კინორეჟისორი ჯაფარ პანაჰი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის კინოფესტივალის დირექტორებისკარლო შატრიანისა და მარიეტ რისენბეკის განცხადებით, ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი, რომელმაც 1 თებერვალს შიმშილობა გამოაცხდა, უკვე გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ.

ახლა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბატონ პანაჰის ჯანმრთელობაზე, რომ ის საბოლოოდ თავისუფალი იყოს და არ შეეზღუდოს გადაადგილების უფლება. ბერლინის კინოფესტივალი ასევე სოლიდარობას უცხადებს ირანში დაპატიმრებულ არტისტებსა და კინოხელოვანებს, რომლებიც რამდენიმეთვიანი საპროტესტო გამოსვლებისას ან ამ მოვლენების შემდგომ დააპატიმრეს. ჩვენ ასევე ვიბრძოლებთ მათი უფლებებისათვის“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ვებგვედზე გამოქვეყნდა.

ცნობილი ირანელი კინორეჟისორი ჯაფარ პანაჰი, რომელიც თეირანში თითქმის შვიდი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, გირაოს სანაცვლოდ პარასკევს, 3 თებერვალს, გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია – „ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (CHRI) ადასტურებს, რომლის ცენტრალური ოფისი ამჟამად ნიუიორკში მდებარეობს.

ჯაფარ პანაჰი, რომლის ფილმებმა ყველაზე ცნობილი ევროპული კინოფესტივალების პრიზები და ჯილდოები დაიმსახურა, შიმშილობის დაწყებიდან ორ დღეში გაათავისუფლეს. ამის დასადასტურებლად ირანულმა გაზეთმა Shargh-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღმეჭდილია პანაჰის შეხვედრა თავის ერთერთ მხარდამჭერსა და მეგობართან, თეირანში მდებარე ევინის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.

ეს არაჩვეულებრივია, ნამდვილი შვება და სიხარულია“, – ასე გამოეხმაურა ფრანგი პროდიუსერი და სცენარისტი მიშელ ჰალბერშტადი ამ მნიშვნელოვან ფაქტს. ჰალბერშტადი პანაჰის ფილმების ექსკლუზიური პროდიუსერი და გამავრცელებელია  საფრანგეთში. „შემდეგი ბრძოლა უკვე სასჯელის გაუქმების ოფიციალურად აღიარება იქნება. რაც მთავარია, ის გარეთ არის, თავისუფალია და ეს უკვე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მან AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

62 წლის რეჟისორი 2022 წლის ივლისში დააკავეს, ჯერ კიდევ საპროტესტო აქციებამდე, რომლებიც ირანში სექტემბერში დაიწყო და შემდგომში არნახული მასშტაბი შეიძინა. „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვისპანაჰის მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი მეუღლის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  1 თებერვალს პანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა პატიმრობის პირობების გასაპროტესტებლად. მანამდე კი ყველაზე ცნობილი ევროპული კინოფესტივალების (კანის, ბერლინი და ვენეცია) დირექტორებმა და ფრანგი კინორეჟისორების გილდიამ პანაჰის გათავისუფლება მოითხოვეს.

ჯაფარ პანაჰი მრავალი კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია: 1997 წელს – „ოქროს ლეოპარდილოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (ფილმისარკე“), 2000 წელს – პრიზი ვენეციის კინოფესტივალზე („წრე“), 2006 წელს – „ვერცხლის დათვისაუკეთესო რეჟისურისათვის ბერლინის კინოფესტივალზე („ოფსაიდი”)…

2010 წლის მარტში ჯაფარ პანაჰი დააპატიმრეს და მოგვიანებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ანტისამთავრობო საქმიანობისა და 2009 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. პანაჰის ასევე აეკრძალა ფილმების გადაღება და ინტერვიუების მიცემა 20 წლით!

2011 წელს მან შინაპატიმრობაში გადაიღო ფილმი სახელწოდებით – „ეს არ არის ფილმი“, რომელიც იმავე წელს უჩვენეს კანის კინოფესტივალზე. აღსანიშნავია, რომ ფილმის მასალა ირანიდან საფრანგეთში ტორტში დამალული ფლეშკით შეიტანეს.   პანაჰის პასპორტი დღემდე ირანის უშიშროების სამსახურის ხელშია, რის გამოც მას საზღვარგარეთ გამგზავრება არ შეუძლია. გადაღების აკრძალვის მიუხედავად, 2013 წელს ბერლინში შედგა მისი ფილმის – „დახურული ფარდისპრემიერა, რომელიც  რეჟისორმა თავის აგარაკზე, შინაპატიმრობაში გადაიღო. ფილმსვერცხლის დათვიგადაეცა საუკეთესო სცენარისთვის. ხოლო 2015 წელს მისმა ახალმა ნამუშევარმა – „ტაქსი“ – ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დათვიდა საერთაშორისო კინოპრესის ჯილდო  (FIPRESCI) დაიმსახურა.