საქართველოს უსაფრთხოების ეგზისტენციური საჭიროება - სწორხაზოვნებიდან მოქნილობისკენ

ბექა კობახიძე

1921 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი და საქართველოს კარგი მეგობარიპოლკოვნიკი კლოდ ბეიფილდ სტოქსი საკუთარ საგარეო საქმეთა სამინისტროს სწერდა, რომ საქართველოში დაიწყო საბჭოთა რუსეთის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. მან იცოდა რომ დასავლეთს ომში ჩართვა არც შეეძლო და საკმარისი ნებაც არ ჰქონდა. ამიტომ, ის ერთადერთ შესაძლო გამოსავლად საგარეო მინისტრ კერზონს სთავაზობდა, რომ დასავლეთს მიეღწია შეთანხმებისთვის თურქეთთან, რათა ამ უკანასკნელს დაეცვა საქართველო რუსული აგრესიისგან.

22-23 თებერვალს ჟორდანიამ ტელეგრამები გაუგზავნა პარიზში მყოფ საქართველოს ელჩსაკაკი ჩხენკელს. ინსტრუქცია იმეორებდა სტოქსის ნააზრევსჩხენკელს უნდა დაერწმუნებინა დასავლეთის ქვეყნები, რომ ამ უკანასკნელთ თურქეთი საქართველოს დახმარებაზე დაეყოლიებინათ.

რეალპოლიტიკის გათვალისწინებით, ეს მართლაც ერთადერთი სწორი გზა იყო, მაგრამ ქმედებაძალზე დაგვიანებული. 1921 წლის მდგომარეობით დასავლეთი თანაბრად მტრობდა საბჭოთა რუსეთსაც და ქემალისტურ თურქეთსაც, რაც ამ ორს გაერთიანებას აიძულებდა. სტოქსისა და ჟორდანიას აზრით, ანტანტას უნდა ეღიარებინა მუსტაფა ქემალის (ათათურქის) ხელისუფლება და მისთვის რეგიონული მოკავშირის სტატუსი მიეცა, რაც ამ უკანასკნელს ჩამოაშორებდა ლენინთან მოკავშირეობისგან.

ეს უნდა მომხდარიყო საქართველოს ოკუპაციამდე წლით ადრე მაინც. დაგვიანდა. როდესაც სტოქსი და ჟორდანია ამ წერილებს წერდნენ, ამ დროს მოსკოვში მიმდინარეობდა რუსეთთურქეთის მოლაპარაკებათა პროცესი, სადაც ისინი კავკასიას იყოფდნენ მოლოტოვრიბენტროპისეული იმპერიული შეთანხმებით.

და აი ახლაც გვაქვს ვითარება, როდესაც რუსეთი მზად არის შიშველი ძალით იმოქმედოს იმპერიის აღსადგენად, ხოლო დასავლეთი მზად არ არის სამხედრო ძალით დაიცვას დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიმათ შორის საქართველო.

რა ვქნათ? ნატოში ინტეგრაცია და დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება იდეალური გამოსავალია, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოება სჭირდება არა წლების შემდეგ, არამედ აქ და ახლა. დასავლეთის უალტერნატივობა და რეგიონული უსაფრთხოების პროექტების არ არსებობა, სამწუხაროდ, უკვე სწორხაზოვან პოლიტიკად მოჩანს და დაცულობისთვის მეტი მოქნილობაა საჭირო.

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომმა დაადასტურა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის. უფრო აღმოსავლეთით, კერძოდ კავკასიაში, მისი როლი ძალიან შეზღუდულია. ეს იგრძნო საქართველოს ხელისუფლებამაც და იმდენს უბედავენ დასავლეთს, რამდენსაც არავინ აქამდე საქართველოს უახლეს ისტორიაში. არათუ რუსეთს, არამედ ქართულ ოცნებასაც ვერ უბრუნებს დასავლეთი სათანადო პასუხს.

ოპტიმისტებმა შეიძლება თქვან, რომ ნატოსთვის შავი ზღვის აუზი პრიორიტეტი ხდება და ასე შეიძლება მივებათ რამე უსაფრთხოების პაკეტს. თუმცა ამაზე მე მაქვს რამდენიმე კითხვა: რას ვუშვრებით მონროს ხელშეკრულებას, რომელიც ზღუდავს შავი ზღვის გარეთ მდებარე სახელმწიფოების ფლოტის პერმანენტულ განლაგებას შავ ზღვაში? ეს საკითხიც რომც დარეგულირდეს, როგორ დაიცავს შავ ზღვაში განლაგებული ნატოს ფლოტი თბილისს როკის გვირაბიდან წამოსული რუსული ურდოებისგან? ალბათ, ვერ დაიცავს.

ამ რეალობაში, ვინ შეიძლება იყოს მზად დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება, მისივე ინტერესიდან გამომდინარე? იმავე ყარაბაღის მეორე ომმა აჩვენა, რომ თურქეთი სერიოზული რეგიონული მოთამაშეა. მისით ზურგგამაგრებული აზერბაიჯანი, ახლა, ამ დღეებშიც ბომბავს რუსი სამშვიდობოების სამოქმედო არეალში მყოფ სომხების სამხედრო პოზიციებს, მკაფიო გზავნილებით ელაპარაკება რუსეთს, მაგრამ ეს უკანასკნელი სათანადო პასუხს ვერ უბრუნებს.

რუსული აგრესიის შემთხვევაში, რა შეიძლება იქცეს საქართველოს ჰუმანიტარულ და სამხედროპოლიტიკურ სასიცოცხლო ხაზად? აი იმად, რაც პოლონეთია უკრაინისთვის. რუსული ბაზები ქვეყნის მთავარი ავტობანიდან რამდენიმე ასეულ მეტრში არიან განლაგებული და აგრესიის შემთხვევაში ისინი რამდენიმე წუთში მოწყვეტენ თბილისს გარე სამყაროს. ასეთი სცენარისთვის, საქართველოს სჭირდება თბილისის სამხრეთიდან თურქეთისკენ და ბათუმისკენ მიმავალი ყველა სეზონზე მოქმედი რამდენიმე ტრასა, ხოლო ბათუმი უნდა იქცეს საქართველოს მომარაგების დაცულ ჰაბად, „ქართულ ლვოვად“, სადაც ნატოს ფლოტი განლაგდება აგრესიის შემთხვევაში.

თუ გვერდზე გადავდებთ, დიდწილად, საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ დამკვიდრებულ ფობიებს, დავინახავთ, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, თურქეთი იყო საქართველოს ერთერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და ქართული შეიარაღებული ძალების მოდერნიზატორი. აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან სავაჭრო ურთიერთობების შესანარჩუნებლად, რუსეთთან ბუფერისთვის, კასპიის ენერგომატარებლების მისაღებად თურქეთს სჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ოღონდ საქართველოსაც უნდა უნდოდეს მასთან უსაფრთხოების მიმართულებით შეკავშირება.

გასაგებია, რომ 1992 წლიდან თურქეთის ხელისუფლებაში იყვნენ ქემალისტები, რომლებიც რეგიონში მოქმედებდნენ, როგორც ნატოს, ესე იგიკოლექტიური დასავლეთისნაწილები, ხოლო ახლა ქვეყნის სათავეში ნეოოტომანისტი ერდოღანია. ეს ფაქტორი ეჭვებს აძლიერებს და ნდობას ასუსტებს, მაგრამ მისი ცხრამეტწლიანი მმართველობის მანძილზე არ გვქონია რომელიმე მეზობელი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის ან გრძელვადიანი ოკუპაციის პრეცედენტი. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, თურქეთი არ ცდილობს გრძელვადიანად დაიკავოს ტერიტორიები, რომელიც არ წარმოადგენს თურქი ხალხის განსახლების არეალს.

ფაქტი არის შემდეგი: რუსეთი კავკასიაშია, ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება შემოიჭრას საქართველოში და დღეის მდგომარეობით თურქეთი ჩანს ყველაზე მზად რუსეთის სამხედრო ამბიციების დასაბალანსებლად.

თურქეთი გამოჩნდა ცენტრალური აზიის უსაფრთხოების კონფიგურაციაშიც და ყაზახეთს აწვდის სამხედრო დრონებს („ბაირაქტარებს“), მაგრამ აქ უკვე მთავარი მოთამაშე ჩინეთია. რუსეთის აგრესიით შეშინებული ყაზახეთი მას მიეკედლა და პრეზიდენტმა თოყაევმა პუტინთან პირისპირ საჯარო შეხვედრაზე მოახერხა რუსული ამბიციებისთვის უარის თქმა, რომ ის არასდროს აღიარებს რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიას. რუსეთმა ყაზახეთს ნავთობის ექსპორტისთვის დერეფანი შეუზღუდა, მაგრამ თოყაევმა მყისვე დაიწყო კასპიისა და კავკასიის გავლით ნავთობის გატარებაზე საუბარი, რამაც კრემლს უკან დაახევინა. ეს ყველაფერი ხდება ჩინეთის ზურგით, რომელიც რუსეთზე ბევრად ძლიერია და რომელიც რუსეთს ძალიან სჭირდება, მეტადრე დასავლური სანქციების პირობებში.

ჩინეთი სავაჭრო იმპერიაა. ის ცდილობს ინდოეთის, წყნარ და ატლანტის ოკეანის აუზებში სხვადასხვა აზიური თუ აფრიკული პორტების ხელში ჩაგდებას და სავაჭრო გზების მონოპოლიზებას. თვალშისაცემია მისი დაინტერესება კავკასიური დერეფნით, მისი ჩართულობა საქართველოზე გამავალი ავტომაგისტრალის მშენებლობაში. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩინეთი უკვე რკინიგზით უკავშირდება საქართველოს და ქართული პორტებით შეუძლია საქონლის ექსპორტი. აქ შემოდის მისი დაინტერესება ანაკლიის/ყულევის პორტით. ამ უკანასკნელის ჩინეთის ხელში გადასვლა წინააღმდეგობაში მოდის როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის ინტერესებთან. რუსეთის იმიტომ რომ ჩრდილოელ მეზობელს მონოპოლისტობა სურს შავ ზღვაზე, ხოლო ამერიკა ებრძვის ჩინურ სავაჭრო მონოპოლიას აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. თუმცა, საქართველოს ინტერესია ჩინეთმა კავკასიის გავლით ააწყოს თავისი მძლავრი საექსპორტო ინფრასტრუქტურა, რეგიონი მისთვის გახდეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მან არ დაუშვას რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია. მაღალი ალბათობით, საქართველოს გამო ჩინეთი რუსეთთან არ იომებს, მაგრამ ამის იქითაც ბევრი შემაკავებელი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი აქვს ჩრდილოური იმპერიის ამბიციების შესაკავებლად. ასე ურთიერთობენ ისინი ცენტრალურ აზიაშიც.

საქართველოს, როგორც იმპერიათა გზაჯვარედინზე მყოფ პატარა ქვეყანას, ბალანსის პოლიტიკა საუკუნეების მანძილზე ხვედრად დასდევს. მოცემულ ვითარებაში უსაფრთხოების სისტემებისა და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციას ალტერნატივა არ აქვს.

კავკასიასა და საქართველოში ჩინეთის როლის ზრდა სტრატეგიულ პარტნიორთანამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობათა გართულებას გამოიწვევს, მაგრამ როგორც ბევრგან, კონკურენცია აქაც კარგია. აშშს გაუჩნდება მოტივაცია მეტი გააკეთოს რეგიონში და უფრო ქმედითად იმუშაოს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ეს შეიძლება იყოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარება ან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ამერიკული ბაზების განლაგება, სამხრეთ კორეული ან 1979 წლამდელი ტაივანური მოდელით.

საქართველოს პოზიცია ლეგიტიმურია: მას სურს უალტერნატივოდ დასავლეთისკენ სვლა, მაგრამ სანამ არ იქნება უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფა, მანამდე ქვეყანა იძულებულია ყველა გზა ეძებოს – „მეტი მეტისთვის“ – ეს უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორებისადმი საქართველოს შეთავაზება.

სად დგას ახლა ამერიკა და საიდან უნდა დავძრათ ის? საკითხი უნდა დავინახოთ ზოგადი დასავლური პოლიტიკის პრიზმიდან. გერმანიამ შროდერის კანცლერობის დროს დაიწყო და მერკელის მმართველობის ბოლომდე გააგრძელა შემდეგი პოლიტიკა: 

  • ერთი მხრივ, ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში;
  • მეორე მხრივ, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაახლო საზღვარგარეთში“ (ближнее зарубежье). აქ შედიან საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც. ეს პოლიტიკა ამ ქვეყნებს წლობითნაცრისფერ ზონაშიამყოფებდა. ანუ, გერმანიის ვეტოს გამო, ისინი ვერც დასავლეთის სრულფასოვანი წევრები ხდებოდნენ და არც რუსეთის პირდაპირი გავლენის ზონებად ითვლებოდნენ. „ნაცრისფერ ზონაშიცხოვრება მათ სწირავდა არასტაბილურობისა და ბუნდოვანი მომავლისთვის.
  • ამის დასაბალანსებლად, გერმანია იყო ერთერთი მთავარი დონორი საქართველოსა და უკრაინისთვის. თუმცა, ამ ქვეყნებს დოტაცია არ სჭირდებოდათ. მათ ერჩივნათ, რომ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წყალობით, მოეპოვებინათ უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა;
  • გერმანია უკანმოუხედავად ჩაერთო რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. რუსეთში 21 მილიარდი ევროს ოდენობის პირდაპირი გერმანული ინვესტიცია იყო 2022 წლის დასაწყისის მდგომარეობით. გერმანია, და მის კვალდაკვალ ნახევარი ევროპა, გახდა რუსულ გაზზე დამოკიდებული. შედეგად, პუტინმა დააგროვა 600 მილიარდი დოლარი სავალუტო რეზერვი, რომლის მესამედი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია მისთვის და იყენებს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. ასევე, ომს აფინანსებს ევროპაში ენერგოპროდუქტების გაყიდვის შედეგად ყოველდღიურად მიღებული მილიარდი დოლარი. თუმცა, გერმანიაში მერკელის მმართველობის ბოლო დღემდე თვლიდნენ რომ რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაცია ამ უკანასკნელს აგრძნობინებდა ვაჭრობით მიღებულ სარგებელს და რუსეთი უარს იტყოდა ფართომასშტაბიან საგარეო აგრესიაზე. უფროწვრილიდა რეგიონული მასშტაბის კონფლიქტების (აფხაზეთი, ცხინვალი, დონბასი, ყირიმი) მენეჯმენტს დასავლეთი ახერხებდა ისე, რომ ეს მას არ შეხებოდა.

ეს გათვლა ეფუძნებოდა ილუზიას რომ თითქოს რუსეთში უფრო მაღალი პრიორიტეტი იყო ცხოვრების დონე, ვიდრე იმპერიის საზღვრები. ეს გახლდათ პუტინის რუსეთის საარაკო არ ცოდნა და ვერ გაგება.

უფრო მეტიც, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ მიუნხენის 2022 წლის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ახალმა კანცლერმა შოლცმა საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ფაქტობრივად მხარი დაუჭირა პუტინისეულმულტივექტორულ მსოფლიოს“, ევროკავშირი დაახასიათა ელიტურ კლუბად, სადაც ყველა ვერ შევიდოდა და ქართველებს და უკრაინელებს ადგილი ისევნაცრისფერ ზონაშიმიუჩინა.

ახლა პუტინმა გერმანია ძალით გააღვიძა და აიძულა ის მთლიანად გადაეხედა საკუთარი პოლიტიკისთვის. ბუნდესვერზე 100 მილიარდი ევრო დაიხარჯება, უსასრულოდ გადაიდო ნორდსტრიმ ორის გახსნის საკითხი და სანანებლად არის გამხდარი ატომური ელექტროსადგურების დახურვა. მწვანე გარემოზე ზრუნვა ზამთრის სიცივისა თუ სამხედრო აგრესიის შიშმა ჩაანაცვლა და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია.

გერმანიის პოლიტიკას 2001-2008 წლებში უპირისპირდებოდა ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაცია. ამერიკას სურდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაეგრძელებინა, მაგრამ ის 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე მერკელთან დამარცხდა. 2009 წლიდან ხელისუფლებაში მოსული ობამას ადმინისტრაცია თავადაც გადაეწყო მერკელის რუსულ პოლიტიკაზე და ასე იშვაპერეზაგრუზკისპოლიტიკა, რაც 2014-15 წლებში უკრაინული მიწების ოკუპაციაანექსიით დასრულდა.

2008 წელს პუტინმა დასავლეთი დაარწმუნა, რომ სააკაშვილი ემოციური კაცი იყო, რომ მან რუს სამშვიდობოებს ესროლა, რომ ქართველებს ჰქონდათ პრობლემები ოს მოსახლეობასთან და ა.. თუმცა, რუსული სახელმწიფო ნარატივის მტკიცებით, ეს რეგიონული პრობლემები იყო, დასავლეთს არ ეხებოდა და მასთან ძველებურად უნდა გაგრძელებულიყო ვაჭრობა, ახალი გაზსადენების მშენებლობა და ა..

2014-2015 წლებში დაარწმუნა, რომ უკრაინის საკითხიც რეგიონული პრობლემაა, ის დასავლეთს არ ეხება. პრობლემებია რუსულ ენასთან, რუსულ უმცირესობასთან და ა.. შედეგად, მიუხედავად დონბასის ნაწილის ოკუპაციისა და ყირიმის ანექსიისა, ისევ გაგრძელდა ვაჭრობა და აღებმიცემობა.

თუმცა, 2021 წლის ბოლოს მოხდა თვისობრივად ახალი რამ: რუსეთმა ნატოს მოსთხოვა ჯარები გაეყვანა 1997 წელს არსებულ დისლოკაციებზე და ყველა მომდევნო წევრის მიღება მასთან შეეთანხმებინა. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავდა ნატოს დაშლის მოთხოვნას და ქმნიდა დასავლეთის, როგორც ღირებულებითი ერთობის, ეგზისტენციალურ საფრთხეს. ანუ, პირველად ისტორიაში, პუტინმა დასავლეთს უთხრა რომ ეს არა უკრაინას, არამედ მას ეხება. ეს იყო ცივი შხაპი და ამან გამოიწვია უკრაინის გარშემო მობილიზება.

ახლა დასავლეთსა და რუსეთს შორის ფრონტის ხაზი გადის უკრაინაზე, ხოლო საქართველო ფრონტის ხაზს მიღმაა დარჩენილი, რუსულ მხარეს. როგორც შედეგი, საქართველოს ხელისუფლებამ გეზი აიღო ანტიდასავლურ რიტორიკაზე, უარი თქვა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე და დღეს ერთადერთი პოლიტიკაა ისედაუწვესრუსეთს, რომ მას აღარ მოუნდეს ქვეყნის დაპყრობა. ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელიც მხოლოდ რუსეთის კეთილი ნების ამარა ტოვებს საქართველოს, ხოლო ისტორიიდან ჩვენ კარგად ვიცნობთ რუსეთისკეთილ ნებას“.

ამიტომ, გასაგებია მოცემულ მომენტში დასავლეთის არაქმედითუნარიანობა კავკასიის რეგიონში, მაგრამ ეს ვერაფრით გამოდგება სწორხაზოვანი პროდასავლური პოლიტიკიდან სწორხაზოვან პრორუსულ პოლიტიკაზე გადასვლის გამართლებად. დასავლეთთან და პირველ რიგში აშშსთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში უნდა ჩაერთონ თურქეთი და ჩინეთი. საქართველოს შეუძლია მათი დაინტერესების შემდგომი პროვოცირება და რეგიონში დიდ მოთამაშეთა შორის კონკურენციის გაზრდა.

ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი