რუსეთის გზა მობილიზაციიდან დასასრულამდე

ბექა კობახიძე

დიდი ყოყმანისა და დაგვიანების შემდეგ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. 300000 ადამიანსსამხედრო ოპერაციადწოდებულ ურთულეს ომში იწვევენ.

რა მოხდა? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რას გვასწავლის რუსეთის ამ ქმედების შესახებ ისტორია და რა შედეგზე გაიყვანს ის პუტინს?

გამარჯვება ბრძოლის ველზე არ მიიღწევა

ყოველთვის ვამბობდი და საქართველოში არაპოპულარული ეს მოსაზრება კვლავაც უნდა გავიმეოროუკრაინის პოლიტიკური გამარჯვება ბრძოლის ველზე ვერ გაფორმდება. უკრაინის სამხედრო სასწაული (ალბათ, უკვე შეგვიძლია ასე ვუწოდოთ) მთავარი კომპონენტია რუსეთის დამარცხების, მაგრამ არა გადამწყვეტი.

რასაკვირველია, უკრაინას შეუძლია რუსეთთან კონვენციური ომის მოგება და რომ არა ბირთვული იარაღის საფრთხე, უფრო მეტი დასავლური იარაღისა და მტკიცე საბრძოლო სულისკვეთების დახმარებით, ალბათ, უკვე მოგებულიც ექნებოდა. ყირიმის სამხედრო გზით დაკარგვა და სიმფეროპოლის თავზე უკრაინელი ჯარისკაცის მიერ დროშის აღმართვა ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეჟიმს, არამედ მთლიანად რუსეთს, როგორც იმპერიას. ახლა პუტინმა თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია და თქვა, რომ შეიერთებს ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს. შესაბამისად, მათ გაუტოლებს ყირიმის მნიშვნელობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სწრაფი სამხედრო წარმატება განაპირობებს კუთხეში მიმწყვდეული მხეცის ინსტიქტურ ქმედებას პუტინის რეჟიმის მხრიდან. რადგან მას გარდაუვალი აღსასრული დაუდგება, პუტინი მზად იქნება, ომი გადაიტანოს არაკონვენციურ ფაზაშიგამოიყენოს ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკურბირთვული იარაღი. ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს წაუგიათ ომები (ამერიკას ვიეტნამსა და ავღანეთში, რუსეთს/სსრკს ავღანეთსა და ჩეჩნეთში), მაგრამ მათ არ გამოუყენებიათ ბირთვული იარაღი და არც ახლა უდგას რუსეთს მისი გამოყენების აუცილებლობაო. თუმცა, ჩემი აზრით, არც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში, ამერიკას ან რუსეთს არსებობის საფრთხე არ ედგათ. ახლა რუსეთისთვის ომის წაგება ეგზისტენციური საკითხია და მას არ შეუძლია დაუშვას მარცხი. თუ წააგებს, ვეღარ იარსებებს ახლანდელი ფორმით. პუტინი გატაცებულია ისტორიის თავისებური გაგებით, თავს ისტორიულ ფიგურად ხედავს და მისი ამ იდეების გამო ღვრის სისხლს უკვე 23 წელია. მან წარსულში თქვა, რომ ბირთვული ომის შემთხვევაში, „ჩვენ მოვკვდებით, როგორც წამებულები და მოვხვდებით სამოთხეში, ხოლო ისინი ჩაძაღლდებიან!“, გუშინ კი განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ეს არ არის ბლეფი. პუტინს კარგად ესმის, რომ თუნდაც ხვალვე დაასრულოს ომი დასავლეთისთვის ყველაზე მისაღები პირობებით, ძველებური აღებმიცემობა ვეღარ გაგრძელდება. რუსეთი ვერასდროს დაიბრუნებს სანდო ენერგო მიმწოდებლის რეპუტაციას და დასავლეთის გზა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისკენ შეუქცევადია. მისი რეჟიმი განწირულია, იყოს კეთროვანი. ესე იგი, პოლიტიკური ფასი უკვე გადახდილი აქვს და ამ ფასის სამხედროპოლიტიკურ წარმატებაში კონვერტაცია ჯერ ვერ მოახერხა. თუ ვერასდროს მიიღო შედეგი, ის ისტორიის საკუთარ გაგებაშივე დარჩება ძალიან წარუმატებელ მმართველად. ეს არის ყველაზე უკანასკნელი, რასაც ის დაუშვებს.

მეორე მხრივ, არც უკრაინასა და დასავლეთს არ შეუძლიათ არათუ დამარცხება, არამედ რუსეთის დაუსჯელად დატოვება და ბირთვულ საფრთხესთან ნებისმიერი კომპრომისი. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინამდე იყო საქართველო, უკრაინის შემდეგ იქნებიან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები. როგორც 1938 წლის მიუნხენის კაპიტულანტურმა შეთანხმებამ შვა მეორე მსოფლიო ომი, ისე შობს რუსეთის შემდეგ აგრესიას დასავლეთის მიერ უკრაინაში ნაჩვენები სისუსტე. საბედნიეროდ, ამას ახლა მაინც ხვდებიან დასავლეთში.

უფრო მეტიც, ყველას კარგად ესმის რომ რუსეთთან ნაჩვენები სისუსტე მთლიანად შეცვლის საერთაშორისო წესრიგს. დღეს მსოფლიოში არაერთ არადემოკრატიულ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და თუ რუსეთს გაუვიდა ეს შანტაჟი, ხვალ ჩინეთი რატომ არ მიადგება ტაივანს? და რატომ არა სხვა მეზობლებს?

გლობალურიდან ლოკალურზე რომ გადავიდეთ, რუსეთი და უკრაინა ვერასდროს შეთანხმებიან ორ საკითხზე: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინის ევროატლანტიკური მომავალი. თუ უკრაინა კაპიტულაციას გადაურჩა, რაც სავარაუდოდ ასეც მოხდება, ის დასავლეთისგან მიიღებს რეკონსტრუქციის ფულს, ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრებას და ლიბერალური დემოკრატიის გზით გახდება რუსეთზე მდიდარი და წარმატებული სახელმწიფო. ამას პუტინი ხედავს ეგზისტენციურ საფრთხედ იმპერიისთვისუკრაინა ამ გზაზე რუსულ საზოგადოებასაც გაიყოლებს. ლიბერალური დემოკრატია შეუთავსებელია იმპერიის არსებობასთან და რუსეთის დემოკრატიზაცია არის მისი დაშლის წინაპირობა.

მეორე მხრივ, თუ უკრაინა უარს იტყვის ტერიტორიებსა და ევროატლანტიკურ გზაზე, ის განწირულია, სამუდამოდ იქცეს რუსეთის დანამატად. უკრაინა ამას ვერ იზამს რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ის, რომ რუსეთს იმპერიული იდენტობა აქვს და მას ამიტომ არ შეუძლია ლიბერალური დემოკრატიის მიღება. უკრაინას ეს არ სჭირდება. ის, როგორც ერი სახელმწიფო, დასავლეთთან კავშირში ხედავს თავის მომავალს. მეორე ფაქტორია უკრაინის ხელისუფლება, რომელიც ამ ეტაპისთვის თამაშობს ისტორიულ როლს როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს მომავლის განსაზღვრის საქმეში და ის თავს არასდროს გასწირავს ისტორიულ სანაგვეზე გადასაგდებად. მესამე და მთავარი, მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, უკრაინულ საზოგადოებას სურს გამარჯვება.

ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, ომი ვერ დასრულდება კომპრომისით. ეს არის ნულოვან შედეგზე თამაში და მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, გამარჯვებას სიმფეროპოლის თავზე უკრაინელი ჯარისკაცის მიერ ატანილი დროშა ვერ მოიტანს. უკრაინის სწრაფი სამხედრო წარმატებები პუტინს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული კომპონენტების შემოტანას აიძულებს ომში. მეორე მხრივ, რუსეთს არ შესწევს უკრაინის ბრძოლის ველზე დამარცხების ძალა.

დასავლეთის ძველი და ახალი პოლიტიკა

მაშ როგორ უნდა დასრულდეს ომი? ის გაგრძელდება დიდხანს და იქნება რესურსების ამოწურვაზე. ეს იქნება შეჯიბრი უკრაინულ და რუსულ საზოგადოებებს შორისვინ უფრო ადრე და ხმამაღლა ეტყვის საკუთარ ხელისუფლებას, რომ დანებდეს.

როგორც ჩანს, უკრაინელი ხალხის ნება არასდროს გატყდება და არც უკრაინის რესურსები ამოიწურება, რადგან მის უკან დგას დასავლური ცივილიზაცია. 2008 წელს პუტინმა დასავლეთს უთხრა, რომ სააკაშვილი გაუწონასწორებელი კაცი იყო, მან რუსმშვიდობისმყოფელებსგაუხსნა ცეცხლი, ქართველებს პრობლემები ჰქონდათ ოსებთან და აფხაზებთან და ა.. ერთი სიტყვით, ეს იყო ლოკალური პრობლემა და დასავლეთს არ ეხებოდა. სამწუხაროდ, დასავლეთში ეს დაიჯერეს და ცხოვრება გაგრძელდა ჩვეულებრივად. 2014-15 წლებში პუტინმა თქვა, რომ უკრაინელებმა უკანონოდ ჩამოაგდეს ხელისუფლება, დონბასისა დანოვოროსიასრუსულენოვანი მოსახლეობა იჩაგრებოდა, ყირიმი ისტორიულად რუსეთი იყო და ა.. აქაც, დასავლეთმა დაიჯერა, რომ პრობლემა ლოკალური იყო. ცხოვრება და ენერგორესურსების აღებმიცემობა ისევ გაგრძელდა.

2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის თებერვალში გათავხედებულმა პუტინმა დასავლეთს უთხრა რომ პრობლემა არა უკრაინას, არამედ დასავლურ ცივილიზაციას ეხება. ულტიმატუმი წაუყენეს ნატოს, რომ ახალი წევრის მიღება რუსეთთან უნდა შეთანხმებულიყო, ჯარები გასულიყვნენ 1997 წლის დისლოკაციის ადგილებზე და უკრაინას გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი და დემილიტარიზაცია. დასავლეთმა დაინახა, რომ რუსეთი მის არსებობას ემუქრებოდა, როგორც ცივილიზაციისას. თუ ნატოსა და ევროკავშირის წევრები დაყვებოდნენ რუსეთის შანტაჟს, ეს ორგანიზაციები არსებობას შეწყვეტდნენ ჯერ ღირებულებითად, შემდეგ ინსტიტუციურად და მსოფლიოში დაბრუნდებოდა მეცხრამეტე საუკუნის ძალასა და იმპერიალიზმზე დამყარებული წესრიგი. ამიტომ, ერთსულოვნად დაირაზმნენ უკრაინის გარშემო და რამდენიმე დღის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი ბოდიშებს უხდიდა ქართველებს, ბალტიელებს და სხვებს, რომ დასავლეთმა მათ არ მოუსმინა და საფრთხე დროულად არ გააცნობიერა. ვინც არ უნდა მოვიდეს აშშს ხელისუფლებაში, დასავლეთი უკრაინის დახმარებას ვერ შეწყვეტს, რადგან მკაფიოდ არის გაცნობიერებული ეგზისტენციური საფრთხე.

მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკა ცამეტჯერ დიდია რუსეთისაზე, ხოლო გლობალური დასავლეთის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ნახევარზე მეტია და ის რუსეთს 27-ჯერ აჭარბებს. ძალთა თანაფარდობა ფატალურია რუსეთისთვის, რადგან ეს ძალა უკრაინის უკან დგას. ამიტომ, უკრაინა არასდროს გამოიფიტება.

რა მოუვა რუსეთს? უკრაინისა და დასავლეთის ერთადერთი შესაძლო ტაქტიკა შეიძლება იყოს, რომ ომი გაგრძელდება დიდხანს, რუსეთის გამოფიტვამდე, ხუთი ან ათი წელი. ეს უკრაინას უდიდეს დანაკარგს მოუტანს, მაგრამ ალტერნატივა კიდევ უფრო მძიმეაბირთვული ომი ან რუსეთის სამხედრო გამარჯვება. ამიტომ, რუსეთის კაპიტულაციამდე გამოფიტვა შედარებით უფრო ნაკლებ ბოროტებად მოსჩანს.

რას ნიშნავს რუსეთის გამოფიტვა?

ვფიქრობ, რომ ომის ხანგრძლივობა მათემატიკურად დათვლადია და ამას ეკონომისტები ჩემზე უკეთ გააკეთებენ.

რუსეთი შიგნიდან უნდა აფეთქდეს, როგორც ეს მოხდა 1917 და 1991 წლებში. მხოლოდ ამას შეუძლია ომის დასრულება და უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, ბელარუსისა დაახლო საზღვარგარეთისსხვა ქვეყნების გათავისუფლება.

მისი მმართველობის წლებში, რას ემყარებოდა პუტინისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა? 1999 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ორი მთავარი დაკვეთა შეუსრულა ამომრჩეველს:

  1. უკონტროლო კორუფცია, კლეპტოკრატია და ოლიგარქია დააბრუნა კონტროლის ფარგლებში და მოქალაქეებთან მოახერხა სოციალური კონტრაქტის შექმნა. ეს გულისხმობს იმას, რომვერხუშკაიპარავს, მაგრამ მოქალაქესაც აძლევს საარსებო საშუალებას, როგორც ეს საბჭოთა წლებში ხდებოდა;
  2. ნაციონალიზმიპუტინმა, რუსების ხედვითვე, რუსეთს აღუდგინა ველიკოდერჟავული თავმოყვარეობა. „ჩვენ ანგარიშს გვიწევენ და ეშინიათ“, როგორც იმავე საბჭოთა წლებში იყო.

ხანგრძლივმა ომმა და სანქციებმა რუსული ეკონომიკა ელცინის 1998 წლის დეფოლტის დონემდე უნდა დაიყვანოს, რათა მოსახლეობის ცხოვრების დონე საგრძნობლად დაეცეს და დაირღვეს ხელისუფლებასთან სოციალური კონტრაქტი. 2022 წელს ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკის ვარდნას 15%-ის ფარგლებში ვარაუდობენ, ხოლო 2023 წელს 5%-ის ფარგლებში. ეს საკმარისი არ არის. რუსეთის ეკონომიკა უნდა განახევრდეს, მოსკოვისა და პეტერბურგის საშუალო კლასმა სმარტფონების ნაცვლად პურის რიგებზე უნდა ისაუბროს. მართალია ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო რუსეთის დატოვება, მაგრამ ეს რეაქცია გამოწვეულია შიშით და არა ეკონომიკური გაჭირვებით. რევოლუციას და ცვლილებებს ახდენენ არა შეშინებულები, არამედ უპერსპექტივობაში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანები. რევოლუციას ახდენენ დიდი ქალაქების საშუალო კლასის წარმომადგენლები, რომელთა ჯიბესაც სიდუხჭირე საგრძნობლად ჯერ არ შეხებია. რამდენი წლის შემდეგ მიაღწევს ამ კატეგორიამდე მწვავე კრიზისი და გამოიწვევს მასობრივი ამბოხების საფრთხეს, ეს ეკონომისტების დასათვლელია.

ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა ბევრად მეტი ფული გადაუხადეს რუსეთს (დაახლოებით დღეში ერთი მილიარდი დოლარი) გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით. ამასთანავე, ევროკავშირთან ენერგოპროდუქტებით ვაჭრობის შედეგად, რუსეთს დაუგროვდა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი სავალუტო რეზერვები, დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ოდენობით. ყველა ამ რესურსს რუსეთი ომისთვის იყენებს. რაც უფრო მალე მოახერხებს ევროკავშირი რუსეთთან ენერგოდამოკიდებულების ბოლომდე გაწყვეტას, მით უფრო მალე დასრულდება ომი. ახლა ევროპის მიერ რუსეთისგან ნაყიდი თითოეული კუბამეტრი გაზი უკრაინელი ჯარისკაცისა თუ მოქალაქის სიცოცხლედ ფასობს.

სამხედრო მობილიზაცია

პუტინმა, როგორც ისტორიის მოყვარულმა კაცმა, კარგად იცის რა ემართებათ რუსეთის არმიასა და საზოგადოებას იმპერიალისტურ შეტევით ომებში, როდესაც ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდებიან. ასეთ ომებს მოყვება რევოლუციები და/ან დიდი ცვლილებები. ასე იყო 1853-1856 წლების ყირიმის ომის შემდეგ, 1904-1905 წლების იაპონიის ომის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში და ავღანეთის ომის შემდეგ. მან იცის რომ იმპერიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იმპერიით უკმაყოფილო რუსები არიან. ამიტომ, ყველაფერი გააკეთა, რათა მობილიზაცია აერიდებინა თავიდან. რუსი იმპერიალისტი მოქალაქისთვის სასიამოვნო საცქერიადერჟავისომში გამარჯვების ყურება ტელევიზორში, სავარძლიდან. თუმცა სულ სხვა არის, როდესაც მას მობილიზაციას აიძულებენ და სიცოცხლეს რისკავენ უიმედო ომში, დეზორგანიზებული არმიისა და არაკომპეტენტური სამხედრო ხელმძღვანელობის პირობებში. ჯერჯერობით, ომში მობილიზაციარევოლუციურ მასას“, ანუ მოსკოვის, პეტერბურგის, ეკატერინბურგისა და ნოვოსიბირსკის საშუალო კლასს არ შეხებია. ახლა ძირითადად ომობენ ყველაზე მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფები: ლუჰანსკისა და დონეცკის მაცხოვრებლები, ჩეჩნები, ბურიატები, ციხიდან გათავისუფლებული კრიმინალები, რუსეთის სოფლებიდან გაწვეული დაუცველი ხალხი და ა.. პუტინს ძალიან სურდა ამ მასას არ გასცდენოდა და დიდი ქალაქების საშუალო კლასისთვის ტელევიზიიდან ეჩვენებინა გამარჯვება.

უკრაინის სამხედრო წარმატებებმა რუსული არმიის პერსონალის მინიმუმ მესამედი შეიწირა დაღუპულების, დაჭრილების, დაკარგულებისა და ტყვედ ჩავარდნილთა სახით. ამისგან კიდევ ცალკე დგას დეზერტირობის საკითხი. შედეგად, არმია ვეღარ უმკლავდება ყველა ფრონტს და ხარკოვიდან მოუწიათ გაქცევა. მოშიშვლებული აქვთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ყარაბაღი, ცენტრალური აზია და, როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, პეტერბურგის საჰარეო თავდაცვაც. უკრაინამ რუსეთს სამხედრო მობილიზაცია აიძულა და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. ადრე თუ გვიან, ყოველდღიურად ათეულობით დაღუპულის სახით, ომი შეეხება დიდი ქალაქების საშუალო კლასს, ესე იგი რევოლუციურ მასას.

ანუ, მომდევნო წლებში ეს ხალხი ომს იგრძნობს როგორც ჯიბეზე, ასევე საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეზე.

უპერსპექტივობის განცდა

მოსახლეობის უკმაყოფილება და რევოლუციური განწყობა აუცილებელია ცვლილებების მოსახდენად, მაგრამ არასაკმარისი. თუ თვითკმარი ავტორიტარული რეჟიმი არის მონოლითური, მას ყოველთვის შეუძლია ჩრდილო კორეად ან კუბად გადაქცევა და პროტესტის პირწმინდად განადგურება. ცვლილებებისთვის აუცილებელია პოლიტიკური ელიტის შიგნით ბზარების გაჩენა და შემდეგ ამ ელიტამ უნდა გამოიყენოს სახალხო განწყობა რეჟიმის შესაცვლელად. კლასიკურად, ეს ასე ხდება რევოლუციების დროს. კრემლის ზედა ეშელონებში ასეთი განწყობების გასაჩენად აუცილებელია უპერსპექტივობის განცდა, რეგრესული დინამიკა, წარუმატებლობების შედეგად პუტინის რეპუტაციის დაცემა, თვითგადარჩენის ინსტიქტი.

ერთი სიტყვით, ელიტამ უნდა იწამოს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს, ომი ფატალურად დასრულდება და რაც უფრო დიდხანს გაიწელება, მით უფრო მძიმე იქნება შედეგებიც და მათი პასუხისმგებლობაც. ხანდაზმული პუტინი უნდა დაინახონ პრობლემის წყაროდაც და მისი მოცილება გარკვეული ამნისტიის საშუალებადაც.

ამ ყველაფერს დაეხმარება ეკონომიკური კრიზისი, სახალხო პროტესტი, სამხედრო წარუმატებლობები, დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა და პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაც.

თუმცა აქამდე დიდი დროა. ჯერჯერობით, რუსულ არმიას თითქმის სრულად უჭირავს ლუჰანსკის ოლქი, ხოლო ნაწილობრივ ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები. ასევე მის კონტროლქვეშ არის ყირიმი. რუსები ჯერჯერობით არ შიმშილობენ და არც პროტესტს აქვს მასობრივი ხასიათი. რუსეთს ჰყავს პირველი პირი პუტინის სახით, მაგრამ ფაქტობრივად არ ჰყავს მეორე კაცი. პუტინის შემდეგ ყველაჭანჭიკია“. თუმცა, მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად, ეს რეალობა ნელნელა შეიცვლება.

იმპერიის დეკოლონიზაცია

ისტორია გვასწავლის, რომ დიდი ომები დიდ სოციალურ და ნაციონალურ გამოღვიძებებთან არის დაკავშირებული. როგორც იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეი ვინთერი ამბობს, 1914 წელს იმპერიები პირველ მსოფლიო ომში ჩაერთნენ ერთმანეთთან, მაგრამ 1916 წლიდან მათი მთავარი ფრონტი იყო საკუთარ ქვეყნებში რევოლუციური და ეროვნული მოძრაობების წინააღმდეგ. ვინც სახლში რევოლუციებთან დამარცხდა (გერმანია და რუსეთი), ის დამარცხდა ომშიც.

1914 წლის აგვისტოში ფრონტისკენ მიმავალ ჯარებს გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე მიმართავდა: „თქვენ სახლში მანამდე დაბრუნდებით, ვიდრე ხეებს ფოთლები დასცვივდება…“. ომის დამთავრებამდე ხუთჯერ დასცვივდა ხეებს ფოთლები და ჯარისკაცთა დიდი ნაწილი სახლში ვერასდროს დაბრუნდა. აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს პუტინის გეგმები უკრაინაშიოთხდღიანი ომისთაობაზე.

ზემოთ უკვე ვახსენე ისტორიულად თუ რა ემართება რუსულ არმიას ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეტევითი ომის წარმოებისას და ეს დაემართა პირველ მსოფლიო ომშიც. როდესაც საზოგადოებას მკაფიოდ არ აქვს განსაზღვრული და დაჯერებული მისია, რომ ის მზადაა კონკრეტული ამოცანისთვის სიცოცხლე გასწიროს, ის ამ ომს წააგებს. რუსული საზოგადოებისთვის არ არის ეს ომი სასიცოცხლო საკითხი, ხოლო უკრაინელებისთვის არის.

გარდა ამისა, ისტორიულად, მომქანცველი ომი არის იმპერიის დეკოლონიზაციის დამაჩქარებელი მექანიზმი. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომამდე კანადაში საერთოდ არ არსებობდა საგარეო პოლიტიკის ცნება, ხოლო ინდოეთის მუსლიმთა უფლებების საერთაშორისო დონეზე გათვალისწინება უცნობი საკითხი იყო ბრიტანეთისთვის. იმპერიას მოუწია თავისი დომინიონებისა და კოლონიების სრული რესურსების ჩართვა ომში. ამიტომ, კანადასაც, ინდოეთსაც, ავსტრალიასაც, ზელანდიასაც და სხვებსაც პირველად გაუჩნდათ საკუთარი საგარეო პოლიტიკური ხედვები და ინტერესები. ამასთანავე, ხანგრძლივი ომით დასუსტებულ ცენტრს აღარ შეუძლია პერიფერიების/დომინიონების/კოლონიების ძველებურად მატერიალური უზრუნველყოფა და ირღვევა ცენტრსა და პერიფერიებს შორის ურთიერთსარგებელზე დამყარებული კონტრაქტი. სუპერავტორიტარულ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციები იმის პირველი ნიშანია, რომ მომდევნო წლებში პერიფერიების მოსახლეობას, შემდეგ ელიტასაც თავისი პოზიციები ექნება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

რა უნდა იყოს ომისშემდგომი რუსეთის მომავალი?

პირველ რიგში, ცივილიზებული კაცობრიობა უნდა შეთანხმდეს, რომ რუსეთმა ეს ომი პოლიტიკურად პირწმინდად წააგოს. შეიძლება სამხედრო ვერა, მაგრამ უნდა დაიდოს პოლიტიკური კაპიტულაცია.

ამის შემდეგ, უდავოდ, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და სომხეთი უნდა გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უშუალოდ რუსეთთან მიმართებით შეიძლება არსებობდეს ორი სცენარიმისი დაშლის ან გაკეთილშობილების.

ემოციურ დონეზე, მეტადრე საქართველოს გადმოსახედიდან, დიდი ცდუნებაა რუსეთის დაშლას დაუჭირო მხარი. მაგრამ ობიექტურად დავფიქრდეთ, რა მოხდება მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიაში? არ იქცევა ის სისხლისღვრისა და ექსტრემიზმის შედინების ბუდედ, რომელიც სამხრეთ კავკასიასაც შეუქმნის საფრთხეს? გავიხსენოთ, ერთი პოზიტივი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთმა უნებურად გაუკეთა საქართველოს, იყო ლეკიანობის დასრულება.

რა მოხდება ცენტრალურ აზიაში? ერთი მხრივ, რეგიონი ესაზღვრება ავღანეთს, მეორე მხრივ ჩინეთს. აქ ვაკუუმი არ დარჩება და მას ან ექსტრემისტული ძალები შეავსებენ ან ჩინეთი. მზად არის მსოფლიო ასეთი სცენარისა და მისი თანმდევი შედეგებისთვის?

რა მოხდება ურალს მიღმა მდებარე ათეულობით რესპუბლიკაში, რომლებიც მზად არ არიან დამოუკიდებლობისთვის? მათ ვინ დააყენებს ფეხზე?

ერთი სიტყვით, რუსეთის დაშლის შემდგომი სცენარისთვის მსოფლიომ იმაზე არანაკლები უნდა გაიღოს და არანაკლები სისხლი დაიღვაროს, ვიდრე ახლა უკრაინაში ხდება. მზად არის ამისთვის მსოფლიო?

ერთი ცალსახაა, ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ექსტრემისტული სცენარების განვითარების შემთხვევისთვის, საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავენ. ჯერჯერობით, ამ რეალობისგან შორს ვართ.

მეორე სცენარია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და მისი დემოკრატიზაცია. ბევრს ეს არარეალისტურად მიაჩნია, რადგან სწამთ რომ რუსეთი ვერ იქნება არაიმპერიალისტური. მე ბიოდეტერმინიზმის არ მჯერა და არ ვთვლი რომ ვინმე დაბადებით, დედის მუცლიდან არის იმპერიალისტი. მაგალითად, 1945 წლის მდგომარეობით გერმანული საზოგადოება უფრო მეტად იყო იმპერიალიზმით შეპყრობილი, ვიდრე ახლა რუსები არიან. შემდეგ მოხდა ის, რომ ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს ნაცისტები, ქვეყნის სათავეში მოვიდნენ კარგი მმართველები კონრად ადენაუერის თაოსნობით, ეკონომიკური აღმშენებლობისთვის გერმანიას მიეცამარშალის გეგმა“, განათლების სისტემაში სათანადოდ აისახა ნაციზმის სწავლება და 1960-იანი წლების მდგომარეობით რიგითი დასავლეთ გერმანელი უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე 1940 წელს. შესაბამისად, თუ ადამიანი დღეს უკეთ ცხოვრობს ვიდრე გუშინ, მას აღარ სურს წარსულში დაბრუნება.

შედარებისთვის, 1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, არც კომუნიზმის გასამართლება მომხდარა, არც რუსული იმპერიალიზმის და რუსულ საზოგადოებას ლიბერალური დემოკრატია მიეწოდა კლეპტოკრატიის, უკონტროლო კორუფციის, ოლიგარქიისა და ცხოვრების დონის საგრძნობი დაცემის სახით, რომელიც 1998 წლის დეფოლტით დაგვირგვინდა. ამაზე საზოგადოების ადეკვატური ინსტინქტი იყო წარსულში დაბრუნების სურვილი, როდესაც ადამიანების ცხოვრების დონე უფრო მაღალი იყო. ეს ჯერ იმით გამოიხატა, რომ 1996 წელს მოსახლეობის უმრავლესობამ, ფაქტობრივად, კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვს დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში და მხოლოდ მანიპულაციების შედეგად გაიფორმა გამარჯვება ელცინმა, ხოლო 1999 წლიდან პუტინს დააკისრა იმპერიის სიდიადის აღდგენის მისია.

თუ პუტინის პოლიტიკა კრახით დასრულდება, ომის დანაშაულებებისთვის ჰააგაში გასამართლდებიან პუტინიც დარაშიზმისსხვა ლიდერებიც, დასავლური მეთვალყურეობის ქვეშ ხელისუფლებაში მოვლენ ლიბერალები, დაფუძნდება კარგი მმართველობა, რუსეთს მიეცემა ეკონომიკური აღმშენებლობის რესურსები და სასკოლო დონეზე დაიწყება იმპერიალიზმის შესაბამისი სწავლება, ვფიქრობ რომ რუს ადამიანს შეუძლია შეირგოს უკეთესო ცხოვრების დონე, ვიდრე მას იმპერიალიზმი სთავაზობდა და ამ გზით საბოლოოდ თქვას უარი იმპერიაზე.

პრინციპში, რუსეთის სამეზობლოსთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, ორივე გზა (როგორც დაშლის, ასევე გარდაქმნის) მისაღებია. რაც მიუღებელია და რისი საფრთხეც არსებობს, ეს არის პუტინის ჩანაცვლება უფრო დახვეწილი, შედარებით უფრო ლიბერალური იმპერიალისტით, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობას დაალაგებს, მაგრამ კვლავინდებურად თავის ტკივილად დარჩება უშუალო სამეზობლოსთვის.


 

22.09.2022

ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი

ბექა კობახიძე 2019-2022 წლებში მუშაობდა დონბასში, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში.