„მეოთხე ბრაიტონის“ სამი პრიზი

დავით ბუხრიკიძე

ლევან კოღუაშვილის ფილმის წარმატება კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

გერმანიის ქალაქ კოტბუსში დასრულდა 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2 ნოემბერს გაიხსნა და 7 ნოემბრამდე გრძელდებოდა. ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ („Brighton 4“), რომელიც წელს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში წარადგინა საქართველომ, ერთბაშად სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო ინდივიდუალური შესრულება (მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ლევან თედიაშვილს გადაეცა), კინოკრიტიკოსთა სპეციალური პრიზი („ფიპრესის“ პრემია) და ეკუმენისტური ჟიურის პრიზი.

ფილმის მთავარი გმირია ყოფილი მოჭიდავე კახი, რომელიც ნიუ-იორკში წლების წინ ჩასული შვილის დასახმარებლად ამერიკაში მიემგზავრება. მთავარ როლს ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს. ეს მისთვის კიდევ ერთი გამორჩეული როლია კინოში. მაყურებელს ცხადია, ახსოვს ლევან თედიაშვილის ბრწყინვალე ნამუშევარი გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“, რომლშიც მან გოგია კენკიშვილი განასახიერა.

აღსანიშნავია, რომ კოტბუსის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ლუკა ბერაძის ფილმი „ბოდიში დაგვიანებისთვის“. ფილმის სიუჟეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მუშაობას ასახავს, რომელიც გამოძახებაზე დააგვიანებს. ლუკა ბერაძის ფილმი რეალურად მომხდარ დრამატულ ისტორიას ეფუძნება.

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი (ის ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქია) განსაკუთრებულ აქცენტს აღმოსავლეთ ევროპულ კინოზე აკეთებს და 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ბევრი საინტერესო, მხატვრული თუ სოციალური პრობლემებით გამორჩეული ფილმის აღმომჩენი გახდა. მათ შორისაა ქართული ფილმებიც: 2017 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობდა რეჟისორების – გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის „რვა წუთი“, ხოლო 2019 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმებს შორის, საკონკურსო პროგრამაში მოხვდა გიგა ლიკლიკაძის „ღორი“, რომელმაც კრიტიკოსთა შორის კონტრავერსიული შეხედულებები წარმოშვა და მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.

2011 წელს რეჟისორ ქეთი მაჭავარიანის სოციალური დრამა „მარილივით თეთრი“ კოტბუსის კინოფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა… ასე, რომ ქართული ფილმების წარმატება კოტბუსში არახალია და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება.

ლევან კოღუაშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ინდივიდუალური ხედვით გამორჩეული  რეჟისორია.  გადაღებული აქვს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფილმები -„ქუჩის დღეები“, „ქალები საქართველოდან“, „შემთხვევითი პაემნები“.

„მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ივნისში, ტრაიბეკას კინოფესტივალზე, ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამასთანავე, ჯილდოები დაიმსახურეს ლევან თედიაშვილმა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს და ბორის ფრუმინმა – ფილმის სცენარისტმა. ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალი 2002 წელს დაარსდა. ფესტივალის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და ინიციატორია მსახიობი რობერტ დე ნირო.