მისიე რამბალ-კოშეს არტისტული დასასრული

დავით ბუხრიკიძე

96 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა ფრანგული კინოს გამორჩეული მსახიობი მიშელ ბუკე, რომელიც მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდა მულტიმილიონერ რამბალ-კოშეს როლით ფილმში „სათამაშო“.

მიშელ ბუკე დაიბადა 1925 წლის 6 ნოემბერს პარიზში, ჟორჟ ბუკესა და მარი არდონის ოჯახში. დედამისი შეძლებული ოჯახიდან იყო, მამა -საფრანგეთის არმიის ოფიცერი, რომელიც გერმანელებმა პარიზის ოკუპაციის შემდეგ დაატყვევეს.

ომის პერიოდში ახალგაზრდა ბუკე მუშაობდა საკონდიტრო ქარხანაში, მოგვიანებით ბანკის კლერკად.

მეგობარი მსახიობის, მორის ესკანდის რჩევით მიშელ ბუკემ პარიზის დრამატული ხელოვნების ეროვნულ სკოლაში დაიწყო სწავლა. უკვე 50-იან წლებში სახელი გაითქვა როგორც თეატრალურმა მსახიობმა. თამაშობდა მოლიერის, ბეკეტის, პინტერისა და ტომას ბერნჰარდის პიესებში. იმავე პერიოდში თანამშრომლობდა სახელოვან თეტრალურ რეჟისორთან ჟან ვილართან.

თუმცა საერთაშორისო აღიარება მსახიობს მაინც კინომ მოუტანა; კერძოდ, 60-იან წლებში „ახალი ტალღის“ ცნობილი რეჟისორების, კლოდ შაბროლისა („მოღალატე ცოლი“), („ვიდრე ღამე ჩამოწვება“) და ფრანსუა ტრიუფოს („პატარძალი იყო შავებში“) ფილმებმა. 1965 წელს მან გაახმოვანა ალენ რენეს საეტაპო დოკუმენტურ ფილმი „ღამე და ნისლი“, რომელიც ჰოლოკოსტის შემზარავ ფაქტებს დოკუმენტური რეალობითა და მხატვრული განზოგადებით აერთიანებს.

ალენ დელონისა და ჟან-პოლ ბელმონდოსგან განსხვავებით, მიშელ ბუკეს „ჩვეულებრივი გარეგნობა“, მაგრამ უჩვეულო, ეკონომიური არტისტიზმი და ნახევარტონებით გამორჩეული ირონია ლამის იდეალურად მოერგო საშუალო კლასისის მამაკაცის იმიჯს. მოგვიანებით მის თამაშს დაემატა უბრალოება, თავშეკავებულება, რთული შინაგანი ცხოვრებისა და ემოციების თავშკავებით გადმოცემის უნარი.

ყოფილ საბჭოეთში მიშელ ბუკეს ძირითადად ორი ფილმი იცნობდნენ: “სათამაშო”, (რეჟისორი ფრანსის ვებერი), რომელშიც მულტიმილიონერ პიერ რამბალ-კოშეს განასახიერებს და “ორნი ქალაქში” (ცინიკური ინსპექტორი ბუატრო ხოსე ჯოვანის ცნობილ ფილმში). მსახიობის ხანგრძლივი შემოქმედება და ლამის რეკორდული რაოდენობის როლები (100-ზე მეტი როლი კინოში!) ოსტატობით შექმნილი უარყოფითი პერსონაჟებით სიმრავლით გამოირჩევა. მათ შორისაა დაუნდობელი და სასტიკი ინსპექტორი ჟავერი რობერ ოსეინის ფილმში „საბრალონი“ (ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით).

1998 წელს მიშელ ბუკეს გადაეცა მოლიერის პრემია – საფრანგეთის უმაღლესი თატრალური ჯილდო, ბერტრან ბლიეს სპექტაკლში („კოტლეტები“) შესრულებული მთავარი როლისათვის.

მსახიობს ორჯერ მიღებული აქვს ფრანგული კინოს ყველაზე პრესტიჟული პრემია “სეზარი”. ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის როლის შესრულებისთვის. 2012 წელს, 87 წლის მიშელ ბუკემ განასახიერა ოგიუტს რენუარის როლი ჟილ ბურდოს ბიოგრაფიულ ფილმში “რენუარი, უკანასკნელი სიყვარული”.