საბა | სამი ნამუშევარი საუკეთესო პიესის ნომინაციიდან

რეკლამა

წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოება გაიმართება. 7 ნომინაციაში ფინალისტთა ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ წლის საუკეთესო პიესის კატეგორიაში 3 ნამუშევარი გამოარჩია:

დავით ფირცხალავა, „დიდი შესვენება“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)

სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ კლასელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. დროს უნდა მოეშუშებინა ძველი ჭრილობები, მაგრამ აქ, მათ საკლასო ოთახში ეს შეუძლებელია. ამ მერხებს ახსოვს სუსტის ჩაგვრა და ზღვარგადასული სისასტიკე. დათა ფირცხალავას პიესაში გზააბნეული ახალგაზრდები ცდილობენ, საკუთარი ბავშვობისთვის იძიონ შური.

დავით ფირცხალავა კინორეჟისორი, სცენარისტი და დრამატურგია. 2015 წელს რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“ ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში –  Pardi di domani საუკეთესოდ დაასახელეს. მისი სცენარის მიხედვით გადაღებული „მოირა“ კი 2015 წელს საქართველომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი  ფილმის ნომინაციაში წარადგინა. მისი მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „საშლელი“ 2018 წელს თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ალექს ჩიღვინაძე, „მარინა რევია“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)

მარინა რევიას თხუთმეტი წელია შვილები არ უნახავს – ციხეში იჯდა. თითქოს შვილები უნდა მიდიოდნენ და შემდეგ ბრუნდებოდნენ, აქ კი პირიქით: დედა დაბრუნდა. სახლი ზუსტად ისეთია, როგორიც ახსოვდა. ოჯახის წევრები კი შეიცვალნენ. დედის გამოჩენას არავინ ელოდა. მის მოსვლასთან ერთად თითქოს კარგად დავიწყებული წარსულიც ცოცხლდება: რა უნდა ახლა – დედა დაუძახონ? მისი გაკეთებული საჭმელი ჭამონ? ერთად იცხოვრონ როგორც ნორმალურმა ოჯახმა? დავიწყება და მოლოდინი, წყენა და მონატრება, ბრალდება და პატიება, ზიზღი და სიყვარული ერთმანეთს ცვლის და თანამედროვე ოჯახის ტრაგედიას გვიჩვენებს.

ალექს ჩიღვინაძის პიესა „ქალაქის მერის ცოლის საყვარელი“ 2013 წელს „საბას“ ჟიურიმ წლის საუკეთესო პიესად დაასახელა, ხოლო მისი პიესა – „თბილი ლუდი და ცივი ქალი“ (2011) რუსთაველის თეატრის კონკურსის, „ახალი ტალღის“ გამარჯვებულია. მას ეკუთვნის კიდევ ერთი პიესა „ოლიმპიური თამაშები“. გახლავთ ავტორი და თანაავტორი არაერთი პოეტური კრებულისა და საბავშვო ნაწარმოებისა.

მაკა კუკულავა, „მეორე ნახევარი“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი) 

ცარიელ სახლში ანა და სანდრო ერთმანეთს უკანასკნელად ხვდებიან. ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის, რა აქვთ სათქმელი, რას მალავენ და რას ვერ ელევიან 25 წლის განმავლობაში დაგროვილი შეცდომების ფონზე? ეს ღამე მათთვის დასასრულია, ან მეორე ნახევრის დასაწყისი. მაკა კუკულავას ახალი პიესა „მეორე ნახევარი“ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის უჩვეულოდ ღრმა და ფსიქოლოგიურად ზუსტ ანალიზს გვთავაზობს.

მაკა კუკულავა ეკუთვნის პიესა „საწოლში მირასთან“, იგი ასევე თანაავტორია პროექტისა „ორი ამბავი“, რომელიც თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში შეიქმნა, და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მაკა კუკულავას პიესა დაიბეჭდა თემურ ჩხეიძის სახელოსნოს პიესების კრებულში. 2011 წელს ლიტერატურული პრემია „გალაზე“ მისი „ადას კინო“ წლის სცენარად დაასახელეს.

პრემია „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“  – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.