ქართული ღვინის საფეხბურთო ნაკრები

ლევან სებისკვერაძე

რაკი ქართული დაუსრულებელი საახალწლო ორომტრიალი ჯერ ისევ გრძელდება, ფეხბურთის მოყვარული ხალხიც კი ძირითადად ღვინის სმაზე, შეფასებაზე და სასმისების გამოცლაზეა გადაგებული, ალბათ ყველაზე კარგი იქნება თუ ცოტა გავხალისდებით და ფეხბურთის ქართულ ღვინოსთან დაკავშირებას ამჯერად ცოტა უცნაური კუთხით შევეცდებით.

საფეხბურთო გემოვნებისა არ იყოს, ღვინის შეფასებისასაც ხშირად არაობიექტურები ვართ და ადამიანებს ძირითადად ის ღვინო მოსწონთ, რომელიც მათ მშობლიურ კუთხეშია გავრცელებული. იმერელს რომ ცოლიკოური უყვარს, კახელს – რქაწითელი, მეგრელს – ოჯალეში, ქართლელს – ჩინური, გურულს – ჩხავერი, ლეჩხუმელს – უსახელოური და რაჭველს – ხვანჭკარა – ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ ამჯერად წარმოვიდგინოთ, რომ უნიკალური ქართული ღვინოები საფეხბურთო ნაკრებს წარმოადგენენ და მთელი აზარტი იმაში იქნება, რომელი ღვინო ამ გუნდში რა პოზიციას დაიკავებს.

დავიწყოთ მწვრთნელით… ამ გუნდის მწვრთნელი უდავოდ უნდა იყოს ყველაზე მრავლისმნახველი ვინმე და ესაა ველური ტყის ვაზი, რომელიც არის ყველა ვაზის ჯიშის მშობელი. რომ არა ტყის ვაზის გაკულტურება, არც თანამედროვე მევენახეობა იქნებოდა. ასე რომ შევთანხმდეთ – მწვრთნელი ველური ვაზია, რომელსაც ზოგგან კრიკინასაც ეძახიან.

გუნდის მეკარე უნდა იყოს დინჯი, შორსმხედი, დაკვირვებული, სხვების გამამხნევებელი, საქმეს თუ დასჭირდება – ლიდერიც. ასეთ ღვინოდ კი ლეგენდარული კახური საფერავი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც კახური აუღელვებლობითაა და სიდინჯითაა გამორჩეული და თუკი მას ზომაზე მივირთმევთ, შეუძლებელია ვინმემ “გოლი“ გაგვიტანოს.

დამცველი ჩვენს წარმოდგენაში არის ჯანმაგარი, დაუღლელი, ჯაჯგურა ტიპი, რომელიც დიდწილად განაპირობებს მეკარის სიმშვიდესაც და გუნდის რეალურ ძალასაც. დაცვას ასევე პირდაპირი ბმა უნდა ჰქონდეს მეკარესთან. უდაცვო გუნდი რაცაა – ეს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით და როგორც საფეხბურთო გუნდი დაცვის გარეშეა წარმოუდგენელი, ისევე წარმოუდგენელია ქართული და კონკრეტულად კახური მეღვინეობა სამი დიდებული თეთრი ვაზის ჯიშის – რქაწითელის, მწვანეს და ქისის გარეშე. სწორედ ეს სამი ღვინო გაამაგრებს ჩვენეული გუნდის დაცვასაც და არც წინ წასვლას და სხვების დახმარებას დაიზარებენ.

ნახევარმცველებად ცენტრში მეგრელივით ცქვიტი მოძრავი, გუნდის სული და გული გვჭირდება და სხვა ვინ შეიძლება წარმოვიდგინოთ თუ არაა საუცხოო ოჯალეში, რომელიც იქნება გუნდის ძრავიც და არც გოლის გატანაზე დაიხევს უკან. ნახევარდაცვის ერთ ფლანგზე მოწინააღმდეგეს ქართლის ჩინური დაახვევს თავბრუს ფილიგრინული ტექნიკით, მეორე ფლანგზე კი ცოცხალი, ცქრიალა იმერული ცოლიკოური აუბნევს თავგზას მომხვდურთ. რაც მთავარია, ამ სამი – ქართლური, მეგრული და იმერული ღვინის ტრიო იქნება კარგად შეთამაშებული და მათი განსხვავებულობა იქნება სწორედ ამ ერთიანობისა და გუნდურობის მიზეზი.

კლასიკურ 10 ნომრად ბევრ ღვინის ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც ლეჩხუმურ უსახელოურზე შევაჩერე. აბა სხვა ვინ უნდა ჩაიცვას ლეგენდარული დავით ყიფიანის და დიეგო მარადონას მაისური, თუ არა ყველაზე ძვირფასმა ქართულმა ღვინომ, რომელიც იქნება ამ ნაკრების სახე, იმედი, წინამძღოლი და იმდენად მოულოდნელი პასების მიმცემი, რომ მოწინააღმდეგეებსაც კი პირს დააღებინებს.

ჩვენეულ გუნდს სამი თავდასხმელი უნდა ჰყავდეს.  საერთოდ გამოგიტყდებთ, რომ ქართული ფეხბურთისა არ იყოს, მეღვინეობის მომავალიც “შეტევაში“ წარმომიდგენია. მარცხენა ფლანგზე რაჭულ „ხვანჭკარაზე“ საუკეთესო კანდიდატურას ვერ ვნახავთ, რომელიც თავისი რაჭული წინდახედულობით გავა ფონს და ყველა შეტევას ულამაზესად დააბოლოებს. მარჯვნივ მსუბუქ, ჰარმონიულ და დაუღლელ გურულ ჩხავერს უნდა მიეცეს ასპარეზი და არაფერი აჯობებს იმის ხილვას, ოჯალეშის წამოწყებულ შეტევას უსახელოური რომ გააგრძელებს და ჩხავერი სამი მცველის მოტყუების შემდეგ რომ შეარხევს კარის ბადეს.

დაბოლოს, წინა ხაზის ცენტრში, ანუ ძველმოდურად რომ ვთქვათ კლასიკურ 11 ნომრად, მე აფხაზურ ავასირხვას დავაყენებდი. ჯერ ერთი რომ ერთ-ერთ გამორჩეული, საუკეთესო ვაზის ჯიშია და პოტენციალიც ძალიან დიდი აქვს. ამას გარდა, აბა წარმოიდგინეთ, დაცვიდან კახელების (საფერავი, კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი)  წამოღებულ ბურთს მეგრული ოჯალეში, ქართლის ჩინური და იმერული ცოლიკოური რომ დაამუშავებს, მერე საქმეში ლეჩხუმური უსახელოური, რაჭული “ხვანჭკარა“, გურული ჩხავერი ჩაერთვებიან და მთელი ქართული ღვინის ამ დიდებული დუღილს, ჰარმონიულად აფხაზური ღვინო რომ დაასრულებს! როგორია?!…

საფეხბურთო გუნდში მხოლოდ 11 მოთამაშეა და ცხადია ჩვენეულ ნაკრებშიც 11-მა ღვინომ მოიყარა თავი. ნუ ეწყინებათ სხვა ღვინოების მოყვარულთ, რომ ამ კრებულში ფიზიკურად ვერ მოხვდა იმერული ციცქა, რომელიც ყველა გუნდის ნახევარდაცვას დაამშვენებდა თავისი სიხალისით, დაუდგრომლობითა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. არც  ოცხანური საფერეს ვერჩით რამეს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ღვინოა და მის თავდასხმაში დაყენებაზე“ ვინ არ იოცნებებდა? იქვეა ქართლის ლეგენდარული გორული მწვანე, რომელიც უფრო დაცვაში წარმომიდგენია. ქართლური წითლები? თავკვერი და შავკაპიტო ისეთი ღვინოებია, რომელ პოზიციაზეც გინდა დააყენო, არ შეირცხვენენ თავს და ეს მრავალგზის დადასტურდა. გურულებს ჩხავერის გარდა სხვა მაგარი ჯიშებიც აქვთ. მაგალითად: ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა… ყველა ერთმანეთზე კარგი და საუკეთესო! აჭარლები  იტყვიან, ჩხავერი მარტო გურულად რატომ გამოაცხადე, ჩვენთანაცაა გავრცელებულიო. აჭარულ უნიკალურ ვაზის ჯიშ საწურსაც შემოგვაშველებენ და სწორსაც იზამენ. რაჭულმა კაბისტონმა, წულუკიძის თეთრამ, კუნძამ ან ლეჩხუმურმა ორბელურმა ოჯალეშმა რა დააშავეს? აქვე კახელებიც წამოგვაშველებენ მცვივანს, ხიხვს, ჟღიას, გრძელმტევენას, ბუდეშურს… ქვემო ქართლელებიც იტყოდნენ თავისას და მუქზე მუქ ასურეთულს ჩამოდგამდნენ იქაურ მწვანე მდელოებზე. ყველა ჩვენია, ყველა მაგარია და არც ერთს არ ეგების დავიწყება!

ყველას გილოცავთ ახალ წელს და ამ ყვარლის საფერავით საქართველოს, ქართულ ღვინოს და ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!