პუტინის ეკლესია, ჩვენ და უკრაინელი ერთმორწმუნეები

ოცდაოთხ თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ე.წ. „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო, ხოლო სინამდვილეში მეზობელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად მიზეზები და მიზნები ჩამოთვალა, მათ შორის დაასახელა უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოებისა და მორწმუნეების დაცვა ერთმორწმუნე უკრაინელებისაგან.

ქვემოთ შევეცდები მოკლედ გავაანალიზო და შევაჯამო რუსეთ-უკრაინის ომში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიცია, მოქმედება და ზოგადი დამოკიდებულება კონფლიქტის მხარეებისადმი

* * *

დამოუკიდებელი უკრაინა მდიდარი მრავალკონფესიური რელიგიური მოიზაიკით გამოირჩევა. ქვეყანაში წარმოდგენილი არიან უკრაინის ბერძნული წესის კათოლიკე ეკლესია, რომის კათოლიკე ეკლესია, სხვადასხვა პროტესტანტული ეკლესიები და საზოგადოებები, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ეს უკანასკნელი 2018 წლის იანვარში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ იქნა კანონიკურად აღიარებული და მიენიჭა ავტოკეფალია. კონსტანტინოპოლის ეკლესიის შემდეგ უკრაინის ავტოკეფალია ცნეს ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა.

პუტინი – „მართლმადიდებელი“ იმპერატორი და მოსკოვის საპატრიარქო

პუტინის იდეოლოგიურ ანტიდასავლურ ხაზში მნიშვნელოვანი როლი უკავია მართლმადიდებლურ-რუსული ცივილიზაციის შესახებ საუბრებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან იცავს ტრადიციული ოჯახის იდეას, ქრისტიანულ ღირებულებებსა და მორალს, მართლმადიდებელ მორწმუნეების რელიგიურ გრძნობებსა და ავტოკეფალურ ეკლესიებს.

მოსკოვის საპატრიარქო მტკიცედ დგას კრემლის გეოპოლიტიკურ ხაზთან და მსოფლმხედველობრივ ჯაჭვს არათუ აძლიერებს, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში სამრევლოებისა თუ ეპარქიების სასულიერო დასით თუ საეკლესიო პრესისა და ლიტერატურის მეშვეობით ქადაგებს. ამ კუთხით გამონაკლისი არც საქართველოა. კრემლის მილიტარული რიტორიკის გაძლიერებას მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიური გამართლებაც თანსდევს, ამის ნათელი მაგალითია მოსკოვის უზარმაზარი სამხედრო ტაძრის აშენება, მისი სიმბოლური დატვირთვა და შიდა მორთულობა.

რუსეთის სამხედრო ტაძარი

ფრესკებზე წმინდანთა გამოსახულებებთან ერთად წარმოდგენილი არიან რუსი მთავრები, სხვადასხვა სამხედრო ბძოლები და ქვეყნები სადაც რუსის ჩექმამ შეაღწია „მშვიდობის“ დასამყარებლად. სამხედრო ტაძრის ფრესკებს შორისაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესული რუსი ჯარისკაცების გამოსახულებანი. ტაძარი კარგად წარმოაჩენს იმ იმპერიალისტურ და სამხედრო სულისკვეთებას, რომელიც ბოლო ათწლეულებია რუსეთში ეკლესიასთან ერთად იძერწებოდა.

რუსეთის მთავარი სამხედრო ტაძარი

მაგრამ უკრაინაში ბოლო წლებში მოულოდნელად შეცვლილმა პოლიტიკურმა კლიმატმა მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო გავლენები შეასუსტა, ხოლო რამდენიმე დღის წინ რუსულმა სამხედრო ექსპანსიამ თავად პატრიარქ კირილს დაქვემდებარებული საეკლესიო იერარქების მოულოდნელი ფერისცვალება გამოიწვია.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის პირველიერარქმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ ომის დაწყების პირველ დღეს მორწმუნეებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პუტინის ამ საქციელის შეფასებისას კაენი და აბელის ბიბლიური ისტორია მოიხმო. დაბადების წიგნის მეოთხე თავში აღწერილი ეს თხრობა კაცის კვლის ცოდვას შეეხება, უფრო კონკრეტულად ხორციელი ძმის მკვლელობის ისტორიას. წმინდა წერილში კაენის ცოდვა – კაცის კვლა ადამიანებისათვის ყოველდღიური სინამდვილის სამწუხარო ნაწილი ხდება. მიტროპოლიტ ონუფრის შეფასებით რუსები და უკრაინელები ერთმორწმუნე ძმები არიან, თუ მიტროპოლიტის ქადაგების ეგზეგეზას გავუყვებით პუტინი თანამედროვე კაენია, მას შეშურდა მისი თანამოძმეების (უკრაინელების) თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა, ცდილობს მათ მოკვლას ან დამორჩილება.

უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ონუფრი

„მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს. აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრის პირველმოგებულთაგან. და მოეწონა უფალს აბელი და მისი ძღვენი, ხოლო კაენი და მისი ძღვენი არ მოეწონა. ძალზედ გამწარდა კაენი“. ამ კონტექსტში აბელის უფლისადმი შეწირული ძღვენი ეს არის ყოველი ადამიანისათვის ღვთისაგან მინიჭებული ღირსებისა და თავისუფლების ხელშეუხებლობა, ხოლო მოქალაქეების მიერ შექმნილი ერთობის – სახელმწიფოს განვითარების სურვილი, სადაც ყოველი ადამიანი თავისი შესაძლებლობისამებრ მოიმუშაკებს ღვთივსათნო საქმეებით ყოველდღიურ არსებობის პურს და ბედნიერი იქნება. რაც შეეხება კაენის ძღვენს, ის შეიძლება ინტერპრეტირდეს ვითარცა სურვილი სხვისი თავისუფლების წართმევის, ჩაგვრის, განდევნის, დამორჩილებისა და მკვლელობის ვნებით. რაც ამ დღეების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ხდება და ჯერჯერობით არ უჩანს დასასრული.

„უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: გავიდეთ ველად…. და ველად ყოფნისას აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე და მოკლა იგი“. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა ძმის მკვლელისათვის: „ამერიდან დაწყევლილი ხარ…დაშვრები მიწაზე და აღარ მოგცემს იგი თავის ღალას. დევნილი და მიუსაფარი იქნები ქვეყნად“.

განმეორდება ბიბლიური ისტორია ჩვენს რეალობაში? დადგება მკვლელის და მისი სახლეულის – პუტინისეული რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ? შეიცვლება მოსკოვის საპატრიარქოს მშვიდობისმყოფელი ღმერთის სახელით მორწმუნეებთან ურთიერთობა და მათი მანიპულირება?

ამის პასუხი უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების თითქმის უმრავლესობის პატრიარქ კირილთან ლოცვით-ევქარისტიული კავშირი გაწყვეტაა. პუტინის საპატრიარქო იმპერიალიზმისა და დამორჩილების სურვილებით სავსე გავლენის საცეცებს დამოუკიდებელ სახელმწიფოში კარგავს, ადგილობრივი მართლმადიდებლების სამართლიანი ბრაზი და წინააღმდეგობა რუსი „ერთმორწმუნეებისა“ და მათი პატრიარქისადმი ყოველდღიურად იზრდება.

ომის პირველ დღეებში რუსეთის პატრიარქმა კირილემ ქადაგებისას ხაზი გაუსვა უკრაინაში რუსეთის ეკლესიის „მძიმე ყოფას“, კერძოდ მართლმადიდებელი ეპისკოპატისა და მორწმუნეების გაუსაძლის მდგომარეობას. ქადაგებისას ისაუბრა მესამე ბოროტ ძალაზე, რომელიც წმინდა რუსეთს და მის ეკლესიას ებრძვიან. მოუწოდა უკრაინელებსა და რუსებს ერთიანობისა და შერიგებისაკენ, რასაც კირილეს აზრით ნათლად არის გამოხატული სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაოობაში რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსიაში… პატრიარქმა ქადაგების დასასრულს რუსულ მიწას მშვიდობა უსურვა, რომელიც მისივე განმარტებით დღევანდელ უკრაინასაც მოიაზრებს.

რუსეთის პატრიარქის ეს ქადაგება და გზავნილი სრულად წარმოაჩენს და ამართლებს პუტინის შეჭრას უკრაინაში, სადაც მისი ერთერთი არგუმენტი თითქოსდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეების დაცვაა. ხოლო კრემლის იმპერიული ამბიციები მის დამოუკიდებელ მეზობლებთან დაკავშირებით (მაგ. უკრაინასთან) თავად რუსეთის პატრიარქისგან კურთხეულად შეგვიძლია ჩავთვალოდ.

შემდგომ დღეებში პატრიარქი კირილე მის არცერთ გზავნილში არ საუბრობს რუსულ აგრესიაზე და იმ უსამართლობაზე, რომელიც მისსავე იურისდიქციაში, მის სულიერ შვილებს შეეხო: ომის სისასტიკე, სიკვდილი, ტკივილი, ცრემლი, დევნილობა, გაუბედურებული ოჯახები, დახოცილი და დასახიჩრებული ბავშვები, ზრდასრულები და მოხუცები. რუსეთის ეკლესიის უმაღლესი იერარქიის ეს და სხვა განსცხადებები ნათელს ხდის მის თანხვედრას პუტინის რუსეთის იმპერიულ ამბიციებთან მიმართებაში, რომელსაც მყარ საფუძველსა და ლეგიტიმაციას დღევანდელი მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო პოლიტიკა ამყარებს და იქვე ამ ყოველივესთვის ფსევდოთეოლოგიურ ფუნდამენტსაც ძერწავს.

მსოფლიო მართლმადიდებლობის ხმა რუსეთ-უკრაინის ომზე

ომის დაწყებისთანავე რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა სხვადასხვა შეფასებები მისცეს.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და კონსტანტინოპოლის ეკლესია, რომელიც უკრაინის დედა ეკლესია და სლავების განმანათლებელია პირველივე დღიდანვე დაუყოვნებლივ ომის შეწყევტის მოწოდებებით გამოდიოდა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე

ბართლომეოსი საჯაროდ გმობს რუსულ აგრესიას, ხოლო უკრაინელებს სულიერ მხნეობასა და კურთხევას უგზავნის. თურქულ CNN-თან ინტერვიუში ის ხაზგასმით საუბრობს ახალი ცივი ომის დაწყების შესახებ და რომ მანძილი რუსეთსა და უკრაინას, რუსეთსა და დასავლეთს შორის მომავალში მეტად გაიზრდება. მსოფლიო პატრიარქის შეფასებით: „რუსეთის პატრიარქი კირილე მისი იურისდიქციის უკრაინელი მღვდელმსახურებისათვის მტერი სახელმწიფოს რელიგიურ ლიდერად იქცა, ხოლო მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ სამართლიანად არის შეკრული!“

ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე, რომლის იურისდიქცია სრულიად აფრიკის კონტინენტს მოიცავს ომის შემოქმედთან მიმართებაში პირდაპირი და მკაცრია. ალექსანდრიის ეკლესია მორწმუნეთა რაოდენობით რუსეთის ეკლესიის შემდეგ ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ ეკლესიად ითვლება, თუმცა ყველაზე ღარიბია ვინაიდან მათი ეპარქიები და სამრევლოები აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები მართლმადიდებლები წარმოადგენენ. რამდენიმე თვის წინ მოსკოვის საპატრიარქომ აფრიკის ტერიტორიაზე სულიერი ექსპანსია განახორციელა და ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შეიჭრა. მოსკოვმა აფრიკის ეგზარქოსად თავისი მიტროპოლიტი ლეონიდე წარაგზავნა, რომელიც რუსი მღვდელმსახურების მხარდაჭერით აფრიკულ სამრევლოებს სხვადასხვა საშუალებით ყველანაირი კანონიკური სამართლის დარღვევით იკავებს და იერთებს. ეს არის მოსკოვის შურისძიება ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებისათვის. ბერძნულ მედიასთან ბოლოდროინდელ მოვლენების შეფასებისას პატრიარქმა თეოდორემ აღნიშნა: “პუტინი ჩვენი დროის იმპერატორად თვლის თავს. წარმოუდგენელია პირჯვარს იწერდე და ლოცულობდე, ხოლო იმავდროულად ხოცავდე ბავშვებს”.

ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე და უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე

ელადის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა და რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა ომის დაწყების დღიდანვე მშვიდობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოწოდებები გააკეთეს. ორივე ეკლესიამ ერთმორწმუნე უკრაინელების სოციალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. რუმინეთის ეკლესია აქტიურად არის ჩართული სოციალურ მსახურებაში, უკრაინელი დევნილების მიღებისა და დაბინავების საქმეში.
ანტიოქიის ეკლესია, რომელიც ასადის რეჟიმისა და პუტინის რუსეთის სრულ გავლენას არის დაქვემდებარებული ნეიტრალური მოწოდებებით გამოირჩევა, სადაც ომის შეწყვეტის მოწოდებები და „ერთმორწმუნე“ ძმებს შორის მშვიდობის აღდგენაზე არის აქცენტები დასმული.

უკრაინელი მართლმადიდებლები და მიტროპოლიტი ეპიფანე

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პირველიერარქი მიტროპოლიტი ეპიფანე რუსეთის უკრაინაში შემოჭრის დღიდან ყოველდღიურად მიმართავს უკრაინელ მორწმუნეებსა და თანმოქალაქეებს, ამხნევებს ჯარისკაცებს, ხოლო მოსახლეობას ურთიერთზრუნვასა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებს. მიტროპოლიტმა ეპიფანემ მწყემსთავრულ გზავნილში ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს, სასულიერო დასს და მორწმუნე მართლმადიდებლებს მადლობა გადაუხადა, მათ ვინც ამ მძიმე ჟამს უკრაინელ ხალხს სიტყვითა თუ საქმით უთანაგრძნობს. სხვადასხვა ეკლესიის მეთაურებს შორის ეპიფანემ სამადლობელ სიტყვაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც მოიხსენია.

უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურმა სამხედრო აგრესიის შემოქმედი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მომხრე რუსი პოლიტიკურ-სამხედრო და ბიზნეს ელიტა შემდეგნაირად დაახასიათა: „რუსეთის სახელმწიფოს სათავეში ანტიქრისტეს სული მოქმედებს, ნიშნები რომელზეც წმინდა წერილი საუბრობს: ამპარტავნება, ბოროტებისადმი მიდრეკილება, დაუნდობლობა და ცრუ რელიგიურობა. მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი იყო ჰიტლერი, დღეს ასეთი გახდა პუტინი“.
მიტროპოლიტმა ეპიფანემ პატრიარქ კირილეს პირადი წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, გამოიჩინოს ქრისტიანული ჰუმანიზმი და გაბედოს რუსეთის ეკლესიის მეთაურმა საერო ხელისუფალისადმი ომის შეჩერების მკაცრი მოწოდების გაკეთება. ხოლო ეპიფანეს მეორე მოწოდება პატრიარქი კირილესადმი იყო უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების (მისი სულიერი შვილების) ცხედრების გადასვენების საქმეში ჩართულობა, რათა მშობლებს გარდაცვლილი შვილების ღირსეულად დაკრძალვის საშუალება მიეცეთ. ეს იმ ფონზე როცა ომის პირველ დღეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულ რუს ჯარისკაცებზე დუმდა ან სულაც მათ გარდაცვალებას უარყოფდა.

უკრაინაში ომმა კონფესიური და კანონიკური საზღვრები სრულად წაშალა და თითქმის ყოველი ეპისკოპოსი, მღვდელი თუ მორწმუნე ერთი მიზნით სამშობლოსა და სიცოცხლის დაცვისათვის გააერთიანა. ეკლესიები დაბომბვების დროს მოსახლეობის თავშესაფრებად გადაიქცა, ეპარქიები ჩართული არიან მოსახლეობის სულიერი და სოციალური ნუგეშისცემის საქმეში. მღვდელმსახურები ღვთისამსახურებას უშუალოდ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, ბუნკერებსა თუ მეტროებში აღასრულებენ.


ღვთისმსახურება მეტროში ომის დროს, უკრაინა, ქ. ხარკოვი

მოსკოვის საპატრიარქო აქამომდე ანტიქრისტიანულ ერთგულებას ირჩევს პუტინის ექსპანსიონისტური და იმპერიალისტური პოლიტიკისადმი, რომელსაც ათასობით ადამიანი ეწირება. პატრიარქი კირილე ცდილობს „მკაცრი კანონიკური სანქციებით“ შეაშინოს ყველა მღვდელმსახური რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ, ვინც ოდნავ მაინც ხმას აიმაღლებს და უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ხელისუფლებას გააკრიტიკებს.

უკრაინაში პატრიარქ კირილს დაქვემდებარებული მღვდლების წინააღმდეგობის გარდა მოსკოვის საპატრიარქოს შიგნით რუსი მღვდელმსახურების უკმაყოფილება იზრდება, იქმნება ომის შეწყვეტის მოთხოვნით მღვდელმსახურების ხელმოწერილი პეტიციები.

რუსეთის პატრიარქი კირილე და გაზპრომის დირექტორი ალექსი მილერი

თუმცა პატრიარქ კირილეს არ ესმის საკუთარი სამწყსოს სიკვდილისა თუ უბედურების ხმა, და არც მისი მღვდელმსახურების სამართლიანი აღელვება. სამაგიეროდ ის სულიერი მხნეობას პუტინის სამხედრო ექსპანსიას და მის მომხრე ელიტებს მატებს. ასე მაგალითად, კირილემ გასულ დღეებში უმაღლესი საეკლესიო ორდენით გაზპრომის პრეზიდენტი ალექსეი მილერი დააჯილდოვდა. გაზპრომი მოსკოვის საპატრიარქოს ერთერთი მსხვილი შემომწირველია, თავისთავად ომის დანახარჯებიც მისი ყულაბიდან უნდა შეივსოს.

ჩვენ, უკრაინა და ერთმორწმუნეობა

და ბოლოს, სად და რა პოზიციებზეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო?

საქართველომ და საქართველოს მართლმადიდებელმა ავტოკეფალურმა სამოციქულო ეკლესიმ,  ყველაზე კარგად იცის ერთმორწმუნე რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური თუ სულიერი დაპყრობის და ოკუპაციის შედეგები.

ომის დაწყების პირველ დღეებში პატრიარქ ილია მეორის მოწოდება ტვიტერზე შემდეგი შინაარსით გამოქვეყნდა: “საომარი მოქმედებები უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, უნდა შეწყდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაიქცევა მსოფლიო ტრაგედიად!”.

პატრიარქი მორიგ ჯერზე კვლავაც ერიდება იყოს პირდაპირი და კრიტიკული უშუალოდ ომის შემოქმედი ქვეყნისა და მისი პოლიტიკური იერარქიისადმი. ამ ყოველივემ მართლმადიდებელი მორწმუნეების ნაწილში სამართლიანი გულისტკივილი გამოიწვია, ვინაიდან უწოდო ერთი ბედის ქვეშ მოძმე ქვეყანაში აშკარა სამხედრო აგრესიასა და შეჭრას მარტივად „სამხედრო მოქმედებები“, ვფიქრობ ლიტონი სიტყვებია იმ მოცემულობაში როცა საქართველოს ტერიტორიის ერთი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ხოლო იგივე იმპერიული ძალა ბოლო სამი ათეული წელიწადია შენი ქვეყნისა და ეკლესიის ტერიტორიაზე სამი ომის შემოქმედად გვევლინება.

ამას ემატება საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის უგულებელყოფა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსებისა და მღვდელმსახურების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შეჭრაში ან ადგილობრივ სეპარატისტი სასულიერო პირების მხარდაჭერაში გამოიხატება. პატრიარქ ილია მეორის ამ შეფასების გარდა უკრაინელების სოლიდარობის მისამართით რამდენიმე ადგილობრივი ქართველი ეპისკოპოსის გაცილებით გაბედული და თანგრძნობით სავსე ხმა გაისმა. თუმცა საქართველოს საეკლესიო ცენტრი, ასევე დანარჩენი ეპისკოპატი მოზომილი შეფასებებისა ან გამაყრუებელი დუმილის ერთგული დარჩა. ეს კი ყველაზე ნათლად მათი მხრიდან უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის არაღიარებაში გამოიხატება!

უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი მოსახლეობის და მორწმუნეების მზარდი მხარდაჭერის ფონზე საქართველოს საპატრიარქომ სამშვიდობო პარაკლისის გადახდისაკენ ყველა ეპარქიასა და სამრევლოს მოუწოდა, ასევე ორგანიზირდა ჰუმანიტარული დამხარების აქცია.

28 თებერვალს საკვირაო მსახურების დასრულების შემდეგ სამშვიდობო პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ გადაიხადა, რომელიც ერთგულად გაჰყვა პატრიარქის მოწოდების ხაზს და ქადაგებისას აღნიშნა: „მოგეხსენებათ დღეს, რა ტრაგიკული მოვლენები ვითარდება უკრაინაში, ჩვენ უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალ-ყურს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს ძმებსა და დებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს, ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს“.

საერთო ჯამში უკრაინაში რუსეთის იმპერიალისტური ექსპანსია საპატრიარქოს მხრიდან ფორმულირდა როგორც „ტრაგიკული მოვლენაა“. ხოლო სიტყვიერი მხარდაჭერა „ვგულშემატკივრობთ უკრაინელ და-ძმებს“ მორწმუნეების მიერ გაღებული ჰუმანიტარული დახმარებითა და სამღვდელოების სამშვიდობო პარაკლისით შემოიფარგლა.

ახალგაზრდა გავლენიანმა მიტროპოლიტმა შიომ ამ მძიმე მოვლენების შეფასებისას არცერთ კონტექსტში არ ახსენა რუსეთი, ექსპანსია, შეჭრა, დიდი სახელმწიფოს მხირდან მცირე ერების დაჩაგვრა-დამორჩილების სურვილი, ასევე არცერთი პარალელი ჩვენ უახლოეს წარსულთან და ის მძიმე მემკვიდრეობა რაც კრემლის პოლიტიკამ უახლოს ათწლეულებში დაუტოვა ჩვენ ქვეყანასა თუ ეკლესიას.

ეს ქადაგება თავისთავად გარკვეული გზავნილია ათეულობით ქართველი მღვდლისა და მორწმუნე მართლმადიდებლისადმი თუ სად გადის ზღვარი უკრაინელი ერთმორწმუნეების მხარდაჭერისა და მოსკოვის საპატრიარქოს გასაბრაზებელ წითელ ხაზებს შორის.

მოსაყდრის ქადაგების შემდგომ კიევში მოღვაწე ქართველი მღვდელი დაჯილდოვდა, რომელიც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოღვაწეობს. ამ მოქმედებითა და სხვა მოწოდებებით კვლავ მოხდა იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უახლოეს მომავალში არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას.

და მაინც, რა ფასს ვიხდით ქართველი მართლმადიდებლები მოსკოვის საპატრიარქოს პოლიტიკისადმი მრავალწლიანი დუმილისა თუ ერთგულებისათვის?

ეს არის ფასი ჩვენ მღვდელმსახურებსა და საეკლესიო იერარქიის ერთ ნაწილში გაბატონებული რუსული იმპერიალიზმის რწმენის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის. ამ სურათს რუსეთის როგორც მართლმადიდებელი ერებისა და ქვეყნების მფარველი სახელმწიფოს ცრუფორმულა უფრო ამყარებს, რომლის თანახმად ის დასავლური „დაცემული მორალის“ და „ანტიქრისტეს გაბატონების“ შემაკავებელ ძალად რჩება. ეს თხრობა შეიძლება აპოკალიპტური ფილმის სიუჟეტად მოგეჩვენოთ, თუმცა ქართულ საეკლესიო სინამდვილეში მსგავსი შავრაზმული მოსაზრებები ყოველდღიურად შეიძლება შემოგვესმას მაგალითად ამბიონებიდან, აგრეთვე მრავლად შევხვდეთ ცალკეულ მონასტრებში მცხოვრებ მონაზვნებში, საეკლესიო პრესასა თუ წიგნებში – რომელიც ჩვენი სახლის, მონსატრისა თუ ტაძრების ბიბლიოთეკების ჯერ თაროებსა, ხოლო შემდეგ გონებას იკავებენ.

და რისი მომტანია კრემლის პოლიტიკური მართლმადიდებლობა ჩვენს სინამდვილეში?

რუსული პოლიტიკური მართლმადიდებლობის მიზნობრიობის სიცხადისათვის საკმარისია უახლესი წარსულის სულ რამდენიმე ფაქტის მოხმობა.

1800 წელს იმპერატორმა პავლე პირველმა ქართლ-კახეთის რუსეთის გუბერნიად გამოცხადებას ხელი მოაწერა, ხოლო 1801 წლის 16 თებერვალს მანიფესტი წაკითხულ იქნა სიონის და თბილისის ვანქის სომხურ ეკლესიაში, ამ მოვლენასთან დაკავშირებით თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა წირვა-ლოცვა აღავლინა, ხოლო პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. პეტერბურგიდან დიდი ზარზეიმით იქნა დაბრუნებული წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ჯვარი მოუძღოდა რუსეთის ჯარის ნაწილებს, მიზანი ხალხის კეთილგანწყობა და რუსეთის მამობრივი ზრუნვის ჩვენება. სამღვდელოებას დაევალა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტი უნდა გაეცნო ხალხისათვის და იმპერატორის ერთგულების ფიციც აღესრულებინათ.

აქ და ახლა, რა არის ჩვენი და ჩვენი სამღვდელოების ვალდებულება?

ეს არის არჩევანის გაკეთება,  სახელმწიფოებრივ-საეკლესიო თავისუფლებასა ან რუსული იმპერიალიზმის მანიფესტის ერთგულებას შორის!

რუსეთის სამხედრო ტაძარი, ფრესკა რუსი ჯარისკაცების გამოსახულებით რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთ – საქართველოს და უკრაინასთან ომში

შოთა კინწურაშვილი: ეკლესიის ისტორიკოსი, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი