როგორ იცვლებოდა პოლიტიკა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში

თათია ხალიანი

2005 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ქეთი მახარაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ ხმაურიან განხილვაში გადაიზარდა. პარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ემსჯელათ. განსაკუთრებით ფრაქცია „მაჟორიტარების“ დეპუტატი ბესო ჯუღელი აქტიურობდა, რომელმაც კანონპროექტის იმ ნაწილს გაუსვა ხაზი, რომელშიც  ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან ერთად სექსუალურ ძალადობაზეც იყო საუბარი. მაშინ ბესო ჯუღელი ამბობდა, რომ ეს ინიციატივა ქართულ მენტატლიტეტთან შეუსაბამო იყო.

კანონპროექტის ირგვლივ დებატები არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ საზოგადოებრივ სივრცეებში, მედიაში, მათ შორის, ინტერნეტფორუმებზეც აქტიურად გრძელდებოდა. ეს განხილვები ინტერნეტში დღესაც ხელმისაწვდომია. მაშინ უმეტესობა ფიქრობდა, რომ ამ კანონის მიღების დრო მართლაც არ იყო და ქალები ქვეყანაში არ იჩაგრებოდნენ, მით უფრო არავინ ძალადობდა მათზე.

კანონპროექტი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით შემუშავდა. მაშინ ქალთა უფლებებისა და მათ მიმართ ძალადობის საკითხებზე მხოლოდ ისინი მუშაობდნენ, შესაბამისად, ამ კანონის მიღების საჭიროებაც ყველაზე კარგად ესმოდათ.

სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუჭირეს ღიად მხარი მაშინდელი დეპუტატის გოჩა ჩახვაძის ყოფილ მეუღლეს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს. 2005 წელს სასამართლომ კი მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რადგან საქმე დეპუტატის ოჯახს ეხებოდა, ამ შემთხვევას მაღალი საზოგადეობრივი ინტერესი ახლდა. ამ პროცესში საჯარო გახდა საქმის დეტალებიც. გამოიკვეთა, რომ  საქმე ოჯახში ძალადობას ეხებოდა, რაც ქალის მიმართ განქორწინების შემდეგაც გრძელდებოდა. თვეების განმავლობაში მას შვილების ნახვის უფლება არ ჰქონდა. მალევე დეპუტატის ყოფილ  მეუღლეს სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა გაუუქმა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ექსპერტიზამაც დაადგინა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან არ უსვრია.

ამ შემთხვევის შემდეგ ორგანიზაციების დახმარებით საჯარო გახდა სხვა ქალების ისტორიებიც, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, საბოლოოდ, პარლამენტმა 2006 წელს კანონი მიიღო და ქვეყანამ პრობლემის არსებობა აღიარა. კანონის პირველი ვერსიით,  მხოლოდ ზოგადი ცნებები განიმარტა, შემოვიდა დამცავი და შემაკავებელი ორდერების მექანიზმი, თუმცა მასში ნახსენები არ იყო სიტყვა ქალი – მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა უმეტესწილად ქალების  წინააღმდეგ ხორციელდება და არ იყო ნახსენები სიტყვა გენდერი – მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა ქალების წინააღმდეგ ხორციელდება სწორედ გენდერული ნიშნით. კანონის მიღებიდან  ერთი წლის შემდეგ მთავრობამ 2007-2008 წლების საქმომედო გეგმაც დაამტკიცა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში (UN Women) იხსენებენ, რომ პარლამენტმა კანონი მაშინ მიიღო, როდესაც საზოგადოების ცნობიერება ქალების უფლებებსა და ოჯახში ძალადობის შესახებ ძალიან დაბალი იყო. გარდა ამისა, ის საუბრობდა გაურკვეველ მსხვერპლებსა და მოძალადეებზე. მასში არ იყო გაშლილი გედერული ასპექტი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონსა და სამოქმედო გეგმაში მითითებული იყო, რომ შესაბამისი მომსახურებები შექმნილიყო, სახელმწიფო ამას არ ჩქარობდა. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი ჰყვება, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დევნილების ახალი ტალღა შემოვიდა, ჩატარდა დევნილების საჭიროებების კვლევა, სადაც აღმოჩნდა რომ ძალადობა პრობლემა იყო და ამაზე ქალები საუბრობდნენ. სანამ დევნილებისთვის სახლები აშენდებოდა, ქალები და ბავშვები ბანაკებში ცხოვრობდნენ და რთული მდგომარეობა იყო. ამ დროს კი სახელმწიფოს არ ჰქონდა თავშესაფარი, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ძალადობის მსხვერპლი ქალების მოთავსება. სწორედ  მაშინ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი მხარდაჭერით შეიქმნა პირველი თავშესაფარი, თუმცა მთავრობასთან იმ შეთანხმებით, რომ ის ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდოდა.

ორგანიზაციაში იხსენებენ, რომ ყველა ინიციატივისას მთვარობის წევრებისა და სახელმწიფო მოხელეების დარწმუნება უწევდათ, რომ პრობლემა არსებობდა და აუცილებელი იყო მხარდაჭერა. მაგრამ სერვისების განვითარებასთან ერთად პირველ რიგში გარდატეხა საზოგადეობის ცნობიერებაში უნდა მომხდარიყო. ამისათვის ქალთა ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის ოფისმა, გაეროს ოჯახმა და სხვა საერთშორისო ორგანიზაციებმა არაერთი ღონისძიება და კამპანია აწარმოეს ქუჩის აქციებით დაწყებული რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, ჟურნალისტებთან შეხვედრებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებით  ზღაპრების წიგნი, სპექტაკლებითა  თუ,დოკუმენტური ფილმებით დასრულებული.

წლებთან ერთად კანონში ცვლილებები შედიოდა და ორგანიზაციების ინიციატივითა და რეკომენდაციით გენდერულად მგრძნობიარე ხდებოდა. კანონის ამჟამინდელი (2017 წლიდან) ვერსიის სახელია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და ქალთა მიმართ ძალადობის მათ შორის ოჯახში ძალადობის გენდერული საფუძველი ნათლადაა ასახული.

დამოკიდებულებები და  განწყობები ოჯახში ძალადობის მიმართ

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა  – ძალაში შევიდა კანონი, შეიქმნა სამოქმედო გეგმა, პოლიციამ დაიწყო ორდერების გამოცემა, ორგანიზაციები მუშაობდნენ ცნობიერების ამღლებისთვის, სახელმწიფო პოლიტიკა მაინც არ იყო ერთიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. საჭირო იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა პრობლემის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ორიენტირებული იქნებოდა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მხვერპლთა უფლებების დაცვაზე. ფრაგმენტულად, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების გარდა,  არ არსებობდა მონაცემები, რომლებიც პრობლემის მასშტაბს აჩვენებდა.

პირველი ეროვნული კვლევა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 2009 წელს ჩატარდა,  გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის „დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში“ ფარგლებში. კვლევის მიზანი იყო ქალების მიმართ ოჯახში ძალადობის ფორმების, ინტენსივობის, გავრცელების არეალის, მიზეზებისა და შედეგების შესწავლა. სულ გამოიკითხა 15-49 წლის ასაკობრივი ჯგუფის 2 391 ქალი.

პირველმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ დროს მხოლოდ გამოკითხული ქალების 6% აღიარებდა, რომ გამოცდილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობა. მათგან 2.6%-ს ძალადობის მსუბუქი, 4.3%-ს კი მძიმე ფორმა ჰქონდა გამოცდილი.

მონაცემებმა აჩვენა, რომ ქალები ცდილობდნენ დაემალათ სიმართლე, როდესაც საქმე ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ეხებოდა. გარდა ამისა, კვლევის ყველაზე საყურადღებო მიგნება იყო, რომ ქალი ოჯახს აღიქვამდა როგორც ხელშეუხებელ ადგილს, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არასდროს უნდა გავიდეს მის ფარგლებს გარეთ და არ უნდა იქცეს საჯარო განხილვის საგნად. მკვლევრების შეფასებით, ოჯახის ასეთი აღქმა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ოჯახში ძალადობას. მსგავსი შეხედულებების მქონე ქალთა რაოდენობა 78.3% იყო.

თითქმის 10 წლის წინ ქალები სწორედ ასე ფიქრობდნენ.

მომდევნო ფართმასშტაბიანი კვლევა კი უკვე 2017 წელს ჩატარდა. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქსტატთან პარტნიორობით მოამზადა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი თათია ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ ორი კვლევის მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევადაროთ და გავზომოთ პროგრესი. ის აღნიშნავს, რომ გარკვეული მეთოდოლოგიური სხვაობა იყო კვლევებს შორის, თუმცა ზოგად ტენდენციაზე საუბარი შესაძლებელია.

„ათი წლის წინ ქალების მხოლოდ 1.5% ამბობდა, რომ მიუმართავს პოლიციისთვის ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. მაშინ კანონიც ახალი მიღებული იყო, თავშესაფრებიც არ იყო და ამ მიმართულებით მუშაობა პოლიციასაც ახალი დაწყებული ჰქონდა. ძალიან ბევრი ხარვეზი იყო,  მაგრამ 2017 წლის კვლევამ გვაჩვენა, რომ ქალების 18% მიმართავს პოლიციას ძალადობის შემთხვევაში. აქ კარგად ჩანს სხვაობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, 78%-დან 33%-მდე შემცირდა ქალთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა. 2009 წელს ქალების  უმეტესობა თითქმის  80% ამბობდა, რომ არავის უზიარებდა ამ პრობლემას, უახლოეს მეგობარსაც კი, როცა ბოლო კვლევით 60% -ზე მეტი ქალი გვეუბნება, რომ ვიღაცას უყვება ამის შესახებ. მართალია, თითქმის 40% ისევ არავის უყვება და ეს არც ისე პატარა ციფრია. მეორე მხრივ, ეს ცვლილება ძალიან თვალშისაცემია. ქალებმა ამოიღეს ხმა და უფრო თამამად საუბრობენ თავიანთ წრეშიც და სოციალურ ინსტიტუტებსაც ხშირად მიმართავენ“, – ამბობს თათია ვაშაკიძე.

მსხვერპლთა დაცვა – თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, კანონის მიღების შემდეგ ქვეყანამ აღიარა და აიღო პასუხისმგებლობა, რომ იბრძოლებდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, ძალადობის მსხვერპლ ქალებს იმ დროს შესაბამის მომსახურებებს ვერ სთავაზობდა, არ არსებობდა თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები. შესაბამისად, პირველი სახელმწიფო თავშესაფარი ისევ საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით დაარსდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში იხსენებენ, რომ ამ პროცესში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება დაიხმარეს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებზე უფრო წინ იყვნენ და თავშესაფრების მართვის გამოცდილება ჰქონდათ. მაგალითად, ორგანიზაცია „სახლი“, რომლის ხელმძღვანელობითაც თავშესაფრის მოწყობის, სტრუქტურის, მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვის სტანდარტი და კონცეფცია შეიქმნა. პირველი თავშესაფარი 2010  წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიხსნა, ერთი წლის შემდეგ კი სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის ქოლგის ქვეშ მოექცა.

სახელმწიფო ფონდის ფარგლებში 2010 წლიდან ამოქმედდა ასევე საკონსულტაციო ცხელი ხაზი. ცხელ ხაზზე კონსულტაციის მიღება შეუძლია ყველას ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ძალადობის საკითხებზე, ხოლო ხელმისაწვდომობა, ქართული ენის გარდა, უზრუნველყოფილია დამატებით 7 ენაზე. ცხელი ხაზის შექმნასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა-გამართვაში სახელმწიფო ფონდს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაუწია.

როგორც ფონდში ამბობენ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, ფონდის საქმიანობა და მანდატი წლებთან ერთად ფართოვდებოდა. 2013 წლის იანვრიდან სახელმწიფო ფონდს დაემატა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და დახმარების კომპონენტი.  2016 წლიდან ფონდის მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი შეემატა. 2017 წლის ივნისიდან კი ფონდის მომსახურებები გავრცელდა ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებზე/დაზარალებულებზე/სავარაუდო მსხვერპლზე და მათზე დამოკიდებულ პირებზე.

თავშესაფრით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ოჯახში ძალადობის და გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის არსებობა ან ამგვარ დანაშაულში დაზარალებულად ცნობის დადგენილების არსებობა. კრიზისული ცენტრის სერვისით სარგებლობის საჭიროებისას კი,  მსხვერპლი პირდაპირ მიმართავს კრიზისულ ცენტრს. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ძალადობის მსხვერპლის  სტატუსის მქონე ადამიანებს და მათზე დამოკიდებულ პირებს, რომლებიც არ საჭიროებენ სადღეღამისო საცხოვრისს, ასევე სავარაუდო მსხვერპლებსაც, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლის სტატუსი არ აქვს დადგენილი.

ამჟამად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფარგლებში ფუნქციონირებს 5 თავშესაფარი და 5 კრიზისული ცენტრი. ფონდში აღნიშნავენ, რომ 4 თავშესაფრის და ყველა კრიზისული ცენტრის მოწყობა-აღჭურვა სახელმწიფო ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შვედეთის და ევროკავშირის დაფინანსებით გასწია; სიღნაღის თავშესაფრის სარემონტო სამუშაოების ნაწილი და მოწყობა-აღჭურვა კი – აშშ საელჩომ.

როგორც ფონდში ამბობენ, თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის ფარგლებში  მსხვერპლებს ისინი უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით, სამართლებრივი დახმარებით, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით თავშესაფარში  და დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო ფონდის მომსახურებებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, 2014 წელს თავშესაფრით ისარგებლა 114-მა ბენეფიციარმა, აქედან 48 ქალი იყო, 2 – კაცი, 64 – მხვერპლზე დამოკიდებული პირი. 2018 წელს კი თავშესაფრით ისარგებლა 412-მა ადამიანმა, მათგან 179 იყო ქალი, ხოლო 224 მხვერპლზე დამოკიდებული პირი.

რაც შეეხება კრიზისული ცენტრების სტატისტიკას – 2016 წელს 24-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 2018 წელს კი 223 ბენეფიციარმა.

ფონდში გვეუბნებიან, რომ თავშესაფრები ბენეფიციარებს არ სთავაზობენ მხოლოდ სადღეღამისო საცხოვრისს, დაწესებულებებში მათთვის მუშავდება შემთხვევის მართვის ინდივიდუალური გეგმა და სოციალური მუშაკი მსხვერპლებს ეხმარება გაძლიერებაში, რაც გულისხმობს როგორც სხვადასხვა სოციალური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერას, ასევე – დახმარებას დასაქმების კუთხით.

„2017-2018 წლებში თავშესაფრების დახმარებით სულ დასაქმდა 74 ზრდასრული, შრომისუნარიანი ბენეფიციარი. გარდა ამისა, ფონდის არასამთავრობო, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის შედეგად პროფესიული კუთხით 51 ძალადობაგამოვლილი ქალი გადამზადდა. ბენეფიციართა გაძლიერების მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ფონდმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიმუშავა მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო დოკუმენტს, ბენეფიციართა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით“, – ნათქვამია ფონდის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებებისა, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის აზრით, ტრეფიკინგის ფონდს  ბევრი გამოწვევა აქვს, რადგან თავშესაფრიდან ქალები ვერ გამოდიან გაძლიერებული. მისი თქმით, ამ კუთხით მთელი სახელმწიფო პოლიტიკა დღეს მიმართულია მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობაზე და არა პრევენციაზე. გარდა ამისა, ეს არის უწყება, რომელიც ერთი შეხედვით აქტიურია და უამრავი თანხა იხარჯება მის საქმიანობაში, მაგრამ არ აქვს ხარისხის კონტროლი.

„მაგალითად, თუ პოლიციელის საქმიანობა არ მომწონს, ზუსტად ვიცი, სად უნდა დავრეკო. გენინსპექციაში რეკავ და  მაქსიმუმ 15 წუთში  არის რეაგირება, მოდის გუნდი და გესაუბრება. ასეთი რამ ტრეფიკინგის ფონდს არ აქვს. თუ არ მოგწონს თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის ან სოციალური მუშაკის მუშაობა, ვერაფერს აკეთებ. ამიტომ მე გულწრფელად მჯერა, რომ ყველა რესურსი, რომელიც იდება კონტროლის გარეშე, ხარისხის შემოწმების გარეშე არის დაკარგული“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

ამაზე საპასუხოდ ფონდში გვითხრეს, რომ სახელმწიფო ფონდს გააჩნია შიდა მონიტორინგის შესაბამისი სამსახური – მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველო, რომელიც უფლებამოსილია ფონდის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების) საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებაზე. ფონდის მომსახურების სტანდარტი კი რეგულირდება შესაბამისი დებულებისა და შინაგანაწესების მიხედვით.

გარდა ამისა, როგორც ფონდში ამბობენ, თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ბენეფიციარების რაოდენობის ზრდისა და ფსიქო-სარეაბილიტაციო მომსახურებების სტანდარტიზების პარალელურად, იმისათვის, რომ უკეთ განხორციელდეს ფონდის მიერ გაწეული სერვისების შედეგიანობის ანალიზი, ამ ეტაპზე მუშავდება ხარისხის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  დაწესებულებების საქმიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებს და შესაბამის ინდიკატორებს (KPI- Key Performance Indicators). ამ მექანიზმის საშუალებით მიმდინარე წლიდან უკვე დაიწყება ბენეფიციართათვის მიწოდებული სერვისების შედეგებისა და ხარისხის შეფასება.

ფონდიდან მოწოდებული 2018-2019 წლის I კვარტლის სტატისტიკით, ნაქირავებ ბინაში გადავიდა – 218 ბენეფიციარი; ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა – 137 ბენეფიციარი; მეუღლესთან დაბრუნდა – 54 ბენეფიციარი; მეგობრის ოჯახში გადავიდა – 21 ბენეფიციარი.

მსხვერპლის თავშესაფარში მოხვედრის შემდგომ სირთულეებზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულ იქნა მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ახორციელებს კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბემის რეკომენდაციებს.  სახალხო დამცველმა 2018 წელს თავშესაფრების მონიტორინგის სპეციალური ანგარიში[4] გამოაქვეყნა; მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციართა უმეტესობა კმაყოფილია თავშესაფრის მომსახურებით და დადებითად აფასებს ადმინისტრაციისა და პერსონალის ძალისხმევას. გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ მსხვერპლები და დაზარალებულები თავშესაფარში თავს გრძნობენ დაცულად და მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას.  თუმცა, ასევე საუბარია, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს მსხვერპლების უსაფრთხოების გრძელვადიანი დაცვა. რამდენიმე მსხვერპლმა განაცხადა, რომ არ აქვთ დაცულობის განცდა და თავშესაფრის დატოვების შემდგომ განმეორებითი ძალადობის შიში აქვთ.

ეკა სხილაძე ამბობს, რომ მათი მთავარი რეკომენდაცია სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება, მათ შორის, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის: “თავშესაფარი არ შეიძლება იყოს მუდმივი და არ ვამბობთ, რომ თავშესაფარში ყოფნის ვადა გაიზრადოს. ჩვენ ვამბობთ, რომ თავშესაფრის შემდგომ  უნდა არსებობდეს, მაგალითად, ერთწლიანი პერიოდი მაინც, როდესაც მსხვერპლის გაძლიერებასა და მისი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე მოხდება ორიენტირება და მუშაობა. თუმცა, მანამდე ჩვენ რეკომენდაცია გვაქვს თავშესაფრებისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი და მოიძიონ ადგილობრივ კერძო კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დასაქმების შესაძლებლობები ქალებისთვის“.

ფონდში ამბობენ, რომ ბენეფიციართა მიერ თავშესაფრის დატოვების საფუძველს რიგ შემთხვევაში თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვა ან ბენეფიციარის პირადი განცხადების საფუძველზე თავშესაფრის დატოვება წარმოადგენს.

თავშესაფარში მსხვერპლს 3 თვემდე შეუძლია დარჩენა. თუმცა, თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ ან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, თავშესაფარში დარჩენის ვადა გაგრძელდეს შინაგანაწესით ან თავშესაფრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით. 

ძალადობაგამოვლილი ქალების გზა დასაქმებისკენ

ტყუპები საბავშვო ბაღში დადიოდნენ,  უფროსები კი პირველ და მეორე კლასში იყვნენ, როცა ლიკამ გააცნობიერა, რომ საკუთარი თავი და შვილები უნდა გადაერჩინა. სახლიდან წამოვიდა. დედამ და დამ შეიფარა. მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა. ქმარი სკოლასთან, სახლთან ხვდებოდა. ურეკავდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა. კონფლიქტები ბავშვების თვალწინ ხდებოდა. ლიკაც ყველა ჯერზე პოლიციაში მიდიოდა, განცხადებას წერდა, პოლიციელების გულგრილ შეკითხვებს ისმენდა და უკან ბრუნდებოდა. მაშინ 2011 წელი იყო. ამბობს, რომ საბოლოოდ მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სასამართლომ ჯერ შემაკავებელი ორდერი გამოსცა,  ქმარს მასთან და ბავშვებთან მიკარება აუკრძალა, შემდეგ კი ალიმენტიც დააკისრა.

ლიკას წასასვლელი ჰქონდა. ოჯახი გვერდით ედგა და აძლიერებდა: „დედაჩემი ახლაც ხშირად მეუბნება შეძრწუნებული, როდესაც ტელევიზორში მოისმენს, რომ ქმარმა ცოლი მოკლა – ლიკა, შენ გადარჩი, აი ამას გადარჩი“.

ყველაზე მეტად ბავშვების მდგომარეობას განიცდიდა. მოძებნა ორგანიზაციები, რომლებიც მასსა და მის შვილებს სტრესის გადალახვაში დაეხმარებოდა. ასე აღმოჩნდა „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ შემდეგ კი „ამაგდარში“.  სამსახური სჭირდებოდა, მაგრამ 10 წელი სახლში იყო, თავის დროზე სწავლა შეწყვიტა და ვეღარ გააგრძელა. ამიტომ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. უკან არ დაიხია. რამდენიმე სასწავლო კურსი გაიარა, მათ შორის ინგლისურ ენაში. მერე მუშაობაც დაიწყო,  ერთ- ერთი რედაქციის მარკეტინგში. იხსენებს, რომ ეს დიდი სტიმული იყო და საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდა.

ლიკა ქალების დასაქმების ხელშემწყობ ორგანიზაცია „ამაგდარში“ აქტიური ბენეფიციარებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის წევრია. ეს ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა ორგანიზაციაში. მისი მიზანი ძალადობაგამოვლილი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ამაზე მუშაობა იყო. თავდაპირველად, 10 ქალი შეიკრიბა, რომელთა უმეტესობაც თავშესაფრებიდან იყო.

ლიკა ამბობს, რომ უმთავრესი და პირველადი საჭიროება რასაც ქალები ასახელებენ – საცხოვრებელია. უმეტესობას არსად აქვს წასავლელი. შემდეგ ქალები ბავშვებისთვის სამედიცინო მოსახურებისა და იურიდული დახმარების საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ლიკას თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობა ქალებს ხელს უშლის, ებრძოლონ ძალადობრივ გარემოს. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული საკითხები შემდეგ დონორ ორგანიზაციებს გააცნეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.

„მას მერე, რაც მე ამ პრობლემის წინაშე დავდექი, ბევრი რამ შეიცვალა. ყველაზე მთავარი მიღწევა მაინც ის არის, რომ ქალებმა ამაზე საუბარი დაიწყეს. როდესაც სრულად ინგრევა რეალობა, რომელშიც ცხოვრობ და არ იცი, როგორ გააგრძელო გზა, ნებისმიერი გამოწვდილი ხელი, რომელიც შენს განვითარებასა და მომავალზეა ორიენტირებული, ძალიან ბევრს ნიშნავს, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ორგანიზაცია“, – ამბობს ლიკა მესარქიშვილი. ის 38 წლისაა და ყველა წამოწყებაში ენთუზიაზმით ერთვება. ახლა უნარების გამოცდისთვის ემზადება.

„ამაგდარი“ ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ორგანიზაციაა. ის 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამებზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში უკვე მეორე ეტაპი დაიწყო –  2016-2020 წლის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა.

ძალადობაგამოვლილი ქალები „ამაგდარში“  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყების თუ თავშესაფრის რეკომენდაციით ხვდებიან. ბენეფიციარები სპეციალურ ანკეტას ავსებენ, განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და უნარების შესახებ. შემდეგ კი სხვადასხვა სასაწავლო თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში ერთვებიან. ტარდება კონსულტაციები დასაქმების საკითხებზე,  შრომით კანონმდებლობაზე, ასევე, ტრენინგები ბიზნესის წამოწყებასა და პროექტების წერაში. მთავარი მიმართულება კი მაინც სტაჟირება და დასაქმებაა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრმა მოახერხა ძალადობისგან თავის დაღწევა და ცხოვრების გაგრძელება. რაც შეუძლებელი იქნებოდა მხარდამჭერებისა და პარტნიორების დახმარების გარეშე. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო შიოშვილი იხსენებს შემთხვევებს, როგორ გააუმართეს ხელი ბენეფიციარებს კერძო კომპანიებმა თუ ორგანიზაციებმა. ასევე, სასწავლო ცენტრებმა ფასდაკლებით ან უფასოდ მიიღეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიული გადამზადების საფეხურზე. მაგალითად, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრმა იურიდიული განათლების მქონე ძალადობაგამოვლილ ქალებს მისცა საშუალება, უფასოდ მომზადებულიყვნენ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. გარდა ამისა, ცენტრი ბენფიციარებს დამკვირვებლებად იწვევს, როდესაც ადვოკატთა გამოცდები ტარდება.

ორგანიზაციის ბაზაში 2010 წლიდან დღემდე 994 ქალი ირიცხება, მათ შორის  371 ძალადობაგამოვლილია. ამ პერიოდის მანძილზე სულ სტაჟირება გაიარა 86 ქალმა, ხოლო დასაქმდა 487. ქალები სხვადასხვა პროფესიის მიხედვით დასაქმდნენ – გაყიდვების მენეჯერი, მოლარე, მანდატური, დიზაინერი, ადმინისტრატორი, დაცვის თანამშრომელი, ძიძა, ანიმატორი, პედაგოგი, გიდი, ტუროპერატორი, ფარმაცევტი და ა.შ.

„ამ წლების განმავლობაში უკვე მივაღწიეთ იმას, რომ გადარჩენა აღარ გვინდა. ჩვენ გვინდა განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება. ამ ქალებს სჭირდებათ წინ გახედვა, მომავლის დაგეგმვა და ამაში ხელშეწყობა“, – ამბობს ნინო შიოშვილი.

სახალხო დამცველის აპარატი

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი იხსენებს, რომ პირველი ინიციატივები კანონის მიღებამდე გაცილებით ადრე 2000 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰარმონიამ“ საქართველოში ბოსტონელი სპეციალისტი ჩამოიყვანა. ანა მაშინ თარჯიმნად მუშაობდა და კარგად ახსოვს, რაზე საუბრობდა ექსპერტი. იმ დროს მხოლოდ არასმთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ და არ არსებობდა ამ საკითხებში კომპეტენტური არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა.

ჯერ კიდევ მაშინ უხსნიდა უცხოელი ექსპერტი ადგილობრივ სპეციალისტებს, როგორ შეიძლება მიაყენოს ქალს ტრავმა თავად სისტემამ, თუ ის არასწორად იმუშავებს. როგორც ანა არგანაშვილი ამბობს,  ეს საკითხები ჩვენთან ახლაა აქტუალური.

გენდერის დეპარტამენტის შექმნამდე სახალხო დამცველის აპარატში ბავშვთა და ქალთა უფლებების ცენტრი არსებობდა.  2010 წელს ამ ცენტრის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი იყო. ის იხსენებს, რომ პირველი ანგარიში სწორედ ამ წელს დაიწერა  და  პირველი საქმეებიც ამ დროს შევიდა სახალხო დამცველის აპარატში: “ეს იყო პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ ვამტკიცებდით, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა არსებობდა“.

ამავე წელს  გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით პროექტის („ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების გაძლიერება “) ფარგლებში სახალხო დამცველის ცენტრალურ და ოთხ რეგიონულ ოფისში (ქუთაისი, გორი, მარნეული, ზუგდიდი) ქალთა უფლებების თემაზე ხუთმა იურისტმა დაიწყო მუშაობა.

სახალხო დამცველის პირველი საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს სახალხო დამცველისადმი ქალთა უფლებების თემაზე მომართვების უმეტესი ნაწილი სწორედ ოჯახში ძალადობას შეეხებოდა. თუმცა, ქალების უმეტესობა ზეპირსიტყვიერ კონსულტაციას ითხოვდა. იმ პერიოდში სახალხო დამცველს წერილობით 30 ადამიანმა მიმართა, ხოლო ზეპირი კონსულტაცია 197-მა ქალმა მოითხოვა. ანგარიშში წერია, რომ  საჩივრის წერილობითი დაფიქსირებისგან უმეტესად თავს იკავებდნენ სოციალურ–ეკონომიკური დაცვის გარანტიების ნაკლებობის მიზეზით.

რაც შეეხება შემაკავებელ და დამცავ ორდერებს, უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2007-2010 წლებში ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების რაოდენობა ასე გამოიყურება – 2007 წელს გამოიცა სულ 2 დამცავი და 94 შემაკავებელი ორდერი. ეს რაოდენობა წლებთან ერთად იზრდებოდა, 2010 წლის 9 თვის მონაცემებით, გამოცემული იყო  34 დამცავი და 132 შემაკავებელი ორდერი. 2018 წელს კი გამოიცა 141 დამცავი და 7 646 შემაკავებელი ორდერი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უმეტესად ქალია, მოძალადე კი – კაცი.

სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მოგვიანებით,  2013 წელს შეიქმნა. როგორც ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს,  ცალკე დეპარტამენტის შექმნა, რომელიც უშუალოდ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობდა, უფრო სისტემურ და ინსტიტუციურ ხედვას ნიშნავდა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს – ინდივიდუალური საქმისწარმოება, მონიტორინგი (მოიცავს თავშესაფრების, ცხელი ხაზის, უწყებების საქმიანობის, გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე სასამართლო გადაწყვეტილებების მონიტორინგს) და საგანმანათლებლო კომპონენტი.

როგორც ეკა სხილაძე ამბობს, რომ მივყვეთ პრევენციის, გამოვლენის, რეაგირების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებებს, ვნახავთ, რომ პრევენციის ნაწილში სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა სჭირდება. პრევენციას ხელს უწყობს საგანმანთლებლო კამპანიები, რისი ძირითადი წილიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის, ამიტომ ეკა სხილაძე ფიქრობს, რომ ფორმალურ განათლების სისტემაში უნდა იყოს ასახული ადამიანის უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობისა თუ გენდერის საკითხები, რასაც პრაქტიკაში პრევენციული ხასიათი ექნება.

რაც შეხება გამოვლენას და რეაგირებას, ის მიიჩნევს, რომ თვალსაჩინოა პროგრესი, რაც სამართალდამცავმა სისტემამ კანონის მიღებიდან დღემდე განიცადა. თუმცა, ეკა სხილაძე ამბობს, რომ გამოვლენის მაჩვენებლების ზრდასთან ერთად ვერ დავინახეთ მხარდამჭერი სერივსების ზრდა.

„პროგრესი გვაქვს კანონმდებლობაში, პროგრესი გვაქვს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირების კუთხით. პროგრესი არის ფაქტიურად კუს ნაბიჯებით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. არსებითი პროგრესი არ გვაქვს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით. მაინც ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძალადობის განმაპირობებელ ფაქტორებსა და შედეგებზე მუშაობა აუცილებელია. ძალადობის განმაპირობებელი ფაქტორი არის გენდერული უთანასწორობა, ამაზე ვთანხმდებით, თუმცა რა აძლიერებს ძალადობას –  აძლიერებს ადრეულ ასაკში ქორწინება, ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა, ის მავნე სტერეოტიპები, რომლებიც ქონებისა და საკუთრების ვაჟისთვის გადაცემის პრაქტიკას ეხება“, – ამბობს ეკა სხილაძე.

სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) მონიტრინგს ახორციელებს. 2017 წელს გამოძიება ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე დაიწყო, მათ შორის 14 ოჯახში ძალადობის ნიშნით იყო ჩადენილი. ეკა სხილაძე ამბობს, რომ 2018 წელს იყო ფემიციდის  7 შემთხვევა და აქედან არცერთი არ იყო ქმრის მხრიდან მკვლელობა. მისი თქმით, ეს არის შედეგი, როდესაც გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულზე და მის პრევენციაზე უწყების რეაგირება კარგად აისახება. რადგან წინა წლების მაგალითი აჩვენებს, რომ მსხვერპლი რამდენჯერმე მიმართავდა პოლიციას, მაგრამ არაეფექტიანი რეაგირების გამო მკვლელობით სრულდებოდა. ახლა არ უწევს მსხვერპლს პოლიციის 12-ჯერ გამოძახება.

 

 

გამოვლენა და რეაგირება – შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლაში დღეს გამოკვეთილი ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რადგან წლების განმავლობაში უწყებაში მთელი რიგი ინსტრუმენტები დაიხვეწა და გაუმჯობესდა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ დღეს შს სამინისტროს კარგი სიჩქარე აქვს აღებული, ადამიანის უფლებათა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნამ კი სრულიად შეცვალა შსს-ს როლი. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში უწყება მარტოა და სხვა არცერთი სამინისტრო თუ სახელმწიფო რგოლი არ მუშაობს ისე გამართულად, რომ ამ პრობლემასთან წინააღმდეგობა სისტემური იყოს. მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, თუ ტრეფიკინგის ფონდს არ ჩავთვლით, სრულიად უუნაროა, რადგან წელიწადში 7-8 საქმე მიდის ჯანდაცვიდან ექიმების გადამისამართებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც მისი შეფასებით, ძალიან ცოტაა და იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, როგორიც ჯანდაცვაა, ამ პრობლემას ვერ ხედავს.

„პრევენცია პოლიციის ფუნქცია ვერ იქნება. პოლიციამ რა უნდა გააკეთოს,  ლექციებს ხომ არ ჩაატარებს, თუმცა, ხანდახან მაგასაც აკეთებენ, სკოლებში დადიან და უხსნიან, რა ცუდია ძალადობა. ეს იმიტომ, რომ რეალური პრევენცია არ არსებობს. ისედაც პოლიციის ფუნქცია არის რეაგირება. ამიტომ ვამბობ, რომ პოლიცია ახლა არის გამოკვეთილად ლიდერი ამ სფეროში და ავად თუ კარგად წინ მიდის. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზია, რომლებიც თან სწორდება, თან წინ მიდის. ჩვენ ძალიან რეალისტურად ვამბობთ ხოლმე, რომ ერთ დღეში ვერ გვექნება შედეგი. გარდა ამისა, შსს-ს კონტროლის მექანიზმი აქვს – გენინსპექცია, ადამიანის უფლებათა ცენტრს დაემატა ხარისხის მართვის ფუნქცია და ა.შ. მე სასამართლოში შემიძლია ვუჩივლო შსს-ს, რაც გამიკეთებია და მომიგია კიდეც. რასაც ვერ ვიტყვი ვერცერთ სხვა უწყებაზე“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელთა გადამზადება ოჯახში ძალადობის საკითხებზე 2010 წლიდან დაიწყო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ირინა ჯაფარიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად, როდესაც პოლიციის აკადემიაში პირველად მივიდნენ, მხოლოდ კანონმდებლობის შესწავლას ეთმობოდა დრო, მაგრამ მერე ერთად მუშაობის შედეგად სასწავლო პროგრამა შემუშავდა და დღეს ყველა პოლიციელი აკადემიის ბაზაზე ოჯახში ძალადობის თემაზე 10 საათს გადის.  სწავლების ფარგლებში კანონის შესწავლის გარდა, პოლიციელები ძალადობის ფორმებზე, სავარაუდო შედეგებზე, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ნაწილზე და ა.შ. იღებენ ინფორმაციას.

„ერთად მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასეთი კარგი მოკავშირე და პარტნიორი ჩვენ არ გვყოლია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციის აკადემიაა. წლების განმავლობაში სულ ვმუშაობთ და ეს ტრენინგები გრძელდება“, – ამბობს ირინა ჯაფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია და სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ამ პრობლემის დაძლევაზე.

შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოწეროს შემაკავებელი ორდერი. ორდერი პრევენციული ხასიათის სამართლებრივი აქტია, რომლის პირობის დარღვევის შემთხვევაში დგება – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე აღნიშნავს, რომ პოლიციელთა სპეციალიზაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნამ, რისკების შეფასების მექანიზმის და მონიტორინგის სისტემის დანერგვამ, ჯამში გამოიწვია ის, რომ გაიზარდა ოჯახში ძალადობის  გამოვლენისა და რეაგირების მაჩვენებელი. თუმცა, ეს ინსტრუმენტები ჯერ ახალია და იმის შესაფასებლად, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ის, საჭიროა დრო.

ეკა სხილაძე ამბობს, რომ წლების მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, უწყებაში  სპეციალური სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც ოჯახში ძალადობის საკითხზე იმუშავებდა. ამიტომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნას ის დადებითად აფასებს და ამბობს, რომ უწყებაში დეპარტამენტის ორწლიანი მუშაობის შედეგი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ათი წლის განმავლობაში ყოფილა: “ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება და ჩვენ საპარლამენტო ანგარიშებს თუ გადაავლებთ თვალს, წინა წლებისა და 2018 წლის, დაინახავთ, რომ ჩვენმა რეკომენდაციებმა შსს-ს მიმართ სისტემური ხასიათი შეიძინა. უწყებამ დაიწყო ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი თანამშრომლების გადამზადება გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უზრუნველყო შვედეთისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

დეპარტამენტი შსს-ში შესული ყველა იმ შეტყობინებისა და სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს აწარმოებს, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ხარისხს.

როგორც დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ამბობს,  გამოძიების ან ადმინისტრაციული მსვლელობისას ხარვეზების ან დაყოვნების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი ახდენს რეაგირებას – უკავშირდება პოლიციის თანამშრომელს, უწევს მას სამართლებრივ კონსულტაციას, თანამშრომელთან ერთად მსჯელობს საკითხის სწორ სამართლებრივ გადაწყვეტაზე და ერთობლივად იგეგმება საქმის შემდგომი მსვლელობა.

სპეციალისტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზერისკის შეფასების მექანიზმის შემუშავება/დანერგვას და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის სისტემის შექმნას ასახელებენ. ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, 2018 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ამ ინსტრუმენტზე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მუშაობდა. ეს ინსტრუმენტი საჭიროა იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს განმეორებითი ძალადობის რისკი. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე ავსებენ სპეციალურ, დეტალურ კითხვარს, რომელიც გამორიცხავს პოლიციელების სუბიექტურ ფაქტორს და შეფასებებს.

ლონდა თოლორაია გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი სასამართლოზე მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. ამიტომ ასეთ შემთხვევებზე ძალიან ღირებული მტკიცებულება სწორედ შემთხვევის ადგილზე შევსებული რისკების შეფასების კითხვარი და მსხვერპლის მიერ მიცემული ინფორმაცია იქნება.

ნინო ბახია გამომძიებელია. ის ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში მუშაობს. სანამ მუშაობას დაიწყებდა, ამ მიმართულებით გადამზადება და სპეციალიზაცია გაიარა. ის ამბობს, რომ 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია და ეს იმის დამსახურებაა, რომ დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ასევე, რისკის შეფასების მექანიზმი – კითხვარი, ყველა შესაძლო ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების საშულებას იძლევა.

„ნებისმიერი ტიპის ძალადობა ამ კითხვარის საშუალებით დგინდება. ვცდილობთ,  მსხვერპლს შესაბამისი გარემო შევუქმნათ, რომ იყოს გულახდილი, თუ საჭიროა გამოკითხვას ფსიქოლოგიც ესწრება. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ შეზღუდულები და მხოლოდ ამ კითხვარს მივყვებით. შესაძლებელია ჩვენ თვითონაც გამოგვრჩეს ისეთი ნიუანსი, დეტალი, რაზეც მსხვერპლს არ გაუმახვილებია ყურადღება, მაგრამ კითხვარის მიხედვით ამ დეტალების იდენტიფიცირებაც ხდება“, – ამბობს ნინო ბახია.

ნინო ბახია იხსენებს, რომ უშუალოდ მას დაახლოებით 20-მდე ოჯახში ძალადობის საქმე ჰქონდა ბოლო დროს. ამ შემთხვევებიდან ერთადერთი იყო, როდესაც შემაკავებელი ორდერი კაცის მიმართ გამოსცა, დანარჩენ შემთხვევებში მსხვერპლი ქალია.

გამომძიებელი ხაზს უსვამს, რომ ოჯახში ძალადობის კომპონენტი მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციაშიც შედის. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის ახალი დანაყოფია, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი. მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მიმართ ძალადობა, უკანონო მიგრაცია, სხვადასხვა რისკჯგუფი და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა.

„შემაკავებელი ორდერები ეგზავნება მართლწესრიგის ოფიცერს. იმის მიხედვით მაღალი, დაბალი თუ საშუალო რისკის მაჩვენებლია შემაკავებელ ორდერში (ამას განსაზღვრავს შესაბამისი ქულათა ოდენობა) თუ მაღალია რისკი, ინსტენსიურად ხშირად ხდება მსხვერპლთან და მოძალადესთან სატელეფონო კონტაქტი, ასევე ვიზიტები. მათი პირველი მოვალეობა სწორედ ის არის,  მოხდეს იმის იდენტიფიცირება, რომ თუ მოძალადე დაარღვევს შემაკავებელი ორდერის პირობებს, მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს გამოძიება. ამასთან გამკაცრებულია ზოგადად, მოძალადეების მიმართ პროკურატურის მიდგომაც. შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად ხდება პირის დაკავება ადგილზევე და რეალური სასჯელი არის ყოველთვის თავისუფლების აღკვეთა და არ არის ხოლმე საპროცესო შეთანხმება“, – ამბობს ნინო ბახია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, დეპარტამენტის შექნის დღიდან 10 000-ზე მეტ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მონიტორინგი განახორციელა. 2018 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაციით გამოძიება 5 000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამსახურმა მონიტორინგი 300-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე შეძლო, სადაც იკვეთებოდა სავარაუდოდ მომხდარი დანაშაულის შესაძლო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენის ფაქტი. აქედან, 151 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაძლო დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, რაც დეპარტამენტის ინფორმაციით, 4-ჯერ აღემატება 2017 წლის მონაცმებს: ”აღნიშნული მიუთითებს, ერთი მხრივ, მოტივის იდენტიფიცირების გაზრდის მაჩვენებზე, ხოლო, მეორე მხრივ – გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე”.

ელექტრონული სამაჯურები მოძალადეებისათვის

მთავრობის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში საუბარია მოძალადეებისათვის ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვაზე. ელექტრონული სამაჯურები მსხვერპლისათვის მაღალი რისკის შემცველ მოძალადეებისთვის გამოიყენება. სამაჯურის გზით იწარმოებს მათი ადგილსამყოფელის მუდმივი მონიტორინგი, რათა მსხვერპლის დაცვის მიზნით მოხდეს მასთან მოძალადის კომუნიკაციის კონტროლი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი თათია ვაშაკიძე ამბობს, რომ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას მთავრობასთან დიდი ხანია ლობირებენ, ჯერ კიდევ 2016 წლიდან. თუმცა, რთული იყო პასუხიმსგებელი ორგანოს გამოკვეთა, რადგან არცერთ უწყებას არ უნდოდა ამ მექანიზმის თავის თავზე აღება.

თათია ვაშაკიძე იხსენებს, რომ 2018 წლის დასაწყისში, ბარნოვზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სადაც მოძალადის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი (მოძალადე ამჟამად ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობაზეა მსჯავრდებული)ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი თავად დაუკავშირდა გაეროს ქალთა ორგანიზაციას და ელეტქრონული სამაჯურების სისტემაზე მუშაობა დაიწყეს. ელექტრონული სამაჯური არის მექანიზმი, რომლითაც შემაკავებელი ორდერი ქმედითი ხდება და შესაძლებელია კონტროლი და სწრაფი რეაგირება.

ელექტრონული მონიტორინგის სისტემა წლის ბოლომდე ამოქმედდება, პირველ ეტაპზე უკვე შეძენილი და დამონტაჟებულია 100 ელექტრონული სამაჯური.

უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ კარგია როდესაც სისტემა ორიენტირებულია მსხვერპლთა დაცვაზე, თუმცა ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მოძალადეთა ქცევის ცვლილებაზე მუშაობაც. თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოძალადეებზე რესურსის დახარჯვა არ არის შედეგის მომცემი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი, ლიკა სიდამონიძე აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემცირებისთვის მსხვერპლთა დაცვის ინტერვენციებთან ერთად მოძალადეებთან მუშაობაც ძალზე მნიშვნელოვანია და აღნიშნული ვალდებულება სტამბოლის კონვენციით არის გათვალისწინებული. ლიკა იხსენებს, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ესპანეთში სასწავლო ვიზიტის შედეგად, სწორედ ესპანურ მოდელზე დაყრდნობით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია და რეციდივის დაბალი დონით გამოირჩევა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს დანერგილ იქნა მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლას ისახავს მიზნად. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც ინერგება.

საქართველოში მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში ხორციელდება 2017 წლიდან ოჯახში ძალადობის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამა. ეკა სხილაძე ამბობს, რომ გვაქვს ციფრები რამდენი ადამიანი იყო ჩართული, თუმცა არ ვიცით შედეგები.  ანალიზი არავის გაუკეთებია, რამდენად აისახა მათ ცხოცრებაზე, ჩაიდინეს თუ არა განმეორებითი ძალადობა. ეკა სხილაძის შეფასებით, მსგავსი პროგრამის განხორციელება კვლევითი და შეფასებითი კომპონენტის გარეშე უსარგებლოა.

ერთი თვის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტს ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები წარედგინა. კანონპროექტის მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა.

პროკურატურა და სასამართლო

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ მათთვის  კვლავ პრიორიტეტია ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის გაზრდაზეც აისახება. გენერალური პროკურატურის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დევნა დაიწყო 3 955 პირის მიმართ, რაც წინა წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით, ოჯახური დანაშაულის პრევენციის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, სტრატეგიული მიმართულებები განისაზღვრა. მათ შორის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. პროკურატურის სისტემაში სპეციალიზაციის მიმართულება 2016 წლიდან დაინერგა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ პროკურორების სპეციალიზაციამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა, რაც ციფრებშიც აისახა.

ანგარიშები და კვლევები ადასტურებს, რომ  გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 91%-ის მიმართ.  გარდა ამისა, შემცირდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი. 2018 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა 12%-ის მიმართ.

2018 წლის განმავლობაში სპეციალიზაციის 3 კურსი გაიარა 124-მა პირმა, ხოლო 2019 წლის თებერვალში გადამზადება გაიარა და სპეციალიზაციის სერტიფიკატი მიენიჭა დამატებით 31 პროკურორსა და გამომძიებელს, რამაც საერთო ჯამში 155 სპეციალიზებული პირი შეადგინა, მათ შორის არის 140 პროკურორი და 15 გამომძიებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2019 წელს ახალი კვლევა გამოაქვეყნა „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხები“, სადაც გაანალიზებულია სასამართლო განაჩენები ოჯახში ძალადობის საქმეებზე.

განაჩენების ანალიზი აჩვენებს, რომ ოჯახური დანაშაულების ჩადენისას, ძირითადად, განაჩენი დგება ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. თუმცა,  2018 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რეაგირების სტატისტიკა.

საია-ის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ აჩვენა, რომ  ბრალდების მხარე ძირითადად ითხოვს აღკვეთის ღონისძიების მკაცრი სახის გამოყენებას. კერძოდ, 131 საქმიდან ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენება 115 (88%) შემთხვევაში მოითხოვა. დანარჩენ 16 (12%) შემთხვევაში კი – გირაო. ეს კვლევაც მიუთითებს, რომ 2018 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა პროკურატურის პოლიტიკა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში.

სასამართლო უმეტეს შემთხვევაში აკმაყოფილებს მსხვერპლის განცხადებას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ხშირად მოსამართლეები არ ასაბუთებენ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის განსაზღვრას. უმეტესად გადაწყვეტილებიდან არ იკითხება, რატომ იყენებს მოსამართლე დამცავი ორდერის მოქმედების კონკრეტულ ვადას – იქნება ეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური თუ ნაკლები ვადა.

პროკურორებსა და მოსამართლეებთან ინტერვიუებმა, ასევე, სასამართლო განაჩენის ანალიზებმა აჩვენა, რომ პრობლემაა სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის შეცვლა ან  ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რასაც ხშირად ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომა მოსდევს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერის ლიკა სიდამონიძის თქმით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას  დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ან ჩვენების შეცვლა წარმოადგენს, რაც რიგ შემთხვევაში, მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, გამამართლებელ განაჩენის გამოტანას განაპირობებს. აღნიშნული მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან მსხვერპლზე ორიენტირებული  მიდგომების გამოყენების, დაზარალებულთან სწორი კომუნიკაციისა და სათანადო მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია შესაბამისი პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და სპეციალიზაცია, რაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ძალზე წარმატებით განხორციელდა პროკურორებისა და გამომძიებლების შემთხვევაში, ამასთან, პროკურატურის სისტემაში არსებული მოწმისა და დაზარალებულებულის კოორდინატორის ინსტიტუტის არსებობა, რომლის ფუნქციაც დაზარალებულთა მხარდაჭერაა, ამ მხრივ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითია. ასეთ საქმეებში ასევე ძალზე მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების მოპოვება. არსებობს პრეცედენტული საქმეები, რომლებშიც დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსამართლემ სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რაც წარმოადგენს მკაფიო გზავნილს მოძალადეების, მსხვერპლებისა და საზოგადოებისთვის, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი.

მოსამართლეებთან ინტერვიუები აჩვენებს, რომ მოსამართლეთა ცალკეულ ნაწილში დაბალია მგრძნობელობა და გენდერული თანასწორობის საკითხების არასაკმარისი ცოდნა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.  ეს  გამოიხატება მოსამართლეთა ნაწილის სტერეოტიპულ წარმოდგენებში ოჯახის წევრების როლებთან დაკავშირებით. გამოკითხულ მოსამართლეთა უმრავლესობა საქმეებში ვერ ხედავს გენდერულ მოტივს და მიუთითებს, რომ ძალადობა ძირითადად ყოფითი საკითხებიდან გამომდინარე ხდება.

სწორედ მოსამართლეთა სტერეოტიპულ წარმოდგენებზე ამახვილებს ყურადღებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი და თავის საადვოკატო გამოცდილებას გვიყვება. როგორც ის აღნიშნავს, სასამართლო სწორად მაშინ რეაგირებს, როცა გამოკვეთილია ძალადობა და ქალი, გადარჩენის გარდა, სხვას არაფერს ითხოვს.  მაგრამ როგორც კი ქალი ქონების განაწილებაზე, სოციალურ მდგომარეობასა და დასაქმებაზე დაიწყებს ლაპარაკს, იქ უკვე იგრძნობა მოსამართლეების მხრიდანაც განწყობა, რომ ქალს სხვა მიზნის მიღწევა უნდა. რაც საბოლოო ჯამში სასამართლო გადაწყვეტილებებში აისახება.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა განწყობები და დამოკიდებულებები ამერიკაში ჯერ კიდევ 90-იან წლებში იკვლიეს, სწორედ იმიტომ, რომ მოსამართლეთა მიერ გამოტანილი გაადაწყვეტილებები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე აჩვენებდა ამ პრობლემას. საქართველოში კი სასამართლოს სისტემაში სტერეოტიპები არავის უკვლევია და ამ საკითხით არ დაინტერსებულა.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში მოსამართლეთა გადამზადება დაიწყო, ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლის მხრიდან ძალადობაგამოვლილი ქალის მოსმენა ჯერ კიდევ პრობლემაა. თუმცა, როგორც ის ამბობს,  დადებითი ტენდენციებიცაა და სისტემაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ძალადობასთან და უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებში პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე 2012 წლიდან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმიანობს. განხილული აქვს ასობით საქმე, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებიც.

მოსამართლე ამბობს, რომ სასამართლოში განსახილველად შემოსული ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კატეგორიის საქმეების ზრდის პროპორციულად იზრდება გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობაც. ძალადობის სახეებიდან უფრო ხშირია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები. მისი თქმით, თითოეული საქმე ინდივიდუალურია და არასწორია საქმეზე მიღებული შედეგების შედარება. ამასთან, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი არ არის საბოლოო და მხარეები სარგებლობენ გასაჩივრების უფლებით.

„არასწორია ინფორმაცია, რომ თითქოს სასამართლოში შემოსული ოჯახში ძალადობის საქმეების მხოლოდ 50%-ია გამამტყუნებელი. დაზარალებულის ჩვენებას, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის საქმეებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოგეხსენებათ, რომ ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს პირს ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. ხშირად ფიქრობენ, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უპირობოდ გამოტანილი იქნება გამამართლებელი განაჩენი, რაც არასწორია, „- ამბობს ნათია ბარბაქაძე.

როგორც მოსამართლე აღნიშნავს, სასამართლო საქმეებს იხილავს დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად და ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოტანილი ყოფილა გამამტყუნებელი განაჩენი.

ნათია ბარბაქაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს  მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მოსამართლე ტრენერთა გადამზადების  პროექტშიც მონაწილეობდა.

ის როგორც მოსამართლე და ტრენერი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა სპეციალიზაცია მნიშვნელოვანია. თუმცა, სპეციალიზაციის არარსებობა არ ნიშნავს დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებას.

მოსამართლეთა სპეციალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს ეკა სხილაძეც და ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს სისტემა, როდესაც სპეციალიზებულ მოსამართლეთა ჯგუფი კონკრეტულ საკითხზე მუშაობს. არსებული სისტემით ოჯახში ძალადობის საქმე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეს შეიძლება დაეწეროს, რადგან  სამართლის დარგების მიხედვითაა განაწილებული.

„გაცილებით მარტივია, როდესაც იცი, რომ მოსამართლეთა კონკრეტული ჯგუფი მუშობს ამ ტიპის საკითხებზე და საქმეები ერთი ფანჯრის პრინციპით განიხილება. მაგალითად, ესპანეთში როდესაც მიდიხარ კონკრეტულ მოსამართლესთან, ის განიხილავს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც, იქნება ეს ბავშვები, ქონება თუ ა.შ. აქ კი გიწევს სხვადასხვა ტიპის დავებში შეხვიდე.

მონიტორინგის ფარგლებში გენდერულად არამგრძნობიარე გადაწყვეტილებებს ვხვდებით. ახლა ვაკეთებთ საინტერესო მონიტორინგს, სექსუალური ძალადობის და ქალის მიმართ ძალადობის სხვა შემთხვევების სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს. ვფოქრობთ, რომ იქ უფრო მეტ გამოწვევას და პრობლემას დავინახავთ. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პროგრესი, რომელიც ჩვენ სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით განვიცადეთ, თანაბრად არ ასახულა არც სასამართლოსა და არც სოციალური დაცვის სისტემაზე“, – აღნიშნავს ეკა სხილაძე.

სამართლებრივი  ჩარჩო

საქართველო სანამ პირველ ეროვნულ კანონს მიიღებდა 2006 წელს ოჯახში ძალადობის საკითხზე, ქვეყანას რატიფიცირებული ჰქონდა 1994 წელს საერთაშორისო ხელშეკრულება (კონვენცია) „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW). ამ კონვენციის რატიფიცირებით ქვეყანამ აიღო ვალდებულება, დაეცვა შეთანხმებით გათვალისწინებული ქალთა უფლებები. გაეროს ეს კონვენცია უშუალოდ „ქალის მიმართ ძალადობის“ ცნებას არ მოიცავდა, თუმცა, კომიტეტი რეკომენდაციით მოუწოდებდა სახელმწიფოებს, გაეტარებინა ყველა სახის ღონისძიება ქალების ძალადობისგან დასაცავად.

2010 წელს ძალაში შევიდა კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“. კანონი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ქალთა უფლებების და მხვერპლთა დაცვისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ამას ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუწყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცნობიერების ამაღლებასთან ერთად მედიის როლი იყო, რადგან არ ტოვებდა არცერთ ძალადობის ფაქტს ყურადღების გარეშე. ასევე, ქალთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტების მუშაობა. ყოველწლიური გენდერული ძალადობის 16-დღიანი კამპანიები ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის თემას.

განსაკუთრებით, 2014 წელს,  ფემიციდის შემთხვევებმა, აქტივიზმის დიდი ტალღა გამოიწვია. ამ წელს 34 ქალი მოკლეს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ქალთა მოძრაობა. 2014 წლის 25 ნოემბერს  ქალთა მოძრაობის ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით აქციები მოეწყო. ქვეყნის 20 ქალაქში ქალები გამოვიდნენ ძალადობის წინააღმდეგ.

ამ მოვლენებს მოჰყვა ქრონოლოგიურად „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმოწერა. კონვენციის რატიფიცირებისთვის პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და მისი შესაბამისობაში მოყვანა კონვენციასთან. კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ტალღა, რომელის შედეგადაც 12 კანონში შევიდა ცვლილებები, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით შეიმუშავა.  2014 წლის მეორე ნახევარში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტზე მუშაობა,თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა ფართო კონსულტაციები. პროცესი ორი წელი გაგრძელდა. იუსტიციის სამინისტროს ამ პროცესში ტექნიკურ დახმარებას გაეროს ქალთა ორგანიზაცია უწევდა. მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც 20-ზე მეტ  კანონში შევიდა ცვლილება. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება შესაძლებელი გახდა  2017 წელს.

ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) 2011 წლის 7 მაისს სტამბოლში მიიღეს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.

დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა, იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეს კონვენცია  ევროპის საბჭოს 34 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.

არსებულ კანონმდებლობაში შევიდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. კერძოდ, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის, არამედ ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის შემთხვევებშიც; ძალადობისგან დაცვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, შემაკავებელი ორდერის ძალაში შესასვლელად გაუქმდა სასამართლოში მისი წარდგენის ვალდებულება და შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის პოლიციელის მიერ გამოცემისთანავე; შეიზღუდა მოძალადისთვის იარაღის ტარების უფლების; იძულებითი სტერილიზაცია, ქორწინების იძულება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება და ადევნება კრიმინალიზებული გახდა; ორ წლამდე გაიზარდა თავისუფლების აღკვეთის ვადა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით; ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მსგავსად, სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის უფლება მიეცათ ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმების მსხვერპლ ქალებსაც.

სტამბულის კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად 2017 წელს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება,  რომლის საფუძველზეც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუციური მექანიზმი შეიქმნა.

გამოწვევები ოჯახში ძალდობის  წინააღმდეგ ბრძოლაში

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ წლების მანძილზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური თუ საკანონმდებლო ცვლილებები განიცადა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ  რჩება რამდენიმე მიმართულებით, მაგალითად, ძალადობის პრევენცია, ძალადობაგამოვლილი ადამიანებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების შექმნა, სასამართლო სისტემის მგრძნობელობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, ძალადობაგამოვლილი ადამიანების დასაქმება/გაძლიერება, სოციალური სამსახურების გამართული მუშაობა, ძალადობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი –  გენდერული უთანასწორობა და  ა.შ.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მთელ ამ სახელმწიფო-საზოგადებრივ ჯაჭვში, რომელმაც ქალი უნდა დაიცვას ამჟამად ეფექტური მხოლოდ პოლიციაა, ნაწილი არაეფექტურად მუშაობს, ნაწილი კი საერთოდ არ გვაქვს. მაგრამ მისი შეფასებით, ამ წლების მანძილზე, მივიღეთ ის, რომ თუ  2000 წელს ქალებმა არ იცოდნენ, რა უფლებები ჰქონდათ, ახლა იციან და იბრძვიან ამ უფლებების დასაცავად.

გამოწვევებზე საუბრისას თამარ საბედაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ პრევენციაზე ზრუნვასთან ერთად, ძალადობაზე პასუხისას მნიშვნელოვანია მსხვერპლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობის ცვლილება, რომელსაც მთავრობის დადგენილებით საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განმსაზღვრელი ჯგუფი ანიჭებს. მისი შეფასებით, ეს არის სერიოზული შეზღუდვა, რადგან უნივერსალური მოდელი უნდა იყოს და მომსახურებით სარგებლობა ყველა მსხვერპლს თანაბრად უნდა შეეძლოს.

„ახლანდელი ჩვენი წარმატება ფასდება იმის მიხედვით, რომ ცნობიერება და მიმართვიანობა გაიზარდა და ყველანი ერთად ვცდილობთ გადარჩეს ქალი, ანუ მთელი სისტემა ახლა ამაზე მუშაობს, რომ ქალი ფიზიკურად გადარჩეს. შემდეგი ეტაპია რეაბილიტაცია/რესოციალიზაცია, ინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, რომ ძალადობაგამოვლილი ქალი მსხვერპლობის ტრავმისგან გათავისუფლდეს. ამას ზოგ შემთხვევაში ვახერხებთ, ზოგ შემთხვევაში – ვერა. მაგალითად, ვინც დარეკავს 112-ზე ან 116 006-ზე იმდენ სერვისს მიიღებს, რომ ფიზიკურად გადარჩეს. მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა. ამ მოცემულობით ხელსაყრელი გარემო გვაქვს იმისათვის, რომ ვიმუშაოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, – ამბობს თამარ საბედაშვილი.

მასალა მომზადდა ივნისში. პირველად ქვეყნდება „პუბლიკაზე“