ოქროსა და ვერცხლის „დათვები“ თანაგრძნობისთვის

დავით ბუხრიკიძე

ფრანგული ფილმების ტრიუმფი ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი რომ ყოველთვის გამორჩეულად თანაუგრძნობს „დამცირებულებსა და შეურაცხყოფილებს“, ეს რიგით 73-ე საფესტივალო კონკურსის შედეგებმაც დაადასტურა.

ჟიურის თავმჯდომარე – ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი, რომელმაც ბერლინალე პალასტის წითელ ხალიჩაზე გავლისას, გოთიკურ-ეროტიკულ და გამჭვირვალე სტილის შავ კაბაში გაცილებით მეტი არტისტიზმი ჩააქსოვა, ვიდრე ფესტივალის დახურვაზე წარმოთქმულ სიტყვაში, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა ასეთ შედეგებს.

ფრანგი რეჟისორის, ნიკოლა ფილიბერის ფილმი „ადამანტი“, რომელიც განსაკუთრებული ფსიქიკური თავისებურების მქონე ადამიანების ყოველდღიურ ყოფას ასახავს, ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალის მთავარი ჯილდოთი – „ოქროს დათვით“ დააჯილდოვეს.

ფილმში რთული ემოციური განცდები მაქსიმალურად არის განეიტრალებული ცოცხალი სოციალური ურთიერთობებით, მათივე სიმღერებითა თუ სახუმარო ნომრებით, თუმცა საბოლოო შთაბეჭდილება მაინც მძიმეა. „ადამანტში“ (სწორედ ასე ჰქვია ამ ადამიანების საცხოვრებელსა თუ დაწესებულებას, სადაც ისინი მკურნალობას გადიან) გლობალური პანდემიის შემდეგ სიტუაცია გაცილებით გართულდა, რამაც სახელმწიფოს სოციალური მზრუნველობის აუცილებლობის აუცილებლობა ასეთი დაწესებულებების მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თუმცა ფილმი წამოჭრის გარკვეულ მორალურ დილემას – რამდენად აქვს რეჟისორს უფლება განსაკუთრებული ფსიქიკური უნარებისა და თავისებურებების მქონე ადამიანები მეტი დამაჯერებლობისათვის პერსონაჟებად გამოიყენოს ფილმში? სხვათა შორის, ამ უხერხულობის მოსახსნელად, პრესკონფერენციაზე რეჟისორმა, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნები და წერილებიც ახსენა, რაც გახმოვანებული ალიბივით ჟღერდა.

ფრანგული კინოს წარმატება ბერლინის ფესტივალზე გაამყარა რეჟისორ ფილიპ გარელის ფილმმა „დიდი ეტლი“, რომელშიც ლამის მისი მთელი ოჯახობა თამაშობს (შვილები – ლუი, ესთერ და ელენა გარელები). ეს არის ლირიკული და მახვილგონივრული დიალოგებით გაჯერებული ისტორია მარიონეტების ოჯახური თეატრზე, რომელიც პანდემიის პერიოდში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ფილმში არტისტების სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები კარგად არის გარითმული. ამდენად, სრულებით არ არის გასაკვირი, რომ ფილიპ გარელის ფილმს საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის დათვი“ გადაეცა.

საკმაოდ ვრცელი გერმანული პროგრამიდან (ამის შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ „პუბლიკაში“ გამოქვეყნებული სტატია), ჟიურიმ გამოარჩია კრისტიან პეცოლდის „წითელი ცა“, რომელსაც ჟიურის დიდი პრიზი და „ვერცხლის დათვი“ გადაეცა. ასევე გერმანელი რეჟისორის, ანგელა შანელეკის „მუსიკა“, რომელშიც ოიდიპოსის მითის დეკონსტრუქცია და ბაროკოს მუსიკის ემოციური გამომსახველობა ერთმანეთს უცნაურად ავსებს თუ უპირისპირდება.

ფილმი საუკეთესო სცენარისათვის ასევე „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვეს. საკმაოდ სიმპათიური და დახვეწილი რეჟისურით გამორჩეული პორტუგალიური ფილმი „ცუდი ცხოვრება“ (რეჟისორი ხოან კანიხო) სპეციალური „ვერცხლის დათვით“ აღინიშნა.

ჟიურიმ წლევანდელ ფესტივალზე მსახიობებს რატომღაც 6 წლის გოგონა, სოფია ოტერო ამჯობინა, რომელმაც საუკეთესო როლის შესრულებისთვის ესპანურ ფილმში „20 ათასი სახეობის ფუტკარი“ ასევე პრიზი დაიმსახურა. ეკუმენისტური ჟიურის პრიზი, რომლის წევრი წელს ქართველი რეჟისორი, დეა კულუმბეგაშვილიც იყო, გადაეცა რეჟისორ ბას დევოსს ფილმისათვის „იქ“.