მამობრივი ინსტინქტი „ტრავიატაში“ 

დავით ბუხრიკიძე

ოპერის ისტორიაში ალბათ, იშვიათია ისეთი ნეგატიური პერსონაჟი და მასთან დაკავშირებული კონტექსტიც, როგორც ჯორჯ ჟერმონია, ვერდის „ტრავიატაში“. ვიოლეტა ვალერის ტრაგიკულ ბედს ხომ სწორედ მისადმი მამა-ჟერმონის უსულგულო და შეუბრალებელი დამოკიდებულება განსაზღვრავს. თუმცა, ასე არ ფიქრობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი, „მეტროპოლიტენ ოპერის“ სოლისტი გიორგი გაგნიძე, რომელმაც მამა ჟერმონის პარტია 14, 15 და 18 მაისს უკვე იმღერა ნეპოლის საოპერო თეატრ „სან კარლოში“ დადგმულ „ტრავიატაში“.

„მუდმივად მოქნილი, აწმყოსა და რეალობაში პრაქტიკული, ხისტი ხასიათის ჯორჯ ჟერმონი“… გიორგი გაგნიძეს იდეალური ვოკალური და არტისტული მონაცემები აქვს ჯორჯ ჟერმონის პარტიისთვის“, – წერს იტალიური პრესა ქართველი ბარიტონის შესახებ. 

თავად მომღერალი კი აღნიშნავს: „როგორც ყველა მამა, ჯორჯ ჟერმონიც შვილის ბედზე დარდობს. მის ბედნიერ მომავალზე ფიქრობს და სულაც არ არის მონსტრი ან ბოროტი. ვერდის „ტრავიატას“ პირველივე დადგმიდან რატომღაც ისეთი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ ალფრედის მამა ბოროტების სიმბოლოდ შერაცხონ რეჟისორებმა. არადა, ის უბრალოდ ვიწრო თვალთახედვის ბურჟუა და პრაქტიკული ჭკუის ადამიანია, რომელიც ცდილობს თავისი შვილი საყვარელი ქალის გავლენისგან დაიხსნას და ასე ვთქვათ, „სწორ“ გზაზე დააყენოს“.

ნეაპოლში, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს და უძველეს საოპერო თეატრში, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 14 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, ვერდის ოპერა „ტრავიატას“ საპრემიერო წარმოდგენები მიმდინარეობს… უკვე მაყურებლების თანდასწრებით. ჯორჯ ჟერმონის პარტიაზე რეჟისორმა მარინა ბიანჩიმ და ოპერის ხელმძღვანელობამ, მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მომღერალი, გიორგი გაგნიძე მიიწვია, რომელიც ორ სხვადასხვა შემადგენლობასთან ერთად, შვიდ სპექტაკლში იმღერებს.

მარინა ბიანჩის კლასიკურ და ტრადიციულ დადგმას დირიჟორი კარელ მარკ შიშონი დირიჟორობს. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ – აილინ პერესი და ალექსანდრა კურზაკი (ვიოლეტა ვალერი), ლეონარდო კაიმი და ივან მაგრი (ალფრედ ჟერმონი), მარიანჯელა მარინი (ფლორა ბენუა). სპექტაკლი 2 საათი და 40 წუთი გრძელდება და პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს ითვალისწინებს. სპექტაკლს დისტანციის დაცვით დაახლოებით 400 ადამიანი ესწრება. 

ჯორჯ ჟერმონის პარტია მომღერლის რეპერტუარში გამორჩეული და ძალიან მნიშვნელოვანია. 2007 წელს სწორედ ამ პარტიით წარსდგა გიორგი გაგნიძე მაყურებლის წინაშე პირველად „ლა სკალაში“. ამ სპექტაკლს ესწრებოდა პიტერ გელბი – „მეტროპოლიტენ ოპერის“ გენერალური მენეჯერი, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა გიორგი გაგნიძის წარმატებული კარიერა მსოფლიოს საოპერო სცენებზე. მან მაშინვე დაპატიჟა გიორგი გაგნიძე ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“. 2008 წლიდან ქართველი ბარიტონი უკვე „რიგოლეტოს“ ბრწყინვალედ შესრულებული პარტიით მიიკვლევს გზას მსოფლიოში. რასაც მოჰყვა სკარპია „ტოსკაში“, ამონასრო „აიდაში“, იაგო „ოტელოში“. მომღერლის რეპერტუარი 2022 წლის ბოლომდე უკვე დაგეგმილია, ხოლო ვოკალური კალენდარი – სრულად შევსებული. 

გიორგი გაგნიძე 24-ე სამუსიკო სკოლაში სწავლობდა, თუმცა ოპერა დიდად არ აინტერესებდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ ნახვა და მოსმენა მამასთან ერთად, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 1991 წელს თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა. სტუდენტობა ომსა და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას დაემთხვა. მისი პედაგოგი მომღერალი თამაზ ლაფერაშვილი იყო. 

კონსერვატორიაში ჩაბარებიდან სამი წლის შემდეგ, გიორგი გაგნიძე თბილისის ოპერის სოლისტი გახდა და მაესტრო ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით დაახლოებით ათი წლის განმავლობაში წამყვან პარტიებს მღეროდა. 2000 წელს, სანკტ-პეტერბურგში ელენე ობრაზცოვას სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე დიდ წარმატებას მიაღწია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოდგა 2005 წელი, როდესაც ბუსეტოში „ვერდის ხმების“ კონკურსში გაიმარჯვა და ცნობილი ესპანელი ტენორის, ხოსე კარერასის ფავორიტადაც იქცა.

სწორედ ბუსეტოს კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაეხსნა რეალურად ქართველ მომღერალს გზა ნიუ-იორკის, მილანის, ბერლინის, პარიზის, ჰამბურგის თუ ვენის საოპერო სცენებისკენ. განსაკუთრებული აღმოჩნდა იაპონიის ტურნე გამოჩენილ დირიჟორთან, მაესტრო ლორინ მააზელთან ერთად. 2018 წელს გიორგი გაგნიძემ ჯორჯ ჟერმონის პარტია „ტრავიატაში“ პარიზის ბასტილის თეატრში იმღერა. ცნობილ საოპერო წყვილთან – რობერტო ალანიასთან და ალესანდრა კურსაკთან ერთად. 2019 წელს კი ასევ „ტრავიატათი“ შედგა მისი დებიუტი ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის სცენაზე. სპექტაკლს დანიელ ორენი დირიჟორობდა.

2020 წელს ჯორჯ ჟერმონის პარტია ბარსელონას სახელგანთქმულ ლისეოს თეატრში შეასრულა. პრემიერის შემდეგ ცნობილმა ესპანურმა ჟურნალმა „ოპერა აქტუალმა“ გარეკანზე გიორგი გაგნიძის ფოტო დაბეჭდა და სტატიაში მის მიერ შესრულებულ ჟერმონის პარტიის შესახებ დაწერა: „გიორგი გაგნიძე გამოირჩევა საოცრად დახვეწილი ვოკალური ტექნიკით, ტემბრის სრულყოფილებითა და ჰავერდოვანი ჟღერადობით“.