იწვევს თუ არა ჭადრის ბუსუსები ალერგიას

ქრისტინე მუჯირი

გაზაფხული ალერგიის გამწვავების პერიოდია. ამ დროს მცენარეები ყვავილობას და დამტვერვას იწყებს, მათი ნაწილი კი მაღალი ალერგენობით ხასიათდება.

თბილისის მცხოვრებლები ალერგიას ხშირად ჭადრის ხეების ბუსუსებს აბრალებენ, ჭადრები კი თბილისის ქუჩებში მრავლადაა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმს, იმუნოლოგ და ალერგოლოგ მადონა დევიძეს, რომელიც სეზონური ალერგიის გამომწვევ მიზეზებსა და ალერგიისგან თავის დაცვის საშუალებებზე გვესაუბრა.

იწვევს თუ არა ჭადრის ბუსუსები ალერგიას

ექიმის თქმით, ზოგადად, ყვავილობის პერიოდში მცენარეები ალერგიულია, თუმცა ზოგიერთი მაღალი, ზოგი კი დაბალი ალერგიულობით ხასიათდება.

როგორც მადონა დევიძე ამბობს, ჭადრის ხე არ ხასიათდება მაღალი ალერგიულობით, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც ბუსუსები აქვს.

მისი თქმით, ჭადრის ბუსუსები არის ყვავილის თესლი, ანუ უკვე გამხმარი ყვავილი და ის მხოლოდ მექანიკური გამღიზიანებელია. ნებისმიერ ადამიანს ამ ბუსუსების სახეზე ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას ეწყება ქავილი და ხველა, რაც განპირობებულია იმით, რომ ის არის უცხო სხეული. ექიმი ამბობს, რომ ასეთი ბუსუსები როგორც ჭადარს, ასევე ვერხვსაც (იგივე ალვის ხეს) აქვს.

მადონა დევიძის განმარტებით, ჭადარი და ვერხვი ალერგიული შეიძლება იყოს მარტში, როდესაც ის ყვავილობს და არა მაშინ, როდესაც ბუსუსები, იგივე ყვავილის თესლი ტრიალებს ჰაერში.

„ყვავილის მტვერი ქარის საშუალებით გადადის და ვრცელდება 100-120 კილომეტრის დისტანციაზეც. არ არის აუცილებელი, რომ ეზოში იდგეს. თუ ქარმა მოიტანა შორის დისტანციიდან, იმ პაციენტებს, რომლებსაც ამ კონკრეტული მცენარის მიმართ აქვთ ჰიპერმგრძნობელობა, მოჭარბებული რეაქცია, ექნებათ სიმპტომები, მაგრამ, როდესაც მცენარე უკვე იკეთებს ამ ბუსუსებს, ეს არის ამ ყვავილის თესლი და ამ შემთხვევაში ყვავილობა დასრულებულია. ეს აღარ არის საფრთხე ალერგიული თვალსაზრისით“, – ამბობს ის.

ალერგოლოგის თქმით, ჭადარი სასარგებლო მცენარეა და მას ხშირად თბილისის ფილტვებსაც უწოდებენ. ჭადრები დიდი რაოდენობით ცუდ ჰაერს შთანთქავს და ასუფთავებს მას, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ისინი გზის ნაპირებზეა დარგული – იქ, სადაც დიდი რაოდენობით გამონაბოლქვია.

„იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანმა არ იცის, რაზე აქვს ალერგია და ამ დროს ჭადრისა და ვერხვის ბუსუსი მოედება სახეზე, თან ისედაც აცემინებს, თვალები ექავება და ცრემლი სდის, ჰგონია, რომ ჭადრისა და ვერხვის ბუსუსებია დამნაშავე. რეალურად, ეს მცენარეები არაფერ შუაში არ არის და არც ეს ბუსუსები არ იწვევს იმდენად დიდ გაღიზიანებას, რომ ჩვენ ამისთვის ჭადრებს გავუბრაზდეთ“, – თქვა მან.

 რომელი მცენარეები ხასიათდება მაღალი ალერგიულობით

როგორც ალერგოლოგი ამბობს, აპრილის ბოლოს, მაისში იწყებს ყვავილობას ყველაზე მაღალი ალერგიული თვისებების მქონე მცენარეები – ბალახები და მარცვლოვნები (ქერი, ხორბალი და ა.შ.).

„მათ კლასიფიკაციას რომ შევხედოთ, 0-5 ქულიან სკალაზე – მათ ალერგიულობას ენიჭება 5 ქულა. უმრავლესობა ადამიანებისა, რომელთაც აქვთ სურდო, ცემინება, ცრემლდენა, ხველა, ბრონქოსპაზმი, მცენარეებისგან გამოწვეული ასთმა – უმეტესად „დამნაშავე“ არის ის მცენარე, რომელიც ამ პერიოდში ყვავის და ამ დროს ყვავის ბალახი“, – ამბობს დევიძე.

ექიმის თქმით, მაღალი ალერგიულობით ხასიათდება კვიპაროსის ხეც, რომელიც ახლა ყვავილობს და თბილისსა და მის შემოგარენში მრავლად გვხვდება.

„ლამაზი ხეა და ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყეს მისი დარგვა, რადგან გარემოს ადვილად ეგუება. განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება გასაზრდელად და ამიტომ ყველასთვის მარტივი მოსავლელია“, – განაცხადა მადონა დევიძემ.

როდის იწყება და სრულდება სეზონური ალერგიის პერიოდი

ალერგოლოგის თქმით, მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფს დამტვერვის პერიოდი სხვადასხვა პერიოდში ეწყება, ამიტომ მცენარეების მიმართ ალერგიული ადამიანების სამკურნალოდ მიმართვიანობა იანვრის ბოლოდან ნოემბრამდე პერიოდში იზრდება.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ალერგიისგან

ექიმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სხვადასხვა მცენარეზე ჰქონდეთ ადამიანებს ალერგია, მათ აერთიანებთ ის, რომ ეს არის ალერგია მცენარეების მიმართ და მიდგომაც, გარკვეულწილად, ერთნაირია.

იმუნოლოგის თქმით, კარგია თუ პაციენტი გამოიკვლევს, რომელ მცენარეზე აქვს ალერგია და შემდეგ უკვე მცენარეული ალერგენების კალენდრის გამოყენებით შეძლებს პრევენციასა და თავის დაცვას.

„ჩვენ ყოველ ორშაბათს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის  facebook-გვერდზე ვაქვეყნებთ მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს. იქ იწერება, თუ რომელ კვირაში დაიწყებს ყვავილობას კონკრეტული მცენარე, როგორი კონცენტრაციით ყვავის ის და ა.შ. ეს ადამიანებს ეხმარება, იყვნენ ინფორმირებულნი, რომ მათთვის საზიანო მცენარე იწყებს ყვავილობას და დროულად უნდა მივიდეს ექიმთან და დაიწყოს მკურნალობა“, – ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც პაციენტი დაადგენს, თუ რომელ მცენარეზე აქვს ალერგია, მას შეუძლია ჩაიტაროს იმუნოთერაპია, გაიკეთოს ალერგიული ვაქცინები, რომლებიც ორგანიზმს შეაგუებს იმ ალერგენებთან, რომლებზეც აქვს ალერგია და დროთა განმავლობაში   აღარ ექნება ალერგია სეზონზე.

ექიმის განმარტებით, ადამიანებს, სამედიცინო მკურნალობის გარდა, შეუძლიათ, თავი დაიცვან ალერგიისგან სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად:

პიკურ პერიოდებში თავი აარიდონ ქალაქგარეთ გასვლას, პიკნიკებზე; თავი აარიდონ მზიან და ქარიან ამინდში გარეთ გასვლას; რეკომენდებულია, ალერგიულმა ადამიანებმა ატარონ მზის სათვალე, ყვავილის მტვერი თვალს რომ არ მოხვდეს; გაიკეთონ ნიღაბი, რომ არ შეისუნთქონ ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვერი.

მადონა დევიძის თქმით, პაციენტებმა, რომლებმაც ყვავილობის პერიოდში გარეთ გაატარეს დრო, სახლში მისვლისას ტანსაცმელი უნდა გარეცხონ, ჩამოიბანონ სახე და მარილიანი წყალით გაისუფთაონ ცხვირი; თაკარა მზის დროს არ გააღონ ფანჯრები; გამოიყენონ მტვერსასრუტები და კონდიციონერები ჰეპაფილტრებით, რომლებიც ჰაერს გაასუფთავებენ.