სჭირდება თუ არა მეცნიერებას ფილოსოფია?

არსებობს მოსაზრება, რომელსაც არაერთი გამოჩენილი მეცნიერი იზიარებს, რომ ფილოსოფია, როგორც დისციპლინა, მოძველებულია და მეცნიერებას ის უბრალოდ არ სჭირდება. 

თეორიული ფიზიკოსი ლეონარდ სასკინდი მეცნიერებას ადარებს ცხენს, ხოლო ფილოსოფიას ამ ცხენზე გამობმულ ეტლს, რომელიც მხოლოდ მეცნიერების პროგრესის ხარჯზე მიიწევს წინ. კოსმოლოგი ლორენს კრაუსი თავის წიგნში “სამყარო არაფრისგან” წერს, რომ ფილოსოფია ბოლო 2000 წელია პრაქტიკულად არ განვითარებულა მაშინ, როცა მეცნიერების პროგრესი ყველასთვის თვალსაჩინოა. ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი, სტივენ ვაინბერგი თავის ესეიში “ფილოსოფიის წინააღმდეგ” ამტკიცებს, რომ ფილოსოფია არა მხოლოდ უსარგებლოა მეცნიერებისთვის, არამედ ფილოსოფიური დოგმატიზმი ხშირად მისი პროგრესის შემაფერხებელი ფაქტორადაც შეიძლება მოგვევლინოს.  “ფილოსოფია მოკვდა” – ამტკიცებს სტივენ ჰოუკინგი თავის 2010 წლის ნაშრომში “დიდი დიზაინი”, ხოლო ევოლუციური ფსიქოლოგიის დამფუძნებლის, ედვარდ ვილსონის თანახმად “ფილოსოფია გადაშენების პირას მყოფი აკადემიური დისციპლინაა, რომელიც შედგება ტვინის მუშაობის წარუმატებელი მოდელებისგან.” 

ამ ესეიში ვეცდები ჩამოვაყალიბო და შევაჯამო ძირითადი არგუმენტები, თუ რატომაა მეცნიერთა ნაწილისთვის დამახასიათებელი მსგავსი ინტელექტუალური ქედმაღლობა მცდარი და ვაჩვენო, რა თვალსაზრისითაა ფილოსოფია მნიშვნელოვანი მეცნიერებისთვის: 

  1. არაერთი სამეცნიერო აღმოჩენა პირდაპირ იყო შთაგონებული ფილოსოფიური ტექსტებით, რისი ყველაზე კარგი ილუსტრაციაც 1905 წელს აინშტაინის  მიერ ჟურნალ annalen der physik -ში გამოქვეყნებული სტატიაა, რომელშიც 25 წლის აინშტაინმა  ბროუნის მოძრაობის (სითხეში ან აირში შეტივტივებული ნაწილაკების ქაოტური მოძრაობა) ანალიზის საფუძველზე დაამტკიცა ატომების არსებობა და გამოთვალა მათი ზომები. აინშტაინის ამ მიგნების შთაგონება ლუკრეციუსის მონუმენტური ფილოსოფიური პოემა,  “საგანთა ბუნების შესახებ” (De rerum natura) იყო, რომელშიც  დემოკრიტეს და ეპიკურეს ატომისტური ფილოსოფიაა გადმოცემული. 

“დააკვირდით რა ხდება მაშინ, როცა მზის სხივი შენობაში შემოიჭრება და ნათელს მოჰფენს ჩრდილიან ადგილებს. თქვენ დაინახავთ მრავალ პაწაწინა ნაწილაკს, რომელიც ათასგვარად ირევა ცარიელ სივრცეში მზის სხივის შიგნით… მათი ცეკვა ჩვენი თვალებისთვის უხილავი მატერიის მოძრაობის ნიშანია… თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნაწილაკები, რომლებიც ყველა მხრიდან იღებენ უხილავ დარტყმებს, მუდმივად იცვლიან ტრაქტორიას ყველა მიმართულებით. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ეს ყველაფერი ატომების მოუსვენარი მოძრაობიდან გამომდინარეობს ”- წერს ლუკრეციუსი.  

აინშტაინმა ლუკრეციუსის ეს ფილოსოფიური დასაბუთება (რომელიც სავარაუდოდ პირველად დემოკრიტემ გამოთქვა) მათემატიკის ენაზე თარგმნა და გაამყარა.  ატომური თეორია არ არის ერთ-ერთი რიგითი თეორია, არამედ თანამედროვე მეცნიერების ყველაზე მნიშვნელოვან იდეას და ყველა სხვა თეორიის ფუნდამენტს წარმოადგენს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარის უდიდესი ფიზიკოსი, რიჩარდ ფეინმანი თავისი სახელგანთქმული ფიზიკის ლექციების შესავალში წერს: “თუ რამე კატაკლიზმის გამო კაცობრიობის მთელი მეცნიერული ცოდნა განადგურდება და მხოლოდ ერთი წინადადება  უნდა გადარჩეს, რომელიც მომდევნო თაობებს გადაეცემა, რა იქნებოდა ის წინადადება, რომელშიც ყველაზე მეტი ინფორმაცია, ყველაზე ნაკლები სიტყვებით იქნება გადმოცემული?” ფეინმანის თანახმად ეს წინადადებაა “ყველა საგანი ატომებისგან შედგება”.

ლუკრეციუსი არ ყოფილა ერთადერთი ფილოსოფოსი, რომელმაც აინშტაინი შთააგონა. მას 16 წლის ასაკში უკვე წაკითხული ჰქონდა კანტის სამი ძირითადი ნაშრომი, ის კითხულობდა და შთაგონებას იღებდა სპინოზას, შოპენჰაუერის და მახის ფილოსოფიიდან (ისევე როგორც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ყველა დიდი ფიზიკოსი).  

  1. მეცნიერება და მეცნიერული მეთოდი ოფიციალურად მეჩვიდმეტე საუკუნეში გაფორმდა, თუმცა, ის მეცნიერები, რომელთა აღმოჩენებმაც ბიძგი მისცა მეცნიერულ რევოლუციას, საკუთარ თავს მეცნიერებს არ უწოდებდნენ.   დღეს ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისააკ ნიუტონი და გალილეო გალილეი მეცნიერები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში მათ მეცნიერები მხოლოდ მოგვიანებით დაერქვათ. ისააკ ნიუტონი, ისევე როგორც გალილეო გალილეი, საკუთარ თავს ბუნების ფილოსოფოსებს (natural philosopher) უწოდებდნენ.  

მეცნიერების ყველა დარგი წარმოიშვა ფილოსოფიის წიაღში. დღეს ისინი დამოუკიდებელი დარგებად არსებობენ, მაგრამ მათი ჩამოყალიბება, განვითარების საწყის ეტაპებზე, როცა დარგისთვის ფუნდამენტური კითხვების ფორმირება ხდება, შეუძლებელი იქნებოდა ფილოსოფიური აზროვნების გარეშე.  თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთი ცენტრალური მიგნებაა, რომ  აღქმა არის არა გარედან შიგნით შესული სენსორული სტიმულის  პასიური რეგისტრაცია (არეკლვა), არამედ აღქმა აქტიური პროცესია და გულისხმობს  ტვინის მიერ გარედან შემოსული სტიმულის შესახებ  არაცნობიერი დასკვნის გაკეთებას (unconscious inference);  მარტივად რომ ვთქვათ, აღქმა არის ტვინის საუკეთესო ვარაუდი  ან პროგნოზი იმის შესახებ თუ რა ხდება მის გარეთ.  ეს თეორია პირველად გამოჩენილმა ნეირომეცნიერმა ჰერმან ჰელმჰოლცმა წამოაყენა, რომელიც თავის მხრივ შთააგონა იმანუელ კანტის იდეამ, რომ ჩვენი აღქმები იმდენადვეა განსაზღვრული გარეგანი საგნების თვისებებით, რამდენადაც ჩვენი ინტუიციების აპრიორული სტრუქტურით. 

  1. იმის მტკიცება, რომ ფილოსოფია უსარგებლოა, გარკვეული ფილოსოფიური პოზიციის ადვოკატირებაა და არა მეცნიერება. შეუძლებელია ექსპერიმენტულად იმის დამტკიცება, რომ ფილოსოფია არ გვჭირდება. ეს მოსაზრება მეოცე საუკუნეში აღზევებული ლოგიკური პოზიტივიზმის ფილოსოფიური სკოლის მემკვიდრეობაა. მარტივად რომ ვთქვათ, ფილოსოფიის უარყოფაც ფილოსოფიაა. მკვლევრები ხშირად ვერ ამჩნევენ, რომ საკითხის შესწავლისას გაუცნობიერებლად იზიარებენ გარკვეულ ფილოსოფიურ დაშვებებს. 

 “არ არსებობს ფილოსოფიისგან დაცლილი მეცნიერება, არსებობს მხოლოდ მეცნიერება, რომლის ფილოსოფიური ბაგაჟიც ანალიზის გარეშეა მიღებული.” – ამბობს ფილოსოფოსი, დენიელ დენეტი. 

  1. მეცნიერება არ არის მეტაფიზიკისგან სრულად დაცლილი სფერო, როგორც ამას ხშირად წარმოაჩენენ, არამედ მეცნიერება მეტაფიზიკური დაშვებების  ემპირიულ რეალობასთან და ფაქტებთან შეპირისპირების პროცესია. ბუნებაში არ არსებობს უსასრულოდ მცირე წერტილი, ნიუტონუსეული აბსოლუტური სივრცე, უსასრულოდ გრძელი წრფე, იდეალური სფერო, იდეალური სამკუთხედი და ა.შ. ისინი მეტაფიზიკურ კონსტრუქციებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ გარეშე მეცნიერების ყოველდღიური ფუნქციონირება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.  მსგავსად  ამისა, წარმოუდგენელია მეცნიერება ლოგიკის გარეშეც, რომელიც ფილოსოფიის ქვედარგია. 

  2. ირონიულია, რომ პირველ აბზაცში ჩამოთვლილ ფიზიკოსთა უმრავლესობა სინამდვილეში ფილოსოფიურ ნაშრომებს წერენ ისე, რომ ამას არ აცნობიერებენ.  ფიზიკოსების ერთი ბანაკის თანახმად, კვანტური მექანიკის განტოლებები აღწერს რაღაც რეალურს, რაც  ბუნებაში ხდება – კვანტურ მდგომარეობას თავისთავად-  მაშინ, როცა საპირისპირო ბანაკის მომხრეები საუბრობენ ინფორმაციაზე კვანტური სისტემის მდგომარეობათა შესახებ, რომელიც ფიზიკურ სისტემის ჩვენი გამოცდილებიდანაა წარმოებული.  ეს დისკუსია სხვა არაფერია, გარდა მეტაფიზიკური ჭიდილისა ორ ფილოსოფიურ პოზიციას – რეალიზმს და ანტირეალიზმს შორის.

როდესაც ფიზიკოსები საუბრობენ მულტივერსზე და სიმების თეორიაზე, ანუ აგებენ თეორიებს ისეთი მოვლენების შესახებ რაც პრინციპულად დაკვირვებადი არაა, ისინი წმინდა მეტაფიზიკის სფეროში იჭრებიან. რაც განასხვავებს ნამდვილ მეცნიერებას  მსგავსი წმინდა მეტაფიზიკისგან არის პოტენციურად ემპირიულ მტკიცებულებებთან შეპირისპირების შესაძლებლობა. 

1964 წელს პიტერ ჰიგსმა წამოაყენა მექანიზმი, რომელიც ხსნიდა თუ როგორ იძენენ ნაწილაკებ  მასას. ამ მექანიზმმა უზრუნველყო ნაწილაკების ფიზიკაში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა. თუმცა, იმ დროისთვის ეს მხოლოდ მეტაფიზიკური სპეკულაცია იყო, რომელიც 50 წლის შემდეგ დამტკიცდა ცერნის მეცნიერების მიერ.  თუ ჰიგსის მექანიზმი მეტაფიზიკური სპეკულაციიდან ექსპერიმენტულად დამტკიცებად თეორიას იქცა,  ზოგიერთი თანამედროვე თეორია  ფიზიკაში  (მაგ. სიმების თეორია, მულტივერსი, პარალელური განზომილებები ა.შ.) ამ მოთხოვნასაც არ აკმაყოფილებს და სპეკულირებს პოტენციურად დაუმტკიცებად საგნებზე და მოვლენებზე. სიმების თეორია და მულტივერსის თეორია მთლიანად სპეკულაციურია და არ გვაწვდის შემოწმებად პროგნოზებს ან გარანტიას, რომ რაიმე სახის განსაზღვრული ემპირიული ტესტი მომავალში ამას შეძლებს. ამრიგად, სამართლიანი იქნება, თუ ამ თეორიებს მათემატიზირებულ მეტაფიზიკად მივიჩნევთ, ხოლო პირველ აბზაცში ჩამოთვლილ ზოგიერთ ანტი-ფილოსოფოს ფიზიკოსს ფილოსოფოსად მოვიაზრებთ.