პერანგებზე პომადებით დაწერილი „აი ია“

…და ენის გადარჩენისთვის გაერთიანებული ქართველობა  

14 აპრილი დედა ენის დღეა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საბჭოეთის ისტორიაში ეს იყო ძალიან იშვიათი დღე, როცა ფართომასშტაბიანმა პროტესტმა  მიზანს მიაღწია, თან სისხლისღვრის გარეშე.

1978 წელს მიღებული საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის 75-ე მუხლის საბოლოო რედაქცია ამ დღეს თბილისში მომხდარი აქციის დამსახურებით ჩამოყალიბდა: საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში, რუსულის გარდა, სახელმწიფო ენის სტატუსი ექნებოდა ნაციონალურ ენებსაც, ანუ საქართველოში სახელმწიფო ენად რუსულთან ერთად დარჩებოდა ქართულიც, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისევ შეგვეძლო ქართულად მიგვეღო განათლება და საქმისწარმოება ქართულადაც გაგვეგრძელებინა.

ეს დღე განსაკუთრებულად შემორჩა იმ ადამიანების მეხსიერებას, რომლებიც უშუალოდ იყვნენ საპროტესტო აქციაზე.

მარინა ხუციშვილი, ფილოლოგი:

„მაშინ მეათე კლასში ვიყავი. კონსტიტუციაც რა ვიცოდი, რა იყო, მაგრამ ჩემი უფროსი მეგობრები უკვე უნივერსიტეტში სწავლობდნენ და მათგან ვიცოდი, რომ ჩვენი ენის დაცვა იყო საჭირო. მახსოვს, 14 აპრილს სკოლის კარი ჩაგვიკეტეს და არ გვიშვებდნენ. სად იყო მაშინ მობილური ტელეფონები და სკოლის ტელეფონიდან პიონერთა სასახლეში და მეგობრებთან დავრეკე.  არსად არავინ პასუხობდა. მივხვდი, რაღაც ხდებოდა. ჩანთა რომელიღაც მეგობარს მივუგე და უნივერსიტეტისკენ წავედი.  ის იყო მივედი და ხალხის ნაკადი დაიძრა რუსთაველისკენ.

მთელი გზა რაღაც მოსაზრებები ისმოდა, მომიტინგეები რაღაცაზე თანხდებოდნენ, რაღაცას აპროტესტებდნენ. მაშინ ზვიად გამსახურდია დაპატიმრებული იყო და ვიღაცამ ახსენა,  იქნებ ზვიადის გათავისუფლებაც მოვითხოვოთო, მაგრამ „ახლა არ არისო მაგის დრო“, –  იდეის დონეზევე ჩაახშეს მოსაზრება.

აივნებზე ხალხი იყო გადმოდგარი.  ზოგს ცოტა შეშინებული სახეც ჰქონდა. როგორც ამბობენ, გარშემო ბევრგან იყო ტანკები, მაგრამ მე არ დამინახავს. რუსთაველზე ზღვა ხალხი იყო. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, ყველა ჩემი კლასელი იქ აღმოჩნდა. არ ვიცი, ახალგაზრდობის ბრალი თუ იყო, ნამდვილად არ გვეშინოდა არაფრის.

მეხსიერებაში ჩამრჩა მსახიობ თამრიკო მახარობლიძის მიერ წაკითხული ირაკლი აბაშიძის ლექსი „ხმა კატამონთან“.

რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ჩამოვიდა შევარდნაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ენის სტატუსს ინარჩუნებდა.

მე და ჩემი მეგობრები ისე ვიყავით გახარებული, რომ მცხეთაში წასვლა გადავწყვიტეთ. ყველა ისე იყო ერთი იდეით გაერთიანებული, „ქართველები არ ვართო“ და ტაქსის მძღოლმა ფულიც არ გამოგვართვა.

საღამოს შინ მისულებს შეშინებული მშობლები დაგვხვდნენ. მეორე დღეს კი სკოლის დირექტორმაც გვისაყვედურა, სად ვიყავით. ახლა მეღიმება და მაშინ ამაყად ვუპასუხე: იქ, სადაც ყველა ქართველი უნდა ყოფილიყო“.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღეს რაღაც განსაკუთრებული ეროვნული მუხტი გაჩნდა:  დავიწყეთ სახარებისა და რელიგიური ლიტერატურის კითხვა.

სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ მესხეთში ტერასების, ასევე ძეგლების აღდგენაში. ამავე პერიოდში ახალგაზრდების ნაწილი წავიდა მთაში ან სოფლებში სამუშაოდ. მეც სამცხეში წავედი“.

თინათინ ჭავჭანიძე,  ფსიქოლოგი,  გარემოს დამცველი:

„არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება გავიხსენო ის დღე, რადგან მე პირადად ვერ წავედი აქციაზე. მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და  მყავდა 7 თვის შვილი.  ლექციებზე სიარულისას ოჯახი ყოველთვის ხელს მიწყობდა, ბავშვს იტოვებდნენ. იმ დღეს კი ალბათ საგანგებოდ, საფრთხე რომ აერიდებინათ ჩემთვის, პატარა არავინ დაიტოვა და ასე დამტოვეს სახლში.  მე კი ახლაც მახსოვს, როგორ მინდოდა უნივერსიტეტში აქციაზე მისვლა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი პროტესტის გამოხატვა იყო საჭირო ან პირველად მოგვეცა პროტესტის გამოხატვის საშუალება. ხანდახან მგონია, რომ ამ აქციის ორგანიზებაში ოფიციოზიც იყო ჩართული, იმდენად შეთანხმებულად მიმდინარეობდა ყველაფერი, თორემ შეიძლება ვერც გაგვეგო, ისე დაემტკიცებინათ  პროექტში არსებული ეს მუხლიც.

ახლა ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება ვერც წარმოიდგინოს, რას ვებრძოდით. უნდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი ქვეყანა იყო.  ბევრი რამ იყო აკრძალული. არ გვქონდა წვდომა მხატვრულ ლიტერატურაზეც. აი, მაგალითად „ოსტატი და მარგარიტა“, რომელიც აკრძალული იყო,  პირველად ფურცლებზე დაბეჭდილი წავიკითხე.

ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო და ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ძალიან გაგვიჭირდა.  ქვეყნის შენება ყველა მიმართულებით ერთდროულად დავიწყეთ, მაშინ, როდესაც ამის გამოცდილება თითქმის არ გვქონდა.  ჩვენ დაკარგული გვაქვს კონტაქტი გარემოსთან, ჩამოგვიყალიბდა მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნებისადმი.

დამოუკიდებლობასა და თავისუფლებასთან ერთად დადგა პასუხისმგებლობის საკითხიც. ფაქტი ერთია, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ და მიმაჩნია, რომ ბევრი რამ სწორედ 14 აპრილს დაიწყო“.

ნინო ბერიანიძე, ფილოლოგი:

„მაშინ აბიტურიენტი ვიყავი. წესი იყო ასეთი:  უნივერსიტეტში რომ ჩაგებარებინა, სადმე უნდა გემუშავა. მეც დამეხმარნენ და თბილისის საინსტრუმენტო ქარხანაში დავიწყე მუშაობა კონტროლიორად. ქარხანა საბურთალოს ქუჩაზე მდებარეობდა. ძირითადად ახალგაზრდები ვიყავთ, ბევრი იყო სტუდენტი და მუშაობის  პარალელურად საღამოს დასწრებულზე სწავლობდა.

სამსახურში შესვლა-გამოსვლა მკაცრად კონტროლდებოდა.

მახსოვს, 14 აპრილს სამსახურში  მისულს ჩოჩქოლი დამხვდა. გავიგე, რომ ქართულ ენასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში გამოსვლა იგეგმებოდა.  მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი…

სკოლაში ბოლო წელს ქართულს თამაზ შეშაბერიძე (ახლა მისი შვილი ცნობილი ტენორია) მასწავლიდა და სწორედ მან „მომწამლა“ და მომანდომა ფილოლოგობა. მისი წყალობით საკმაოდ კარგად ვიყავით ინფორმირებული იმაზე, რაც ხდებოდა. ვკითხულობდით და ვეცნობოდით ლიტერატურას.

„ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ, თუ შენს თავზე აიღებ მთელ პასუხისმგებლობას, წადიო“, – მითხრეს სამსახურში და წავედი. ვაკე-საბურთალოს ავტობუსს გავყევი. ფილმის კადრივით შემორჩა მეხსნიერებას უამრავი ავტობუსი, რომელიც გზის გაყოლებაზე იდგა ორივე მხარეს.

უნივერსიტეტში უკვე უამრავი ხალხი იყო. ალაგ-ალაგ ნაცნობებიც.

მახსოვს, ვახტანგ გოგუაძემ ლამის დაუჩოქა ახალგაზრდებს, არ წახვიდეთო, რისმაგ გორდეზიანიც გვთხოვდა „ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რუსთაველზე სნაიპერები დგანან და აუცილებლად დაგხვრეტენო“.

არც  ვუსმენდი, მაგრამ ნამდვილად არ მეშინოდა.  თან ახალგაზრდა რომ ხარ და გული გერჩის.

ვარაზისხევიდან დიდი ნაკადი ამოვიდა, გახსოვთ, მიტინგების დროს ასე ცხადდებოდა ხოლმე: „აქციას შემოუერთდა პოლიტექნიკური ინსტიტუტიო“ (მაშინ ასე ერქვა ტექნიკურ უნივერსიტეტს).  შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისა და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებიც მოვიდნენ.  უცებ გაბევრდა ხალხი და უნივერსიტეტთან ტევა აღარ იყო, დავიძარით რუსთაველისკენ.  ტროტუარებზე ხალხი ჩერდებოდა: ვიღაც ტიროდა, ვიღაც შიშით გვიყურებდა, ვიღაც გვიერთდებოდა, მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ გვხვდებოდა ვიღაც მზერით „ნეტაი თქვენ“.  ხალხი ავტობუსებს აჩერებდა, ჩამოდიოდა და  მოგვყვებოდა.

რამდენჯერმე პირველ რიგშიც აღმოვჩნდი.

მეტრო „რუსთაველთან“ მილიციის კორდონი იდგა. მამების ასაკის კაცები იყვნენ. თან გვიჭერდნენ, მაგრამ თან თითქოს უხაროდათ,  თან ეშინოდათ.  გავარღვიეთ კორდონი. არ უსვრიათ.

რუსთაველის თეატრთან მეორე კორდონი იდგა, აშკარა იყო, უფრო მაღალი ჩინის მილიციელებით. აქაც ვხედავდით შეშინებულ, თუმცა მზრუნველ თვალებს.

„თქვენც ხომ ქართველები ხართ, ჩვენ თქვენთვის და თქვენი შვილებითვისაც ვიბრძვითო“, – ეუბნებოდნენ ბიჭები.

მახსოვს, მეგობრის საკმაოდ მძიმე დაღესტნური გულსაკიდი  მეკიდა. ძალიან დამღალა და უცებ რუსთაველზე ერთ-ერთი სუვენირების მაღაზიაში შევქანდი და ვთხოვე, შეენახათ.

„კი, შვილო, მთავარია, თავს გაურთხილდითო!“, – ცრემლები არ დაუმალავს ქალს.  პირველი სკოლის მოსწავლეები სკოლაში ჰყავდათ ჩაკეტილი და მახსოვს, ბავშვები ფანჯრებიდან ხტებოდნენ.

პლაკატები და ლოზუნგები მერე ნელ-ნელა გამოჩნდა მიტინგებზე, მაშინ ასეთი გამოცდილებაც არ იყო. რამდენიმე პლაკატი გვქონდა. ვიღაცებმა კუბო ჩამოატარეს წარწერით „დედა ენა“.

მარკერები არ გვქონდა და თეთრ პერანგებზე პომადით ვიწერდით „აი ია“.

ძალიან, ძალიან ემოციური იყო ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. . .

ჩემთან ახლოს ერთი საკმაოდ ძლიერი ქუთაისელი ბიჭი იდგა და მახსოვს, ხელში ამიყვანა, რომ დამენახა, სადამდე იყო ხალხის ნაკადი. ვერ დავინახე.  მთელი პროსპექტი სავსე იყო ხალხით.

4-5 საათი ვიყავით რუსთაველზე.

რაღაც მომენტში შევარდნაძეც ჩამოვიდა  მომიტინგეებთან.  მოგვიწოდა: შვილებო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთო. ფურცლები ეჭირა ხელში, ვიღაცამ გამოართვა, დახია ფურცლები და დაყარა. ეს ისევ ახალგაზრდული სითამამე იყო.

მერე სანამ ზემოდან ამბავს ჩამოიტანდნენ, ვიღაც მოვიდა და ტელევიზორში გამოცხადდა: კანონპროექტში ჩაიწერა, რომ საქართველოში ქართულიც რჩება სახელმწიფო ენადო.

არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, რაც იქ იყო: ჟრიამული, ყიჟინა…

ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მიზანს უსისხლოდ და უდანაკარგოდ მივაღწიეთ“.

ბარბარე ბენაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე:

„უნივერსიტეტი წინა წელს, 1977-ში დავამთავრე. იქვე უნივერსიტეტთან ვცხოვრობდი, მამიდასთან, თაყაიშვილის ქუჩაზე.  იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად ქართულ-ებრაულ ლექსიკონზე ვმუშაობდი. აღმოსავლეთმცოდნეები ცოტანი ვიყავით და ყველა კურსი კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენი მეგობრები, ბიჭებიც და გოგოებიც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული 14 აპრილის საორგანიზაციო ამბებში: მიშა ქურიანი, თემურ ქორიძე, ზაზა ქინქლაძე, თამაბ ბიბლიური, ირაკლი ლომოური, დალილა ბედნიძე, ნინო ქუთათელაძე უნივერსიტეტში გამართული შეხვედრებიც მერე ხშირად ჩემთანაც ამოდიოდნენ.   საუბარსა და კამათში დაგვთენებია კიდეც.

ბევრი რამის გახსენება შეიძლება.

დადგა 14 აპრილიც. კურსელები უკვე მირეკავდნენ, რომ გავსულიყავი.

უნდა გავიდე და აღმოვაჩინე, რომ ვერც ტანსაცმელს ვპოულობ და ვერც ფეხსაცმელს. როგორც ჩანს, მამიდამ დამიმალა, ალბათ იმ იმედით, რომ არ წავიდოდი აქციაზე.

თითქმის პიჟამაზე გადავიცვი პალტო და ხის საბოებით წავედი.

რისმაგ გორდეზნიანი, გოგი ფუთურიძე გვთხოვდნენ, არ წავსულიყავით რუსთაველზე, თუმცა მერე რომ ნახეს, რომ ვერ მოგვაბრუნებდნენ, ვახუშტი კოტეტიშვილთან და სხვა ჩვენს მასწავლებლებთან ერთად თავად გაგვიძღვნენ წინ.

კეკელიძეზე, ბარნოვზე სამხედრო მანქანები  იდგა როგორც ამბობდნენ, მთელი მერვე გარნიზონი იყო მობილიზებული.  სადღაც გულში ალბათ გვეშინოდა კიდეც.

რუსთაველის ძეგლთან ზაზა ქინქლაძემ წარმოთქვა სიტყვა.

აქციას სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის, სამხატვრო აკადემიის, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებიც უერთდებოდნენ.

რამდენიმე საათი ვიდექით მთავრობის სასახლესთან. მე და ჩემი მეგობრები მუშებთან (გახსოვთ ალბათ, ორივე მხარეს მუშათა კლასის ძეგლები იდგა).

შევარდნაძე რომ ჩამოვიდა დაბლა, ზუსტად ჩვენთან მოვიდა. რა ხდება ახალგაზრდებოო?  „ენას გვართმევენ, ამბროსოვიჩ“, – უპასუხა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა.

კარგი თბილი აპრილის დღე იდგა და მახსოვს, როგორ დამცხა პალტოში. თან ვერც ვიხდიდი“.

ირაკლი ლომოური, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი

„14 აპრილზე ბევრი იწერება, მაგრამ ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რა და როგორ დაიწყო ის დღე. ჩვენ, ცხადია, ვიცოდით, რომ არსებობდა კონსტიტუციის კანონპროექტი. საპროტესტო ტალღაც დაწყებული იყო. ამ საქმეს კი  უნივერსიტეტში ფილოლოგები ედგნენ სათავეში: იმართებოდა  შეხვედრები.

14 აპრილს კი  დილას უნივერსიტეტში, კლასიკური ფილოლოგიის კაბინეტში მისულებს ძალიან უცნაური სიტუაცია დაგვხვდა: ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც მანამდე პროტესტის ინიციატორები იყვნენ, უკან იხევდნენ „ჩვენ თაობას დავღუპავთ“, – ამბობდნენ ისინი. კი, თუნდაც 1956 წელგამოვლილმა ხალხმა კარგად იცოდა, რომ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ პროტესტი არ იყო იოლი, მართლაც არსებობდა საფრთხე, მაგრამ უშიშროების სამსახურის მუშაობის გავლენაც კარად იგრძნობოდა. „კაგებეს“ ჩართულობას ადასტურებდა ის ფაქტიც, 14 აპრილს დილიდანვე წვიმიანი ამინდის მიუხედავად, უნივერსიტეტის ბაღში სკამებზე ისხდნენ ადამიანები, რომლებიც გაზეთებს კითხულობდნენ.

მოკლედ, აქცია, რომლისთვისაც მობილიზაცია  კარგა ხნის დაწყებული იყო, შეიძლება ჩაშლილიყო კიდეც, რომ არა სამხატვრო აკადემიიდან მოსული ახალგაზრდების აქტიურობა და დაპირება, რომ მომავალი მხატვრები მზად იყვნენ პროტესტისთვის. სამწუხარო ის არის, რომ დღემდე არც ვიცი იმ ბიჭების სახელები.

მეც ვამბობდი, რომ მიუხედავად იმისა, გვესროდნენ თუ წყალს მოგვასხამენ, ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთქვა ჩვენი სათქმელი, გვეთქვა, რომ ქართველი ახალგაზრდები წინააღმდეგი ვიყავით ენის წართმევისა, რადგან ეს დანაშაული იქნებოდა  ერისა და ქვეყნის მომავალის წინაშე.

ხელისუფლებას ძალიან დიდი მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. შეიძლება ითქვას, რომ  ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება, რომელმაც დიდი სტიმული მოგვცა შემდგომი ბრძოლისთვის, მოგვცა რწმენა და განცდა იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.  თუ მოვინდომებთ და ერთად დავდგებით, გავიმარჯვებთ“.