საფრთხე ბიომრავალფეროვნებისთვის - სჭირდება თუ არა ლებარდეს საბაგირო გზა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელოში ლებარდეს კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. უწყების დავალებით, კომპანია „ბაუდიზაინი“ საბჭოთა კავშირის დროინდელი კურორტისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმას ამზადებს.

ლებარდეს კურორტი მარტვილის რაიონის მთიან ნაწილში, ეგრისის ქედის პირას მდებარეობს. ხეობაში გაშლილ რამდენიმე ათეულ შენობას ტყიანი ფერდობები აკრავს. კურორტის ჩრდილოეთით გაჭიმული ეგრისის ქედი კი, როგორც მკვლევრები ამბობენ, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილია. იქ ბინადრობს – დათვი, ჯიხვი, არჩვი, შურთხი, როჭო და სხვ. ლებარდეს გარშემო ფოთლოვანი ტყეა, რომელსაც იშვიათი სახეობის წიწვოვანი ხეები ენაცვლება – სოჭი, ნაძვი, ფიჭვი, უთხოვარი. ეს ადგილები ზურმუხტის ქსელისა და სამეგრელოს გეგმარებითი ეროვნული პარკის ნაწილია.

განაშენიანების ახალი პროექტი ლებარდეს კურორტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას აპირებს. აქ უნდა გაშენდეს – სასტუმროები, სანატორიუმები, ავტოსადგომი, სპორტული ობიექტები და საბაგირო გზა. სწორედ საბაგირო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეგრისის ქედზე მიმდინარე დამოუკიდებელი კვლევის ავტორებმა გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები გაუგზავნეს.

რის გაკეთებას აპირებენ ლებარდეს კურორტზე

უფრო კონკრეტულად, კურორტის სტრატეგიული განვითარების ხედვაში წერია, რომ კურორტი 6 ზონად დაიყოფა:

პირველი ზონა დაბალსართულიან სასტუმროებსა და სანატორიუმებს, მეორე ზონა, ე.წ. „ქარავანის“ კემპინგებს, მესამე ზონა სპორტულ ობიექტებს და მიწისქვეშა ავტოსადგომს უნდა დაეთმოს; მეოთხე ზონაში ტურისტული მომსახურების ცენტრი განთავსდება, მეხუთე ზონა სასტუმროებისთვის და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის იქნება განკუთვნილი, მეექვსე ზონაში კი ახალგაზრდული ბანაკის განთავსება იქნება შესაძლებელი. იქვე უნდა გაკეთდეს საბაგირო გზაც, რომელიც მაღლა, მთის წვერზე პანორამული ხედებისთვის იქნება განკუთვნილი.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მიმდებარე ტერიტორიებთან მიმართებაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ტურისტული მარშრუტები, პანორამული გადასახედები და ტურისტული ღირშესანიშნეობები,  საპროექტო ტერიტორიიდან მნიშვნელოვნად შემაღლებულ ტერიტორიებზე მდებარეობს.

.  იმისათვის, რომ გამარტივდეს მომიჯნავე ღირშესანიშნავ ადგილებთან კავშირი, სასურველია კურორტიდან საბაგირო ხაზის გაჩენა“, – ნათქვამია სტრატეგიული განვითარების ხედვაში.

განვითარების ხედვა, მთის წვერისკენ სამ სავარაუდო მიმართულებას განიხილავს, პანორამული ხედებითა და რესტორნის პროექტით. სამი ალტერნატივიდან ორი ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ ტურისტულ ბილიკებს დაუკავშირდება. ასე, ტბებისკენ მიმავალ მოლაშქრეებს, ტურისტული ბილიკის გარდა, საბაგიროთი მგზავრობაც შეეძლებათ.

ფოტო: ეგრისის ქედის ველური ბუნების კვლევა

რატომ ეწინააღმდეგება მკვლევართა ჯგუფი საბაგირო გზას?

მკვლევართა დამოუკიდებელი ჯგუფი წერს, რომ პროექტის ამ გადაწყვეტით გადაიკვეთება გლობალურად და ადგილობრივი სტატუსით მოწყვლადი სახეობების (დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, კავკასიური არჩვის, კავკასიური როჭოს და კავკასიური შურთხის) ხელსაყრელი საარსებო გარემო.

„საბაგირო გზა, თანმდევი შემაწუხებელი ფაქტორებით, ისევე როგორც ნებისმიერი მასშტაბური ხაზოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც შეიჭრება აღნიშნულ სივრცეში, იქნება მნიშვნელოვანი შეწუხების ფაქტორი, რაც ტერიტორიიდან განდევნის მოწყვლად სახეობებს“, – წერენ მეცნიერები.

ეგრისის ქედის მკვლევართა ჯგუფის წევრი ხატია ბასილაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, თუ, ერთი მხრივ, სამეგრელოსთვის მნიშვნელოვანია კურორტის რეაბილიტაცია, მეორე მხრივ, რამდენად საჭიროა მისი სწორი ფორმით განხორციელება ისე, რომ კურორტმა, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებით, ეს ბუნება არ დააზიანოს.

„ჩვენი ჯგუფი ერთი წელია ვახორციელებთ ეგრისის ქედზე კვლევას, სადაც საქართველოში პირველად დავაფიქსირეთ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი. ეს არის გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფი სახეობა საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით. ანუ უკიდურესად მნიშვნელოვანი ინდივიდია საქართველოს ბიომრავალფეროვნებისთვის.

საქართველოში ძალიან მცირე ადგილას შეგვიძლია მათი დაცვა, ყურადღების მიქცევა. ძალიან ცოტა ინდივიდია დარჩენილი, უკიდურესად ცუდი მდგომარეობა აქვთ და მათი აღმოჩენა ეგრისის ქედზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არადა, საბაგიროს აყვანა სწორედ იმ ადგილას იგეგმება, სადაც ეს ჯიხვი ბინადრობს. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი იქნება ეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველისთვის, რომლებიც ისედაც მუდამ შეშინებულია და იმალება“, – ჰყვება ხატია ბასილაშვილი „პუბლიკასთან“.

თუმცა არა მარტო ჯიხვები, ლებარდეს გარშემო საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვანი ცხოველებიც ბინადრობენ. სახეობები, რომელთა პოპულაციაც არ არის დიდი და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მაგალითად, არჩვი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით.

„იქ გავრცელებულია კავკასიური შურთხი და როჭოც. როჭოს მსოფლიო პოპულაციის 50%-ზე მეტი საქართველოში ბინადრობს. წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტერიტორიები ამ ფრინველებისთვის“, – ჰყვება ხატია.

 

  • როჭო
  • ჯიხვი 2
  • შურთხი
  • არჩვი
  • 01 /

ხატია ბასილაშვილი იმასაც ამბობს, რომ ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანის მიყენების გარეშეც, საბაგიროს ხაზის გაკეთება ამ ტიპის კურორტზე ისედაც ზედმეტია. ლებარდე, მგეგმარებელი კომპანიის მიხედვით, სათავგადასავლო ტურიზმისთვის კეთდება. ზურგჩანთიან ტურისტებს კი საბაგიროზე მეტად ბუნებასთან სიახლოვე და ავთენტური გარემო იზიდავთ.

„მე, როგორც ზურგჩანთიანი ტურისტი, საქართველოსა თუ უცხოეთში, როცა სადმე მივდივარ, საერთოდ არ ვითხოვ იქ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პირიქით, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ველური ბილიკები, რაც ბუნებაში არსებობს. მნიშვნელოვანია, არ შევეხო და არ შევაწუხო ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება.

ლებარდეში და ეგრისის ქედზე არაერთი ტურისტული ბილიკია, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება. ტობავარჩხილის ტბებზე აქტიურად დადიან ტურისტები და საერთოდ არ საჭიროებენ საბაგიროთი იქ ასვლას. ძალიან სასაცილო იქნება ტურისტისთვის, მოლაშქრისთვის, ლებარდეს ტობავარჩხილის ტბებზე საბაგიროთი ასვლა რომ შესთავაზონ“, – დასძენს ხატია ბასილაშვილი.

ფოტო: ეგრისის ქედის ველური ბუნების კვლევა

რა რეკომენდაციები აქვს მკვლევართა ჯგუფს

მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა, რომ ლებარდეს განაშენიანებამ ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება არ დააზიანოს. მათი რეკომენდაციები ასეთია:

ა) ალპურ ზონაში და ტყის ზედა ზოლში (1800 მ და ზემოთ) – გამოირიცხოს საბაგირო გზის გაყვანა და/ან სხვა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტებით შეჭრა. ტურისტებისთვის ველური ბუნების ხედებით ტკბობის უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია ისტორიულად არსებული დაბალი სირთულის საფეხმავლო ბილიკების საშუალებით – ყოველგვარი ინფრასტრუქტურული ჩარევის გარეშე.

ბ) სხვა ტერიტორიებზე (1800მ და ქვემოთ) – მნიშვნელოვანია თავდაპირველად დადგინდეს დაცული ტერიტორიის საპროექტო საზღვრები ამ პროცესში ჩართული მხარეების მიერ და მხოლოდ შემდგომ დაიგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები აღნიშნული საზღვრების გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნას აცილებული გარემოსათვის შეუქცევადი ზიანი.

გ) მოხდეს პროექტის კორექტირება იმგვარად, რომ კურორტის ინფრასტრუქტურა არ გავრცელდეს ველურ ჰაბიტატებზე და დარჩეს კურორტი ლებარდეს ისტორიულად არსებული განაშენიანების ჩარჩოებში.

დ) საპროექტო ტერიტორიის ტყის ზონაში, მოხდეს გავრცელებული ფაუნის სახეობათა დამატებითი დეტალური შესწავლა, რათა პროექტის განხორციელებისას ბიომრავალფეროვნებისთვის დამაზიანებელი აქტივობების შესარბილებლად დაიგეგმოს ქმედითი გადაწყვეტები.

content image
content image
content image

რას წერს გარემოს დაცვის სამინისტრო

საქართველოს კანონმდებლობით, კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (სგშ) ექვემდებარება. სგშ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედებას შეისწავლის.

ამ შეფასების მომზადებაში, პროცედურის ნაწილია სკოპინგის დასკვნის მიღება გარემოს დაცვის სამინისტროსგან. თავის მხრივ, სკოპინგი წარმოადგენს პროცედურას, რომელიც განსაზღვრავს სგშ-ი ანგარიშის მოსამზადებლად მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს.

სკოპინგის დასკვნას გარემოს დაცვის სამინისტრომ მკვლევართა ჯგუფის მიერ წარდგენილი შენიშვნებიც დაურთო.

დასკვნაში სამინისტრო მიუთითებს, რომ საბაგირო ხაზის ვარიანტების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ ბიომრავალფეროვნებაზე შესაძლო ზემოქმედების საკითხი.

ასევე მიუთითებს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმასა და სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტერიტორია  ემთხვევა „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ (ბერნის) კონვენციის შესაბამისად შექმნილ „ზურმუხტის ქსელის“ დამტკიცებულ საიტს (სამეგრელო 2 – GE0000057).

ზურმუხტის ქსელი საქართველოში – „ნაკრესის“ რუკა

„შესაბამისად, დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს, რომ დამტკიცებულ საიტზე საქმიანობის დაგეგმვის შემთხვევაში, საჭირო იქნება არსებულ სახეობებზე და ჰაბიტატებზე ზეგავლენის, ე.წ. მიზანშეწონილობის შეფასება, რათა გამოვლინდეს, მოსალოდნელია თუ არა იმ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა მითითებული საიტი“, – წერს გარემოს დაცვის სამინისტრო სკოპინგის დასკვნაში.

„ზურმუხტის ქსელში“ კი ლებარდეს განაშენიანების პროექტით, როგორც სამინისტრო წერს, 120 000 კვადრატულ მეტრამდე ტყის ფართობი ხვდება.

ხატია ბასილაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც შენიშვნები გამოაქვეყნეს, დაუკავშირდათ ორგანიზაცია, რომელიც ლებარდეს განაშენიანების პროექტზე მუშაობს. „ბაუდიზაინმა“ მოსაზრებების გაზიარების ინიციატივა გამოთქვა. მაგრამ შემდეგ კომპანიის თანამშრომლებს მკვლევრებთან ბიმორავალფეროვნებისადმი შესაძლო ზიანის თავიდან აცილებაზე არ უსაუბრიათ. თუმცა, ხატიას იმედი ისევ აქვს, რომ განაშენიანების გეგმაში მეცნიერთა პოზიციასაც გაითვალისწინებენ.

„იმედი გვაქვს, რომ მათთან კონსტრუქციული საუბრით მოხდება გარკვეული ალტერნატივის ჩამოყალიბება, ლებარდეს დასახლება არ გაცდება ისტორიულ საზღვრებს და არ შეიჭრება ველურ ბუნებაში“, – ამბობს ხატია ბასილაშვილი „პუბლიკასთან“.

ეგრისის ქედი – ფოტო: ეგრისის ქედის ველური ბუნების კვლევა