პანკისი | რას აპროტესტებს მუთოშვილების ოჯახი?

ალექსანდრე ქეშელაშვილი

20 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობის მცხოვრებ შმაგი მუთოშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუთოშვილს გამოძიება ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. საქმე ეხება 29 ივლისს მომხდარ შემთხვევას, როცა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს რამდენიმე ტყვია ესროლეს. შმაგი მუთოშვილი ამ შემთხვევიდან თითქმის ორი თვის თავზე დააკავეს.

სასამართლო სხდომის პარალელურად პანკისში მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა. მუთოშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მუთოშვილი უსაფუძვლოდ დააკავეს.

რას აპროტესტებს მუთოშვილების ოჯახი?

„მოკლული ძმის გაფორმებული კანონიერი იარაღი ჰქონდა ჩემს შვილს. ეს იარაღი ამოიღეს სახლიდან. იქ ნასროლი ტყვიები ამ იარაღიდან არის ნასროლიო. სინამდვილეში ასე არაა. როგორც უნდოდათ, საქმე ისე შეკრეს. ჩემი შვილის მკვლელებს 9 და 11 წელი რომ მიუსაჯეს ისიც არ ემეტებათ და ამიტომ მოაწყვეს ეს ყველაფერი. ვისაც მიუსაჯეს ერთ-ერთი იმის ძმიშვილია, ქავთარაშვილების ბიჭი. უშიშროების ხალხია“, – ამბობდა შმაგი მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი მისი დაკავების შემდეგ.

შმაგი მუთოშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. „პუბლიკასთან“ ჟურნალისტი, სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ შმაგი მუთოშვილის ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მტკიცებულება გააყალბეს, რადგან იარაღი დაულუქავად წაიღეს და ოჯახის მარჩენალის დაკავებას მუთოშვილების ოჯახზე ზეწოლისთვის იყენებენ.

როგორც ბორძიკაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, შმაგი მუთოშვილი 29 ივლისს მომხდარი შემთხვევის შემდეგ რამდენჯერმე ჰყავდათ დაკითხვაზე. დაკავებამდე გარკვეული პერიოდი გამოძიების შესახებ ხეობაში ახალი არაფერი გაუგიათ, 19 ივლისს კი მუთოშვილი ისევ დაიბარეს დაკითხვაზე.

„ბოლოსაც როგორც რიგითი დაკითხვა, ისე წაიყვანეს და დააპატიმრეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ამ საქმეში ბევრი საეჭვო დეტალია. რაც შეეხება შმაგი მუთოშვილს, მისი ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად აკვირვებთ შმაგისთვის წაყენებული ბრალდება. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა და იმაზე მეტი სასჯელი ელის, ვიდრე მისი ძმის მკვლელობაში მსჯავრდებულებს.

მუთოშვილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმე მთლიანად შეკერილია, თუმცა, იმ შემთხვევისთვისაც კი, მსროლელი რომ შმაგი ყოფილიყო, ეს მუხლი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე უნდა იყოს. მუთოშვილების ოჯახს უჩნდება ეჭვი, რომ ეს მათ განადგურებას ემსახურება. ჩემი აზრითაც, აქ უფრო ზეწოლა და უსამართლობაა, ვიდრე რეალური მართლმსაჯულება. თუმცა, მუთოშვილების ოჯახს დიდი მხარდაჭერა აქვს ხეობაში და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს“, – ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.

რა კავშირშია პანკისში ჰესების მშენებლობა მუთოშვილებთან?

პანკისის სათემო რადიო – Radio Way 2019 წლის 1 დეკემბერს წერდა, რომ მათ მიერ მოპოვებული ფაქტების მიხედვით, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება გასულ წელს ჰესების გამო დაიწყო.

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ალაზანი ენერჯისა“ და ხელისუფლებას სოფელ ბირკიანში „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შეეწინააღმდეგა. პროტესტმა შედეგი გამოიღო – მშენებლობა 2018 წლის ივნისიდან შეწყდა. თუმცა, 2019 წლის 21 აპრილს კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები სპეცრაზმის თანხლებით განაახლა, რასაც პანკისელებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოჰყვა.

„ქავთარაშვილებისა და მათი გარემოცვის რამდენიმე წევრი ხელისუფლებასთან და ძალოვან უწყებებთან არის დაახლოებული. ახმეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მათე ქავთარაშვილი ჰესის მშენებელ კომპანიაში დაასაქმეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტი მერაბ ქავთარაშვილი კი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლად დაინიშნა.

ჰესების მშენებლობის მომხრეთა შორისაა სალაფიტური ისლამის თემის ზოგიერთი ლიდერიც. ამ ჯგუფმა მოლაპარაკებითა და დაშინებით ხეობაში არაერთხელ სცადა ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა გადაბირება“, – წერდა 2019 წელს პანკისის სათემო რადიო.

სულხან ბორძიკაშვილიც ორ ოჯახს შორის დაპირისპირებას ჰესების მშენებლობას უკავშირებს. სულხანი ჰყვება, რომ ვისო მუთოშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პირი იყო ჰესების მოწინააღმდეგეთა შორის. მეორე მხარე კი აქტიურად ლობირებდა ამ მშენებლობას.

„ეს დაპირისპირება ჩვენ თვალწინ მიდიოდა. შარშან კი განსაკუთრებით გაღრმავდა. მკვლელობას წინ უძღოდა რამდენიმე ჩხუბი, დაპირისპირება. მეორე ოჯახს აქვს განსხვავებული მოსაზრებაც, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს დაპირისპირება ჰესების მშენებლობის თემას მოჰყვა“, – ამბობს ბორძიკაშვილი.

ვისო მუთოშვილის მკვლელობა

მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპრებამ პიკს 2019 წლის ნოემბერში მაშინ მიაღწია, როცა ვისო მუთოშვილი მოკლეს. თუმცა, როგორც პანკისის სათემო რადიო წერს, დაპირისპირება მანამდე ღრმავდებოდა და მკვლელობას წინ რამდენიმე ეპიზოდი უძღოდა.

მაგალითად, როგორც Radio Way წერს, 2019 წლის 25 აპრილს სოფელ ომალოში მცხოვრებ შენგელი ტოხოსაშვილს დუისში, ქუჩაში დახვდნენ და მას შემდეგ, რაც ტოხოსაშვილმა მანქანა არ გააჩერა, დაედევნენ, დუმასტურში დაეწივნენ და საბარგულის მხარეს დაეჯახნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ღობეს შეასკდა. მანქანიდან გადმოსულს თავს დაესხნენ და სცემეს. თავდამსხმელებს შორის იყო მურად ქავთარაშვილიც.

„დადასტურებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილს სწორედ ქავთარაშვილმა დაარტყა. მოგვიანებით, საქმის გარჩევის შემდეგ, შენგელი ტოხოსაშვილს მურად ქავთარაშვილმა სხვა მანქანის შესაძენად თანხა გადასცა, დამტვრეული მანქანა კი თვითონ წაიყვანა.

დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, მურად ქავთარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მახო მუთოშვილსაც. ისიც ჰესების მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგეა და მედიაში ხშირად ჩნდებოდა. „ენა აღარ გექნება, თუ არ გაჩერდებიო“, – იხსენებს მუქარას მახო მუთოშვილი. ცემის შედეგად მას დაზიანებები თვალის არეში ჰქონდა. ამ შემთხვევამ მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა“, – წერს პანკისის სათემო რადიო.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ მუთოშვილების გვარის კიდევ ერთ წარმომადგენელს – ზაურ მუთოშვილს და მის თანმხლებ პირებს. მათ მურად ქავთარაშვილი და მისი დაჯგუფების წევრები დახვდნენ და ზაურ მუთოშვილს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს.

პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი, ხასო ხანგოშვილი რადიოსთან ამბობდა, რომ დაპირისპირებული გვარების შერიგებას უხუცესები სამი თვის განმავლობაში ცდილობდნენ.

„თითქმის მივაღწიეთ კიდეც. ვაპირებდით, რომ მომდევნო დღეს შევარიგებდით, მაგრამ უცებ ეს ძალიან სამწუხარო და მძიმე ამბავი მოხდა“, – ამბობდა ხასო ხანგოშვილი.

როგორც პანკისის სათემო რადიო თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა – მკვლელობის დღეს, ვისო მუთოშვილსა და მის თანმხლებ პირებს დუისში, საკობიანოს გადასახვევთან რამდენიმე მანქანით დაესხნენ თავს, საიდანაც 15-მდე შეიარაღებული პირი გადმოვიდა და მუთოშვილისა და მასთან ერთად მყოფების მისამართით დაიწყო სროლა.

„საკობიანოს ასახვევში სპორტულ მოედანს ბეტონის ფილები აქვს, იმას ვეფარებოდით. დაახლოებით ერთი წუთი სროლა შეჩერდა. ვხედავდით, რომ ოთარ მუთოშვილის შვილი რუსლანი, ასევე, ვისო დაჭრილები იყვნენ. იარაღი მხოლოდ ვისოს ჰქონდა, მანქანიდან ამოეღო. ის მარტო იყო იმ ადგილას, იქიდან პასუხობდა სროლით. არავისი მოკვლა არ უნდოდა, თორემ მოკლავდა“, – ჰყვებოდა პანკისის სათემო რადიოსთან ვისო მუთოშვილის თანმხლები პირი.

როგორც Radio Way მასზე დაყრდნობით წერს, სროლა სულ მცირე 20 წუთს გაგრძელდა. ვისო მუთოშვილთან ერთად მყოფი გელა და ლაშა მუთოშვილების მანქანები მთლიანად დაცხრილეს.

„ვხედავდით, პოლიციის 2 მანქანა მოვიდა დუისის მხრიდან. მაღაზიის ქვემოთ გააჩერეს და ახლოს არც კი მოვიდნენ, არც გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს, არც არავის მოუწოდეს. არაფერი მოიმოქმედეს. მანქანებს ამოფარებული გვიყურებდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ახმეტიდან მოვიდა „შკოდა“, რომლიდანაც გადმოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 ან 5 ადამიანი, სავარაუდოდ, პოლიციელები ან უშიშროების თანამშრომლები. ჩვენს მხარეს წამოვიდნენ. ვისო ამათკენ წავიდა. ამ მომენტში ისევ დაიწყეს სროლა.

პოლიციელებმა ერთ-ერთს იარაღი წაართვეს, მივარდნენ, იარაღი უკან გამოგლიჯეს პოლიციას და ვისოს მათ თვალწინ ესროლეს. ვისო დაეცა. ბიჭებმა ასწიეს და პიკაპზე დააწვინეს. მაგ მომენტში სროლა შეწყდა. საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, ექიმმა გვითხრა, 2 ტყვია აქვს მოხვედრილიო. ერთი მუცელში, ერთი თავში. იქ დაიღუპა“, – ჰყვებოდა მუთოშვილის თანმხლები პირი.

მოგვიანებით, ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი, რომელთაც 11 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, სულხან ბორძიკაშვილი ორ ოჯახს შორის დაპირისპირებასა და ვისო მუთოშვილის მკვლელობაში ხელისუფლებისა და სამართალდამცველთა პასუხისმგებლობასაც ხედავს.

„დიდძალი იარაღი გამოიყენეს იმ დღეს. ბევრი თვითმხილველი იყო. იქ იყო პოლიციაც, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ მკვლელობა შეეჩერებინა. ვისოს ქეისი ძალიან საეჭვოა. ერთ ადამიანს ხომ არ უსვრია, ბევრი ადამიანი იყო იქ და სამართალდამცველებმა მაინც არაფერი მოიმოქმედეს.

მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ხელისუფლებამ მოაწყო დიდი კამპანია – დაბარებების, დაშინების, ზეწოლის. ეს ყველაფერი თან სდევდა ჰესების მშენებლობას“, – ამბობს სულხან ბორძიკაშვილი „პუბლიკასთან“.