რას შეცვლის სკოლაში ხელფასების „უპრეცედენტო“ ზრდა

პუბლიკა

მასწავლებლებს ხელფასის გაზრდასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-წლიან პერიოდში თითქმის ყველა მინისტრი ჰპირდებოდა.

2012 წლიდან დღემდე განათლების სამინისტრომ ექვსი მინისტრი გამოიცვალა. ამილახვარი მე-7 მინისტრია, ის მარტში დაინიშნა და მინისტრობის მე-6 თვეს მასწავლებლებს ხელფასის „უპრეცედენტო“ ზრდა დაუანონსა. მისი თქმით, 2024 წლის ივნისიდან, არჩევნებამდე 3 თვით ადრე სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ პედაგოგებსა და განათლების სექტორს ყველაზე ამბიციური გეგმით თავი პრემიერმა ბახტაძემ დაამახსოვრა, როცა საზოგადოებას „დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე გამბედავი და მასშტაბური იდეა – განათლების ეროვნული კონცეფცია“ წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროს ტრანსფორმაციას მოხმარდებოდა.

„სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად” – შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტის შესახებ კანონშიც უნდა ასახულიყო.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700, წამყვანი მასწავლებლისთვის – 2150, მენტორი მასწავლებლებისთვის კი – 2450 ლარს“, – ამბობდა პრემიერი ბახტაძე 2019 წელს.

მას შემდეგ 4 წელი გავიდა და განათლების დაფინანსების ზრდის არაერთი ანონსისა, მშპ-თან შეფარდებით განათლებაზე დღემდე ბევრად ნაკლები თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

მასწავლებელთა საშუალო ხელფასი კი, საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე დაბალია და განათლების სექტორი, როგორც საშუალო თვიური, ისე მედიანური ხელფასის მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა.

რას ჰპირდება ამილახვარი მასწავლებლებს?

მინისტრის თქმით, 2024 წელს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, ივნისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებისთვის ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტი გაიზრდება.

„მსგავსი სახელფასო ზრდა, ასე ერთიანად, არათუ სასკოლო საზოგადოებაში, შესაძლოა სხვა პროფესიებშიც არ მომხდარა“, – განაცხადა ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამართული მოხსენების დროს.

„მსურს, მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ მხარეს, გავერთიანდეთ ამ უპრეცედენტო და ისტორიული სახელფასო მატების რეფორმის პროცესში, რომლის მსგავსი მასწავლებლებთან დაკავშირებით აქამდე არასდროს განხორციელებულა“, – მინისტრის ცნობით, მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის შესახებ ინფორმაცია დეკემბერში გახდება ცნობილი.

როგორ მოაგვარებს „ახალი“ და „უპრეცედენტო“ ზრდა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს? – ამ კითხვებზე პასუხის მიღება სფეროს ექსპერტების მოსაზრებებითა და მონაცემების ანალიზით ვცადეთ.

მასწავლებ ყოველდღიური, ყოფითი პრობლემებით არიან გაწამებული

სახელფასო პოლიტიკაზე „პუბლიკამ“ 10-მდე პედაგოგს ჰკითხა აზრი. ხელფასის ზრდას ისინი პოზიტიურად აფასებენ, თუმცა თითოეული აღნიშნავს, რომ პრობლემა სრული საგაკვეთილო საათებია და სრული დატვირთვის, 18 საათიდან 15 საათამდე, შემცირების აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

უმრავლესობისთვის პრობლემაა საგაკვეთილო საათებთან ანაზღაურების საკითხის დაკავშირებაც. მასწავლებლები მუშაობას გაკვეთილების შემდეგაც აგრძელებენ – ის ან მომდევნო დღის გაკვეთილისთვის მზადებას ეთმობა, ან სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

„რასაკვირველია, ყოველი 100 ლარით მომატებული ხელფასი უკეთესია, ვიდრე 100 ლარით ნაკლები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ მასწავლებლებს ხელფასს გავუზრდით, მდგომარეობა ერთბაშად გაუმჯობესდება. შედეგებს სჭირდება დრო, მაგრამ მასწავლებელი, რომელიც გაწამებულია ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით, რანაირად შეიძლება იყოს კარგი მასწავლებელი?! პირობები ხომ უნდა შეუქმნა, ხშირად უმართლებიათ თავი, რომ ხელფასის გაზრდით არაფერი იცვლება.

ხელფასის გაზრდით ადამიანს უქმნი პირობებს. შეგიძლია მას მოსთხოვო, რა გააკეთოს.

ვერ გეტყვით, რომ ეს 500-ლარიანი მატება ყოფითი პრობლემებით გაწვალებული პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი შვება იქნება, თუმცა მდგომარეობა ოდნავ გაუუმჯობესდება. გაძვირდა ყველაფერი. პროდუქტზე რომ შედიოდი მაღაზიაში და ერთი კვირის სამყოფს 80 ლარად ყიდულობდი 4 წლის წინ, ახლა 150 – 180 ლარი მაინც გჭირდება.

ფიზიკურად შეუძლებელია, რომ 500-ლარიანმა მატება მასწავლებელს შვება მისცეს. მინიმუმ უნდა გაორმაგდეს მასწავლებლის ხელფასი.

ბევრ მასწავლებელს არ აქვს სრული განაკვეთი და საათების საკითხიც პრობლემაა. ჩემს სკოლაში საათები არ არის პრობლემა, 20 საათი მაქვს. დიდ კონტინგენტიანი სკოლაა და კოლეგები სრულ განაკვეთზე მუშაობენ. 2000-მდე ბავშვია და პარალელური კლასებშიც ბევრი სწავლობს. მაგრამ ძალიან ბევრ რეგიონშია მცირეკონტინგენტიანი სკოლები, განსაკუთრებით პრობლემურია საბუნებისმეტყველო საგნები. საბუნებისმეტყველო საგნებში უბრალოდ შეუძლებელია იყოს სრული განაკვეთი“, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი მაია ეკალაძე.

სისტემა ახალი კადრების დაინტერესებას ვერ ახერხებს

დაბალი ანაზღაურება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც, მასწავლებლობა არამიმზიდველი კარიერული არჩევანია. დაბალი ანაზღაურების გამო სკოლაში მუშაობის დაწყება ახალ, კვალიფიციურ კადრებს არ სურთ. ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიაშიც.

„მასწავლებლობა ჯერ კიდევ რჩება არამიმზიდველ კარიერულ არჩევანად, რაზეც მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ შესაბამის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულთა შორის დიდია დაბალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების წილი, რომლებსაც დაბალი შედეგები ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მასწავლებლის კარიერა ნაკლებად მიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სისტემა რომ ახალი კადრების დაინტერესებას ვერ ახერხებს, ეს სხვადასხვა მონაცემიდანაც ჩანს – იზრდება მასწავლებელთა საშუალო ასაკი, კადრების დეფიციტია ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში. საბუნებისმეტყველო საგნებში მასწავლებელთა საშუალო ასაკი მაღალია და 60+ წელს ზევით ასაკის ყველაზე მეტი მასწავლებელი ამ საგნებშია.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დარგის სპეციალისტები აუცილებლობად მიიჩნევენ მასწავლებელთა ხელფასისა და სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის საკითხის მოგვარებას.

„პრობლემა არის მრავალწახნაგოვანი: ჯერ ერთი, სკოლებში დაბალია ინტერესი ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის მიმართ, ვინაიდან არც ლაბორატორიებია საკმარისი და არც თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება რეალური ლაბორატორიების ჩასანაცვლებლად; მეორეც, მასწავლებელთა ანაზღაურება ისევ დაბალია და თუკი ამ მიმართულებით ინტერესდება ახალგაზრდა, ურჩევნია, უფრო მაღალანაზღაურებადი სფერო აირჩიოს, მაგალითად, სამედიცინო ან საინჟინრო-კვლევითი მიმართულებები, რაც საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის საშუალებას მისცემს“, – ამბობს ნანა დიხამინჯია. ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი.

განათლების მკვლევრის, შალვა ტაბატაძის შეფასებით, მასწავლებელთა სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეფასდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას მოახდენს ის ხარისხის ზრდაზე და მასწავლებელთა მოტივაციაზე.

„პროფესიის მიმზიდველობისა და პრესტიჟულობისთვის ხელფასის ზრდა მნიშვნელოვანია. თუ დღეს გვაქვს დაბალი ხელფასები, პროფესიას პრესტიჟის ზრდის კუთხით პერსპექტივა არ ექნება, თუმცა პრესტიჟულობაზე გავლენას მხოლოდ ხელფასი არ ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ განათლება ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი დარგია, მაინც უნდა ჰქონდეს პრესტიჟულობა. დიდ ქალაქებში სხვა ვითარებაა, მაგრამ რაიონებსა და სასოფლო დასახლებებში განათლება ერთადერთი ადგილია, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.

მასწავლებლის ხელფასი ბევრ რეგიონში მაინცდამაინც არ ჩამორჩება იმავე საბანკო სექტორში მყოფ მოლარე-კონსულტანტისას. თუმცა მაინც უფრო პრესტიჟულია საბანკო-საფინანსო სექტორი. უნდა დავფიქრდეთ, რა ფაქტორები ახდენას ამაზე გავლენას“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია ხელფასის ზრდა გაგრძელდეს, რადგან დაანონსებული მატება არ არის ისეთი, რომ მალევე მოახდინოს გავლენა პროფესიის პრესტიჟზე.

„თუ გვაქვს მასწავლებელთა სახელფასო ფონდისთვის თანხა, უნდა მოვიფიქროთ, როგორ ვანაწილებთ ამ ფონდს. ბევრი რაღაც შეიძლება მოვაგვაროთ სახელფასო პოლიტიკით.

სახელფასო ფონდი 180 მილიონი ლარით იზრდება და უნდა დავფიქრდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და რა გააჯანსაღებს სასწავლო პროცესს. თუ მექანიკურად ავიღებთ საათობრივ რაოდენობას და ყველას შესაბამისი პროპორციით მოვუმატებთ, ეს არაფერს შეგვიცვლის, ისევე როგორც ვერ გახდის პრესტიჟულს მომავალი თაობისთვის.

მაგალითისთვის: რთულია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების მოზიდვა. ამიტომ უნდა იყოს დიფერენციაცია, რომ მეტი ხელფასი მივცეთ ამ ადამიანებს, ვიდრე იმ საგნებში, სადაც ბევრი მასწავლებელია რეალურ მოთხოვნასთან შედარებით“, – ამბობს შალვა ტაბატაძე და დასძენს, რომ ასევე აუცილებელია საათობრივ გაკვეთილებზე მიბმული პოლიტიკის შეცვლაც.

„ჩვენ გვყავს სამი კატეგორიის მასწავლებელი: უფროსი, წამყვანი და მენტორი. ამ კატეგორიის მასწავლებლებმა, გაკვეთილებთან ერთად, სტანდარტის მიხედვით უნდა აკეთონ – სასკოლო კვლევები, იზრუნონ სხვა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის და ა.შ. და ა.შ., რაც რეალიზებული არაა, რადგან სახელფასო პოლიტიკა მიბმულია საათობრივ ანაზღაურებაზე და ეს კვალიფიციური, მენტორი მასწავლებელი, დარბის ორ-სამ სკოლაში, რომ გაკვეთილების ჩატარება მოასწროს და ორი-სამი ხელფასი აიღოს. ამის ნაცვლად, შესაძლებელია, გვქონდეს ისეთი სახელფასო პოლიტიკა, რომ ასეთმა მასწავლებლებმა, გაკვეთილებთან ერთად, ამ ფუნქციური დატვირთვით აიღონ ხელფასი და ხელფასი იყოს არა ჩატარებული გაკვეთილების, არამედ სრული დატვირთვის მიხედვით“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

რისგან შედგება მასწალებლის ხელფასი?

დღეს მასწავლებლის ხელფასი, უხეშად რომ ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგება – საბაზო და სტატუსის დანამატი. როგორც საბაზო, ისე დანამატით განსაზღვრული თანხის საბოლოო რაოდენობაზე გავლენას სხვადასხვა ინდიკატორი ახდენს, თუმცა მათ შორის უმთავრესია საათობრივი დატვირთვა.

საბაზო ხელფასი 405 ლარიდან 595 ლარამდე მერყეობს. სტატუსის დანამატები კი ასე გამოიყურება: უფროსი მასწავლებლისთვის 795; წამყვანი მასწავლებლისთვის – 1175; მენტორი მასწავლებლისთვის კი – 1475 ლარი.

თუ თქვენ მუშაობთ სკოლაში, გაქვთ სრული განაკვეთი და ფლობთ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, უხეში დაანგარიშებით უნდა იღებდეთ 438 + 670 ლარის ჯამს, რაც 1200 ლარია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, და არა ხელზე ასაღები თანხა.

რომ გავიგოთ, პედაგოგთა კორპუსიდან რამდენი ადამიანი იღებს ჩვენ მიერ უხეშად დაანგარიშებულ დარიცხულ ხელფასს, აუცილებელია, ვიცოდეთ სხვადასხვა სტატუსის მქონე რამდენი პედაგოგი გვყავს სისტემაში და რამდენ მათგანს აქვს სრული საათობრივი დატვირთვა.

განათლების სამინისტროდან უახლესი მონაცემები გამოვითხოვეთ. 10 დღიანი ვადა გავიდა და პასუხი არ მიგვიღია. სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობის გარეშე დაანგარიშება ვერ გაკეთდება.

მინისტრის თქმით, სრულ განაკვეთზე მასწავლებელთა 70% მუშაობს. სხვა წყაროებით კი ეს ასე არაა და პედაგოგთა მხოლოდ ნახევარი მუშაობს სრულ განაკვეთზე.