„სახელმწიფოს ვეხვეწები, გადაადგილებაში დამეხმარე" | უსინათლო სტუდენტების გზა სასწავლებლამდე

ნანუკა კოხოძე

„ყოველდღიურად მიწევს უნივერსიტეტში წასვლა, დედაჩემი დასაქმებულია, მყავს მარტო მამა, ვისაც ჩემი წაყვანა შეუძლია. თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ხშირად ვერ ახერხებს გარეთ გამოსვლასა და ჩემს სახლიდან გაყვანას. ამის გამო ხშირად მიწევს ლექციების გაცდენა, რაც  უარყოფითად აისახება ჩემს სწავლის ხარისხზე“, – უყვება „პუბლიკას“ 32 წლის სტანისლავ ციბულსკი, რომელიც უსინათლოა და პერსონალურ გამცილებელს სექტემბრიდან უშედეგოდ ეძებს.

მისი თქმით, უსინათლოებისთვის გარემო ადაპტირებული არ არის, რაც ერთი ადგილიდან მეორეში მისვლას ართულებს. უსინათლოების ნაწილი პერსონალური გამცილებლის სერვისს მიმართავს – ეძებენ ადამიანებს, რომლებიც მათთან ერთად დღის განმავლობაში გადაადგილდებიან. პერსონალური გამცილებლის პოვნა, უსინათლოების განცხადებით, რთული და გრძელი პროცესია. ზოგიერთი მათგანი პერსონალურ გამცილებელს თვეებია ეძებს.

„პუბლიკა“ დაინტერესდა და ამ სტატიის ფარგლებში შეეცადა, გაერკვია, რატომ აქვთ უსინათლო ადამიანებს პერსონალური გამცილებლის აყვანის პრობლემა, მაშინ, როცა ამისთვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამაც არსებობს და ბიუჯეტიდან 300 ლარიცაა გათვალისწინებული.

პროგრამის კრიტერიუმები, სტრუქტურული გაუმართაობა, ბიუროკრატია, სახელმწიფო უწყებებში ინფორმირებისა და კოორდინირების ნაკლებობა – ეს იმ პრობლემის არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც უსინათლოთა ნაწილი, შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად, გამცილებლის აყვანას ვერ ახერხებს.

უსინათლოთა პერსონალური გამცილებლის პროგრამა – რას ითვალისწინებს და როგორია ეტაპები

პროგრამა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამასთანაა მიბმული და უსინათლო სტუდენტებისა და დასაქმებულებისთვის პერსონალური გამცილებლის დანიშვნას გულისხმობს.

უსინათლოთა პერსონალურ გამცილებლად დასაქმებისთვის პირი, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეს სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში. აქ რეგისტრაციისთვის კი სხვადასხვა კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. კერძოდ, პროგრამის მონაწილე  უნდა იყოს 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს.

ე.წ. სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა 300 ლარით ანაზღაურებას ითვალისწინებს. მსურველები არ უნდა იყვნენ პარალელურად დასაქმებულები კერძო სექტორში ან თვითდასაქმებულები.

პერსონალური გამცილებლის დანიშვნისთვის პროცესები კი ასე გრძელდება:

გამცილებლის მაძიებელი უსინათლო მიმართავს უსინათლოთა კავშირს და აფიქსირებს პერსონალური გამცილებლის საჭიროებას.

უსინათლოთა კავშირში ივსება ბაზა, სადაც უსინათლოების შესახებ ინფორმაციაა მოცემული – მისამართი, ტელეფონი, სამუშაო ადგილი, სასწავლებელი და პერიოდი, როდესაც მას პერსონალური გამცილებელი სჭირდება. აღნიშნული ინფორმაცია უსინათლოსთვის შესაბამისი მუნიციპალიტეტის HR-ს ეგზავნება, ხოლო შემდეგ დასაქმების სააგენტო შესაბამის ვაკანსიას განათავსებს.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კანდიდატი გამოჩნდა – უსინათლოს,  გამცილებელსა და შესაბამის მუნიციპალურ გამგეობას შორის ფორმდება ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის დონეზე.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ გამცილებელს ანაზღაურების სახით 300 ლარს დასაქმების სააგენტო უხდის.

თუმცა, უსინათლოთა კავშირში ამბობენ, რომ აღნიშნულ ვაკანსიებს გამოხმაურება ხშირ შემთხვევაში არ მოჰყვება. არის შემთხვევები, როდესაც უსინათლოს თავად სთხოვენ შესაბამისი კანდიდატის მოძიებას. სთხოვენ, სხვადასხვა ონლაინჯგუფში განათავსონ პოსტები და კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში, მიაწოდონ ინფორმაცია.

„პუბლიკისთვის“ ცნობილია ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსინათლო სტუდენტმა, დაიწყო პერსონალური გამცილებლის ძებნა, იპოვა კიდეც კონკრეტული კანდიდატურა. თუმცა მხოლოდ ამის შემდგომ განუცხადეს, რომ შერჩეული კანდიდატურა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული. შედეგად, ეს ხანგრძლივი პროცესი კვლავ რამდენიმე თვით გაიწელა.

„პუბლიკამ“ შეკითხვებით დასაქმების სააგენტოსაც მიმართა. დავინტერესდით, რატომ ხდება ისე, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში დაახლოებით 200 000 ადამიანია ჩართული, თუმცა პერსონალური გამცილებლების მოძიება მაინც არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს პასუხების მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წესითაც მივმართეთ; საკითხზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ორი თვე ველოდეთ, მათგან ჩვენთან კომუნიკაციის ყველა ფორმაზე უარი მივიღეთ.

რატომ არის რთული პერსონალური გამცილებლის შერჩევა – კავშირის პოზიცია

„პუბლიკას“ უსინათლოთა კავშირის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირმა ბარაბაძე ეუბნება, რომ გამცილებლის საბოლოოდ შესარჩევად არაერთი გარემოების გათვალისწინება უწევთ, რაც, საბოლოო ჯამში, პროცესს აფერხებს. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამუშაო პროცესისა და ანაზღაურების შეუსაბამობა სახელდება.

ირმა ბარაბაძე იმასაც ამბობს, რომ პროგრამაში პერსონალური გამცილებლის ჩართვის პროცესი პროცედურულადაც რთულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, გამცილებლისა და უსინათლოს საცხოვრებელი ადგილები. ასევე გამცილებლისა და უსინათლოს ერთმანეთთან შეწყობა.

„იცით, როგორია, როცა ადამიანი სამას ლარად გამცილებლად მუშაობს? ეს არის ძალიან დიდი ქველმოქმედება. მესმის, სხვა სამსახური არა აქვს, სხვა სამსახური რომ ჰქონდეს, ამ პროგრამაში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ არც ეს სამასი ლარია იმხელა ხელფასი… ვინ იცის, დღის განმავლობაში ეს ადამიანი რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს ასრულებს თავისი ოჯახისთვის“, – ამბობს ირმა ბარაბაძე.

სტანისლავი გვეუბნება, რომ იმის გამო, რომ პროგრამა დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციასთანაა მიბმული, პროცესი კიდევ უფრო რთულდება. მისი თქმით, რამდენიმე კანდიდატურა მოუძებნია, თუმცა, სამწუხაროდ, არც კი მიუმართავს შესაბამისი უწყებისთვის, ვინაიდან კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს.

„ჩემი აზრით, ასეთი სახის შეზღუდვები, როცა გამცილებლების საჭიროება არის ძალიან მწვავე, ძალიან მავნეა. ან თვითონ ინსტიტუცია უნდა გვეხმარებოდეს გამცილებლის მოძიებაში, ან ეს ჩვენი საქმე უნდა იყოს. მაგრამ ამდენი შეზღუდვა და კრიტერიუმი, რომელიც ისედაც რთულ საქმეს გვირთულებს, ჩემი აზრით, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის გამცილებლის მოძიებას“, – ამბობს სტანისლავ ციბულსკი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბარაბაძე პრობლემურ საკითხთა შორის მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციასაც ასახელებს.

უსინათლოთა კავშირის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულებების გაფორმება სააგენტოსთან უსინათლოთა კავშირმა უნდა ითავოს, თუმცა, ბარაბაძის აზრით, მათ ამის უფლება არ აქვთ.

მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხშირად ისმენს პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ არაა გაწერილი წესები და არ იციან, როგორ უნდა აწარმოონ პერსონალური გამცილებლის პროგრამა.

„ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად ჩემთვისაც, თხუთმეტი მუნიციპალიტეტიდან, თორმეტი რომ გეუბნება, რომ ძალიან არ უნდა ამ ხელშეკრულების გაფორმება. ის კი არა, რომ ეს მისი მოვალეობა და ვალდებულებაა, თითქოს რაღაცას იძულებით აკეთებინებ, – ამბობს ბარაბაძე, – მკაცრად არის გაწერილი, რომ სამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების უფლება. ჩვენ [უსინათლოთა კავშირს] არ გვაქვს, თორემ, ჩვენ რომ გვქონდეს ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა და სახელმწიფომ ჩაურიცხოს გამცილებლებს თანხა, მშვენიერი იქნებოდა“.

მისი ცნობით, ამ ეტაპისთვის პერსონალური გამცილებელი 30 ბენეფიციარს ჰყავს, ხოლო 2 მოლოდინის რეჟიმშია.

ბარაბაძე იმასაც ამბობს, რომ პერსონალური გამცილებელი რეალურად უფრო მეტ უსინათლოს სჭირდება, ვიდრე ამას პროგრამა ითვალისწინებს.

„დასაქმებულებსა და სტუდენტებს, რა თქმა უნდა, ყველა მხრივ ხელშეწყობა სჭირდება. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც პურის მიმწოდებელი, ნაგვის გადამყრელიც არ ჰყავთ. ვერ ახერხებენ გარეთ გასვლას. ასეთი თბილისში დაახლოებით ორმოცდაათამდე იქნება. სულ რომ ორასი იყოს, ნახევარსაც არ დასჭირდება [გამცილებელი] რეგულარულად და ყოველდღიურად, რაც არ იქნება დიდი ტვირთი“, – ამბობს ბარაბაძე.

სამომავლო რეფორმა

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კანონით უფრო სისტემატიზებული სერვისის ამოქმედებას ითვალისწინებს – საუბარია პერსონალური ასისტენტის სერვისზე, რომლის დანერგვის ვალდებულებას შშმ პირების უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ვხვდებით.

აქტივისტები ამბობენ, რომ სერვისის ამოქმედება მრავალჯერ გადაიდო და შიშობენ, რომ შეიძლება, კიდევ გადაიდოს.

რა არის პერსონალური ასისტენტის სერვისი – კანონში ვკითხულობთ, რომ ესაა სერვისი, რომელიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით; აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში წერია, რომ ჯანდაცვის  სამინისტრომ 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცება.

რაც შეეხება მუნიციპალურ დონეზე საკითხის მოწესრიგებას (მოცულობის განსაზღვრა, წესების შემუშავება – სერვისის მიწოდება), ამისთვის მათ ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე აქვთ განსაზღვრული.