რატომ არ მოაწერეს ხელი რეზოლუციის ინიციატივას ევრონესტში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა

პუბლიკა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, 19-20 მარტს „ევრონესტის“ მე-11 საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა, რომელში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც იღებდა.

ასამბლეაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია ვერ დააინიციირა. რეზოლუციის ჩავარდნა ხელისუფლებამ დელეგაციის ოპოზციონერ წევრებსა და უკრაინის დელეგაციას დააბრალა.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტის დელეგაციიდან 9 წევრი ესწრებოდა, 5 მმართველი პარტიიდან, 4 კი – ოპოზიციიდან: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანი წითლიძე და თამარ კორძაია.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საბოლოოდ, რეზოლუციის ინიციატივას 8 ხელმოწერა ჰქონდა, 5 „ქართული ოცნებიდან“ და 3 მოლდოვის დელეგაციიდან. რეზოლუციის ინიციირებისთვის 10 ხელმოწერა იყო საჭირო, შესაბამისად ინიციირებას სულ 2 ხელმოწერა დააკლდა.

რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს მოლდოვის დელეგაციის დანარჩენმა წევრებმა, ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და უკრაინულმა დელეგაციამ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას სულ 110 წევრი ჰყავს, 60 ევროპარლამენტიდან, 50 კი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნიდან: საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

რატომ ჩავარდა რეზოლუციის ინიციატივა? – ხელისუფლების პოზიცია

მას შემდეგ, რაც ჩაიშალა დოკუმენტის ინიციირება, დელეგაციის ოპოზიციონერი წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი არ იცნობდნენ რეზოლუციის ტექსტს და მმართველი გუნდის წევრებს მათთან ერთად არ უმუშავიათ, რათა რეზოლუცია დამტკიცებულიყო.

რეზოლუციის ავტორმა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა კი თქვა, რომ ინიციატივა უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციების ხელმძღვანელებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ დაარეგისტრირა, მას წინასწარი თანხმობა ჰქონდა, რომ ტექსტს მათი მხარდაჭერაც ექნებოდა.

ბოჭორიშვილის მიხედვით, ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი თავიდანვე თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის ხელმოწერაზე შეთავაზება მიიღეს.

„პირადად მქონდა მათთან შეთავაზება, რომ ხელი მოეწერათ ინიციატივისთვის. პირადად ჩემი საუბრის და შეთავაზების გარდა, დღის განმავლობაში დელეგაციის სამდივნომ რამდენჯერმე შეახსენა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ხელმოწერის საკითხი, თუმცა მათგან დასტური არ მიგვიღია.

ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს 10 მხარდამჭერი ვერ ვიშოვე ამხელა ევროპარლამენტში არის აბსურდული უცოდინრობა! საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ინიციატივას ჭირდებოდა ხელმოწერები ამ სამი დელეგაციიდან და არა სრულიად ევროპარლამენტიდან, რაც მარტივი იქნებოდა, რომ არა უკრაინის დელეგაციის და ქართული ოპოზიციის უარი ხელმოწერაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი დაამატა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია მზად იყო ხელის მოსაწერად და „ბოლო წუთს გადაიფიქრეს“. ამის გამო, „ქართული ოცნების“ წევრებს სხვა ქვეყნების დელეგაციებისგან მხარდაჭერის მიღება არც უცდიათ.

„ბოლო წუთამდე ჰპირდებოდნენ და რომ ამოიწურა ვადა, აღმოჩნდა, რომ თურმე არ აწერდნენ  ხელს. არც ყოფილა სხვა დეპუტატებთან კომუნიკაცია იქიდან გამომდინარე, რომ არ იყოს ამის საჭიროება, უკრაინელებიც აწერდნენ ხელს და ქართველ დეპუტატებს რომც არ მოეწერათ ხელი, არ იყო საჭიროება.

ბოლო წუთამდე უკრაინელებისგან იყო თანხმობა და როცა უკვე შესაბამისი ვადა ამოიწურა, მაშინ აღმოჩნდა, რომ ხელს არ აწერდნენ“, – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძეს არ დაუზუსტებია, უკრაინულმა მხარემ ინიციირების შემდეგ მხარდაჭერის და ხმის მიცემის მზადყოფნა გამოთქვა, თუ მზად იყო ინიციირებისთვისაც დაეჭირა მხარი.

რატომ არ მოაწერეს ხელი საქართველოს დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა და უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებმა?

რეზოლუციის ინიციატივის ჩაგდებას გამოეხმაურნენ ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათ ინიციატივის ჩაგდებაში რეზოლუციის ავტორი და „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიხედვით, მათ თავდაპირველად ევროპარლამენტარებისგან შეიტყვეს, რომ საქართველოს დელეგაცია რეზოლუციის ინიციირებას აპირებდა. მოგვიანებით, თავად მაკა ბოჭორიშვილისგანაც გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეზოლუციას ამზადებდნენ.

თუმცა, ანა წითლიძის თქმით, მან სცადა რეზოლუციის დოკუმენტის მიღება, მაგრამ ვერ მიიღო. საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურში განუცხადეს, რომ რეზოლუციას ვერ გაუგზავნიდნენ, რადგან ის ჯერ კიდევ „მუშა პროცესში“ იყო.

„იმავე საღამოს კუბილიუსთან ვახშამზე ევროპის სახალხო პარტიამ გვითხრა რომ სამი ვარიანტია შემოსული რეზოლუციის რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მე ვუთხარი, რომ ტექსტი უნდა მენახა და შეიძლებოდა მქონოდა შესწორებები. ამავე დღეს უკრაინელებმა თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერდნენ რეზოლუციას გარკვეული მიზეზების გამო. ტექსტი ნანახი მათაც არ ჰქონდათ – ტელეფონით დაგვირეკა ბოჭორიშვილმაო.

ამის შემდეგ, მეორე დღეს უკვე საუზმეზე ბუტერბროდით ხელში მაკა ბოჭორიშვილი მეუბნება, რომ რაღაც რეზოლუცია არსებობს რომელიც თვალით არ გვინახავს და „თუ გვინდა, შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ. კორძაიას რეზოლუციის ხელმოწერა [შესთავაზეს] მანქანაში, სასტუმროდან ევროპარლამენტამდე… ვითხოვეთ ისევ რეზოლციის ტექსტი – რაზეც გვითხრეს რომ მუშა პროცესშია.

რეზოლუციის სამი ვარიანტიდან რომელიც მას შემდეგ ვნახეთ რაც ჩავარდა – ერთში იყო პუნქტი რომელიც ეხებოდა იმას რომ საქართველო უნდა შეაქონ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გამო. სავარაუდოდ ამ პუნქტის გამო მალავდნენ რეზოლუციას“, – წერდა ანა წითლიძე მოგვიანებით.

დელეგაციის კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის, თამარ კორძაიას თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სათანადოდ არ იმუშავეს, რომ რეზოლუციის ინიციირებისთვის საკმარისი მხარდაჭერა მოეპოვებინათ. მათ შორის, კორძაიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს რეზოლუციის ინიციირების პროცესში არ უთანამშრომლიათ არც ოპოზიციასთან და მხოლოდ ხელმოწერა შესთავაზეს.

„ჯერ ერთი, კომუნიკაცია იყო საერთოდ არასათანადო. არც კი დაგველაპარაკნენ. უკაცრავად, მანქანაში რომ მოითხოვ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც არ გაქვს წაკითხული და იქ ჩაგიგდებენ და ამ დროს გთხოვენ, ხელი მოაწერეო, მინიმუმ შეთანხმება სჭირდება.

საერთოდ მუშაობა სხვანაირად ხდება ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ დელეგაციაში. დელეგაციის წევრები სხდებიან, მსჯელობენ და თანხმდებიან.

გზად, ერთად რომ ვიყავით, მაშინ მითხრეს ასე და ასე, რეზოლუცია მზადდებაო, ჩამიგდეთ მეთქი და ამის შემდეგ WhatsApp-ში ჩამიგდო ჩვენმა სამდივნომ. რაც არ არის სერიოზული ფორმა თანამშრომლობის“, – თქვა თამარ კორძაიამ „ფორმულას“ ეთერში.

ასევე, კორძაიას თქმით, რეზოლუციის ინიციატივის ჩაგდება აჩვენებს იმასაც, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სათანადო ავტორიტეტი და დიპლომატიური მუშაობის უნარები, რომ სხვა დელეგაციებისგან ან ევროპარლამენტარებისგან მოეპოვებინათ დელეგაციის ინიციირებისთვის საჭირო ხმები.

„სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს დელეგაციას არ აქვს ის წონა და ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც უნდა აგროვებდეს 10 ხმას. ეს არის სამწუხარო რეალობა…

მეორე საკითხია ის, რომ ასევე კენჭი ეყარა უკრაინის და მოლდოვის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას. მე მაქვს შეკითხვა, საქართველოს დელეგაციამ რატომ არ ითანამშრომლა უკრაინელებთან და მოლდოველებთან. რადგან გულწრფელად გითხრატ, მათი რეზოლუცია არის ბევრად ადეკვატური დროსა და სივრცეში. ისინი მოწუოდებენ ევროპელებს უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ. როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური იმისთვის, რომ დროზე დარულდეს ეს არაპვროვოცირებული ომი“, – თქვა თამარ კორძაიამ.

რაც შეეხება უკრაინულ დელეგაციას, დელეგაციის წევრმა, ვოლოდიმირ არიევმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს დასავლური სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება და ამიტომ ინიციატივის თანაავტორები ვერ იქნებოდნენ.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით ხმის მისაცემად, მაგრამ არ ვართ მზად, ამის თანაავტორები ვიყოთ ქართული პოლიტიკის გამო.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ჩვენს ამას ჯერჯერობით არ გავაკეთებთ, ვიდრე საქართველო დასავლური სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მუდმივი მხარდამჭერი იქნება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ამაზე სათანადოდ უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ არიევმა [რუსთავი 2-ის თარგმანი].