მას, ვისაც ეს ეხება | ღია წერილი საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესზე

პუბლიკა

ავტორი: დავით ოთიაშვილი. დამოკიდებულების კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოციებული პროფესორი.

არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე (და შემდეგ პლენარულ სხდომაზე) ნარკოკანონმდებლობის ახალი ინიციატივის განხილვისას განვითარებულ მოვლენებს. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ საზოგადოებას, მათ შორის მოქმედი ნარკოკანონმდებლობის შედეგად უსამართლოდ დაზარალებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა სახის მოვლენასთან გვაქვს საქმე. მით უმეტეს, რომ ჩვენ, ყველა ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ვცდილობთ ამ უსამართლო პოლიტიკის შეცვლას, დაგვადანაშაულეს იმაში, რომ თურმე ჩვენი ბრალია ადამიანები ჯერ კიდევ ციხეებში რომ იხდიან სასჯელს ნარკოტიკის მოხმარების გამო. დასანანია, რომ ამ წერილში მიწევს საუბარი არა პოლიტიკის ცვლილებების შინაარსზე, არამედ იმ უსამართლო, საგანგაშო და მიუღებელ მიდგომაზე, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დარგში მოღვაწე სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის ამჟამად აირჩიეს.

რას ვითხოვთ, როდესაც ვსაუბრობთ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე

როდესაც 2007-2008 წლებში ექიმები, უფლებათადამცველები და მომხმარებელთა თემის წარმომადგენლები ერთად ჩავერთეთ ნარკოპოლიტიკის რეფორმაში, ვიცოდით, რომ ხანგრძლივი და რთული გზა გვექნებოდა გასავლელი. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენი შეთავაზებების არსი ნათელი იყო, ხოლო ცვლილებების გატარების აუცილებლობა კი აშკარა – მოდით, ათასობით ადამიანს, ვინც მოიხმარს ამა თუ იმ ნივთიერებას, ნუ გავუშვებთ ციხეში, არამედ შევთავაზოთ სერვისები, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. ეს ყველაფერი ქვეყანას დაუჯდება უფრო იაფი, იქნება უფრო ეფექტური (მაგალითად, დაეხმარება წამალდამოკიდებულ ადამიანებს განკურნებაში, რასაც ციხეში ყოფნა ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს) და იქნება უფრო სამართლიანი. აღარ გაუბედურდება ათასობით ოჯახი, არ დაენგრევა ცხოვრება ათასობით ახალგაზრდას, ვისი ერთადერთი „უკანონო ქმედება“ ცხოვრებაში არის კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარება. ჩვენი წინადადებები გამყარებული იყო ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციით და რეკომენდაციებით და უამრავი მეცნიერული მტკიცებულებით. ერთი შეხედვით, ვინ უნდა ყოფილიყო ამ კეთილშობილი მიზნების წინააღმდეგი და ნეტა, რა არგუმენტები უნდა მოეყვანათ შეთავაზებული ცლვილებების საპირისპიროდ. მით უფრო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც მოიხმარა ნარკოტიკი და არ ყოფილა ჩართული მის გასაღებაში.

რატომ არ ხდება ქმედითი რეფორმების გატარება საქართველოს ნარკოპოლიტიკაში

თითქმის 15 წელია, რაც ამ პროცესში ვართ ჩართული და ამ პერიოდის განმავლობაში საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა იმ შაბლონურ არგუმენტებთან მიმართებით, რომელთა გამოყენებითაც ხელისუფლებები (მოქმედი თუ წინა) ცდილობენ რეფორმების არგატარების გამართლებას. საბოლოო ჯამში, როგორც წესი, ერთი მთავარი არგუმენტი რჩება – თითქოს, ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაზრდის რისკს, რომ მეტი ადამიანი დაიწყებს მოხმარებას და ნარკოტიკის გასაღებას, ხელისუფლებას კი აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას მოსახლეობა ამგვარი რისკებისგან და ამიტომ, ჩვენს წინადადებებს ვერ დათანხმდება.

ყველა აღიარებს, რომ ნარკოკანონდმებლობა არ გვივარგა და დასახვეწია, რომ მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ, როდესაც საქმე მიდის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებლად გამოჩნდება მმართველი გუნდის წევრი, რომელიც შეახსენებს დანარჩენებს, რომ საჭიროა სიფრთხილე და დაფიქრება და გადაწყვეტილების მიღება აღარ ხდება. ლამაზი სიტყვები და ზოგად ჭეშმარიტებებზე საუბარი რიტორიკის დონეზე რჩება, პრაქტიკაში ცვლილებების განსახორციელებლად კი არაფერი კეთდება.

გამოცდილება გვაჩენებს, რომ სინამდვილეში, ნებისმიერი მთავრობის პირობებში, ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე ყოველთვის დამოკიდებულია ძალოვანი სტრუქტურების პოზიციებზე. ამას ხელს უწყობს ჯანდაცვის სამინისტროს პასიური პოზიცია, რომელიც ყოველთვის თვლიდა, რომ მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ სერვისების უზურველყოფაა, პოლიტიკის ფორმირება კი სხვა უწყებების პრეროგატივა. მოქმედი ხელისუფლება 2012 წლის ბოლოს მოვიდა ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის დაპირებით და იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის დასაწყისში მოამზადა კიდევაც საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც სისტემურ ცვლილებას გულისხმობდა. ეს უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა, თუმცა 2013 წელს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ჩააგდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმა და ფაქტობრივად, ბევრი წლით, გადადეს იგი (დღემდე – 9 წლით, ხოლო უკანასკნელმა საკომიტეტო მოსმენამ ცხადყო, რომ შესაძლოა, ბერად უფრო დიდი ხნით).

რა მოხდა 1 თებერვალს საკომიტეტო განხილვაზე

როგორც აღვნიშნე, უკვე მრავალი წელია, რაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ვართ ჩართულები და ამ პერიოდის განმავლობაში  მივეჩვიეთ (სამწუხაროდ) ჩვენი ოპონენტების მხიდან მეტ-ნაკლებად სტანდარტულ ქმედებებს – აუცილებლად ადგება ვიღაც და იტყვის, რომ ჩვენ გვინდა მთელმა საქართველომ გაბრუებულმა იაროს და მომავალ თაობას და გენოფონდს ვუქმნით საფრთხეს, ვიღაცა ბიზნესინტერესების გატარებაში დაგვდებს ბრალს (ნარკოლოგიურ კლინიკებს გულისხმობენ ამ შემთხვევაში), ვიღაც კი ნარკობარონებთან კავშირში დაგვადანაშაულებს. აუცილებლად გამოჩნდება „ექსპერტი“, რომელიც იტყვის, რომ ჩვენს მიერ მოყვანილი უამრავი მტკიცებულება და ბევრი ქვეყნის მაგალითი არ არის საქართველოსთვის რელევანტური (ჩვენ ხომ ყველასგან განსხვავებულები ვართ), და შესაძლოა ისიც იკადროს, რომ ტყუილებში დაგვდოს ბრალი. მოქმედი პირები შესაძლოა, იცვლებოდნენ, თუმცა მათ მიერ გაჟღერებული „არგუმენტები“ და ტექსტები, როგორც წესი, იდენტურია.

უკანასკნელი საკომიტეტო განხილვები, რომელიც 1 თებერვალს შედგა პარლამენტში, განსხვავებული აღმოჩნდა. ჩვენ გავხდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე (სავარაუდოდ, დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული) შეტევის და დისკრედიტაციის მცდელობის მოწმენი.  მოულოდნელი და უაღრესად გამაოგნებელი იყო, რასაც ჩვენ იქ ვისმენდით. როდესაც შემოთავაზებული კანონპროექტის მიმართ ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით, ძალიან გაგვიბრაზდნენ. არ მჯერა, რომ ჩვენგან სხვა რამეს ელოდებოდნენ, ვინაიდან 8 ნივთიერების შემოთავაზებული ზღვრული ოდენობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სამი წლის წინ იცოდნენ. ეს ოდენობები იმ დროს ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიად შემოგვთავაზა შსს-მ და პროკურატურამ და მაშინვე გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია – ეს ოდენობები ვერ იქნება არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი. იგივე გავიმეორეთ ამჯერადაც და მივიღეთ გაბრაზებული პასუხი, რომ ვართ უმადურები და ვერ ვხედავთ ყველა იმ სიკეთეს, რასაც მმართველი ძალა აკეთებს ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით.

შემდეგ დაგვემუქრნენ, რომ საერთოდ უკან გაიწვევდნენ კანონპროექტს და ჩვენ მოგვიწევდა პასუხის გაცემა იმ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის, ვინც ამ ინიციატივის მიღების შედეგად ციხიდან უნდა გამოვიდეს და ჩვენს გამო ვეღარ გამოვა. შემდეგ იყო დამრიგებლური ტონით  ჭკუის სწავლება და აგვიხსნეს, რომ ხელისუფლებასთან კრიტიკული განწყობით და კამათით ვერაფერს მივაღწევთ და თანამშრომლობის სხვა ფორმები უნდა მოვძებნოთ.

და ბოლოს, კულმინაციის სახით, დაგვადანაშაულეს იმაში, რომ ჩვენს გამო იხდიან ადამიანები ციხეში სასჯელს. საუბარია იმ პატიმრებზე, რომელთა უფლებებისთვისაც წლებია ვიბრძვით, ვის უსამართლო და უაზროდ მკაცრ დასაჯასაც ამდენი ხანია ვაპროტესტებთ. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ხელისუფლების ნებით (თუ რაიმეს შეცვლის ნების არარსებობით) და მოქმედი დრაკონული კანონმდებლობის პირობებში თვალით უხილავი ოდენობის „ფლობის“ ბრალდებით მრავალი წელი იმყოფება გისოსებს მიღმა. თურმე, ჩვენ რომ ვითხოვთ „კომპლექსურ და მასშტაბურ რეფორმებს“ და ამ რეფორმების განხილვაში ამდენ რესურსს ვახარჯვინებთ, არ ჰყოფნით დრო, რომ „პატარ-პატარა სიკეთეები“ (ამჟამად წარმოდგენილი კანონპროექტის სახით) აკეთონ.

გაოგნებული ვუსმენდი მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მცდელობას თავიდან აერიდებინათ პასუხილმგებლობა ესოდენ აუცილებელი სისტემური რეფორმის არგანხორციელებისთვის და ამგვარად გაემართლებინათ საკუთარი უმოქმედობა.  ეს არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობის ტვირთის სხვაზე გადატანის მცდელობა. ეს მცდელობა, ასევე, მიზნად ისახავს პოლიტიკური ელიტისგან განსხვავებული აზრის მქონე დარგის სპეციალისტთა და სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფების დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ როდესაც მმართველ გუნდს არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი არ დარჩა საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, მათ გადაწყვიტეს  განტევების ვაცის მოძიება და ჩვენზე ამ სახის შეტევის განხორიელება.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერც კი გაერკვევა, კონკრეტულად რაში დაგვდეს ბრალი. დარწმუნებული ვარ, ბევრი იფიქრებს, რომ ამ ადამიანებმა თუ სისტემური და თანმიმდევრული ცვლილება მოითხოვეს, ამით როგორ შეეძლოთ ბოროტება ჩაედინათო.

ასევე არ გამოვრიცხავ, რომ გარდა საზოგადოების თვალში ნარკოპოლიტიკის რეფორმის მოძრაობის დისკრედიტაციისა, ამ ინტერვენციის მიზანი აგრეთვე ერთმანეთის (მმართველი გუნდის წევრებს ვგულისხმობ) გამხნევება შეიძლება ყოფილიყო – უმრავლესობის წევრებმა ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ (უფრო სწორად, ამ ცვლილებით ისევ არაფერს რომ არ აკეთებენ) და ისიც იციან, რომ სამოქალაქო სექტორი ამაზე არ დადუმდება, ხოლო თავდასხმა კი თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს.

არასდროს არ გამოვსულვარ პარლამენტის შენობიდან ასეთი იმედგაცრუებული და დათრგუნული. ბუნებრივია, ამ თავდასხმასაც გავუძლებთ და გავაგრძელებთ არსებული კაცთმოძულე ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში არასდროს მქონია სურვილი და მცდელობა უღირსი ხრიკებით მიმეღწია სასურველი შედეგისთვის. ამისათვის საჭირო თვისებები არ გამაჩნია. როგორც ყოველთვის, ჩვენი ბრძოლის ეს ეტაპიც მრავლისმთქმელი გამოცდილებაა, რომლიდანაც სათანადო გაკვეთილებს გამოვიტანთ და სამომავლოდ ამგვარი უსამართლო და უღირსი თავდასხმის მცდელობებს უფრო ძლიერები და მომზადებულები დავხვდებით.