ჯიპებიდან დანახული ქვეყანა

გელა კვაშილავა

კოვიდპანდემიამ მსოფლიო შეცვალა. ახალი რეალობის კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საქართველო, როგორც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა რეგულაციებისა და შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობს. ეკონომიკის ყველა სექტორი ხელოვნური სუნთქვის რეჟიმშია, და მთავრობა პერიოდულად ჟანგბადის მიწოდებით ცდილობს, ის სიკვდილს გადაარჩინოს. რაც კორონას პერიოდში თავს ყველაზე კარგად გრძნობს, არის ჯიპები, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება უკვე დიდი ხანია აკრძალულია და მისი გახსნის პერსპექტივაც არ ჩანს. საქართველოში ჯიპი, რომ სპეციალური სტატუსითა და სიყვარულით სარგებლობს არახალია.

თუმცა კოვიდმა მისდამი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზარდა, რადგან საქართველოს ხელისუფლების რეაგირება კოვიდსა და სხვა გამოწვევებზე ძირითადად ჯიპებიდან დანახული და აღქმული რეალობიდან გამომდინარე ხდება. თუ ჯიპები დადიან, ქვეყანა ცოცხალია, ეკონომიკა მუშაობს და ხალხიც კმაყოფილია. რასაც ვხედავთ, მარტო კერძო ავტომანქანებზე დამოკიდებულის რაოდენობის გაზრდის პირობებში, კვირის დღეებში დიდ ქალაქებში საცობებმა და ჰაერის დაბინძურების დონემ კიდევ უფრო მოიმატა.

არადა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძირითადად გადაადგილდებიან საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ეს ის ადამიანებია, რომელთა შემოსავალი თვეში ათას ლარს არ აღემატება. ამ ადამიანებს კოვიდამდე პირადი მანქანა არ ჰყოლიათ, და არც იმის შესაძლებლობა ჰქონიათ, რომ ის შეეძინათ. თუმცა კოვიდმა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ხნით აკრძალვამ, ჯიპებზე დამოკიდებული გახადა. ისინი გაღარიბდნენ, თუმცა გადაადგილებაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების სხვა გზა ხელისუფლებამ უბრალოდ არ დაუტოვა.  ასეთები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70% შეადგენს და ისინი დღეს იძულებული არიან დაკარგული სამსახურის, შემოსავლის პირობებში, კერძო ავტომანქანის შეძენაზე იფიქრონ და დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღებისკენ გადაგდან ნაბიჯი. თუ კოვიდის პირველი ტალღის დროს საზოგადოების რეაქცია ნაკლებად საპროტესტო იყო, ახლა პოლიტიკური პარტიების, მეწარმეების ნაწილი, მოქალაქეების ჯგუფები უკვე აქტიურად აპროტესტებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასეთი ხანგრძლივი პერიოდით ჩაკეტვას.

ორი კვირის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიმართა მთავრობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სადაც 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა მოითხოვა, უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით. ამავე პერიოდში, ფეისბუკგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მონაწილეთა (894 რესპონდენტი) 75% ემხრობოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას. აქვე უნდა ითქვას, რომ თბილისს, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებს აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სატრანსპორტო საშუალებები. მათმა დიდმა ნაწილმა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გასულ წელს ახალი ავტობუსები შეიძინა. ეკლესია და საფინანსო ინსტიტუტები მთავრობის პოლიტიკას კოვიდთან ბრძოლაში გაგებით ხვდება, და არსაიდან ჩანს უმრავლესობის ინტერესების დამცველი.

კოვიდმა კიდევ უფრო გაზარდა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა და ამაში დიდი როლი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვამ ითამაშა. ვირუსის გავრცელება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე ნაკლებად ხდება, რასაც უამრავი მაგალითი თუ კვლევა ადასტურებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა თავისუფლად შესაძლებელია ამ სფეროში არსებული რესურსების გამოყენებით, რადგან მოქალაქეების ნაწილი ისედაც უარს ამბობს მის გამოყენებაზე და დატვირთვა ბუნებრივად შემცირდა.

საფრანგეთი, სინგაპური, ინგლისი, ამერიკის შტატები, ავსტრალია და სხვა მკაცრი კოვიდშეზღუდვების ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ოპერირებს, თუმცა ბუნებრივია, სოციალური დისტანციისა და აქტიური სანიტარული წესების დაცვით.

საქართველოსთვის ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე მისაღებია ისრაელის ვარიანტი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი რვა საათამდე მუშაობს და შაბათ-კვირას დაკეტილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის ხემძღვანელი პირების განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საქმიანობის გაგრძელება აუცილებელია ეკონომიკისთვის და მნიშვნელოვანია ხალხის სამუშაო ადგილებზე, სახლში, სკოლებში და აუცილებელ მომსახურებებთან მისაყვანად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სხვა საშუალებით არ შეუძლია მგზავრობა. თუმცა იქაც ესმით, როგორც ფიზიკური დისტანცირების, ისე მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გამოყენება გავლენას მოახდენს ამ სერვისების შესაძლებლობებზე.

ტრანსპორტის სრული აკრძალვა არც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მომხდარა. ქორწილებში, ბარებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში რეგულაციების დაცვა და გადაადგილების შეზღუდვა, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკეტვით შეუძლებელია. ასეთმა შეზღუდვამ გზა გაუხსნა არაფორმალურ გადაყვანებს და გადაჭედვებს სამარშრუტო ტიპის ტაქსებში და კერძო ავტომანქანებში. გადაადგილების მთლიანად ჩაკეტვა შეუძლებელია, აკრძალვის პირობებში ის სახეს შეიცვლის და უსაფრთხოების, სხვა სტანდარტების დაცვა და კონტროლი კიდევ უფრო რთული გახდება. პირიქით, მთავრობის არსებული კოვიდრეგულაციების დაცვა უფრო ადვილია ლეგალიზებული ბიზნესოპერატორებისა და სადგურების მეშვეობით. ერთი შეხედვით ტრანსპორტის აკრძალვა ყველაზე სწრაფი პასუხია ვირუსის გავრცელებაზე, თუმცა ის შეიძლება გახდეს უფრო დიდი პრობლემების საფუძველი. ეკონომიკის ყველა სფეროში ტრანსპორტის დანახარჯზე მნიშვნელოვანი წილი მოდის, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის. სოციალური დახმარება, სასიცოცხლოდ საჭირო აქტივობების განხორციელება უამრავი მოქალაქისთვის დღითიდღე მიუწვდომელი ხდება. რესტორნების, მოლებისა და სხვა ობიექტების გახსნა აზრს კარგავს, თუ პარალელურად არ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციების დაცვით გახსნა.

კოვიდთან ერთად ცხოვრება კიდევ რამდენიმე წელი ნამდვილად მოგვიწევს. ცალსახაა, რომ მარტო კერძო ტრანსპორტისთვის მწვანე შუქის ანთებით მას ვერ დავამარცხებთ, უფრო პირიქით.