კიდევ ერთი მაგალითი

გიორგი ლობჟანიძე

თინა ჭილაძის მოგონებების გამო

მოგონებების ჟანრი ბოლო დროს ჩემი უსაყვარლესი საკითხავი გახდა და არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ სხვა რამ მიზეზია, მაგრამ ნამდვილ ამბებს მხატვრულ ლიტერატურაზე დიდი გატაცებითაც კი ვკითხულობ ზოგჯერ.

მაგალითად, ამ დღეებში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე თინა ჭილაძის წიგნი „თამაზთან და ოთართან ერთად“, რომლის ავტორიც თავისი დიდი ძმების, მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ორი უბრწყინვალესი წარმომადგენლის თამაზ და ოთარ ჭილაძეების შესახებ მოგვითხრობს.

ბუნებრივია, რომ ამ წიგნს ალაგ-ალაგ ნაივურობისა თუ ბავშვური გულუბრყვილობის ელფერი გადაჰკრავს, რადგან ქალბატონი თინასათვის თამაზ და ოთარ ჭილაძეები ლეგენდები კი არა, მისი უსაყვარლესი ძმები იყვნენ, რომლებთანაც, რომლებზე ზრუნვაშიც და რომელთა ზრუნვით გარემოსილმაც, მთელი თავისი ცხოვრება გაატარა.

ახლა ფიზიკურად აღარცერთი არა ჰყავს გვერდით და მით უფრო დასაფასებელია, რომ ძვირფასმა და ერთგულმა დამ, საკუთარ თავში იპოვა ძალა ამ წიგნის დასაწერად.

ქალბატონი თინა ჭილაძე ბავშვობიდან დღევანდლამდე თითქმის ქრონოლოგიური სიზუსტით მიჰყვება მოვლენებს და მკითხველისთვის უკვე ფურცელზე აღადგენს იმას, რაც მისმა გულმა და გონებამ ამ წლებიდან შემოინახა.

ცხადია, მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებზე ჰყვება, იმაზე, რაც გულმა ვერ გაიმეტა დასავიწყებლად და გონებამ დასტური მისცა, რომ სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

სწორედ ამ გონების მითითება მგონია ის, რომ ეს წიგნი მოცულობით ძალიან პატარა გამოვიდა იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ვერ გეტყვით ეს კარგია თუ ცუდი.

ბოლო დროს რაღაც დოკუმენტური პროზისმაგვარის მცდელობა მეც მქონდა ჩემი წარსულის გაანალიზების მიზნით და ვიცი, რომ საკუთარ თავზე, შენს უინტიმურეს განცდებზე თხრობა ყველაზე მძიმე ლიტერატურული საქმე აღმოჩნდა იმ საქმეებსა და ჟანრებს შორის, სადაც კი საკუთარი ძალები მომისინჯავს.

ცხადია, თინა ჭილაძის წიგნის მთავარ გმირებს თავს სულაც არ ვუტოლებ, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან კარგად მესმის, რა რთულია წარსულზე ისე წერო, რომ საკუთარ თავთანაც მაქსიმალურად გულწრფელი იყო, მკითხველთანაც და ამავე დროს არც ის ადამიანები დაჩრდილო თუ დააზიანო, ვის შესახებაც წერ შენ თავთან და ამბებთან ერთად.  ამიტომ ჩემთვის ნათელია ის პირობითობებიცა და ერთგვარი შინაგანი აკრძალვებიც, რაც ასეთი წიგნის ავტორმა შეიძლება თავის თავს დაუწესოს და რის გამოც წიგნი მაქსიმალურად დაწურული გამოვიდა.

შეიძლება, ესეც მე მომეჩვენა ასე, რადგან თინა ჭილაძის ეს მშვენიერი ნაშრომი ზუსტად რამდენიმე საათში წავიკითხე და გული დამწყდა, რომ ასე მალე დავამთავრე. მინდოდა, დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო.

თანაც უპირველესად თვალში მომხვდა ავტორის ლამის ასკეტური თავშეკავება და ზომიერება შეფასებებისას.

მემუარულ ლიტერატურაში ძალიან ხშირია, როცა ადამიანი თავის თავს ან თავისი წიგნის გმირს თითქმის ჰიპერბოლურად აფასებს და ამას, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მკითხველი ჩვეულებრივ, ყოვლად უბოროტოდ, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე აღიქვამს.

თითქოს ორივე მხარე, მწერალიცა და მკითხველიც, წინასწარ იყოს შეთანხმებული, რომ აქ მიუხედავად ნამდვილი ამბებისა, მაინც პერსონაჟთან ან პერსონაჟებთან გაქვს საქმე და თანაც, ისინი, განსხვავებით თანამედროვე მხატვრული პროზის წინააღმდეგობრივი გმირებისაგან, ლამის შუა საუკუნეების რაინდული პროზის უნაკლო სახასიათო პერსონაჟებს ჰგვანან: ყოვლად კეთილნი არიან, ყოვლად მოწყალენი, ყოვლად მოწესრიგებულნი და ყოვლად დადებითნი.

თინა ჭილაძის მოგონებებში ეს სრულებითაც არ არის ასე და ავტორი ორივე ძმას ძალზე რეალისტურად, შეულამაზებლად, ყოველგვარი გაბუქებული ზიზილ-პიპილოებს გარეშე გვიხატავს. თან გაბუქებას ვინ ჩივის, როცა საქმე შეფასებაზე მიდგება, ერთ ზედმეტ ეპითეტსაც კი ვერსად წააწყდებით, ოდნავ მინიშნებასაც კი იმაზე, რომ ვთქვათ, მისი ძმა – ოთარ ჭილაძე არამხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ თანამედროვე მსოფლიო პროზის ერთ-ერთი აღიარებული ოსტატია.

მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებში გაკრთება ეს სინამდვილე და მაშინაც ქალბატონი თინა იქვე ან იუმორს მიუმარჯვებს ან სარკაზმს, თითქოს ამ სინამდვილის ასე შიშვლად აღიარებაც კი ეუხერხულებოდეს.

მაგალითად, როცა ისეთ საგულისხმო რამეს გვეუბნება, რომელიც ოთარ ჭილაძის ნობელის პრემიაზე  2-ჯერ წარდგენას შეეხება.

ერთს თითქოს სასხვათაშორისოდ ახსენებს, ერთი წარდგენის ამბავს კი მკაფიოდ, მაგრამ უძუნწესი შტრიხებით მოგვაწოდებს.

„1999  წლის ნობელის პრემიის დარჩენილ ხუთ ნომინანტს შორის იყო ოთარ ჭილაძეც, რომელმაც, როგორც უცხოეთში აღინიშნა, პრემია გუნტერ გრასს დაუთმო. შევარდნაძისათვის რომ უკითხავთ, რატომ არაფერს აკეთებთ, რატომ არ ეხმარებითო, უპასუხია, – მეშინია, უფრო არ შევუშაო ხელიო. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს მაშინ არამარტო არ აღუნიშნავთ, არამედ არც არავის გაუგია, ჩვენი ხალხისათვის უცნობი დარჩა, ისევე, როგორც 1991 წელს იმავე ოთარ ჭილაძის პრემიაზე წარდგენა ჩეხოსლოვაკიის პენკლუბის მიერ…

და მაინც ეს დიდი აღიარება იყო. ოთარი ხომ ხუთეულში დარჩა, თუმცა გერმანიამ გვაჯობა!!!“

აი, ასეთი დეპეშური, უაღრესად ლაპიდარული სტილით გვიყვება ქალბატონი თინა ძალიან დიდ ამბებს. არსად არ იყენებს ზედმეტ  განსაზღვრებას, ყველანაირად გაურბის შეფასებას, მაგრამ მაინც უზუსტესად აფასებს ქვეტექსტითა თუ ბოლომდე არგამხელილი სათქმელით. თუნდაც ეს  დასკვნა რად ღირს:  „და მაინც ეს დიდი აღიარება იყო. ოთარი ხომ ხუთეულში დარჩა, თუმცა გერმანიამ გვაჯობა!!!“.

ცხადია, აჯობა არა მწერალმა მწერალს, არამედ სახელმწიფოებრივმა მიდგომამ არასახელმწიფოებრივ მიდგომას, გულშემატკივრობამ გულგრილობას, საკუთარი კარგის ცოდნამ და დაფასებამ საკუთარი არაჩვეულებრივის დაუფასებლობას…

თორემ ოთარ ჭილაძეს ქართველ მწერალთაგან ალბათ ყველაზე მეტად ჰქონდა შანსი, საქართველოსათვის პირველი ნობელი მოეტანა და აქ მაინდამაინც იმას არ ვგულისხმობ, რომ ის ყველაზე უკეთესი მწერალი იყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რატომაც არა! მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მისი რომანები ყველაზე სხვა ავტორის ნაწარმოებებზე მეტად თარგმნილი და ცნობილია ევროპაში, მაგალითად, იმავე გერმანიაში, სადაც მის წიგნებზე საუკეთესო მთარგმნელები მუშაობდნენ და სადაც გემოვნებიანი მკითხველი საზოგადოება მას ძალიან აფასებდა.

მაგალითად, არაჩვეულებრივი გერმანელი მეცენატი და ლიტერატურის სიღრმისეულად, პროფესიულად მცოდნე ბატონი იორგ ჰენლე აღტაცებას ვერ მალავდა ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“-ზე საუბრისას.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, ყველამ, ხელიდან გავუშვით საქართველოსათვის ეს მართლაც ისტორიული შანსი, ისევე, როგორც ხელიდან გავუშვით ეს შანსი გივი მარგველაშვილის შემთხვევაში.

და, საერთოდ, პროფესიული შურიანობა კიდევ გასაგებია, მაგრამ რაც ამ  ბოლო დროს მწერლებთან დაკავშირებით ხდება, რა აგრესიაც მათდამი ზოგჯერ მოდის ჩვეულებრივი მკითხველისაგან, ეს კიდევ ცალკე საკვლევი და სასაუბრო თემაა.

საბედნიეროდ, ოთარ ჭილაძე იმ თაობის მწერლებს ეკუთვნოდა, როცა ლიტერატურას, მწერლობას, მწერლებს ხალხი წინასწარმეტყველებასავითა და წინასწარმეტყველებივით უყურებდა და მათ ნაწერებს წარმოუდგენლად აფასებდა. ხშირად სრულიად არალოგიკურ რომანტიკულ ბურუსში ხვევდა მათ არსებობას და ეგონა, რომ მწერლების განსაკუთრებული კასტა, სხვა გარემოში ცხოვრობდა, სრულიად დალხენილ და მოცლილ სინამდვილეში და ყოფითი პრობლემები არცერთ მათგანს არ აჭირვებდა.

ასეთი ბურუსის გაფანტვას ხელს დიდად უწყობს თინა ჭილაძის წიგნების მსგავსი მემუარები, სადაც მწერლის სრულიად ჩვეულებრივი, ადამიანური პორტრეტი, მისი რეალური იერ-სახე გამოიკვეთება.

მაგალითად, ამ ძვირფას მოგონებაში:

„მახსოვს, ბავშვობაში ოთარმა პირველად რომ წამიყვანა ზღვაზე, ბათუმში, მამიდასთან. მატარებლით ვიმგზავრეთ. ოთარმა ლოგინი გამიწყო და დამაწვინა, დაიძინე, მეც მალე მოვალო და კუპედან გავიდა. ველოდე, ველოდე და რომ აღარ გამოჩნდა, კუპედან მეც გავედი. ოთარი ღია ფანჯარასთან მთელი თავდავიწყებით ეწეოდა სიგარეტს, მე დავექადნე, თბილისში რომ ჩავალთ, დედას ვეტყვი-მეთქი. ბათუმში ყოფნის დროს ოთარი ზედ მყვებოდა. აღარ იცოდა, როგორ გავერთე, ყოველდღე ნაყინს ყიდულობდა, ოღონდ დედას არ უთხრაო! დავბრუნდით თბილისში. სადგურიდან ტრამვაით წამოვედით. ოთარს ხელი არ გაუშვია ჩემთვის. სულ მიცინოდა. აი, ჩვენი სახლიც… შესვლა ვერ მოვასწარი, კარიდანვე მივაძახე დედას – დედა, იცი, ოთარმა სიგარეტი მოწია-მეთქი….“.

ამ პატარა ჩანაწერშიც ძალიან კარგად ჩანს თინა ჭილაძის წიგნის მნიშვნელოვანი თავისებურება: უაღრესად ყოფით დეტალებში ისეთი სიცხადით იკვეთება მისი მწერალი ძმების ადამიანური თვისებები თუ ჩვეულებები, რაზეც ასე მკაფიო წარმოდგენას ალბათ ათეულობით ნაშრომიც კი ვერ შეგვიქმნიდა.

და კაცმა რომ თქვას, შეფასება სწორედ ამ აკადემიური ნაშრომების პრეროგატივაა. შესაფასებელი და ასათვისებელი ორივე ამ დიდებულმა ძმამ უხვად დაგვიტოვა. „ინტელექტის“ მიერ ნატო გორდელაძისა და ზვიად კვარაცხელიას რედაქტორობით გამოცემულ ამ შესანიშნავ წიგნს კი სულ სხვა ფუნქცია აქვს, რასაც ის, დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით შეასრულებს: დაგვანახოს თამაზ და ოთარ ჭილაძეები ისე, როგორც მათ ხედავდა მათი არაჩვეულებრივი და, რომელსაც, ეჭვი არ მეპარება და მით უმეტეს ამ წიგნის წაკითხვის შემდგომ, რომ დიდი წვლილი მიუძღოდა იმაში, რომ ის პატარა ოთარი და თამაზი, რომელთა შორისაც წიგნის გარეკანზე თვითონ სოკოსავით ჩასკუპებულა, მომავალში დიდი ოთარ და თამაზ ჭილაძეები გახდნენ.

ეს წიგნიც სწორედ ამ დიდი, დაუჩრდილავი დაძმობის კიდევ ერთი მაგალითია.