნდა? სოსიაშვილი ოთარ ჩხეიძის პირდაპირი მემკვიდრეა,  ჯერჯერობით ლამის ოდნავ გაცილებული ეპიგონობის არც თუ სასიამოვნო წრეს, ინდივიდუალურმა ნიჭმა ჰა და ჰა, რომ უნდა გაარღვიოს იგი, ერთი ნაბიჯი რომ გარეთ გაუდგამს, მაგრამ ცალი ფეხი მაინც იქა რჩება – იმ წიაღში, საიდანაც რეალურად არის ამოზრდილი. 

რაკი მოთხრობების კრებულია, ალბათ, ამიტომაც ყველაზე უწინ გენიალური ოთარ ჩხეიძის „ჩემი სოფლის ეტიუდებიდან“ და მისი სტილისტიკა წამოგვიტივტივდება გონებაში, თორემ, ზოგადად, გიორგი სოსიაშვილი ოთარ ჩხეიძის სკოლის პროზაიკოსია და ეს მხოლოდ დიდი კომპლიმენტია და არა ნაკლი, რადგან ეს დახვეწილი სკოლა ოთარ ჩხეიძისა, ყველას ვერ „იგუებს“, დიდი ნიჭი და ოსტატობაა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი მის „მემკვიდრედ“, მისი მიგნებების ღირსეულ გამგრძელებლად მოიაზრებოდეს.

და ნამდვილად ასეთი ნიჭიერი კაცია გიორგი სოსიაშვილი, თორემ ქართლში მანამდეც ბევრი დაბადებულა და მერეც ბევრი დაიბადება, მაგრამ ასეთ მოთხრობებს, ასეთ წიგნს ბევრი ვერ დაწერს, წიგნს, რომლის ყოველი ფრაზა გულწრფელობით, უბრალოებითა და დიდი ცხოვრებისეული სიმართლით არის გადანათებული.

კრებულის „ზღვა და ალუბლების“ ოთხივე მოთხრობა შიდა ქართლში რუსეთის მიერ გაღვივებული ეთნოკონფლიქტის სხვადასხვა წახნაგს შეეხება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ამ ომის წანამძღვრებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, მოთხრობებისათვის ომი მხოლოდ მნიშვნელოვანი ფონია, რომლის მეშვეობითაც რთული ადამიანური ბედისწერები, ხასიათები თუ ურთიერთობები იხატება. 

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიით ისტორიკოსი გიორგი სოსიაშვილი ამ მოთხრობებში თითქოს ივიწყებს თავის ძირითად პროფესიას და მეცნიერულ შეფასებებს კი არ გვთავაზობს, რაც უთუოდ გააფერმკრთალებდა ამ მოთხრობათა მხატვრულ ღირსებას, არამედ დრამატული კოლიზიების, თხრობის არაერთგვაროვანი დანაშრევების მეშვეობით გვიხატავს ყოფის სინამდვილეს, რომლის შემზარაობასაც ადამიანური ხასიათების სიწრფელე და სიმართლე „ანელებს“. 

პირველ მოთხრობაში „სეფას ბიჭი“ გიორგი სოსიაშვილი ლიტერატურული მონოლოგის ნამდვილ ოსტატად გვევლინება. ქართლურ კილოკავზე ამეტყველებული პერსონაჟის მთელ ტირადას მკითხველი ისე ჩაიკითხავს, რომ მცირედი ეჭვიც კი არსად შეეპარება ავტორის სიმართლეში. ალბათ ამასაც გულისხმობდა ის არაჩვეულებრივი კონსულტანტი, როცა აღნიშნა, რომ სოსიაშვილმა იცის, რაზეც წერსო.

იცის და მერე როგორ? მთელი ეს ომი, საქართველოს შუაგულში გაჩაღებული მთელი ეს აბსურდი, მის გულსა და გონებაში ათასნაირად არის გამოვლილი. ამ ცოდნის პირმშოა ეს არაჩვეულებრივი წიგნი – ისტორიკოს გიორგი სოსიაშვილის მაღალმხატვრული დოკუმენტი, რომელიც ბოლო წლების ქართული ლიტერატურის ღირსშესანიშნავ ფაქტად მოგვევლინა.