სარგებელი თუ კრიზისის წინაპირობა | რუსი მიგრანტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

პუბლიკა

პუტინის ომს, სამხედრო მობილიზაციასა და დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ კრიზისს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები თავს მეზობელ სახელმწიფოებს აფარებენ. გამოცემა Washington Post-ის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი, სულ მცირე, 500 000-დან ერთ მილიონამდე მოქალაქემ დატოვა.

მიგრანტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად, უვიზო რეჟიმისა თუ სხვა მრავალი ხელსაყრელი ფაქტორის გამო, საქართველოც იქცა. 24 თებერვლის შემდეგ რუსები ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს მოაწყდნენ, რამაც საქართველოს მსგავს პატარა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ომის დაწყების შემდეგ მიგრანტებმა აქტიურად დაიწყეს იმის გარკვევა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში და რა გზის გავლა მოუწევთ აქ ჩამოსასვლელად თუ დასამკვიდრებლად.

რუსი მიგრანტის მიერ „ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჩათში დაწერილი ეს ტექსტი პლატფორმა Data For Crisis-ის მონაცემებიდანაა.  სოციალური მიყურადების მექანიზმზე დაყრდნობით  შექმნილი სისტემა, ხშირ შემთხვევაში, იმაზე მეტს გვიამბობს,  თუ ვინ არიან  და რას საქმიანობენ საქართველოში შემოსული რუსი მიგრანტები, ვიდრე რიცხვები და სტატისტიკა – ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიგრანტების აქტივობებს აკვირდება და მათი დისკუსიის ანალიზსს გვთავაზობს. საბოლოოდ, დამუშავებული სტატისტიკა, პერსონალური მონაცემების სრული დაცვით, Data For Crisis-ის პლატფორმაზე ქვეყნდება.

როგორ და რამდენმა რუსმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი

მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მხოლოდ გასულ წელს რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის 1 400 000 კვეთა დაფიქსირდა. 2022 წელს, ჯამში, საქართველოში რუსეთის 869 874 მოქალაქე შემოვიდა და 809 873 გავიდა. 2023 წელს კი საზღვრის გადმოკვეთა, დაახლოებით, 137 000-მა რუსმა შეძლო.

„ვიცით, რომ საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება. შეიძლება რუსეთის მოქალაქე დღეში 3-ჯერ და 5-ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს საზღვარზე“, – განაცხადა მინისტრმა.

დიდი ოდენობით მიგრანტების შემოსვლაზე Data for crisis-ის მონაცემებიც მეტყველებს – ომის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში მათი პოსტების რაოდენობამ, მინიმუმ, 4-ჯერ მოიმატა. მაგალითად, 2021 წლის თებერვლიდან ომის დაწყებამდე პერიოდში პოსტების რაოდენობა 575 990 იყო, ხოლო ომის დაწყების დღიდან 2023 წლის თებერვლამდე მაჩვენებელი 2 430 790-მდე გაიზარდა.

საქართველოში მყოფი რუსი მიგრანტები, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებენ მათ, ვინც აქ ჩამოსვლასა და ცხოვრებას გეგმავს. პოსტებში სანქციებსა და ბიუროკრატიულ სისტემასთან მარტივად გასამკლავებელ ხრიკებსაც შეხვდებით.

 

ვინ არიან საქართველოში მყოფი რუსი მიგრანტები

რუსეთიდან შემოსულები სხვადასხვა პროფესიისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის გამო, მათი დეტალური ინფორმაციის მოგროვება კი რთულია.

გასულ წელს გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) პარტნიორობით, საქართველოში რუსი და ბელარუსი მიგრანტების სოციოლოგიური კვლევა მოამზადა, რომელიც  2022 წლის ივლისამდე ჩაწერილ 366 ინტერვიუს ეყრდნობა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში შემოსული მიგრანტების დიდი ნაწილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო სექტორში საქმიანობს და მათი უმეტესობა უცხოური კომპანიებისთვის მუშაობს. გამოკითხვაში ჩანს, რომ მიგრანტების ოჯახების თვიური საშუალო შემოსავალი 2,600 დოლარს შეადგენდა, ხოლო საშუალო ხარჯები – 1,600 დოლარს.

როგორც ჩანს, გამოკითხულ მიგრანტთა დიდი ნაწილი მაღალანაზღაურებად სფეროში საქმიანობს და ხელფასს საზღვარგარეთიდან იღებს. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ ქართულ დასაქმების ბაზართან ადაპტირება არ გასჭირვებიათ ან საერთოდ არ დასჭირვებიათ.

აუცილებელი საჭიროებების ძიებაში

საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლისას, პირველ რიგში, ინფორმაციის მოგროვება და ადაპტირებაა საჭირო. გამონაკლისი არც რუსი მიგრანტების შემთხვევა ყოფილა –  მათი უპირველესი საზრუნავი ღამის გასათევის მოძებნა, ფასებში გარკვევა და სამსახურის ძიება იყო.

ამას ცხადყოფს Data For Crisis მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელებში, პოლიტიკის შემდეგ, მიგრანტების მთავარი სადისკუსიო თემა ეკონომიკა იყო, მათ შორის, უძრავი ქონება (ქირა, ყიდვა-გაყიდვა), ფასები და ვაკანსიები.

რუსი მიგრანტების მიერ სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები 2022 წელს.

განსაკუთრებული ინტერესი ფიქსირდება უძრავი ქონების მიმართ, რომელიც, არა მხოლოდ თავშესაფრის დანიშნულებას ასრულებს, არამედ ბინადრობის ნებართვის მოპოვების ერთ-ერთი საფუძველიცაა. გალტ & თაგარტის მონაცემებით გასული წლის დეკემბრისთვის უძრავი ქონების დაქირავების ინდექსი დოლარში 112%-ით, ლარში კი 83.9%-ით გაიზარდა.

რუსი მიგრანტების დიდმა ნაკადმა დედაქალაქში ბინების დეფიციტი და ფასების ნახტომისებურად ზრდა გამოიწვია. მივიღეთ რეალობა, რომელშიც საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის ბინის დაქირავება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.

ეკონომისტი გია ხუხაშვილი ინტერვიუში გვეუბნება, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის შემოსავლების ზრდა შეუსაბამოა უძრავი ქონების ბაზრის ზრდასთან, რადგან რუსებმა „არსაიდან გაჩენილი ფული“ შემოიტანეს და ამ სექტორის არაბუნებრივი ზრდა გამოიწვიეს. მისივე თქმით, როგორც კი ეს პროცესი შეჩერდება, აღმოჩნდება, რომ რეალური სექტორის განვითარებასა და უძრავი ქონების ბაზარს შორის დიდი უფსკრულია, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება ბაზრის ჩამოშლაში, რაც ბუმერანგის ეფექტით დაარტყამს საფინანსო სისტემას.

მიგრანტებმა ქვეყანაში დიდი ოდენობით კაპიტალი შემოიტანეს: ნაწილი – ნაღდი ფულის, ნაწილი კი გზავნილების სახით. მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციების გამო „ვიზამ“ და „მასტერქარდმა“ რუსეთში საქმიანობა შეწყვიტეს, რუსულ ბანკებში დარჩენილი თანხების ქართულ ანგარიშებზე გადმოსატანად მათ სხვადასხვა გზას მიმართეს.

სოციალურ ქსელებში რუსი მიგრანტები ხშირად ჩიოდნენ საქართველოს კომერციული ბანკების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, რომლებიც მათთვის ანგარიშების გახსნას აფერხებდა. ქართულ ბანკთაგან ყველაზე ხელსაყრელად ისინი „კრედოს“ ასახელებდნენ, რომელიც სხვა ბანკებთან შედარებით მათ უკეთეს მომსახურებას სთავაზობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ცნობით, გასულ წელს მიგრანტებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს და სოლიდური მოცულობის დეპოზიტებიც განათავსეს. გარდა ამისა, მათ ომის დაწყების შემდეგ 14 000-ზე მეტი ბიზნესი დაარეგისტრირეს. მათი უმეტესობა კი ინდივიდუალური მეწარმეა.

სწორედ რუსეთიდან შემომავალი ფულადი ნაკადებისა  და საქართველოში დახარჯული ფულით გამოწვეულ დადებით ეფექტებზე საუბრობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა, რომლის თანახმადაც, ამ ფაქტორმა ეროვნული ვალუტის გამყარებასაც შეუწყო ხელი. რაც შეეხება ნეგატიურ ეფექტს, პაპავა მიიჩნევს, რომ ეს წმინდა ეკონომიკურზე მეტად სოციალური თემატიკის ნაწილია, მაგალითად კი ქირის გაძვირების შემთხვევები მოჰყავს.

„რაც უფრო ძვირი იქნება საქართველოში უძრავი ქონება, ჯამურად, ეს ჩვენთვის უკეთესია. მაგრამ, ცხადია, რომ მე თუ ვფლობ ბინას და თქვენ ქირაობთ, მე მნიშვნელოვნად ვისარგებლე ამით და თქვენ პირიქით, დაზიანდით. მაგრამ, თქვენთან ერთად ამ ფასს იხდის რუსეთიდან შემოსული მიგრანტიც და უძრავი ქონების შემთხვევაში ეს ნეგატიური ეფექტი მომხმარებლის მხარეს ნაწილდება. ბუნებრივია, გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს ნეგატიურად ურტყამს, მაგრამ ჯამური ეფექტი მაინც დადებითია“, – გვეუბნება გიორგი პაპავა.

მიგრანტებისა და ქართველების განსხვავებული განწყობები

მართალია, მიგრანტების შემოდინებამ ლარის გამყარებასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, ღარიბი და საშუალო ფენა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგნენ. არაერთი კითხვა გაჩნდა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

Data For Crisis-ის მონაცემებით, მიგრანტთა პოსტებში, ძირითადად, თავდაჯერებულობის განწყობა ჭარბობს, რასაც სიხარული და შიში მოსდევს. აღნიშნული სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მიგრანტები საქართველოში თავს უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობენ. რასაც ვერ ვიტყვით, ქართველებზე. პლატფორმის მონაცემებით, ქართველების პოსტებში თავდაჯერებულობის შემდეგ, შიშის და ბრაზის განწყობები შეინიშნება.

 

რას უნდა მოველოდეთ?

როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, საქართველოში მყოფ რუს მიგრანტთაგან ბევრი მაღალანაზღაურებად სფეროშია დასაქმებული. უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისა და საქართველოში გახსნილი ბიზნესების მაჩვენებლები კი ცხადყოფს, რომ მათი ნაწილი საქართველოში დაფუძნებას გეგმავს, თუმცა ზოგიერთმა უკეთესი პირობების საძიებლად, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს და უფრო ხელსაყრელ ადგილას გადაინაცვლოს – მაგალითად, სომხეთში.

ეკონომიკის ექსპერტები მიგრანტთა შემოდინების დადებით ეფექტებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი სარგებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი არსებობს რისკები, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალოს.

ზოგიერთი მათგანი აუცილებელი ზომების მიღებაზეც საუბრობს, რათა მომავალში სერიოზული ზიანისგან დავიზღვიოთ თავი. მათ შორისაა, სავიზო რეჟიმის დაწესება, მიგრანტთა გაფილტვრის მიზნით, ფულადი ნაკადის კონტროლი და რუსი მიგრანტების „ეკონომიკურ რეზიდენტებად“ ქცევა, რათა გადასახადები მათაც დაეკისროთ.

ჯერ-ჯერობით, ხელისუფლება მსგავსი შეზღუდვების დაწესებაზე არ ფიქრობს და არც სამომავლო პერსპექტივაში განიხილავს რამეს. ისიც უცნობია, თუ რა გეგმები აქვთ საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს. თუ მიგრანტთა დიდი ოდენობა გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ საქართველოს დატოვებას გადაწყვეტს, მათთან ერთად მნიშვნელოვან კაპიტალსაც დავკარგავთ, რასაც ეკონომიკაზე – როგორც გაცვლით კურსზე, ისე ეკონომიკურ აქტივობაზე – ნეგატიური ეფექტი ექნება. სხვა შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ მიგრანტთა ახალი ნაკადი არ შემოვიდა, საქართველოში დამატებითი კაპიტალის შემოდინებაც შეფერხდება.

*მასალაში გამოყენებული მიმოწერის ტექსტები მოპოვებულია Data for Crisis პლატფორმიდან და თარგმნილია რუსულიდან.
ავტორები: კახი ჩაკვეტაძე, ნათია ლევერაშვილი, თეკლა ადამია.
მასალა შექმნილია ForSet-თან თანამშრომლობით, პროექტის Data for Crisis Fellowship ფარგლებში.