რა არის ენდომეტრიოზი და რატომ ვსაუბრობთ მასზე?

პუბლიკა

ენდომეტრიოზი საკმაოდ გავრცელებული (10-დან მინიმუმ 1 ქალი), თუმცა ამის მიუხედავად, საკმაოდ ცუდად ნაკვლევი დაავადებაა. არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ენდომეტრიოზს სამეცნიერო საზოგადოებაში ყურადღება მიექცა და კვლევების დაფინანსებაც სულ რამდენიმე წელია, გაიზარდა. ამ ყველაფერს პაციენტების, მათი ახლობლებისა და მეცნიერების ადვოკატირებამ შეუწყო ხელი.

მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ დასახელდა და უკვე მილიონობით ქალი ყოველ წელს ხმამაღლა საუბრობს ამ დაავადების, მისი სიმპტომებისა და იმის შესახებ, თუ როგორია ცხოვრება ენდომეტრიოზით.

რა არის ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, რომელიც ყოველთვიურად ჩამოიფრცქვნება, მენსტრუაციის დროს) მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტრიოზის დროს ეს ქსოვილები არაბუნებრივ ადგილას ინაცვლებენ და იქ იწყებენ განვითარებასა და მოქმედებას. ენდომეტრიული კერები შეიძლება გამრავლდნენ ყველგან საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედლებზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე, არსებობს შემთხვევები, როცა ფილტვებშიც კი აღმოუჩენიათ.

ენდომეტრიოზის სიმპტომები:

ენდომეტრიოზი არაერთი სიმპტომის გამომწვევია და იმდენად ინდივიდუალურია, რომ რთულია სიმპტომების ამომწურავ ჩამონათვალზე ჩამოყალიბება. იშვიათად ყველა ეს სიმპტომი ერთად ფიქსირდება. ზოგიერთ სიმპტომს, ენდომეტრიოზის გარდა (ან მასთან ერთად), შესაძლოა სხვა დაავადებაც იწვევდეს.

  • მტკივნეული მენსტრუაცია, რომელიც ვლინდება პულსირებადი ან სპაზმური ხასიათის ტკივილით მუცლის ქვედა ან/და წელის არეში (დისმენორეა);
  • ტკივილი სექსუალური კავშირის დროს (დისპარეუნია);
  • ქრონიკული ტკივილი მცირე მენჯის არეში;
  • ოვულაციური ტკივილი;
  • სფოთინგი (spotting) – ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ;
  • ჭარბი მენსტრუაცია;
  • მენსტრუაცია, რომელიც გრძელდება 4-5 დღეზე დიდხანს;
  • უნაყოფობა;
  • მტკივნეული შარდვა ან/და კუჭის მოქმედება;
  • ქრონიკული დაღლილობა / სხეულის ზოგადი სისუსტე;
  • თავის ტკივილი;
  • ციკლური ფეხის ტკივილი საჯდომი ნერვის ჩართვის დროს;
  • გულისრევა ან გულისრევის შეგრძნება;
  • ფაღარათი ან ყაბზობა;
  • მუცლის შებერილობა;
  • სხეულის ზოგადი სისუსტე;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • შფოთვა ან/და დეპრესია.

ვრცლად გაეცანით ბმულს;

რატომ არის ენდომეტრიოზზე საუბარი მნიშვნელოვანი?

იმის გამო, რომ ენდომეტრიოზი კავშირშია მენსტრუალურ ტკივილთან და რეპროდუქციულ პრობლემებთან, ეს დაავადებაც ტაბუმ მოიცვა, თითქოს მენსტრუაციის შესახებ საუბარი მიუღებელი იყოს. სინამდვილეში, მენსტრუაცია ჩვენი ჯანმრთელობის ნაწილია და სხვა დაავადებების მსგავსად, მნიშვნელოვანი უნდა იყოს საუბარი ენდომეტრიოზზეც.

ამ დაავადებას იმდენად გვიან დაერქვა სახელი და იმდენად გვიან მიექცა ყურადღება, რომ არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ექიმებშიც კი ნორმალიზებულია მისი სიმპტომები: „მენსტრუაცია უნდა იყოს მტკივნეული, აბა რა?!”. „დაღლილი კი არ ხარ, ზარმაცი ხარ”, „ყველანი ვუძლებთ ტკივილს და შენ რა დაგემართა”. თუმცა მთავარი განსხვავება ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ენდომეტრიოზს შორის ისაა, რომ მენსტრუაცია ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანების ცხოვრების ნორმალურ რიტმს და არ უნდა აზიანებდეს მათ ცხოვრების ხარისხს, თორემ თვეში ერთხელ აქა-იქ ბევრს სტკენია.

დაგვიანებული დიაგნოზი

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას, საშუალოდ, 8 წელი სჭირდება ანუ საშუალოდ, 8 წელი ცხოვრობენ ადამიანები ამ დისკომფორტით და შესაბამისი მკურნალობის ნაცვლად მენსტრუაციაზე გავრცელებულ სტერეოტიპებს იღებენ.

ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ხშირად უწევთ სასწავლებლისა თუ სამსახურების გაცდენა ტკივილის გამო. ხშირად ისინი არაკვალიფიციურ ექიმებს აწყდებიან, რომლებსაც არ აქვთ მგრძნობელობა ამ თემის მიმართ და ძალიან ცოტა თუ იციან ამ დაავადების შესახებ, რომელთაგან უმეტესობა მოძველებულია – როცა მიიჩნეოდა, რომ ენდომეტრიოზი მხოლოდ „ქალური პრობლემა” იყო და არა დაავადება, რომელიც მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას.

რა მიზანი აქვს კამპანიას?

ბლოგი „ცხოვრება ენდომეტრიოზით” და მის ქვეშ არსებული facebook-ჯგუფი თუ სხვადასხვა პლატფორმა იმისთვის შეიქმნა, რომ ამ დაავადებაზე ცნობიერების გაზრდას შეუწყოს ხელი და ინტერნეტში ქართულ ენაზე სანდო ინფორმაცია შეიქმნას. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტ ქალს მივაწვდინოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ ენდომეტრიოზის სიმპტომები არ არის ნორმა და მას არ უნდა შევეგუოთ; რომ ჩვენც მასავით ვგრძნობთ თავს და ვეძებთ გზებს, როგორ ვიყოთ უკეთ. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, რომ არსებობს ეს გზები.

ენდომეტრიოზის მართვა

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ენდომეტრიოზისგან განკურნება შეუძლებელია, სანამ მეცნიერები არ იპოვიან პასუხს, თუ რა იწვევს ამ დაავადებას (ჯერჯერობით მხოლოდ თეორიებია), თუმცა არსებობს ამ დაავადების მართვის გზები და მათი ცოდნა ყველა ქალის უფლებაა, რა სიმპტომებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, იქნება ეს გაუსაძლისი ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, დაორსულების სიძნელეები თუ სხვა.

როგორია ცხოვრება ენდომეტრიოზით?

ენდომეტრიოზით ცხოვრება ნამდვილად არ არის მარტივი, ზოგჯერ ძალიან მტანჯველია, ზოგჯერ კი ასატანი, მაგრამ იმდენი დისკომფორტი ახლავს, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვისაც კი ძალიან რთულად გასაგებია, თუ როგორ ვგრძნობთ თავს.

სტატია გამოქვეყნდა endo.ge-ზე