სამწუხაროა, რომ ეს შენობა იქნება 21-ე საუკუნის თბილისის სახე - ამაშუკელი მელიქიშვილზე დაგეგმილ მშენებობაზე

ქრისტინე მუჯირი

მელიქიშვილის გამზირზე, #5-ში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის გვერდით კომპანია შ.პ.ს Bolero & Company მრავალფუნქციური დანიშნულების 7-სართულიანი შენობის ჩადგმას გეგმავს.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ვიგებთ, განმცხადებელი ითხოვს, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა პროექტი შეითანხმოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ესკიზი თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ უკვე მოიწონა. თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროს სრული არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული არაა და ჯერ მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა.

მელიქიშვილის გამზირზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური არქიტექტურული პროექტი მერიამ პირველად 2015 წლის აგვისტოში მოიწონა და მის მშენებლობაზე თანხმობა გასცა. მაგრამ 2019 წლის დეკემბერში კომპანიამ კვლავ მიმართა არქიტექტურის სამსახურს, სადაც ითხოვდა მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის ახალი ესკიზის შეთანხმებას. კომპანიამ ძველი ესკიზი და პროექტი შეცვალა.

ბოლო განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს – 1587 კვ.მ-ს. საპროექტო შენობის სიმაღლე შეადგენს 25.55 მ-ს, არის 9-სართულიანი, მისი ორი სართული მიწის ქვეშაა.

მისი მთავარი არქიტექტორია ლაშა ცინცაძე, ხოლო თანაავტორები – მანუჩარ მახათაძე, ვახტანგ ამისულაშვილი და ირაკლი კვარაცხელია.

კომპანია  Bolero & Company-ის 100%  წილის მფლობელი ვახტანგ კაჭრიშვილია. ხოლო კომპანიის დირექტორი თორნიკე ბექაური.

ვახტანგ კაჭრიშვილს აქვს ორმაგი მოქალაქეობა. ის რუსეთის მოქალაქეცაა. რეესტრის მიხედვით, კაჭრიშვილი რუსთაველზე მდებარე სასტუმრო „ივერია ინ“-ის 30%-იანი წილის მფლობელია.

როგორც Bolero & Company-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ის წარმოადგენს საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები: შპს „გრუზვინპრომი“  შპს „კ და ქართული სპირტი“, შპს „უნივერსალ სპირიტსი“ და ფოთის პორტის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია.

„პუბლიკა“ ესაუბრა ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელს. დარგის სპეციალისტი ეწინააღმდეგება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე ამგვარი ობიექტის მშენებლობას  და აცხადებს, რომ საჭირო იყო მეტი სიფაქიზე, როგორც არქიტექტორის, ისე თბილისის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსა (რომელმაც ესკიზი მოიწონა) და მერიის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან.

„ამ შენობის ზომა და წონა შესაფერისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მასშტაბის ობიექტის დადგმის შესაძლებლობას იძლევა თვითონ გამზირი, ის კიდევ უფრო აჭარბებს ამ მასშტაბს.

თუმცა მხოლოდ მასშტაბი არ არის არქიტექტურა და მხოლოდ მასშტაბში არ არის პრობლემა. შენობის არქიტექტურული სტილი, კომპოზიციური გადაწყვეტა, თუ როგორ მიმართებაშია შენობა გამზირთან, ფილარმონიასთან – ეს ყველაფერი არის ძალიან გაუზრებელი, საეჭვო არქიტექტურული ჩანაფიქრი. ეს რენდერზეც კი პრობლემურია. წარმომიდგენია, როგორი იქნება, როცა მშენებლობა დასრულდება. როგორც წესი, რენდერზე რაც არის, ის აშენებული ვარიანტის ნახევარია, რადგან მშენებლობის ხარისხი ძალიან დიდი პრობლემაა“,- განაცხადა ამაშუკელმა.

ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი აცხადებს, რომ საჭიროა ასეთ პროექტებთან მიმართებაში იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტად იყვნენ ჩართულნი დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება ქალაქისთვის უფრო მომგებიანი იყოს.

„მსგავს ადგილებში აუცილებელია გამოცხადდეს კონკურსი, რადგან ეს არ არის ერთი კონკრეტული ინვესტორისა და ერთი კონკრეტული არქიტექტორის ობიექტი, ის ეკუთვნის მთელ ქალაქს. უცნაურია, რომ ამის შესახებ ბოლოს ვგებულობთ“,- ამბობს ის.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ მხოლოდ ესკიზია შეთანმხებული, შესაძლებელია უკან დაბრუნება და პროექტის გადახედვა, თუმცა ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება.

ამაშუკელი ასევე საუბრობს მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს პასუხისმგებლობის შესახებაც. მისი თქმით, საბჭო ერთხმად თანხმდება და ყოველგვარი განმარტების გარეშე იწონებს ესკიზს, სინამდვილეში კი მათ აქვთ პასუხიმგებლობა, რომ ახსნან, თუ რატომ იწონებენ ესკიზს.

„ძირითადად, ჩვენი, სპეციალისტებისა და მედიის კრიტიკის სამიზნე არის მერია, არქიტექტურის სამსახური. რა თქმა უნდა, ეს სწორია, მათ აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ უკვე დროა მივმართოთ საბჭოს წევრებს. მსგავსი შემთხვევების დროს საბჭომ უნდა გააკეთოს განცხადება და დაასაბუთოს, რატომ მიიღო ეს გადაწვეტილება, რატომ არის ეს შენობა ასე ცალსახად მისაღები მათთვის“, – თქვა ამაშუკელმა.

ამაშუკელის თქმით, აღნიშნული შენობა გახდება ქალაქის სახე და ის წარმოაჩენს, როგორია თბილისის 21-ე საუკუნის არქიტექტურა.

„არქიტექტურაში აისახება, თუ რა ღირებულებების, ფასეულობების ადამიანები ცხოვრობენ ქალაქში. ეს არქიტექტურა კი კარგად გვახასიათებს ჩვენ“.