როგორ აღწევს ჩინეთი კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას

„ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ კოლექტიური, კოორდინირებული და მრავალმხრივი მიდგომით, რაშიც ხელისუფლების მთელი მექანიზმი იქნება ჩართული“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პიკში დღეში ინფიცირების 3 000 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, თუმცა 10 მარტის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირების 20 ახალი, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელების ტემპმა მნიშვნელოვნად იკლო მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი და ეფექტიანი ზომები გაატარა.

Salvatore Di Nolfi/EPA, via Shutterstock

საინტერესოა, არის თუ არა, მართლაც, ჩინეთის ხელისუფლების კოორდინირებული მოქმედების შედეგი ინფიცირების ახალი შემთხვევების დრამატული კლება?! ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმ ჯგუფის წარმომადგენლებისგან შეგვიძლია შევიტყოთ, რომლებიც თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული, თვალს ადევნებენ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩინეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებულ ზომებს. ამ ჯგუფს პროფესორი ბრიუს აილვარდი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ჩვენც ამ საკითხებზე ინფორმაციას სწორედ მათ ცნობებზე დაყრდნობით მოგაწვდით.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის მასშტაბურად გავრცელების შემდეგ ჰუბეის პროვინციაში 60 მილიონამდე ადამიანი გადაიყვანა მკაცრ იზოლაციაში. ასობით მილიონი სკოლის მოსწავლისთვის კი სკოლები დაიხურა.

შემდეგ ჩინელებმა ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების 50% ონლაინრეჟიმზე გადაიყვანეს იმისათვის, რომ საავადმყოფოში მიმსვლელი პაციენტების რაოდენობა შემცირებულიყო.

თუკი პაციენტს კორონავირუსზე გაუჩნდებოდა ეჭვი, მას კლინიკაში ათავსებდნენ.

პირველ რიგში პაციენტს სიცხეს უზომავდნენ. შემდეგ სამედიცინო ისტორიას იკვლევდნენ, შემდგომ კი – პაციენტის მოგზაურობის ისტორიას და რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი კლინიკაში მოთავსებამდე.

ამის შემდეგ კი განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით  უტარებდნენ პაციენტებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას. სამედიცინო პერსონალი თითოეული ტომოგრაფით დღეში 200 შემოწმებას ატარებდა. თითო ტომოგრაფიას 10 წუთს ანდომებდნენ. ხანდახან ნაწილობრივ შემოწმებებსაც კი მიმართავდნენ. ეს განსაკუთრებით სწრაფი ტემპია იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთში ტიპურ ტომოგრაფს საათში 1 ან 2 შემოწმების ჩატარება შეუძლია.

შემოწმების შემდეგ, თუ ისევ დარჩებოდა ეჭვი კორონავირუსზე, პაციენტები ლაბორატორიულ ტესტირებას (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) ) გადიოდნენ.

ვინაიდან პაციენტების უმრავლესობა კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო, მათ სხვა ტიპის ვირუსულ დიაგნოზებს უსვამდნენ. თითოეულ ლაბორატორიულ ტესტირებას 4 საათი სჭირდება. ტესტირების პასუხების მიღებამდე პაციენტებს ლაბორატორიაში უწევდათ მოცდა, ვინაიდან პასუხის მიღებამდე სხვა ადამიანებთან კონტაქტში არ შესულიყვნენ.

დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტები საიზოლაციო ცენტრებში გადაჰყავდათ.  თავდაპირველად ავად გახდომიდან 15 დღეში ხდებოდა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ვირუსის გავრცელების ზრდასთან ერთად ჩინეთში სიმპტომების გაჩენიდან ორ დღეში დაიწყეს პაციენტების  საიზოლაციო სივრცეებში განთავსება, რამაც შიდა გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა.

იზოლაციასა და ჰოსპიტალიზაციას შორის დიდი განსხვავებაა. სუსტი სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტებს საიზოლაციო ცენტრებში ათავსებენ. საიზოლაციო სივრცეები გიმნაზიებსა და სპორტულ სტადიონებზეა მოწყობილი. მძიმე და კრიტიკული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

China Daily/Reuters

განსაკუთრებით სწრაფად იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდებოდა, რომლებიც 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ან თანმდევი ქრონიკული დაავადება სჭირდათ.

საუკეთესო საავადმყოფოები სპეციალურად კორონავირუსით ინფიცირებულებს დაეთმო. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ყველა ნაკლებად სასწრაფო ოპერაცია გადაედოთ. სხვა საავადმყოფოები რუტინული სამედიცინო მომსახურებისთვის გამოიყო: მშობიარობის, გულის ტრავმებისა და ა.შ. ეპიდაფეთქებისთანავე 2 ახალი საავადმყოფო აშენდა. იმ საავადმყოფოებში კი, სადაც გრძელი პალატები იყო, „დაბინძურებული“ და „სუფთა“ ზონების საიზოლაციოდ კედლები ააშენეს.

კრიტიკული შემთხვევების მკურნალობა ჩინეთში განსაკუთრებით ეფექტიანად მიმდინარეობს. განსაკუთრებულად კარგად არის აღჭურვილი საავადმყოფოები ტექნიკით. თითო საავადმყოფოში 50-მდე სასუნთქი აპარატურაა მოთავსებული და 5-მდე ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაციის (ECMO) აპარატი მაშინ, როცა გერმანიაში მაქსიმალური რაოდენობა 3-ია, ისიც მხოლოდ ბერლინში. კორონავირუსზე ტესტირებისა და მკურნალობის ყველა ხარჯს, რასაც პაციენტის დაზღვევა არ ითვალისწინებდა, სახელმწიფო ფარავდა.

ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო პერსონალის თვითშეგნებამ, რომ უჰანში მიმდინარე ეპიდაფეთქების შეჩერებაში ქვეყანას უნდა დახმარებოდა. სხვა პროვინციებიდან 40 000-მდე სამედიცინო პერსონალი ჩავიდა უჰანში ეპიდემიასთან ბრძოლაში დასახმარებლად.

რაც შეეხება კვებას – დაახლოებით 15 მილიონამდე ადამიანი იკვებებოდა ონლაინსერვისის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ბევრი პრობლემა იქმნებოდა, მიწოდებული საკვები მოქალაქეებს დღიური რაციონისთვის მაინც ჰყოფნიდათ.

პარალელურად, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების გადაჯგუფებაც მოხდა. ტრასის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშასაც შეეძლო საკვების მიწოდებაზე ემუშავა ან პაციენტებისთვის სიცხე გაეზომა.

პროფესორი ბრუს აილვარდი იხსენებს, რომ ჩინეთში შეხვდა ქალს, რომელიც ადამიანებს ეკიპირებას ასწავლიდა. როდესაც პროფესორმა ჰკითხა, იყო თუ არა ინფექციის კონტროლის ექსპერტი, მან  უპასუხა, რომ მხოლოდ რეგისტრატორად მუშაობდა. ეკიპირების წესები კი ეპიდემიის გავრცელების შემდეგ შეისწავლა.

ჩინეთმა სავარაუდო კონტაქტების აღმოჩენის მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით გამართული მონაცემთა ბაზა შექმნა. ამ ტექნოლოგიების წყალობით, დაავადებების კლასტერების აღმოჩენა ბევრად გამარტივდა.

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, სოციალური ქსელები – „Weibo“, „Tencent“ და „WeChat“ სპეციალურად ვირუსთან დაკავშირებული სწორი და ვალიდური ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფდნენ.

ყველა ამ საშუალებით ჩინეთმა მოახერხა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. მრავალი ექსპერტის აზრით, ის ფაქტი, რომ ჩინეთი ავტოკრატიული სახელმწიფოა, კრიზისული სიტუაციების მართვას მათთვის ბევრად ამარტივებს. მათი აზრით, სწორედ ეს არის ჩინეთის წარმატების  მთავარი მიზეზი ეპიდემიასთან ბრძოლაში. შესაბამისად, დასავლურ ქვეყნებს უკიდურესად გაუჭირდებათ მსგავსი ზომებით ეპიდაფეთქებასთან ბრძოლა.

პროფესორი აილვარდი აცხადებს, რომ აუცილებელია დასავლურ საზოგადოებაში ამ განწყობის ცვლილება.

„აუცილებლად უნდა შევიცვალოთ განწყობა. მხოლოდ ხელების ჩამოშვებას ვაპირებთ? ეს გადაწყვეტილება სერიოზული რისკის შემცველი იქნებოდა. აუცილებელია, გონივრულ განსჯას მოვუხმოთ და დავფიქრდეთ, თუ რას მოვიმოქმედებთ ამ სიტუაციაში მოწყვლადი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა აილვარდმა.

ფაქტია, რომ ჩინეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღითი დღე მცირდება. ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად ჩინეთმა ეტაპობრივად დაიწყო ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა, რაც  სხვადასხვა პროვინციაში სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. ზოგიერთ პროვინციაში სკოლები ისევ დახურულია, ხოლო რამდენიმეში გახსნეს. რამდენიმე პროვინციამ მხოლოდ ისეთი ქარხნები აამუშავა, რომლებშიც კრიტიკულად მნიშვნელოვან პროდუქტებს აწარმოებენ. საკითხავია, რამდენად შეინარჩუნებს ქვეყანა იმ სტატუს კვოს, რომელსაც მრავალი ძალისხმევისა და შრომის შედეგად მიაღწია. ამას მომავალი გვიჩვენებს.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, დღეის ჩათვლით ჩინეთში 200-მდე მედიკამენტი იტესტება ანტივირუსულ თვისებებზე. ძირითადად, მედიკამენტები სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან.  ტესტირების შედეგები, წესით, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

Agence France-Presse

______________________

ახალი კორონავირუსი (Covid-2019) პირველად ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში გამოჩნდა. უჰანი ჰუბეის პროვინციის ყველაზე დიდი ქალაქია 11 000 000 მცხოვრებით.

დღემდე მედიაში ისმის სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ჩინეთის ხელისუფლება რეალურ ეპიდსიტუაციას მალავს და პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ პანიკის საფუძველი აღარ არსებობს და ხელისუფლებამ ეფექტიანად იმუშავა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კვლევის ცენტრის დირექტორი მაიკლ ოსტერჰოლმი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა, მართლაც, უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია ვირუსის შეჩერების მხრივ,  თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ეპიდემია ამით საბოლოოდ ამოიწურა.

„ვფიქრობ, რომ მათ შესანიშნავად იმუშავეს ვირუსის შესაჩერებლად, თუმცა არ ვიცი, ეს შედეგი შენარჩუნდება თუ არა. სინამდვილეში რას მიაღწიეს ჩინელებმა? მართლა შეაჩერეს ვირუსი? თუ უბრალოდ მიჩქმალეს?“ – განაცხადა ოსტერჰოლმმა.

თუმცა,  ბრუს აილვარდი, რომელიც უჰანს ეპიდსიტუაციის შესაფასებლად თებერვლის დასაწყისში ეწვია, ფიქრობს, რომ ჩინეთის მხრიდან მონაცემების რეალური დამალვა ნაკლებად სავარაუდოა.

„ვიცი, რომ არსებობს ეჭვი, თუმცა ყველა კლინიკაში, რომელსაც ვეწვიეთ, ხალხი გვეუბნებოდა, რომ „სიტუაცია ისეთი აღარ არის, როგორიც სამი კვირის წინ იყო“. შემოწმებაზე მიმართვიანობა ჩვენი ჩასვლის დროს დღეში 46 000 ს უტოლდებოდა. წამოსვლისას ეს რიცხვი 13 000-მდე შემცირდა. არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ რიცხვებით მანიპულაცია მართლაც ხდებოდა“, – განაცხადა აილვარდმა.

მრავალი სამედიცინო ექსპერტის აზრით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ მკაცრი ზომების გატარება  მრავალი მოქალაქის საარსებო საშუალებებისა და ინდივიდუალური თავისუფლების ხარჯზე მოხერხდა.

თუმცა საკითხავია, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი მკაცრი ზომებისა და სწრაფი, ეფექტიანი ნაბიჯების გარეშე ჩინეთში ეპიდსიტუაციის გამოსწორება და ვირუსის შემდგომი მასშტაბური გავრცელების შეჩერება.