მომცრო დივა, ნამდვილი დივა

დავით ბუხრიკიძე

ნიუ-იორკის Beacon Theatre-ის სცენაზე მონიკა ბელუჩიმ მარია კალასის კაბა და როლი ერთდროულად მოირგო – მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“.

 

2023 წლის 2 დეკემბრამდე (საოპერო ვარსკვლავის, მარია კალასის დაბადების 100 წლის იუბილემდე) ლამის ათი თვეა დარჩენილი, მაგრამ ოპერის მოყვარულებისა და განსაკუთრებით, კალასის ფანებისათვის დიდი თავგადასავალი უკვე დაიწყო.

ჰოლივუდმა, როგორც ყოველთვის, კრეატიულობა და სიმარდე გამოიჩინა და ყველას დაასწრო: მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება უკვე დაიწყო ჩილელი წარმოშობის რეჟისორმა, პაბლო ლარაინმა. ფილმში, სახელწოდებით „მარია“, ბერძნული წარმოშობის ამერიკელ საოპერო დივას ანჯელინა ჯოლი განასახიერებს. თუმცა ამ მნიშვნელოვან მოვლენას არც თეატრალური სამყარო ჩამორჩა – კინოვარსკვლავმა, მონიკა ბელუჩიმ ნიუ-იორკის ცნობილ „Beacon Theatre-ის სცენაზე, იანვრის ბოლოს მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“კალასის როლი შეასრულა.

58 წლის იტალიელმა კინომსახიობმა კალასისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საიუბილეო ტურნე (სხვათა შორის, კამათი იმის შესახებ, როდის დაიბადა მარია კალასი, 1923 წლის 2 დეკემბერს თუ 4 დეკემბერს, დღემდე გრძელდება) ჯერ კიდევ გასული წლიდან დაიწყო. ათენში, აკროპოლისის კიბეებზე, ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში – 21, 22 და 23 ოქტომბერს, ის ბრიტანელი რეჟისორის, ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ტომ ვოლფის ტექსტის მიხედვით დადგმულ მონოსპექტაკლში – „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“ ცდილობდა, ბერძნული პუბლიკის ინტერესი და მოლოდინი გაემართლებინა.

თუმცა ტომ ვოლფის სპექტაკლს საკმაოდ თავშეკავებული შეფასებები მოჰყვა ევროპულ პრესაში. ამგვარი ორაზროვნების ფონზე, 27 და 30 იანვარს ნიუ-იორკში წარმოდგენილი სპექტაკლები ამერიკულმა პრესამ, მაგალითად „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, გაცილებით მკაცრად და ზოგჯერ დაუფარავი ირონიით შეაფასა: „თქვენ შეიგრძნობდით ქაოსურ ენერგიასა და ზუზუნს თეატრის შიგნითაც და გარეთაც, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სპექტაკლში მონაწილეობს მონიკა ბელუჩი, რომელიც კითხულობს მარია კალასის წერილებს მომღერლის კარიერის დასაწყისიდან სიკვდილამდე. ორკესტრის ცოცხალი შესრულება სცენაზე და განსაკუთრებით, დივას ჩანაწერების მოსმენა იმდენად მომნუსხველია, რომ მიკროფონით წარმოთქმული ტექსტისა და მსახიობის მონდომებული მელოდრამატულობისა აღარ გჯერათ…“

ამ სპექტაკლამდე რეჟისორმა ტომ ვოლფმა კალასისადმი ერთგულება და ლამის 20-წლიანი სიყვარული, საინტერესო დოკუმენტური ფილმით – „მარია კალასის შესახებ“ (Maria by Calass) დაამტკიცა. ეს ფილმი 2018 წელს კანის კინოფესტივალის სპეციალურ პროგრამაში უჩვენეს, ხოლო 2019 წლის თებერვალში – ბერლინალეს არასაკონკურსო პროგრამა „პანორამაში“.
დეკემბრამდე, ანუ საიუბილეო თარიღამდე საკმაოდ შორია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მითები და რეალობა კალასის ცხოვრების შესახებ არათუ გაიყო და გაირკვა – პირიქით, ერთმანეთს შეერია და ერთმანეთში გადაიხლართა. ამდენად, ყოველი ახალი მცდელობა, ეს იქნება მოგონებები, დოკუმენტური ფილმი თუ ორიგინალური ფორმის სპექტაკლი, მხოლოდ ამტკიცებს ამ დიდი მომღერლის, ამოუხსნელ, ფენომენალურ და ტრაგიკულ ვოკალურ-არტისტულ ტალანტს.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მონიკა ბელუჩის კალასის შავი კაბა აცვია, რომელშიც დივა 50-იანი წლების ბოლოს, გახდომის შემდეგ პოზიორობდა ფოტო და ტელეკამერების წინ. „ის მომღერლის პირად წერილებსა და მოგონებებს ხან დივანზე მჯდომი კითხულობდა და ხან ავანსცენაზე მდგომი. ცდილობდა კალასს პლასტიკურად მაინც დამსგავსებოდა, რადგან ზედმეტად ლამაზი და ცარიელი იყო დიდი და შთამბეჭდავი ვოკალის საპირწონედ“, – აღნიშნავს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

ეკრანზე დროდადრო ჩნდებოდა იმ ადამიანების სახელები და პორტრეტები, ვისდამიც იყო მიმართული წერილები. სცენის სიღრმეში განლაგებული ორკესტრი კი ასრულებდა ნაწყვეტებს ცნობილი ოპერებიდან, რომელშიც თავის დროზე კალასი მღეროდა.

მთავარი შეცდომა თუ გაუგებრობა, რასაც სპექტაკლი ქმნის, მიმომხილველების აზრით, არის ის, რომ გაუგებარია, ვისდამია ეს პერფორმანსი მიძღვნილი: მელომანებისადმი, რომლებმაც ისედაც თითქმის ყველაფერი იციან კალასის ბიოგრაფიის შესახებ? საოპერო ნეოფიტებისადმი, რომლებიც უბრალოდ იმიტომ დაესწრნენ სპექტაკლს, რომ მონიკა ბელუჩი „ხორციელად“ ენახათ სცენაზე? იქნებ უფროსი თაობისადმი, რომელიც, ალბათ, გაიგებდა კალასის ერთ-ერთი წერილის შინაარს, რომელიც მან 60-იან წლებში საყვარელ და ერთადერთ პედაგოგს, ელვირა დე იდალგოს მისწერა – „ჩემი გული საბოლოოდ გაბზარულია!“ (იგულისხმება განშორება არისტოტელე ონასისთან და ბერძენი მილიარდერის ქორწინება ჟაკლინ კენედისთან).

ასეა თუ ისე, „მაყურებელი ძნელად დაიჯერებს, რომ ბელუჩი კაბის მოხდენილად ტარებისა და უკან გადავარცხნილი, ორად გაყოფილი თმის მიუხედავად, სიყვარულით დაზარალებულ ქალს თამაშობს, რომელიც ტრაგიკული ცხოვრებით ცხოვრობდა“. – აღნიშნულია სტატიაში.

ნიუ-იორკის შემდეგ, ტომ ვოლფის სპექტაკლი „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“ გაზაფხულიდან ევროპის კონტინენტზე დაბრუნდება და წლის ბოლომდე მონიკა ბელუჩის ნახვა კალასის როლში მაყურებელს ევროპის ათამდე ქვეყანაში შეეძლება.