როგორ შეიძლება შეიჭრას რუსეთი უკრაინაში და რა შეუშლის ხელს

რუსეთის ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, თითქოსდა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილმა შენაერთებმა ყაზარმებში დაბრუნება დაიწყეს. დასავლეთში ამტკიცებენ, რომ რეალურად მოსკოვი, პირიქით, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო აქტივობას ზრდის.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 17 თებერვალს კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის ვარაუდი, რომ კრემლში შეჭრისთვის მზადება დასრულებული აქვთ და ომი ნებისმიერ დღეს შეიძლება დაიწყოს.

თავად რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის სცენარს უარყოფს, მაგრამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში უფრო ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ უკრაინამ შესაძლოა, დასავლეთის წაქეზებით პროვოკაციული ქმედებები წამოიწყოს, ამის შემდეგ კი მოსკოვს მათთვის პასუხის გაცემა მოუწევს.

თავის მხრივ, კრემლი მკაფიოდ მოითხოვს დასავლეთისგან წერილობით გარანტიებს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტაზე და აღმოსავლეთ ევროპიდან სტრატეგიული შეიარაღების გატანას.

დასავლეთსა და მოსკოვში ოფიციალურად ჯერ კიდევ ამბობენ, რომ შესაძლოა, დიპლომატიის მცდელობა გაგრძელდეს, მაგრამ, მათი პოზიციების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, კომპრომისული შეთანხმება.

მით უმეტეს, როგორც შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რუსეთი ამზადებს „კასუს ბელსაც“, საბაბს უკრაინაზე თავდასასხმელად. შემოდგომიდან მოყოლებული მოსკოვში არაერთხელ წამოაყენეს ბრალდებები უკრაინისა და დასავლეთის მიმართ.

პუტინი ამტკიცებდა, რომ უკრაინელები დონბასში, ფაქტობრივად, გენოციდს აწყობენ. თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ კი ამბობდა, რომ იგეგმებოდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება სეპარატისტების წინააღმდეგ. ასე რომ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხეც სულ უფრო რეალური ხდება.

რა შეიძლება შედიოდეს პუტინის გეგმებში, რომელი მხრიდან, რა მიმართულებით შეიძლება წამოიწყოს შეჭრა რუსეთმა და რისი დაკავება სცადოს? უკრაინის გარშემო მოსკოვს დიდი რაოდენობით შეიარაღება და ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული.

ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები, თვითმავალი და შორსმსროლელი არტილერია, ახლო და შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები, ავიაცია, საზღვაო ფლოტი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები… უკრაინის სიახლოვეს შენიშნეს საინჟინრო ბატალიონების წვრთნაც, რომლებმაც მძიმე ტექნიკის გატარება უნდა უზრუნველყონ; მოეწყო საველე ჰოსპიტლები და არაერთი დროებითი სამხედრო ბაზა.

რუსული შენაერთები განლაგებულია უკრაინის აღმოსავლეთით, მთელი საზღვრის გარშემო; რუსი სამხედროები არიან ყირიმშიც; ათი ათასობით ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკაა ბელარუსში, შავ ზღვაში კი რუსული ფლოტი მართავს წვრთნას.

შესაბამისად, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პუტინს შეუძლია როგორც ერთი მიმართულებით მცირე სამხედრო კამპანიის წარმოება, ისე სრულმასშტაბიანი ომი, უკრაინაში შეჭრა აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ შეტევის სცენარი დამოკიდებულია იმაზე, რა სურს პუტინს და რისი მიღწევა მიაჩნიათ კრემლში რეალურად.

დეესკალაცია

ზეწოლა და დიპლომატია

ყველაზე მარტივ სცენარში რუსეთმა შესაძლოა, ჯარი მართლაც გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან გარკვეულ მომენტში, მანამდე კი მათი ყოფნა საზღვრებთან კიევზე ზეწოლისთვის გამოიყენოს. პუტინს სურს გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე და დასავლეთის შევიწროება, მაგრამ შეიძლება, ნაკლებსაც დასჯერდეს.

აგრესიის საფრთხის ფონზე, კრემლი შეიძლება იმედოვნებდეს, რომ უკრაინაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს ან დასავლეთი დაიხევს საბოლოოდ უკან. პუტინმა 150 000-მდე ჯარისკაცის თავმოყრით აჩვენა, რომ მზადაა ომისთვის, რამაც შესაძლოა მცირედი უპირატესობა მოუტანოს, თუნდაც მხოლოდ უკრაინაზე.

მინსკის შეთანხმება

რუსეთმა უკრაინაზე ზეწოლისთვის შეიძლება დონბასში მყოფი სეპარატისტებიც გამოიყენოს. მოსკოვი გაიყვანს ჯარისა და შეიარაღების დიდ ნაწილს, მაგრამ სანაცვლოდ, უსაფრთხოების მოტივით, შესაძლოა, რუსი სამხედროები შეიყვანოს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში და გააძლიეროს სეპარატისტთა პოზიციები.

ამ ზეწოლით მოსკოვმა შეიძლება სცადოს, დაიყოლიოს დასავლეთი და კიევი, რომ შეასრულონ მინსკის მეორე შეთანხმება რუსული ინტერპრეტაციით და დონეცკსა და ლუჰანსკს, რუსული მოთხოვნების შესაბამისად, მიანიჭოს სპეციალური სტატუსი, რაც მათ დე იურედ უკრაინის შემადგენლობაში დატოვებს, მაგრამ ფართო ავტონომიით და მუდმივი ბერკეტით უკრაინის სამომავლო განვითარებაში.

ამ ორივე შემთხვევაში ვითარება დიპლომატიური გზით გადაწყდება და რუსეთიც აირიდებს თავიდან მძიმე სანქციებს. თუმცა, საეჭვოა, რამდენად მოახერხებს მოსკოვი, რომ უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნოს, მინსკის მეორე შეთანხმების რუსული კარნახით შესრულებაზე.

ჰიბრიდული საფრთხე

კიბერთავდასხმები

მართალია, რუსეთი უარყოფს თავის მონაწილეობას, მაგრამ 5 თებერვალს უკრაინის ორ ბანკსა და თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა. უკრაინულ ვებგვერდებზე მცირე შეტევა იყო იანვარშიც, რაც შეიძლება რეპეტიცია იყოს იმისთვის, რის მიღწევასაც რუსეთი კიბერთავდასხმებით შეეცდება.

კიბერთავდასხმის როლის შესაფასებლად შეგვიძლია NotPetya-ს სახელით ცნობილი კიბეროპერაცია გავიხსენოთ. 2017 წელს მასობრივმა კიბერშეტევამ დააზიანა უკრაინული კერძო კომპანიების სერვერები, დაზარალდნენ საერთაშორისო კომპანიები, პორტები და, ფაქტობრივად, ყველა ბიზნესობიექტი. მაშინ კიბერთავდასხმამ მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია.

დესტაბილიზაცია

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი ცნობა ჩნდება კიევში დესტაბილიზაციის დაგეგმვისა და უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავების შესახებ. მაგალითად, კიევში ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს ერთი პირი, რომელიც, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ამ გზით ქვეყანაში პანიკის დათესვას ცდილობდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას თუ ვენდობით, რუსეთი გეგმავს, დესტაბილიზაცია შექმნას და ეს უკრაინის ხელისუფლების ცვლილებისთვის გამოიყენოს. უკრაინაში დღესაც არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოსკოვისადმი სიმპათიით არიან განწყობილნი. ბრიტანეთის დაზვერვა კონკრეტულ გვარებსაც ასახელებდა, რომელთაც რუსეთი პოტენციურ ხელისუფლებად განიხილავდა.

მოსკოვმა დესტაბილიზაცია და პარამილიტარული ჯგუფები ერთხელ უკვე გამოიყენა უკრაინაში. კრემლმა დონბასში კონფლიქტის გამოწვევა და ყირიმის ანექსია 2014 წელს სწორედ მათი დახმარებით შეძლო.

ასე რომ, რუსეთი შესაძლოა დეესკალაციის იმიტაციის შექმნას შეეცადოს ან მხოლოდ ჰიბრიდული მეთოდები გამოიყენოს, თუმცა დიდი შანსია ჰიბრიდული ომი აწარმოოს როგორც საზღვრებიდან ჯარის გაყვანის, ისე სამხედრო მოქმედებების პარალელურად.

სამხედრო კამპანია

დონბასის ოკუპაცია

რუსეთმა შესაძლოა, როგორც აღმოსავლეთიდან დონბასის კონფლიქტური რეგიონების გავლით, ისე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაც შეუტიოს უკრაინას, სცადოს მიუახლოვდეს კიევს. მაგრამ თუკი პუტინის გეგმა მხოლოდ დონბასის – დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების მთლიანად დაკავება იქნება, მაშინ კიევზე შეტევა მხოლოდ ფრონტის გასაშლელად და უკრაინული ჯარების ფოკუსის  დედაქალაქისკენ მისამართად მოხდება.

მაგრამ ამ სცენარში მთავარი მიმართულება მაინც დონეცკიდან თავდასხმა იქნება, სამხრეთიდან რუსები მარიუპოლის დაკავებას ეცდებიან, ჩრდილოეთით კი – ლუჰანსკის მოსაზღვრე ტერიტორიების, რომ დონბასის მთელი ტერიტორია  დაიკავონ.

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები მოითხოვენ მთელ რეგიონზე იურისდიქციას, მაგრამ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.

რუსეთის არმიას დონბასის დაკავება, სავარაუდოდ, არ გაუჭირდება და ეს მცირე სამხედრო ოპერაციად მიიჩნევა დასავლეთშიც კი. თუმცა, თუნდაც მხოლოდ დონბასის დასაკვებლად შეჭრასაც თავისი პოლიტიკური ფასი ექნება და მცირე ბენეფიტების გათვალისწინებით სამხედრო კამპანიის წამოწყება არალოგიკური ჩანს.

შეტევა სამხრეთით

მეორე სცენარში, რუსეთის მთავარ მიმართულებად შეიძლება სამხრეთი იქცეს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა ბელარუსში უჩვეულოდ დიდი ჯარი შეიყვანა და თან ლუკაშენკაც უმაგრებს ზურგს, ჩრდილოეთიდან თავდასხმა ამ სცენარშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისევ მხოლოდ იმისთვის, რომ ბრძოლის ხაზი გაიშალოს და რუსეთმა უკრაინას ზღვაზე გასასვლელი ნაწილობრივ ან მთლიანად უფრო მარტივად მოუჭრას.

რუსეთმა შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნით უკრაინა სამხრეთიდან ბლოკადაში ფაქტობრივად უკვე მოაქცია. იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მხოლოდ მცირე ტერიტორიულ და პოლიტიკურ სამიზნეს ამოირჩევს, შესაძლოა, უკრაინის სანაპირო ზღვიდანაც დაბომბოს, მაგრამ მთავარი მიმართულება მარიუპოლისა და ბერდიანსკისკენ აიღოს, ყირიმიდან შეჭრილი დანაყოფები კი მელიტოპოლს დაესხმებიან თავს.

ამ შემთხვევაში რუსეთი ეცდება, დაიკავოს ტერიტორია ყირიმსა და დონეცკს შორის. ეს აზოვის ზღვას მთლიანად მოსკოვის ხელში მოაქცევს, რუსეთი მიიღებს მნიშვნელოვან პორტს მარიუპოლის დაკავებით და ყირიმზე სახმელეთო გასასვლელს. ამასთან ხელში ჩაიგდებს ყირიმის არხს, რომელიც ნახევარკუნძულს სასმელი წყლით ამარაგებს და უკრაინელების ხელში მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

უფრო დიდ სცენარში კი რუსეთს რამდენიმე ათასი საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასხმაც შეუძლია და ყირიმიდან რეგიონული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ხერსონისკენ შეტევაც. მარიუპოლის დაკავების შემდეგ კი – აღმოსავლეთიდან ზაპოროჟიეზე თავდასხმა. ამ სცენარის მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა სცადოს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქის, ოდესის დაკავებაც.

ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, მთლიანად მოსწყვიტოს უკრაინა ზღვას და არსებითი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. ამასთან დაუმეზობლდეს მოლდოვას და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონს, საიდანაც ასევე ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ოდესაზე თავდასხმისთვის იქ მყოფი რუსი სამხედროების დახმარებაც შეუძლია.

ამ სცენარში რუსეთს მსხვილი ქალაქების აღება მოუწევს, რაც მათთვის მარტივი არ იქნება. ოდესაში მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს, სათანადო საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერის გარეშე კი დესანტირებული რაზმები დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან.

ამასთან, შემდეგი სცენარისგან განსხვავებით, რუსეთს არ ექნება ბუნებრივი გამყოფი ზოლი, როგორიცაა მთები ან მდინარეები. გრძელ, ტყიან დაბლობებში გამავალი კონფლიქტური საზღვრის დაცვა კი ოკუპაციის შემდეგაც ბევრ სირთულეს შეუქმნის კრემლს, თუმცა, თავის მხრივ, საზღვაო ქვეყნის სტატუსის დაკარგვა უკრაინის ეკონომიკას კატასტროფის წინაშე დააყენებს.

დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროს დაკავება

კიდევ უფრო ფართო სცენარში რუსულმა ძალებმა შესაძლოა, დნეპრის აღმოსავლეთით უკრაინის მთლიანად დაკავება სცადონ. აღმოსავლეთ რეგიონებში დასავლეთთან შედარებით მეტია რუსულენოვანი უკრაინელების რაოდენობა. თავის დროზე რუსეთისადმი მეტად ლოიალურმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სწორედ აღმოსავლეთ რეგიონებში მიღებული ხმებით მოახერხა გამარჯვება.

საამისოდ რუსეთი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთიდან მსხვილ ქალაქს, ხარკოვს უნდა დაესხას თავს, შემდეგ კი პოლტავასა და კრემენჩუკს, დნეპრზე გასასვლელის ჩასაკეტად. ცენტრალური მიმართულებიდან დონეცკის გავლით თავს დაესხმება დნიპროსა და ზაპოროჟიეს, ხოლო სამხრეთიდან იმავე მიმართულებებით უნდა წამოიწყოს შეტევა, რაც წინა სცენარებშია აღნიშნული. აქაც არაა გამორიცხული პარალელურად კიევზე თავდასხმა ბელარუსიდან.

ამ სცენარის წარმატების შემდეგ რუსეთი უკრაინას შუაზე გახლეჩს, თუმცა დასავლეთით დარჩენილ დამოუკიდებელ ქვეყანას ოდესის საშუალებით ზღვაზე გასასვლელი და გარკვეული ეკონომიკური პოტენციალი კვლავ დარჩება.

ეს სცენარი რუსეთისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან მსხვილი ტერიტორიების გაკონტროლება მოუწევს, 2010-2015 წლებისგან განსხვავებით კი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ახლა აღმოსავლეთ რეგიონებშიც შემცირებულია რუსეთის მხარდაჭერა.

ამასთან, არაა გამორიცხული სამხრეთისა და დნეპრის აღმოსავლეთ რეგიონების 2 სცენარის გაერთიანებაც, რაც კიდევ უფრო მსხვილ მასშტაბზე აიყვანს დაპირისპირებას და სრულმასშტაბიან ომში ჩაითრევს რუსეთს.

სრულმასშტაბიანი ომი

ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ შესაძლოა, რუსეთი და უკრაინა სრულმასშტაბიან ომშიც ჩაებან. ამისთვის კი რუსეთმა შეიძლება უკვე განხილული სცენარები გამოიყენოს და შემდეგ ომის ახალი ფაზა წამოიწყოს, ან განსხვავებული სცენარით წავიდეს.

დნეპრის დაკავება, კიევზე თავდასხმა და წინსვლა დასავლეთით

სრულმასშტაბიან ომს რუსეთი, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში წამოიწყებს, თუკი ვაბანკზე წავა და მაქსიმალური პოლიტიკური შედეგის მიღწევას მოინდომებს. უკრაინის მთლიანად ოკუპაციის შემთხვევაში გაიზრდება შანსი იმისა, რომ რუსეთმა ბელარუსსა და უკრაინასთან ერთად ერთობლივი სახელმწიფო შექმნას და საბჭოთა კავშირის მცირე მოდელი აღადგინოს.

ამ შემთხვევაში, ომის საწყისი ფაზა, სავარაუდოდ, იგივე იქნება, რაც წინა სცენარში. რუსეთი თავს დაესხმება კიევს და პარალელურად მასირებულ შეტევას წამოიწყებს უკრაინის აღმოსავლეთში სამი მსხვილი მიმართულებით. დნეპრის აღმოსავლეთ რეგიონებისა და სამხრეთ ტერიტორიების დაკავების შემდეგ კი რუსეთი რამდენიმე მიმართულებით უკრაინის უფრო ნაციონალისტურად განწყობილ რეგიონებსაც უნდა დაესხას თავს.

რუსეთმა დახმარებისთვის შეიძლება უშუალოდ ბელარუსის შეიარაღებული ძალებიც გამოიყენოს, რომლებიც ჩრდილოეთიდან ეცდებიან უკრაინის დასავლეთ რეგიონებში შეჭრას, მაგრამ ეს სცენარიც ნაკლებსავარაუდოა. უკრაინის მთლიანი ოკუპაციის მიზნით, რუსეთს მოუწევს NATO-ს ქვეყნებსაც მიუახლოვდეს, ომის პოლონეთისა და რუმინეთის საზღვრებთან გადატანა კი რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.

ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თუნდაც ამ დროისთვის მობილიზებული ძალები ისეთი მსხვილი ქვეყნის ოკუპაციისთვის, როგორიც უკრაინაა, საკმარისი არაა, რუსეთს კი სარეზერვო ძალების შეკრება ჯერ არ დაუწყია. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ომის გაშლის შემთხვევაში დიდი იქნება მსხვერპლიც და პოლიტიკური ფასიც რუსეთისთვის.

ბლიცკრიგი კიევის მიმართულებით

არსებობს კიდევ ერთი სცენარი, რომლის გამოყენებაც შეიძლება სცადოს რუსეთმა. ამ სცენარზე საუბარი ყველაზე გვიან დაიწყო. რუსეთმა შეიძლება მასიური საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანოს უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე, მიმართოს კიბერშეტევას და აამუშაოს ე.წ. მეხუთე კოლონა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეეცდება. ამის შემდეგ კი ბლიცკრიგით პირდაპირ კიევის აღება სცადოს.

ამ სცენარს ამყარებს ბელარუსში მსხვილი სამხედრო კონტინგენტის შეყვანა და საინჟინრო მოქმედებები იმისათვის, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის საზღვარი რამდენიმე ადგილას ერთობლივად გადაკვეთოს.

ამ სცენარში არაა გამორიცხული, რუსი სამხედროები ჩერნობილის ზონის გავლითაც დაესხან თავს უკრაინის დედაქალაქს. წარმატების შემთხვევაში კი, კიევში ახალი, პრორუსი ლიდერი აირჩიოს, რომელიც ქვეყანას წარმატების შემთხვევაში მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნებს, უარეს შემთხვევაში კი უკრაინას სამოქალაქო ომში ჩაითრევს.

თუმცა სცენარს ნაკლებად სავარაუდოს ხდის ის გარემოება, რომ კიევი თავისი შემოგარენით 3 მილიონზე მეტ მოსახლეს ითვლის, ასეთი მსხვილი დასახლების დაკავება კი რუსეთს სისხლისმღვრელი ბრძოლის გარეშე გაუჭირდება. დედაქალაქს უკრაინული ძალებიც ყველა ღონით დაიცავენ და დასავლეთ თუ სამხრეთ მიმართულებიდან კიევის დამცველ შენაერთებს შესაბამისი ზურგიც ექნებათ.

ამასთან მასობრივი მსხვერპლის გამოწვევის შემთხვევაში, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის ორივე სცენარს ახლავს თან, რუსეთს უკრაინის შენარჩუნება გაუჭირდება, ვინაიდან კრემლი ისევ პრორუსულ სენტიმენტებზე ამყარებს იმედს.

მიაღწევს თუ არა რუსეთი წარმატებას?

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის ავტორები რუსეთის შეჭრის შესაძლო წარმატებისა და ამ წარმატების ხელის შემშლელ პირობებსაც მიმოიხილავენ.

რუსეთის არმიას დიდი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით, ზღვასა და ჰაერში. უკრაინას კი, ჯერჯერობით, არ აქვს მათ წინააღმდეგ მსხვილი თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღება.

რუსულ შეიარაღებულ ძალებს ჰყავს ბევრად მეტი სამხედრო, ვიდრე უკრაინას და აქვს გაცილებით დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ამასთან სამხედროების ნაწილს გამოცდილება დაუგროვდა სირიაში წარმოებულ ოპერაციებში. ამის გათვალისწინებით რუსულ არმიას აქვს უნარი, იმ მიზნების ნაწილს მაინც მიაღწიოს, რაც შეიძლება პუტინს ჰქონდეს უკრაინასთან მიმართებით.

თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, არსებობს გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც, შესაძლოა, რუსეთის წინსვლა შეჩერდეს ან საერთოდაც ვერ მიაღწიოს დასახულ მიზანს.

პირველ რიგში, უკრაინის სამხედრო ძალებიც ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 7 წლის წინ, მათ შეიძლება წარმატებითაც მოახერხონ, გარკვეული დროით მაინც, რუსეთის შეკავება, დროის ფაქტორი კი რუსეთის სასარგებლოდ არ იმუშავებს.

შეტევაზე გადასული არმიისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი წინსვლა, მაგრამ, როგორც სპეციალისტები წერენ, ისეთი ბლიცკრიგების დროსაც კი, როგორიც იყო დანკირკში, მეორე მსოფლიო ომის დროს და ერაყში აშშ-ის შეჭრისას, დასახულ მიზნამდე მიღწევას ჯარებმა 20 დღემდე მაინც მოანდომეს, რუსული ჯარი კი დიდია და აღჭურვილია, მაგრამ სისწრაფით არ გამოირჩევა. ამასთან მათ შესაძლოა, სხვა გარემოებებმაც შეუშალოთ ხელი წინსვლაში.

გარემო და ამინდი

თებერვალში მიწა ჯერ კიდევ გაყინულია და მძიმე ტექნიკას გადაადგილება არ უჭირს, მაგრამ მარტიდან მოსალოდნელია, უკრაინაში ე.წ. „რასპუტიცა“, ყინულის ლღობა დაიწყოს, თუკი უჩვეულოდ ცივი ამინდი არ იქნება. ასე რომ, გაზაფხულზე, როცა მიწები დაჭაობდება, რუსულ მძიმე არტილერიასა და ტანკებს, სულ მცირე, სწრაფი მანევრირების საშუალებას მაინც არ მისცემს. ხოლო ოპერატიული ჯგუფებსა და თავდაცვით პოზიციებზე მყოფ სამხედრო დანაყოფებს გამლღვალი ნიადაგი შედარებით ნაკლებ ზიანი მოუტანს.

უარყოფითი მხარე აქვს ყინვასა და თოვლსაც. ცივი ამინდი მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის უფრო მოხერხებულია, სამაგიეროდ, ცივი ამინდის შემთხვევაში, რუსეთს საჰაერო უპირატესობის გამოყენება შეეზღუდება.

ასევე, ზოგიერთ ადგილას სირთულეებს შექმნის ლანდშაფტი. მაგალითად, ჩრდილოეთიდან კიევის მიმართულებით შეტევისას რუსებს საკმაოდ რთული, მდინარეებითა და ხშირი ტყით დაფარული ადგილების გადალახვა მოუწევთ. იქვეა ჩერნობილის ზონაც, რომლის დაზიანებაც დამატებით რისკს ქმნის.

არც შავი ზღვიდან დესანტირებაა მარტივი, უკრაინელებმა კი იმ მცირე რაოდენობით ხელსაყრელი ადგილების გამაგრება შეიძლება მოახერხონ, სადაც დესანტის გადასხმა მოხერხებულია. ამის გარეშე ყირიმიდან თავდასხმა კიდევ უფრო რთული იქნება ხერსონისა თუ მარიუპოლის მიმართულებით, რადგან პერეკოპიდან შეჭრისთვის მცირე გასასვლელის გამოყენებაა მხოლოდ შესაძლებელი.

ლოგისტიკა

მსხვილი სამხედრო კამპანიის წამოწყების შემთხვევაში რუსეთს დასჭირდება კარგი მომარაგებაც. რუსული შეტევა, როგორც წესი, დამოკიდებულია რკინიგზაზე. შემტევმა ტაქტიკურმა დაჯგუფებამ შესაძლოა, მარტივად გაარღვიოს თავდაცვის ხაზი, მაგრამ ქვეითთა მობილური ჯგუფების დასახმარებლად საჭიროა არტილერია და მძიმე ტექნიკა, რომელთაც შესაბამისი მომარაგება სჭირდება.

რუსული ლოგისტიკა ყოველთვის რკინიგზაზე იყო აწყობილი, მათი შეტევის მიმართულებაც რკინიგზასთან ახლოს წარიმართება. იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მოახერხებს ხიდების, ელექტროგაყვანილობისა და სხვა კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურის განადგურებას რუსებისთვის, მაშინ შემტევი დანაყოფები ძლიერი მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდებიან.

როგორც სპეციალისტები წერენ, უკრაინელმა სამხედროებმა შესაბამისი გამოცდილება მიიღეს 2014-2015 წლებში და რიგი წარმატებული ოპერაციებიც ჰქონდათ. მაშინდელი დაპირისპირების შესწავლისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ზიანის მიღების შემდეგ რუსულ დანაყოფებს ძალების აღდგენა ძალიან უჭირდათ. მათ ჩანაცვლება და შევსება დასჭირდებათ, რის წინააღმდეგაც უკრაინის წარმატებულმა მოქმედებამ შესაძლოა, მთლიან სურათზეც მოახდინოს დიდი გავლენა.

მართვა

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთი მასშტაბის სამხედრო კამპანია რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ უწარმოებია. 2008 წელს საქართველოსთან ომში რამდენიმე ათეული ათასი სამხედროს მობილიზება გახდა საჭირო და ბრძოლაც სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა, სირიაში კი რუსეთი უფრო დამხმარის როლში იყო ასადის ძალების, ჰეზბოლაჰისა და პროირანული დაჯგუფებების ბრძოლაში ამბოხებულებთან.

150 000 ჯარისკაცისა და ათასობით თვითმავალი თუ გადასატანი შეიარაღების უკრაინის ტერიტორიაზე გაშლა ახალი გამოცდა იქნება რუსეთის გენშტაბისთვის. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ომი დიდ ხანს გაგრძელდა. გამოცდა იქნება ერთმანეთთან ავიაციის, საზღვაო ფლოტის, არტილერიისა და ტაქტიკური ჯგუფების დაკავშირება, რადგან არც ჩეჩნეთში, არც საქართველოში, არც სირიაში რუსეთს ამის საჭიროება არ ჰქონია.

ურბანული ბრძოლები

უკრაინაში შესაძლო შეჭრაზე საუბრისას აღსანიშნავია ურბანული ბრძოლების როლიც. მართალია, უკრაინაში ბევრია გაშლილი სივრცე, სასოფლო-სამეურნეო მიწა და ტყე, მაგრამ დიდი სამხედრო კამპანიის შემთხვევაში, დიდი ქალაქების კონტროლის გარეშე, რუსეთს წარმატება გაუჭირდება. უკრაინაში კი მრავლადაა დიდი ქალაქებიც.

კიევი 3 მილიონ მცხოვრებს ითვლის, ხარკოვში დაახლოებით 1.5 მილიონი მოსახლეა, ოდესაში 1 მილიონი, მილიონს უახლოვდება მოსახლეობა დნიპროში, 750 000-ს ზაპოროჟიეში, კონფლიქტისპირა ქალაქი მარიუპოლიც კი საკმაოდ დიდია – 500 000 მოსახლით.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ მასშტაბის დასახლებებში შეჭრა თუ მათი ალყაში მოქცევა რუსეთს დიდი რესურსისა და მსხვერპლის ფასად და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი დროის დაკარგვად დაუჯდება.

ჩეჩნეთის პირველი ომის დროს გროზნოს ასაღებად რუსეთს თვეზე მეტი დასჭირდა, როცა ჩეჩნეთს სულ რამდენიმე ათასი მებრძოლი ჰყავდა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს კი გროზნოს ალყა 6 კვირას გაგრძელდა.

ამიტომ, რუსეთმა შესაძლოა, თავი აარიდოს დიდ დასახლებებზე თავდასხმას, მაგრამ, მაგალითად, რუსეთის მოსაზღვრე რეგიონში მდებარე ხარკოვის გარეშე მოსკოვს უკრაინაში ღრმად შეჭრა გაურთულდება. მნიშვნელოვანი წინსვლა რთული იქნება კიევის აღების გარეშეც, რომელიც, გარდა იმისა, რომ დედაქალაქია და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, ჩრდილოეთ მიმართულებასაც კეტავს.

ლოგისტიკისა და მართვის სირთულეების, ურბანულ ბრძოლებში ჩართვისა და დიდი მსხვერპლის გათვალისწინებით კი შეიძლება რუსული ჯარის საბრძოლო სულისკვეთებაც შეირყეს.

საბრძოლო სულისკვეთება

ომის დაწყებამდე შესაძლოა ზედმიწევნით ვიცოდეთ თითოეული ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, მაგრამ ომის დროს ბევრი რამ იცვლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი სწორედ საბრძოლო სულისკვეთებაა. საბრძოლო სულისკვეთება ინდივიდუალურ დონეზე, სავარაუდოდ, უპირობოდ უკრაინელთა მხარეს იქნება, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხომ სამშობლო უნდა დაიცვან.

თუმცა, ამის გარდა, საბრძოლო სულისკვეთებას განაპირობებს, კარგი მართვა, ოპერაციების სწორად წარმართვა, მცირე თუ დიდი წარმატებები და სხვ.

ამ ყველაფრის გათვალისწინება ომის რეალური სურათის გარეშე ძალიან რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, თუკი უკრაინა მოახერხებს წინააღმდეგობის გაწევას და შეინარჩუნებს პოზიციებს, დროთა განმავლობაში როგორც ინდივიდუალურად სამხედროების, ისე ზოგადად შეიარაღებული ძალების, ქვეყნის ხელისუფლებისა და ერის სულისკვეთება გაიზრდება. რუსული ჯარის კი, პირიქით, შემცირდება.

რუსეთს ჰყავს კარგად მომზადებული სპეცდანიშნულების რაზმები, ტაქტიკური ჯგუფები, მაგრამ შეიარაღებული ძალების დიდ ნაწილში საბრძოლო სულისკვეთება არც ისე მაღალია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი თუ ომის სასწორი მოსკოვის მხარეს მალევე არ გადაიხარა, რუსული წარმატების შანსი შემცირდება.
_________________
სტატია მომზადებულია აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრისა და უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ანგარიშების მიხედვით.