რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად

„თუ სახელმწიფომ თავისი როლი არ ითამაშა ამ ყველაფერში, სიტუაცია არ შეიცვლება. სახელმწიფომ რამე უნდა იღონოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, – ამბობს „პუბლიკასთან“ თამუნა ბებუა, ირაკლი ბებუას ბიძაშვილი.

თამუნა ბებუა ოჯახის სახელით ირაკლი ბებუას დასახსნელად იბრძვის. ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ცდილობს ამ საკითხის წინ წამოწევას. 24 ოქტომბერს მათი ოჯახის ორგანიზებით, აქციაც გაიმართა. ბებუას ოჯახი და მისი ახლობლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ირაკლის გასათავისუფლებლად უფრო აქტიურად იმუშაოს.

ირაკლი ბებუა კი უკვე სამ წელზე მეტია, ოკუპირებულ სოხუმში იხდის სასჯელს. ის გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე.

ბრალდების თანახმად, ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას  ცეცხლი მაშინ წაუკიდა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა.

ვიდეოში, რომელშიც ჩანს დაკავებული ბებუა, ის ადასტურებს დროშის დაწვას. ამბობს, რომ ეს შეგნებულად გააკეთა, არ მოსწონს სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა, ხოლო „ქართველები და აფხაზები კვლავ ძმებივით უნდა იყვნენ“.

აფხაზური დე ფაქტო კანონმდებლობა დროშის დაწვისთვის პატიმრობას ითვალისწინებს, ოღონდ არა მკაცრ სასჯელს. თუმცა ბებუას ბრალი კიდევ ერთი მუხლით წარუდგინეს. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ თითქოსდა ხელყუმბარაც იპოვა, რომელსაც ირაკლი ბებუა თავისი ბალიშის ქვეშ ინახავდა.

2020 წლის დეკემბერში 28 წლის ირაკლი ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

ირაკლი ბებუას დაკავებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა. 2021 წლიდან, გარკვეული პერიოდულობით, ირაკლის ოჯახი ააქტიურებდა მის დახსნაზე მუშაობას. და ხელისუფლებისა და თუ საზოგადოებას უხსნიდა, რომ ირაკლი ბებუას პატიმრობაში დარჩენა საფრთხეს შეიცავდა მისი ჯანმრთელობისთვის.

მაშინ ბებუას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, რომ პირადად მიეღოთ მთავრობის ხელმძღვანელისგან პასუხის – რას აკეთებდა ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად და იმუშავებდნენ თუ არა ამ საკითხზე აქტიურად.

2021 წლის 30 სექტემბერს მათ მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი შეხვდა. მაგრამ ირაკლი ბებუას დახსნა მაინც ვერ მოხერხდა. რამდენიმე კვირის წინ მისი ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ დაიჩივლეს, რომ ირაკლის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„მასთან ბოლო კომუნიკაცია, დაახლოებით, 3-4 კვირის წინ მქონდა. მას შემდეგ არ ვიცი, როგორია მისი მდგომარეობა. ირაკლის აქვს ქრონიკული დაავადებები და აწუხებს თავის, ხერხემლისა და კუჭის ტკივილები“, – ამბობს თამუნა ბებუა. მდგომარეობიდან გამომდინარე, მას არ აქვს იმედი, რომ ციხეში ირაკლის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ხოლო ოჯახის მოლოდინი, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ხელისუფლება აქამდე შეძლებდა, არ გამართლდა.

„ჩვენ პერიოდულად გვქონდა აქტივობები, როგორც აქციების, ისე სატელევიზიო გამოსვლების სახით. თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, სახელმწიფოს ველოდებოდით, რომ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები. სახელმწიფო კი, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს. ჩვენი გააქტიურებაც ამას უკავშირდება, ვაიძულოთ მათ, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები“, – ამბობს ირაკლის ბიძაშვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკის საპასუხოდ ამბობენ, რომ საკითხის მეტი აქტუალობა პირიქით ართულებს გათავისუფლებას. მაგრამ თამუნა ბებუასთვის მიუღებელია დამოკიდებულება, რომ თითქოსდა ოჯახის ასეთი აქტიურობის გამო შესაძლოა, პროცესი წინ ვერ წავიდეს.

„პროცესის წინ წასვლა გულისხმობს მხოლოდ ირაკლის გათავისუფლებას. პროცესი სხვანაირად წინ ვერ წავა. ვერ გეტყვით, რომ მცდელობები არ აქვთ, აქვთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეუბნებიან. ერთი წელი რაღაც საკითხს ამუშავებენ და ერთი წლის თავზე გვეუბნებიან, რომ ეს საკითხი არ გამოვიდა. მეორე წელსაც იგივე და მესამე წელსაც იგივე. შესაბამისად, შედეგზე რომ ვერ გავდივართ, მოლოდინიც აღარაა, რომ რაიმე კეთდება“, – ამბობს თამუნა ბებუა.

ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 19 ოქტომბერს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) კი ბებუას ოჯახთან ერთად მუშაობს. მათ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გამართეს მოთხოვნით, რომ ირაკლის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„ირაკლი ბებუას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე გამოხატული დეპრესია და ექვემდებარება გათავისუფლებას, როგორც ჰუმანიტარული სამართლის დანაწესებით, ისე ადამიანის უფლებების სტანდარტით და აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობითაც კი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ირაკლი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. აქამდეც უნდა ემუშავა უფრო აქტიურად ხელისუფლებას და ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა მიმართოს ძალისხმევა. რადგან მისი პატიმრობაში დატოვება უკვე წამების ტოლფასია.

მასთან ვერ შედის სპეციალიზებული ექიმი და პერიოდულად, როცა განსაკუთრებით მწვავდება მისი მდგომარეობა, აძლევენ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს. ამან შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს“, – ამბობს DRI-ის მკვლევარი, იურისტი ანა გახოკიძე „პუბლიკასთან“.

არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს, როგორც ბებუას გათავისუფლების საკითხის გააქტიურებას, ისე სხვადასხვა გზით მისი უფლებების დაცვას. მაგრამ თამარ ბებუა ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის დახმარება საკმარისი ვერ იქნება, თუ სახელმწიფომაც რამე არ იღონა.

ირაკლი ბებუას გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელს იხდიან ქრისტინე თაკალანძე და ასმათ თავაძეც.

25 წლის ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთის დროს დააკავეს. დე ფაქტო პროკურატურა მას ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემაში.

2023 წლის 5 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

29 წლის ასმათ თავაძე კი ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 5 ნოემბერს დააკავეს, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. აფხაზური მედია წერდა, რომ „სამართალდამცველებმა“ სოხუმში, თავაძის საცხოვრებელ ადგილას 10 გრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ ორი შეკვრა, ასევე საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკები – დროშა და შევრონი აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით ბუნდოვანია, მოხერხდება თუ არა მათი დახსნა და თუ მოხერხდება, როდის. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ისინი რამდენიმეთვიანი შუალედებით დააკავა. განსხვავებულია მათთვის წაყენებული „ბრალდებაც“. თუმცა ანა გახოკიძე მიიჩნევს, რომ ეთნიკურად ქართველების დაკავებას აფხაზეთში პოლიტიკური საფუძვლები ჰქონდა.

„რაც შეეხება ქრისტინე თაკალანძესა და ასმათ თავაძეს, მოგეხსენებათ, რომ ორივე არის ახალგაზრდა, ეთნიკურად ქართველი. ჩვენი ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში იყო მოსაზრება, რომ ახალგაზრდების მოსაზრებები, მათი მრწამსი არ ემთხვევა დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკას და საჭირო გახდა ეთნიკურად ქართველების დაშინება.

ჩვენ ვიკვლევთ იქაურ სიტუაციას და იმ პერიოდში, როცა ისინი დააკავეს, ასეთი განწყობა იყო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დე ფაქტო ხელისუფლება ეძებდა საბაბს, ახალგაზრდების მიმართ კონტროლის გასაძლიერებლად“, – ამბობს ანა გახოკიძე „პუბლიკასთან“.

რას არ აკეთებს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი პატიმრების გასათავისუფლებლად?

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკური მოტივით დააკავა ქართველი ახალგაზრდები, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს მათი გათავისუფლების გზები. ამისთვის კი, ზაქარეიშვილის თქმით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზურ და ოსურ მხარეებს.

„ქართული მხარე აფხაზურ მხარეს ამ თემებზე არ ელაპარაკება. ელაპარაკება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით – ან ჟენევაში, ან წითელი ჯვრის მეშვეობით. ყოველთვის, როცა გვესმის, რომ ვიღაც დააკავეს, ქართული მხარე ამბობს, რომ ავამუშავეთ ევროკავშირის ცხელი ხაზი. ანუ თვითონ პირდაპირ კონტაქტები არ აქვთ და მესამე მხრის მეშვეობით გადიან. ეს არაა ცუდი თავისთავად, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, უკეთ მუშაობს ორმხრივი კონტაქტი.

მაგალითად, 2016 წელს ერთბაშად გამოვიყვანეთ 14 ადამიანი ცხინვალიდან და სოხუმიდან ისე, რომ სოხუმს არავინ მივეცით. ცხინვალს გადავეცით 3 პატიმარი და სოხუმმა მოგვცა 7 პატიმარი, დანარჩენები – ცხინვალმა.

ანუ საჭიროა მათთან ლაპარაკი პირისპირ, როგორც კონფლიქტის მხარესთან. ქართული მხარე აფხაზურ მხარეს არ აღიარებს კონფლიქტის მხარედ. საერთოდ ზედ არ უყურებს. ამ დროს რუსეთი არ ელაპარაკება ქართულ მხარეს. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა იყო, რომ აფხაზური მხარე არ არსებობს და რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო შორს წავიდა – ის აფხაზურ მხარეს არ აღიარებს, მაგრამ არც რუსეთთან ლაპარაკობს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ პაატა ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, როგორც წესი, ხელისუფლება ცდილობს, დაკავებულების ოჯახები დაარწმუნოს, რომ არ იაქტიურონ, რადგან თავად მუშაობენ მათ გასათავისუფლებლად, ოჯახის აქტიურობას კი უკუშედეგი ექნება. თუმცა, სანამ ისევ ოჯახი არ დაიწყებს აქტიურობას, ეს საკითხი წინ ვერ მიდის.

„გადის თვეები, არაფერი კეთდება, არავითარი ცვლილება არაა და ოჯახი იწყებს გამოსავლის ძებნას. არადა, უკვე გვიანია. როცა ბევრი რამის დაწყება შეიძლებოდა ბევრად უფრო ადრე, მაგალითად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით, რომლებიც მუშაობენ ადგილზე.

შეიძლება რაიმეთი დაინტერესება, არაფორმალური გზები, ადამიანური ურთიერთობები ძალიან ბევრს ნიშნავს. ამას არ იყენებენ, უფრო სწორად, ვერ იყენებენ, რადგან არ ჰყავთ ხალხი, ვინც დაელაპარაკება აფხაზურ და ოსურ მხარეებს“, – ამბობს კონფლიქტოლოგი „პუბლიკასთან“.

პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად ხელისუფლების ნაბიჯებს არასაკმარისად მიიჩნევს DRI-ის მკვლევარი ანა გახოკიძეც. მისი თქმით, ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯამში, სავარაუდოდ, 8 ეთნიკურად ქართველი პატიმარია. ხელისუფლება კი საკმარისად არ აქტიურობს მათ გასათავისუფლებლად.

„აუცილებელია პროაქტიული, მათ შორის საჯარო მოწოდებები, საერთაშორისო ფორმატებში და არამხოლოდ. ასევე აუცილებელია არასაჯაროდაც მეტი აქტიურობა. თუკი ხელისუფლება აქტიურად არ იმუშავებს, არ აუხსნის დეტალურად ჩვენს პარტნიორებს, რატომ არის პატიმრების გათავისუფლება მნიშვნელოვანი და საჩქარო, ისინი ჩვენ ნაცვლად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მოიძებნოს კონტაქტები, დაიწყოს მეტად საუბარიც, მათ შორის, საჯაროდაც. და ხელისუფლების წარმომადგენლები რომ საუბრობენ, ქვეყნისა და თავიანთი წარმატებების შესახებ, უკანონო პატიმრების გათავისუფლებაზეც უნდა ილაპარაკონ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ანა გახოკიძე.

ფორმალური და არაფორმალური გზები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულების მდგომარეობის შესამსუბუქებლად

„ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ასეთი: როგორც კი ადამიანს დააპატიმრებენ, რა თქმა უნდა, ეს უკანონობაა, მაგრამ იქ მაინც სასამართლო პროცესი ტარდება. რატომ არ შეიძლება არსებობდეს რაღაც ფონდი, არაოფიციალური, რომლის მეშვეობითაც შეიძლება იქ ადგილობრივი უფლებადამცველების საშუალებით დავიქირაოთ ძლიერი ადვოკატი. თუნდაც მოსკოვიდან“, – ასე ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით, სახელმწიფო ოფიციალურად ვერ დაიქირავებს ადვოკატს, რადგან ეს ერთგვარად დე ფაქტო ინსტიტუტების აღიარება იქნება. მაგრამ თუკი იქნება არაოფიციალური ფონდი, ადვოკატის აყვანა ოჯახს შეეძლება. მისი თქმით, კარგი ადვოკატის დაქირავებას შეიძლება ჰქონდეს შედეგი და ამის დასტურია ახალგორში მცხოვრები აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. ის საკმაო წარმატებით იბრძვის თავისი უფლებებისთვის.

„ამიტომ თავიდანვე ვუშვებთ დიდ შეცდომას, რომ ადვოკატებზე არ ვმუშაობთ. მთელი სია უნდა გვქონდეს რუსეთში მომუშავე ადვოკატების. იქ არიან ძალიან ძლიერი ადვოკატები. შეიძლება არ ებრძვიან რეჟიმს, მაგრამ ხალხის უფლებებს იცავენ.

კავკასიაში ძალიან ბევრია ასეთი. ჩეჩნეთის კოდექსიდან, ჩრდილო კავკასიის კანონმდებლობებიდან გამომდინარე, იქ ჩამოყალიბდა საკმაოდ ძლიერი საადვოკატო მოძრაობა. შეიძლება მათი გამოყენება“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, როცა ირაკლი ბებუას უკვე გამოუტანა განაჩენი დე ფაქტო სასამართლომ? ზაქარეიშვილის თქმით, ახლაც შეიძლება გამოიძებნოს გზები, თუნდაც არაფორმალური, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, სწორედ არაფორმალურმა გზებმა გამოიღო შედეგი ზაზა გახელაძის შემთხვევაში და ხელისუფლება მაშინაც არწმუნებდა დაკავებულის ოჯახს, რომ მუშაობდა, მაგრამ გახელაძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ოჯახმა აქციები დაიწყო და გახელაძის გათავისუფლებაზე მუშაობა ქვეყანამ სხვა გზებითაც დაიწყო. მისი გათავისუფლების პროცესში ჩაერთო ეკლესიაც.

„ძალიან შემაშფოთებელია, რომ გაწყვეტილია ყოველგვარი ინსტიტუციური, ფორმალური, არაფორმალური, პირადი თუ ტრადიციული კომუნიკაცია. გადართულები არიან მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მათ კი თავიანთი სტანდარტები აქვთ, გამჭვირვალობის რაღაც დონეებია, აღიარება-არაღიარების მომენტი და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები გარკვეულწილად შეზღუდული არიან “, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივ უფლებადამცველებზე, ადგილობრივ ომბუდსმენზე არაფორმალურად გასვლა. ამისი რესურსები კი გვაქვს.

„შეიძლება თუნდაც არა გაცვლით, არამედ სხვა ხერხებით მათი დახსნა ან პირობების შემსუბუქება მაინც. მაგალითად, ბებუას შემთხვევაში, თუ აფხაზურ მხარესთან მოხდება ფორმალურად ან არაფორმალურად დალაპარაკება, შეიძლება ადვოკატის აყვანა, რათა გამოიკვეთოს ახალი გარემოებები და ხელახლა ჩატარდეს გამოძიება, სასამართლომ კი შეუმციროს ვადა და პირობით გაათავისუფლოს. არსებობს სხვადასხვა ხერხი, თან ისე, რომ მათი ე.წ. კანონმდებლობაც არ დაირღვეს“, – ამბობს კონფლიქტოლოგი.

ანა გახოკიძე კი დასძენს, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლება შესაძლოა აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობის გამოყენებითაც. მათივე პირობების მიხედვითაც არსებობს გათავისუფლების შესაძლებლობა და ხელისუფლებამ აფხაზურ მხარესთან საუბრისას ყურადღება ამაზეც უნდა გაამახვილოს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ირაკლი ბებუას მოხდილი აქვს 3 წელი და 2 თვე, მაგრამ ეთვლება, რომ მოიხადა 6 წელი და 4 თვე. რადგან მათი კანონმდებლობით, აფხაზეთის არცერთ ციხეში არ არის ადამიანის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი პირობები, ცუდი მდგომარეობაა და ერთი მოხდილი წელი ორად მიიჩნევა.

აფხაზური დაანგარიშებით, ირაკლი ბებუა 1 წელსა და 4 თვეში ისედაც დაასრულებს სასჯელის ვადას და იმედია, ჯანმრთელი დაგვიბრუნდება. თუმცა მან თავისი სასჯელის ⅔-ზე მეტი მოიხადა და მათივე კანონმდებლობით, სასჯელის ვადის 2/3 -ის მოხდის შემდეგ შესაძლებელია ადამიანის ვადამდე გათავისუფლება.

ამას არ აქვს წინაპირობები, გარდა იმისა, რომ არ უნდა იყოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი. ირაკლი ბებუას დანაშაული იქ ასე არ კვალიფიცირდება, ასე რომ, ექვემდებარება ვადამდე გათავისუფლებას.

ასევე, მათი კანონმდებლობით შესაძლებელია ადამიანის გათავისუფლება ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის დროსაც. ირაკლი ამ ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ჩვენ ვითხოვთ, ამაზე გაკეთდეს მითითება. რომ ირაკლიმ მართალია უკანონო, მაგრამ მაინც სასჯელის ⅔ მოიხადა და დე ფაქტო კანონმდებლობითაც არსებობს მისი გათავისუფლების წინაპირობა“, – ამბობს ანა გახოკიძე.

„პუბლიკამ“ სცადა სახელმწიფო უწყებებისგან პასუხის მისაღებად დაკავშირება. მათგან კომენტარის მოპოვების შემთხვევაში, სტატიაში ხელისუფლების პოზიცია ასახული იქნება.