მუსიკის ძალა

დავით ბუხრიკიძე

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ უკვე არაერთი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად. ომის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის კიდევ ერთი ჟესტია ომის პერიოდში შექმნილი „უკრაინის თავისუფლების ორკესტრის“ დიდი საქველმოქმედო-საგასტროლო ტურნე, რომელიც 28 ივლისს ვარშავაში დაიწყო და 20 აგვისტოს ამერიკაში დასრულდება. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართება ინგლისში, ირლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში. ტურნე გაგრძელდება ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რამდენიმე კონცერტი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ამ კონცერტების ინიციატორები იყვნენ „მეტროპოლიტენ ოპერა“ და პოლონეთის ეროვნული ოპერა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინიდან დევნილ მუსიკოსებს და საქველმოქმედო კონცერტების გასამართად, მართლაც, უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

უკრაინული წარმოშობის კანადელი დირიჟორის, კერი-ლი უილსონის ხელმძღვანელობით, „უკრაინის თავისუფლების ორკესტრი“ შეასრულებს მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც მოიცავს: ცნობილი თანამედროვე უკრაინელი კომპოზიტორის, ვალენტინ სილვესტროვის მეშვიდე სიმფონიას, ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტს (სოლისტი უკრაინელი ვირტუოზი პიანისტი, ანა ფედოროვა), ბრამსის მეოთხე და დვორჟაკის მეცხრე სიმფონიებს. გარდა ამისა, მსოფლიოში აღიარებული უკრაინელი სოპრანო, ლუდმილა მონასტირსკა (რომელსაც რამდენჯერმე აქვს ნამღერი ანიტა რაჭველიშვილთან ერთად „მეტროპოლიტენ ოპერაში“) შეასრულებს ცნობილ არიას – „Abscheulicher!“, ბეთჰოვენის  ოპერიდან „ფიდელიო“. ეს იქნება ერთგვარი მოწოდებაც მსოფლიოსათვის – რაც შეიძლება მალე აღადგინოს მშვიდობა და დაგმოს რუსეთის აგრესია და სისასტიკე უკრაინაში.

„უკრაინის თავისუფლების ორკესტრში“ შედიან ლტოლვილი მუსიკოსები უკრაინის ქალაქებიდან: კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ოდესისა და უკრაინის სხვა ქალაქების ორკესტრების წამყვანი მუსიკოსები. უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო ასევე ჩართულია და მხარს უჭერს მსოფლიო მნიშვნელობის ამ კონცერტებს. ის, ძირითადად, ორგანიზაციული საკითხების მოგვარებითაა დაკავებული, რომელიც მამაკაც მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, იარაღი გადადონ და ხელში საყვარელი ინსტრუმენტები აიღონ. „ხელოვნების ძალისა და ენის დემონსტრირებით ჩვენ ვცდილობთ, მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ უკრაინაში შექმნილი კატასტროფული ვითარების შესახებ და მხარი დავუჭიროთ მას“. – ამბობს კერი-ლი უილსონი.

ამ უდიდესი ევროპულ-ამერიკული საკონცერტო ტურიდან შესული თანხა მოხმარდება უკრაინელი არტისტების ფინანსურ და შემოქმედებით მხარდაჭერას. გარდა ამისა, ეს ტურნე შეიძლება, განვიხილოთ, როგორც  მსოფლიო კულტურის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი პუტინისა და რუსეთის წინააღმდეგ.

„მეტროპოლიტენ ოპერა“ ცნობილ ჩამწერ კომპანიებთან – Decca Classic-თან და Deutsche Grammophon-თან ერთად აპირებს, ამ საკონცერტო ტურნედან და ალბომის გაყიდვიდან შესული თანხა გადაურიცხოს ლტოლვილ მუსიკოსთა ორკესტრს, ასევე, სხვა ლტოლვილ მუსიკოსებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს კულტურის სფეროში.

„მეტროპოლიტენ ოპერის“ გენერალური დირექტორი, პიტერ გელბი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მკაფიო მოქალაქეობრივი და პოლიტიკური  პოზიციით გამოირჩეოდა (სწორედ მისი საკმაოდ ხისტი შეხედულებების გამო აეკრძალა ანა ნეტრებკოს „მეტროპოლიტენის სცენაზე“ გამოსვლა), აღნიშნავს – „ეს ალბომი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვუჩვენოთ ხელოვნების ძალა და გავლენა ბნელეთის იმ ძალებს, რომლებსაც უკრაინელი ერის განადგურება სურთ… ამიტომაც ვდგავართ ჩვენ „უკრაინის თავისუფლების ორკესტრის“ გვერდით.